ადრე აქ ხის ტაძარი იდგა, მოგვიანებით ქვის წმინდა სამების სახელობის ტაძარი ააგეს. ტაძარში ორი საკურთხეველია: სერგი რადონეჟელის და დიმიტრი როსტოველისა. მონასტერში არის ვათოპედის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი. ბერების თქმით, ის ხშირად ეხმარება საძმოს განსაცდელთა დათმენაში. ამ ხატთან ყოველდღე, წირვის დაწყებამდე, იკითხება დაუჯდომელი სახარებით.
კიტაევოში არის კიდევ ერთი ტაძარი, რომელიც 12 მოციქულის სახელობისაა. მონასტრის ტერიტორიაზე არის საძმოს კორპუსი, სამრეკლო, სატრაპეზო, სასტუმრო მომლოცველთათვის და სახლი, სადაც ცხოვრობდა არქიეპისკოპოსი ანტონ აბაშიძე, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2012 წლის 22 აპრილს წმინდანად შერაცხა. მისი ხსენების დღე არის 1-ელი ნოემბერი.
მონასტრის მთაზე მღვიმეებია, სადაც ჩაკეტილი ლოცულობდა დოსითეა. მღვიმეში არის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი. მონასტრის ტერიტორიაზე არის ორი ტბა, ტყეში კი განსაბანელი სამკურნალო წყარო.
კიტაევოს მონასტერს ჰყავს კიდევ ერთი კანონიზებული წმინდანი ღირსი მამა თეოფილე, რომლის ლუსკუმა 12 მოციქულის სახელობის ტაძარშია დაბრძანებული. წმინდა თეოფილეს ცხოვრებაზეა გადაღებული ყველასათვის საყვარელი რუსული ფილმი "კუნძული". თეოფილეს ცხოვრებას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ახლა კი მოგითხრობთ ღირსი დედა დოსითეას ცხოვრებაზე, რომელიც ყველას ბერი ეგონა.
დარიას დაბადებიდან ცოტა ხნის შემდეგ ბებიამ გადაწყვიტა, დარჩენილი ცხოვრება განეწმინდა ღვთისმსახურებაში და მოსკოვის ამაღლების დედათა მონასტერში აღიკვეცა მონაზვნად პორფირიას სახელით.
როცა პატარა დარიას 2 წელი შეუსრულდა, სათნო მშობლებმა გადაწყვიტეს, მოელოცათ სამების სერგის ლავრა, თან დარიაც გაიყოლეს. გზად შეიარეს მოსკოვში და თაყვანი სცეს კრემლის სიწმინდეებს. რამდენიმე დღით ამაღლების მონასტრებში ბებია პორფირიასთან დარჩნენ.
როცა მოსიყვარულე ბებიამ დაინახა შვილიშვილი, მთელი გულით შეუყვარდა და თქვა: მე ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავუშვებ ამ პატარა ანგელოზს, გთხოვთ დამიტოვეთო. მშობლებმა დარია მიაბარეს მოსიყვარულე ბებიას მოსკოვის ამაღლების დედათა მონასტერში.
დარია ბებიასთან კელიაში მოათავსეს. მოსაწყენი იყო პატარა ბავშვისთვის კელიაში ცხოვრება, მაგრამ მასში რაღაც უხილავმა მადლმა გაიბრწყინა. მონასტერში იყო სიმშვიდე, არ ისმოდა არც ცხოველების ხმა, არც ქალაქის ხმაური, მხოლოდ სიმშვიდე მეფობდა. ირგვლივ საკმევლის სუნი იდგა. როცა ბებია პორფირია აღნიშნავდა ანგელოზის ხსენების დღეს, მასთან იკრიბებოდნენ ბერები და მონაზვნები, მოილოცავდნენ მონასტერს და ცოტა ხნით შეჩერდებოდნენ პორფირიასთან, დალევდნენ ყავას ორცხობილათი და მშვიდად ბრუნდებოდნენ თავ-თავიანთ კელიებში. ისევ ისადგურებდა სიმშვიდე, ისევ რჩებოდნენ მარტო კელიაში ბებია პორფირია და დარია.
