შეგეწიეთ ქურმუხის წმინდა გიორგი
შეგეწიეთ ქურმუხის წმინდა გიორგი
საინგილო, ისტორიული ჰერეთი, რომელიც კახეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს წარმოადგენს, ახლანდელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფარგლებში შედის და მოიცავს ბელაქნის, ზაქათალის და კახის რაიონების ტერიტორიას. ტერმინი "საინგილო" XIX საუკუნეში დამკვიდრდა. "ინგილო" ეწოდა ამ კუთხის მკვიდრ უძველეს ქართულ მოსახლეს. "ინგილო" ეთნიკურობის აღმნიშვნელი ტერმინია, ის სოციალური დანიშნულების სახელია, რომელიც ეწოდება ლეკის მიერ დამორჩილებულ, დაბეგრილ ქართველ გლეხს.

საინგილო შედგებოდა ორი პოლიტიკური ერთეულისგან - ჭარ-ბელაქნისა (კაკ-ელისენი) და ელისუს სასულთნოსგან. მისი საზღვრები XVII საუკუნის დასასრულსა და XVIII საუკუნის დასაწყისში საბოლოოდ დარჩა ფეოდალური საქართველოს პოლიტიკურ ფარგლებს გარეთ: ჩრდილოეთი საზღვარი გასდევდა კავკასიონის მთავარ ქედს, დასავლეთით ელისუს სასულთნოს და ჭარ-ბელაქნის თემებს ესაზღვრებოდა კახეთის სამეფო, სამხრეთით - შირაქის ველი, აღმოსავლეთით - შექის (ანუ ნუხის) სახანო. ამ საზღვრებში მოქცეული მთელი ეს ტერიტორია ძველი ქართული ისტორიული პროვინციის, ჰერეთის, შემადგენელი ნაწილი იყო. ოდითგან აქ მკვიდრობდნენ ქართველური მოდგმის ტომები, რომელთა საერთო სახელი - ჰერები - უკვე V საუკუნეში არის დამოწმებული.

ისტორიული ცნობებიდან ირკვევა, რომ წმინდა ნინოს სამისიონერო მოღვაწეობის არეალში ჰერეთიც ყოფილა. V საუკუნეში, ვახტანგ გორგასლის მეფობაში, ჰერეთი ქართლის ერთ-ერთი საერისთავო იყო. ვახტანგის სახელს უკავშირდება აქ ქალაქების, ეკლესიების, საეპისკოპოსო კათედრების (ბოდბე, ხორნაბუჯი, ბახალათი ანუ ბახთალო, გიში და სხვა) აგება-დაარსება და მრავალი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული და კულტურული საქმიანობა. ჰერეთი ვახტანგ გორგასლის ეპოქაში, აქ გატარებული სახელმწიფოებრივი რეფორმების შედეგად, მთლიანად (ნუხის ოლქის ჩათვლით) ქართლის სახელმწიფოს ნაწილია, ხოლო ჰერეთის საეპისკოპოსო ქართლის კათალიკოსის იურისდიქციაში შედის.

VIII საუკუნეში მეფე არჩილი ჰერეთში აშენებს ციხე-ქალაქებს (მათ შორისაა ნუხპატი), ეკლესია-მონასტრებს (კასრი, კახისთავის ბაზილიკა, ყუმის ბაზილიკა, ლექეთის მრგვალი ტაძარი და სხვა). არჩილსვე მიაწერენ წყაროები ნუხპატელების გაქრისტიანებას.

კახთა მეფის კვირიკე III დიდის (1009-1037წწ.) მეფობის დროს "რანთა და კახთა სამეფო" შვიდ საერისთავოდ დაიყო - სამი კახეთში და ოთხი ჰერეთში (ხორნაბუჯის, ვეჯინის, გაჭის და შტორის). საინგილოს ტერიტორია ემორჩილებოდა გაჭის ერისთავს. XII ს-ის I მეოთხედში, დავით აღმაშენებლის (1089-1125) ხანაში, ჰერეთი საბოლოოდ მოექცა გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს პოლიტიკურ ფარგლებში და XV ს-მდე მისი განუყოფელი ნაწილი იყო.