ბებიას ერთი შეხედვაც კმაროდა და შვილიშვილმა იცოდა, ბებიას რა სურდა. თუ გაცივდებოდა ბებია, შვილიშვილს მოსვენება არ ჰქონდა, საწოლზე ჩამომჯდარი ცრემლებად იღვრებოდა.
ბებიამ ადრეულ ასაკშივე შეასწავლა დარიას მორჩილება და წესრიგი. გოგონა გაღვიძებისთანავე დაალაგებდა კელიას, ასუფთავებდა ყველაფერს, აანთებდა კანდელებს. გაღვიძებულ ბებიას ყველაფერი მოწესრიგებული ხვდებოდა. მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, ერთად ეძინათ, ერთად დადიოდნენ, ყველაფერს ერთად აკეთებდნენ. წუთითაც ვერ ძლებდნენ უერთმანეთოდ. როცა დარიას ღამე გაეღვიძებოდა და ბებია არ დახვდებოდა საწოლში, შეიცხადებდა ხოლმე, - ბებია, სად ხარო.
ბებია ამ დროს დაჩოქილი ლოცულობდა, პირჯვარს იწერდა და მეტანიებს აღასრულებდა.
- ბებია, სად ხარ? - ისევ ღელავდა დარია, - მეშინია, ბებია, მეშინია, მარტო...
- დაიძინე, ჩემო გოგო, დაიძინე, ჩემო ერთადერთო. ღმერთმა დაგლოცოს, შვილო, - მიუგებდა ბოლოს ბებია, დაამშვიდებდა შვილიშვილს და ისევ ჩაუღრმავდებოდა ლოცვას. მაგრამ დარიას არ ეძინა, ფართოდ გახელილი თვალებით უყურებდა ბებიას. დიდი, ფერადი კანდელი მკვეთრად ანათებდა ძვირფას ხატებს და ირგვლივ ისადგურებდა სიმყუდროვე და სიმშვიდე. მკვდარი სიჩუმე იყო, მხოლოდ ხანდახან ისმოდა ბებიას ლოცვა. სასწაულს უყურებდა დარია, სიყვარულს და სასწაულს. ყველაფერს ისმენდა, და გულში იმეორებდა გაგონილს.
დიდებული იყო ეს წუთები დარიას ცხოვრებაში.
მონაზონი პორფირია დიდი ხანია ხედავდა თავის დამჯერე შვილიშვილში საღვთო მადლს და მონდომებას. ხშირად უკითხავდა საღვთო ისტორიას. ბავშვის სუფთა გულმა ძლიერ შეიყვარა უფალი.
გოგონასგან უკვე იგრძნობოდა მადლი უფლისა, ის ძლიერ გამოირჩეოდა სხვა ბავშვებისაგან. ტაძარში ლოცვებზე გაუნძრევლად იდგა. სხვა ბავშვები მოდიოდნენ მშობლებთან ერთად ტაძარში, დარბოდნენ, ტიროდნენ, იცინოდნენ მსახურების დროს. დარია ისე იქცეოდა ტაძარში, რომ მაგალითი იყო უფროსებისთვისაც კი.
ბებია ნასადილევს გადიოდა უპოვართა დასახმარებლად. ტაძრის კართან წამოეწეოდა დარია და თავისი ხელით ეხმარებოდა ხალხს.
- არ გინდა, თვითონ გავცემ, - ეუბნებოდა ბებიას... ბებია ასწავლიდა, რომ ვისაც უყვარს და სწამს ღმერთის, ასევე უნდა უყვარდეს მოყვასი, რადგანაც რწმენა კეთილი საქმეების გარეშე მკვდარია.
დარია უყურებდა, რომ ბებია ცოტას ჭამდა და მარხულობდა. დარიასაც გაუჩნდა სურვილი ბებიას მიმსგავსებოდა. პატარა გოგონა ღვთის გულისათვის შიმშილობდა. ასე გადიოდა დღეები. დარიამ გრამატიკა მონასტერში შეისწავლა. 7 წლისამ ზეპირად უამრავი ლოცვა იცოდა. ადვილად არჩევდა სიკეთეს ბოროტებისაგან. ბებია დიდად გაისარჯა დარიას აღსაზრდელად, ერთხელ დაინახა, რომ დარია არ დაეხმარა უპოვარს, რომელსაც ხელები ჭუჭყიანი ჰქონდა, დაუძახა კელიაში და შენიშვნა მისცა, რის შემდეგაც გაუშვა სუფრის ასალაგებლად.