XV ს-ის მიწურულში კახეთის სამეფოს სახელმწიფო წყობილებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, გაუქმდა ქვეყნის საერისთავოებად დაყოფა და მთელი კახეთი წვრილ საგამგეო ერთეულებად, სამოურავოებად, დაიყო. გაჭის საერისთავოს ნაცვლად გაჩნდა წუქეთის, ელისენის და ჭიაურის სამოურავოები. XVI-XVII სს-ში გართულდა კახეთის სამეფოსა და დაღესტნის ურთიერთობა. აქამდე საქართველოს მორჩილი დაღესტანი თანდათან შეტევაზე გადმოვიდა და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს, კაკ-ელისენისა და ჭიაურის სამოურავოებს, აოხრების საფრთხე შეუქმნა. ყოველივე ამას ერთვოდა ოსმალებისა და სპარსელების გამუდმებული შემოტევები, რასაც მოჰყვა ამ მხარის ეკონომიკური და პოლიტიკური დაცემა. განადგურებული მკვიდრი ქართული მოსახლეობის ადგილზე წახურელი და ავარიელი ლეკები სახლდებოდნენ.

1604 წელს შაჰ-აბასმა კახთა მეფე ალექსანდრე II-ს (1574-1605) ჰერეთის აღმოსავლეთი განაპირა თემი, კაკი, გამოსთხოვა. შაჰმა იგი უწყალობა გამაჰმადიანებულ ქართველ თავადს ვახვახიშვილს და სულთნის პატივშიც აიყვანა. ასე ჩაეყარა საფუძველი ელისენის სასულთნოს. ამიერიდან წახურელ ლეკებს გზა გაეხსნათ კახეთში ჩამოსასახლებლად. ქართველები ელისუს სასულთნოს თავისად მიიჩნევდნენ. ამის გამო წახურის სულთანსა და კახელებს შორის მტრობა ჩამოვარდა. წახურის მფლობელი დახმარებისთვის დროდადრო თურქეთს ან ირანს მიმართავდა. 1607 წელს ოსმალეთის ხონთქარმა, ოსმან II-მ, წახურელ ალი-სულთანს ერთგული სამსახურის ჯილდოდ სოფლები: კახი, მეშაბაში, ზერნა, ლექეთი, ყუმი და ალაგიოზი უწყალობა.

XVII საუკუნეში წახურელ-ავარიელნი თანდათან ჩამოსახლდნენ კაკ-ენისელის მთისძირა სოფლებში, სადაც ქართველობა გაუთავებელი რბევა-აოხრების გამო მეტისმეტად შეთხელებულიყო. XVIII საუკუნის I მეოთხედში აქ საბოლოოდ ჩამოყალიბდა ავარიელი (ჭარის, ბელაქნის, კატეხის, თალას, მუხახის, ჯინიხის) და წახურელი (წახურის, ელისუს, სუვაგილის და ყარადულაყის) ლეკების ეგრეთ წოდებული თავისუფალი (უბატონო) თემები, რომლებმაც ოსმალეთ-ირანის მხარდაჭერით კახეთის სამეფოს ძირძველი ჩრდილო-აღმოსავლეთი მიწა-წყალი დაიპყრეს, ხოლო მკვიდრი ქართული მოსახლეობა (ინგილოები) დაიმორჩილეს, ყმად აქციეს და იძულებით გაამაჰმადიანეს. თითოეული ეს თემი იყოფოდა გაბატონებულ ლეკთა თავისუფალ სოფლებად და დამორჩილებული ინგილოებისა და მულაღების სოფლებად, რომლებიც მათ გადასახადს (ქეშქელს) უხდიდნენ. ეს სოფლები წყაროებში საქეშქელო სოფლებად იწოდება.

XIX საუკუნის დასაწყისის (1826 წ.) სტატისტიკური ცნობებით, ჭარის თემის საქეშქელო სოფლებიდან ინგილოური (ე.ი. ქართული) იყო: ალიაბადი, ჰენგიანი, მოსული, ზაგამი, ყორაღანი, ვერხვიანი და შოთავარი.

ბელაქანი, წაბლოვანი და ჩანდრისხევი შეადგენენ ერთ, ბელაქნის, თემს. მას არ გააჩნდა საქეშქელო სოფლები, საქეშქელო სოფლები არ ჰქონდა აგრეთვე კატეხის თემს. თალას თემის საქეშქელო სოფლებიდან ქართული (ინგილოური) იყო ყანდახი და ყაპანახჩი. ჯინიხის თემის სამი საქეშქელო სოფლიდან ორი ქართული (ინგილოური) იყო: მარსანი და ლალაფაშა.

მუხახის თემის კუთვნილი საქეშქელო სოფლებში ინგილოური არც ერთი არ ყოფილა. ელისუს (კაკის) სასულთნოში ქართული (ინგილოური) სოფლები იყო შემდეგი: კახი, ალიბეგლო, მეშაბაში, სუსკენტი და ბეუკ-ქეთუქლო. ეს სოფლები, ბეუკ-ქეთუქლოს გარდა, ელისუს სულთნის უშუალო მფლობელობაში იმყოფებოდა. აი, ასე წარმოიშვა ფეოდალური საქართველოს მიწაზე ახალი პოლიტიკური ერთეული - "თავისუფალი" (უბატონო) "ლეკური" თემების სახელმწიფო. მას ჭარ-ბელაქანი ან, მარტივად, საინგილო ეწოდა (ადგილობრივი მკვიდრი ქართული მოსახლეობის - ინგილოების სახელწოდებიდან).

განსაკუთრებით აქტიურად დაისვა ჭარ-ბელაქნის საკითხი XVIII ს-ის II ნახევარში. თეიმურაზისა და ერეკლესთვის მისი გადაწყვეტის მხოლოდ ერთადერთი გზა არსებობდა - დაპყრობა, ჭარ-ბელაქნის სახელმწიფოებრიობის მოშლა, იქ ქართველობის აღდგენა და მისი კახეთისთვის შემოერთება. ამას მოითხოვდა ისტორიული სამართლიანობა. ამიტომაც XVIII ს-ის II ნახევარში ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწენი ყველა საშუალებით ცდილობდნენ ამ საკითხის მოგვარებას, მაგრამ მათი ბრძოლა ჭარ-ბელაქნის დამორჩილებისთვის გამარჯვებით ვერ დასრულდა. ჭარ-ბელაქნის საკითხის გადაწყვეტა მჭიდროდ იყო დაკავშირებული როგორც საქართველოსა და აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მაჰმადიანური სახანოების, ასევე საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობასთან. XVIII ს-ში ფეოდალურ საქართველოს არ აღმოაჩნდა ჭარ-ბელაქნის შემოერთებისთვის საჭირო ძალები. XIX ს-ის საქართველოს ისტორიამ ეს საკითხი მემკვიდრეობით მიიღო გადასაწყვეტად.

ჰერეთის, ამ ჩვენი მიწა-წყლის, მძიმე წარსულის ფურცლები შემთხვევით არ გაგვხსენებია - იგი გიორგობის დღესასწაულს დავამთხვიეთ, თანაც მომავალი თაობა ხომ საქართველოს წარსულით უნდა გაიზარდოს!

KARIBCHE KARIBCHE

ქართველთა დიდი ნაწილი ჰერეთში (ასე მოვიხსენიებ ჩვენს მშობლიურ მხარეს, რადგან ვიცი, როგორ ტკენთ გულს იქაურებს სიტყვა "საინგილო") კახის რაიონში ცხოვრობს. ისინი არაფრით განსხვავდებიან აქაური ქართველებისგან - არც ტრადიციებით, არც გარეგნობით და არც ვაჟკაცობით.