- ვისაც მოყვასი არ უყვარს, მას არც უფალი ეყვარება, - შეახსენა შვილიშვილს. საღამოობით ბებია დააყენებდა კელიაში შვილიშვილს და ხატების წინ აღიარებინებდა დღის განმავლობაში ჩადენილ ცოდვებს. ასე იზრდებოდა დარია, ერთი წუთი არ შეეძლო უსაქმოდ ყოფნა. როცა წამოიზარდა, უკვე თვითონ უკითხავდა ბებიას საღვთო წიგნებს. ბებია იჯდა და ცრემლები ჩამოსდიოდა. ასე ცხოვრობდა კელიაში ბებია-შვილიშვილი.
მშობლებს აწუხებდათ, რომ ოჯახში არ იზრდებოდა მათი შვილი, თან ბებია პორფირია სუსტად იყო და გრძნობდა სიკვდილთან მოახლოებას. ის აღკვეცეს დიდ სქემაში. ბებიამ უფრო გააძლიერა ლოცვითი კანონი და გაიმკაცრა ცხოვრების წესი. სამწუხარო იყო ბებია პორფირიასთვისაც საყვარელ შვილიშვილთან განშორება. მთელი 7 წელი ერთად ცხოვრობდნენ. განშორების ჟამს ბებია და შვილიშვილი ტიროდნენ. საყვარელ შვილიშვილს გამოემშვიდობა ბებია. ხატით დალოცა და მერე ის თან გაატანა. გავიდა 2-3 კვირა. დარია ვერ ისვენებდა შინ. არ მოსწონდა ახალი ცხოვრების წესი, რაღაც უცხო და გაუგებარი სუფევდა დიდი სახლის ყველა ოთახის კუთხეში. სხვანაირი გული ჰქონდა ყველას. მონასტერში მიჩვეული იყო თავშეკავებას და წესრიგს, ადრე დაწოლას და გათენებამდე ადგომას. აქ, პირიქით, გვიანამდე ეღვიძათ და ეძინათ გვიან დილამდე. მონასტერში სიმშვიდე სუფევდა, აქ, პირიქით, დაუსრულებელი ხმაური იყო, ვერსად წაიკითხავდი წიგნს, ვერ ნახავდი სალოცავ ადგილს. ამაღლების მონასტერში ტაძარი მუდმივად ღია იყო, ღვთისმსახურება ყოველდღე აღესრულებოდა. მეზობელ სოფელში მსახურობდა მოხუცებული მღვდელი და წირვა-ლოცვა მხოლოდ შაბათ-კვირას და დიდ დღესასწაულებზე აღესრულებოდა.
ახლობლებმა დაინახეს, რომ დარია 7 წელი ცხოვრობდა მარტო, ხალხისაგან განრიდებული და დაიწყეს მისი აღზრდა, დააპირეს ფრანგულის მასწავლებელთან მიყვანა, მაგრამ დარია მონაზონივით იყო. ოთხშაბათს და პარასკევს არ ჭამდა, სხვა დღეებში არ ეტანებოდა ხორცს და რძის ნაწარმს. დარიას ოთახში შეჰყავდა უპოვრები და უნაწილებდა საკვებს. ახლობლებს არ მოსწონდათ მისი საქციელი, კიცხავდნენ ბებიას მისი ასეთი აღზრდისათვის და დასცინოდნენ.
მას ეძინა ვიწრო ფიცარზე, თავქვეშ ედო თივით გატენილი ბალიში. როცა ოჯახის წევრები ეკითხებოდნენ, რატომ აკეთებ ამასო, პასუხობდა: "რაც უფრო მიეჯაჭვება სული ყოფიერს, მით სცილდება ჭეშმარიტს, ხოლო ადამიანისთვის, რომელიც ჭეშმარიტად ისწრაფვის ზეციერისაკენ, ყველაფერი მიწიერი ხდება ზედმეტი და არასაჭირო".