წარსულმა მემკვიდრეობად საზღვარს იქით ქართველობა დაგვიტოვა. თანაც საკუთარ მიწა-წყალზე ნაბიჯის გადასადგმელად ათასგვარი ფორმალური პროცედურა უნდა გაიარო... ამ მადლიან მხარეში რამდენიმე წლის წინ გახლდით. მახსოვს, როგორ ფრთხილობდა ჩემი მასპინძელი ოჯახი ქართულად ხმამაღლა სიმღერას - ვაითუ ვინმემ გაიგონოსო...

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაარსდა ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქია. ეპარქიას ჰერეთის ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან მხოლოდ ერთი - კახის რაიონულ ცენტრში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ექვემდებარება (ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლები, ამ ერთადერთი ტაძრის გარდა, აზერბაიჯანის ძეგლთა დაცვის დეპარტამენტს ეკუთვნის). აქ, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, წირვა-ლოცვა აღევლინება. კახში წლების განმავლობაში მსახურობდა ამჟამად მთაწმინდის მამა დავითის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ბასილი (კიკვაძე), იღუმენი იოანე (აბასაშვილი) და სულ რამდენიმე თვეა, რაც გრემის ტაძრის მღვდელმსახური მამა გაბრიელი მოღვაწეობს. მამა იოანეს დროს ამ ტაძართან მამათა მონასტერი დაფუძნდა. მონასტრის წევრები ადგილობრივები არიან.

წმინდა გიორგის დღესასწაულს აქ განსაკუთრებით აღნიშნავენ. წელიწადში ორჯერ, 23 ნოემბერს და 6 მაისს, იქაური ქართველობა ტაძარში სადღესასწაულო მსახურებას ესწრება. შემდეგ მლოცველები ტრადიციულად ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ადიან. მართალია, ტაძარი მოქმედი არ არის, მაგრამ გიორგობის დღესასწაულზე განსაკუთრებული ხალხმრავლობაა. სტუმრები საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან.

ჩვენი კოლეგა, ნინო ყულოშვილი, წარმოშობით ჰერეთიდანაა, გამომცემლობა "არტანუჯში" საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრს ხელმძღვანელობს და საპატრიარქოს რადიო "ივერიაში" საკუთარი გადაცემა "ფესვები" მიჰყავს, რომელიც მსოფლიოში მიმოფანტული ქართველების შესახებ მოუთხრობს მსმენელს. ნინოს პუბლიკაციების უმეტესობა ჰერეთის სატკივარს, მის ჭირსა და ლხინს ეძღვნება. ვფიქრობ, "კარიბჭის" მკითხველისთვის ყველაზე მეტად საინტერესო იმ კუთხის შვილის გულიდან ამოსული სიტყვები იქნება.

- წმინდა გიორგის დღესასწაულს ჰერეთის ქართველობა განსაკუთრებულად ხვდება, ხოლო ქურმუხის ტაძარი იქაურებისთვის მართლმადიდებლობისა და ქართველობის სიმბოლოა.

კახის რაიონში დაახლოებით 15 სოფელია: ალიბეგლო (ქათმისხევი), ალათემური (დიდბინა), ყარამეშა (პატარა ბინა), კახ-ინგილო (კახ-ქართველი), მუშაბაში და სხვ. ბელაქანსა და ზაქათალის რაიონში რამდენიმე ქართული სოფელია შემორჩენილი - ალიაბადი, მოსული, ითითალა. აქ ქართული სოფლების შემცირების მიზეზი ის არის, რომ ეს ორი რაიონი საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის პირას მდებარეობს და მათზე განსაკუთრებული ზეწოლა ხორციელდებოდა.

წმინდა გიორგის დღესასწაულზე, ქურმუხის ტაძარში, ქართველებთან ერთად აზერბაიჯანელებიც ამოდიან. ისინი ამ ძეგლს ალბანური წარმოშობისად მიიჩნევენ.

ბელაქანსა და ზაქათალაში მცხოვრები ქართველები ასიმილაციური წნეხით გაააზერბაიჯანელეს, გაამაჰმადიანეს... მათი, ისევე, როგორც ნებისმიერი აზერბაიჯანელის, წინაპრად - ალბანელი, სამშობლოდ - ისტორიული ალბანეთი მოიაზრებოდა მავანთაგან.

- გიორგობას - ქურმუხობას, ჩვენს, ქართულ, მართლმადიდებლურ დღესასწაულს, მაჰმადიანი აზერბაიჯანელები თავისად მიიჩნევენ...

- ქურმუხი ისტორიაში გიშ-ქურმუხის ეპარქიის სახელითაა ცნობილი. გადმოცემით, ტაძარი აგებულია XII-XIII სს-ში, ძველი საყდრის ადგილას. მემატიანეები მას მამათა მონასტრადაც მოიხსენიებენ. აზერბაიჯანელები საყდართან, როგორც ჩანს, მოქალაქეობრივი ვალის მოსახდელად ამოდიან, თითოეული აზერბაიჯანელი ალბანური ძირების ძიებაშია.

აზერბაიჯანის ძეგლთა დაცვის სამსახურს, ისევე როგორც მასზე დაქვემდებარებული ქართული კულტურის სხვა ძეგლის, ქურმუხის რესტავრაცია-აღდგენის არც ერთი შემთხვევა ხელიდან არ გაუშვია. ჯერ სტიქიის გამო ჩამონგრეული (1968წ.) გუმბათის აღდგენა ითავა. ქართული ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი კონუსური გუმბათის ნაცვლად ძეგლის უბრალო გადახურვით შემოიფარგლნენ. შარშან, ისევე როგორც მაშინ, ქართველებმა საკუთარი ხელით აღმართეს ქურმუხის გუმბათზე ჯვარი. ამჯერად ტაძრის აღდგენა აზერბაიჯანის ძეგლთა დაცვის სამსახურმა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული პროექტით განახორციელა. ვინც გადაიხადა, დაუკეტა კიდეც ქართველებს საყდრის კარი. ნიშანდობლივია ახლახან გაჩენილი აბრაც, რომელიც აზერბაიჯანის ძეგლთა დაცვის სამსახურს დაქვემდებარებული I-V საუკუნეებით დათარიღებული სალოცავის არსებობას გვაუწყებს.

- სხვა ქართული ძეგლები რა მდგომარეობაშია?

- წარსულის გაყალბების ნიმუშია ნუხის რაიონში მდებარე I-V საუკუნეების სალოცავი, ისტორიული გიშის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. ტაძარი უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ნორვეგიელი მოგზაურის, ტურ ჰეიერდალის თაოსნობით აღუდგენიათ. ჰერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ნივთები ალბანეთის სამუზეუმო ექსპონატებად უქცევიათ.

წმინდა ნინოს, ვიდრე ბოდბეში მიიძინებდა, გზად სწორედ აქეთ გამოუვლია. აქაური ეკლესია წმინდა ნინოს უნდა დაემყარებინა ელისეს მიერ ჩაყრილ საფუძველზე. ამ მოციქულის სახელი დღემდე შემორჩენია აქაურ ელისენს (ელისენი ალიაბადის სამოურავოა).

ელისე, როგორც მოწმობს XI საუკუნის კაღანთკატვაწი, თომა მოციქულის მოწაფე იყო. მან ააშენა გიშის ეკლესია.

პლატონ იოსელიანის მიხედვით, გიშის ეპარქია V საუკუნეში მეფე ვახტანგ გორგასალს გაუხსნია. 718 წელს არჩილ მეფის მიერ შედგენილ ნუსხაში, თუ რა რიგზე უნდა ისხდნენ ეპისკოპოსები მეფის კურთხევის ჟამს, გიშის ეპისკოპოსს მე-13 ადგილი აქვს მიჩენილი. მეფე ერეკლემ და ანტონ კათალიკოსმა განაახლეს ეს სია. ისინი წერდნენ: "უკეთუ ოდესმე აღდგენილ იქნეს გიშის კათედრა, მაშინ გიშელ ეპისკოპოსმა დაიჭიროს მისი ადგილი, რომელიც ეკუთვნის ძველის ძველამდე".

XIII საუკუნეში, ვიდრე მონღოლები ჰერეთს დაიპყრობდნენ, მთავარეპისკოპოსი გიშში ცხოვრობდა. შემდეგ დროებით გადასულა კაკში (კახში) და გიშ-ქურმუხელად იწოდებოდა. თუმცა მონღოლებმა აქაურობა დაიპყრეს, მაგრამ ქრისტიანობა XVII საუკუნემდე მაინც ძლიერი იყო.

იქ, სადაც რესტავრატორებს ხელი ჯერჯერობით არ მიუწვდათ, ძეგლი ქართულ სახეს ინარჩუნებს. ამის დადასტურებაა სოფელ ალათემურში (დიდბინა) სამების სახელობის IX-X საუკუნეების დარბაზული ეკლესიის ნანგრევები, სოფელ ლექართში წმინდა ნინოს სახელობის სამონასტრო კომპლექსი (IX-Xს.ს.). თითქმის ყველგან, XVIII-XIX საუკუნეების ტაძრებსაც კი, აბრის შემდგენლები უფრო ადრეული პერიოდით (I-V საუკუნეებით) ათარიღებენ, რადგან V საუკუნის II ნახევარში ვახტანგ გორგასალმა საბოლოოდ შეიერთა დასავლეთ ალბანეთის იბერიასთან მომიჯნავე სადავო ტერიტორია, ისტორიული ჰერეთი. ქართველი მეცნიერები კოლეგების მიერ მთელი 5 საუკუნით ადრე დათარიღებას არაპროფესიონალურს უწოდებენ.

ჰერეთის ქართული მართლმადიდებლური ძეგლების შესწავლა რამდენიმე ქართველი მეცნიერის - მოსე ჯანაშვილის, ილია ადამიას, გიორგი მარჯანიშვილის სახელს უკავშირდება. ჰერეთის კულტურის ძეგლების მეცნიერული შესწავლის სურვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის იტორიის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა გამოთქვეს. აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით სპეციალისტთა ჯგუფი, დოცენტ ბუბა კუდავას, პროფესორ გიორგი ოთხმეზურის, დოცენტ სულხან კუპრაშვილის, დოცენტ ირინე მარჯანიშვილის შემადგენლობით, გიორგობის დღესასწაულზე ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოსალოცად იმყოფებოდა.

ჰერეთის ქართული ხუროთმოძღვრების ნიმუშების თანამედროვე ფიქსაცია არ მომხდარა, რაც არსებულ ფონზე, ვფიქრობთ, განგაშის საფუძველი უნდა გახდეს. იმედია, მომავალში. სპეციალისტები დაინტერესდებიან ამ საკითხით და ჰერეთის წარსულს ნათელს მოჰფენენ. "კარიბჭის" მკითხველს შემდეგ ნომრებში ჰერეთის დღევანდელობაზე ვრცელ რეპორტაჟს შევთავაზებთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
11.09.2023
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანის პატივსაცემად, ამ დღეს ერთდღიანი მარხვა დააწესა,
18.01.2023
გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):
ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები,
14.10.2022
ძველი გაზეთებს კვალდაკვალ მივყევი და სვეტიცხოვლობაზე მეტად საინტერესო წარსულის
16.07.2022
ხევის მთავარი სალოცავი გერგეტის სამებაა. ტაძარი დგას მაღალ მთაზე, რომელსაც ზემოდან მყინვარწვერი დასცქერის.
14.02.2022
15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს მირქმას (მიგებებას) უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
19.01.2022

არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი):

ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ღვთის განცხადება ქრისტიანულ სამყაროში უდიდეს დღესასწაულად ითვლება.

03.12.2021

მამა პაისი მთაწმინდელი დღესასწაულებისა და არასამუშაო დღეების შესახებ წერს, - თავისი უდიდესი სიყვარულითა და თავისი უდიდესი სიხარულით,

19.08.2021
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
20.06.2021

გვესაუბრება ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):

-სიმდაბლით სიმაღლის მოპოვების

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat