საქართველოს დედა ქალაქმა ტფილისმა იმდენი წვა და დაგვა გამოიარა, რაც დაარსებულა მას აქეთ, რომ უცხოსა და შინაურს ყველას უკვირს, თუ დღემდე როგორ გადარჩა სრულიად განადგურებასა და დაღუპვასა. ძველი ტანჯვა-ვაება არ აკმარა ბედმა ტფილისსა და უკანასკნელად საშინელი განსაცდელი გადახდა თავსა: 1795 წ. ენკენისთვის 11-13 სპარსეთის ყეენმა აღა-მაჰმადხანმა მთლად მიანგრ-მოანგრია და ცეცხლით გადაბუგა. სრულიად დანგრევასა და დაღუპვას მარტო თითო-ოროლა საქრისტიანო ტაძრები გადურჩნენ და, მათ შორის, ანჩისხატის ტაძარიც. ეჭვი არ არის, ანჩისხატის ტაძარი მოწმე უნდა იყოს ტფილისის მრავალგზის აოხრებისა და სისხლის წვიმებისა მთელ საქართველოში. მაგრამ საბუთი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ანჩისხატის ტაძარი არც ერთხელ არ დანგრეულა მტრისაგან საფუძვლამდე. ქვემოთ მოყვანილი წარწერებიდან ჩანს, რომ კათალიკოზს დომენტის (1659-1676 წ.) აღუშენებია სამრეკლო, დღემდე მთლად შენახული, და თვით ტაძარი კი მხოლოდ აქა-იქა განუახლებია. სამრეკლო აშენებულია კარგად გამომწვარის აგურისაგან, ხოლო თვით ტაძარი კი ნაშენია კლდის უშველებელის, უხეიროდ ნათალი ქვისაგან, როგორც გარედან, ისე შიგნიდან. გარდა ამისა კლდის ქვები მრუდედ არის ნაწყობი და ყველგან შვეულში არ მოდიან. ერთის შეხედვით ეტყობა, რომ ტაძრის ირგვლივ აგურის საწვეთიც დომენტისგან არის განახლებული სამრეკლოს აშენების დროსვე....
ანჩისხატის ტაძარს ძველ დროში ეძახდნენ "ზარის საყდარს", რადგან არაბების დროსვე ჰქონდა უფლება ზარის რეკისა, როგორც საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქის ტაძარს თბილისში. უამისოდ ვინ, რად დაარქმევდა "ზარის საყდარსა", თუ დანარჩენ საყდრებშიც ექმნებოდათ ზარის რეკა? ან რა ზარი ექნებოდა მაგ წოდებისა, თუ ანჩისხატის ტაძარს სამრეკლო და მასზედ ზარის რეკა არა ჰქონოდა? ჩვენ ვიცით, რომ X-XI საუკუნეების არაბების მეისტორიენი იხსენიებენ ზარის რეკასა ქრისტიანებისაგან ტფილისში. "ზარის საყდარს" ეძახდნენ მხოლოდ მეჩვიდმეტე საუკუნის ნახევრამდე; ამ დროიდან კი, იქნება მას აქეთ 240 წელიწადი, დაერქვა ანჩისხატისა, რაკი კათალიკოზ-პატრიარქმა დომენტიმ აქ დაასვენა ქრისტიანობის უდიდესი სიწმიდე და სათაყვანებელი პირი ღვთის ხატი, ს.ანჩიდან მოსვენებული.
VII საუკუნეში საბერძნეთის იმპერატორი ირაკლი ებრძოდა სპარსელებს. ქართველები რომ სპარსელებს არ მიშველებოდნენ ამ ბრძოლაში, ირაკლი ბევრს წყალობას დაჰპირდა ქართველებსა. აი, ამ შემთხვევით ისარგებლა საქართველოს მეფე ადარნასემ (611-639 წ.) და მოითხოვა საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქი მცხეთაში აღრჩეულიყო ქართველთა სამღვდელოებისაგან და მცხეთაშივე ეკურთხებინათ. ირაკლიმ ნება მისცა, ამიტომ, კათალიკოზი იოანე რომ მიიცვალა (623 წ.), საქართველოს სამღვდელოებამ აირჩია კათალიკოზად მთავარ-ეპისკოპოსი ბაბილა; ქრისტიანობის განმტკიცებისათვის ბაბილამ აიშენა ტფილისში თავისთვის სასახლე და საყდარი მტკვრის მარჯვენა კლდოვან ნაპირზედ. საკუთრივ ანჩისხატის ტაძარი სიგრძით არის ოცდაათი არშინი და სიგანით ოცდაერთი და როგორც ვთქვით, აშენებულია მთლად კლდის ქვისაგან; ამ გვარის გეგმით აშენებული საყდრები დღესაც ბევრია საქართველოში: ურბნისის, ზედაზნისა, შიომღვიმისა, გომბორისა, სამებისა (კაწრეთისა), ვაქირისა, კახთ-უბნისა, ზეგანისა, ურიათუბნისა და სხ. გარეგანი შეხედულება ტაძრისა მაგდენად მოსაწონი არ არის; მაგრამ დასავლეთის კარებიდამ შესდიხართ და განცვიფრებას ეძლევით შინაგანი მშვენიერებისაგან; შუალა მაღალი მოხდენილი თაღი აქეთ-იქით დაბალი თაღებით თქვენს გონებას იზიდავს. სარწმუნოებრივ გრძნობას აღვიძებს გულში და ნეტარებით გახსენებინებთ კურთხეულ მამა-პაპათა ტანჯვით გატარებულ სიცოცხელსა! ამოდენა ტაძარი ოთხს მრგვალ სვეტზედ არის დამყარებული. შუალა მაღალი თაღი ირგვლივ მოხატულია ძველის აღთქმის ისტორიული სურათებით, დაბლა კედლები კი ირგვლივ იესო ქრისტეს ქვეყნად ცხოვრებიდან; საკურთხევლის თაღში დახატულია სულის წმიდის მოფენა მოციქულებზედ; ხოლო დასავლეთის კედელზედ - მაღლა ადამ-ევას სამოთხიდან განდევნა და დაბლა კარების თავზედ მეორედ მოსვლა ქრისტესი - სასუფეველი და ჯოჯოხეთი. მხატვრობა ძველია, მაგრამ განახლებულია XVII საუკუნეში, მერე 1814 წ. და უკანასკნელად ამ რამდენიმე წლის წინად. კანკელი დადგმულია 1854 წ. რუსულის ხელოვნებისა; ძველი კანკელი 1787 წ. დახატული დროებით დგას მთაწმინდის მამა დავითის საყდარში....
საკურთხევლის მარჯვნივ არის სალარო, მარცხნივ სამკვეთლო. უწინდელ დროში ყოველი საყდარი შეადგენდა საუკეთესო თავ-შესაფარსა მტრის შემოსევის დროს, ამიტომ როგორც სამკვეთლოდან, ისე სალაროდან გვირაბები ყოფილა მტკვრის პირამდე ჩათხრილი გაჭირვების დროს წყლის ამოსატანად. თვით ტაძარი დგას კლდეში ამოკვეთილ სარდაფზედ. აი ესრეთის მოხერხებით და ოსტატობით არის აგებული ანჩისხატის ტაძარი...
წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლანმა თუ მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა სამეფო ტახტი თავის უფლების განსამტკიცებლად და სპარსთა გავლენის შესამცირებლად, კათალიკოზ-პატრიარქმა ბაბილამ თბილისში ააშენა სასახლე და თავისი კარის ტაძარი, რომ აქ, თბილისში განემტკიცებინა თათართაგან დაჩაგრული ქრისტეს სარწმუნოება. ამას გარდა არც ჰაერის წლიური ცვლილება აძლევდა ნებასა ერთ ადგილას ეცხოვრნა მთელი წელიწადი. ამიტომ კათალიკოზ-პატრიარქი ზამთარს ყოველთვის თბილისში ატარებდა, ზაფხულს კოჯორში და გაზაფხულს-შემოდგომას მცხეთაში. ამნაირად კათალიკოზ-პატრიარქი მუდამ მხარში ედგა საქართველოს სამეფო კარსა და თავის გავლენას არა ჰკარგავდა: სამეფოს გაჭირვების და კეთილდღეობის ჟამს კათალიკოზ-პატრიარქი იყო ხოლმე მეფის უპირველესი მრჩეველი და განმამხნევებელი. რავდენიც კათალიკოზ-პატრიარქის გავლენა მტკიცდებოდა თბილისში, იმდენად ანჩისხატის ტაძარს ემატებოდა სარწმუნოებრივ-ზნეობრივი გავლენა და ნივთიერადაც მდიდრდებოდა. ესრეთს წარმატებას ხელს უწყობდა დიდათ თვით მდებარეობაც: იქვე, სამხრეთით იმყოფებოდა საუკუნეთა განმავლობაში საქართველოს მეფეთა სასახლე: ამიტომ მეფენი, დედოფალნი, ბატონის შვილნი, სძალნი და ასულნი მუდამ აქ ისმენდნენ წირვა-ლოცვასა, აქ იმწყსებოდნენ და ემზადებოდნენ სამეფოს მოვლა-პატრონობისათვის, ქრისტეს სარწმუნოებისა და სამშობლო მიწა-წყლის დაცვისა და თავდადებისათვის. აქ, ანჩისხატის ტაძრის ირგვლივ მკვიდრობდნენ წარჩინებულნი თავად-აზნაურთა საგვარეულონი, ყველა მათგანს აქ საკუთარი სასახლე ჰქონდა. კათალიკოზ-პატრიარქნი და ქადაგნი აქ შეაჩვენებდნენ ხოლმე სარწმუნოებისა და მამულის მოღალატეს! აქ ადიდებდნენ და აქებდნენ ქრისტეს ეკლესიისა და მამულის ერთგულთ-მოყვარეთა და თავდადებულთა...
იყვნენ ხოლმე ისეთნი ჟამნი, როდესაც მტერთა შემოსევისა და ბატონობისა გამო ათი და ოცი წლობით შესწყდებოდა ხოლმე წირვა-ლოცვა ანჩისხატის ტაძარში. ამ დროს სამღვდელონი კათალიკოზ-პატრიარქთან ერთად გაიხიზნებოდნენ ხოლმე მთიან ადგილებში - ლარგვისში, ან გუდამაყრის ხეობაში და თან მიჰქონდათ საეკკლესიო სამკაულნი და სალოცავი - ხატი და ჯვარი. უნდა ვთქვათ, რომ არაბები სხვადასხვა ბარბაროზებზედ უფრო შემბრალებელნი და ლმობიერნი იყვნენ, უფრო პატივისცემით ეპყრობოდნენ საქრისტიანო საყდრებსა.
XVI საუკუნის დამდეგს სპარსნი გაძლიერდნენ.... ამ სამწუხარო დროში ქართლის მეფეს, გათათრებულ როსტომს, ღვთის განგებამ ცოლად არგუნა ისრეთი შესანიშნავი დედაკაცი, რომლის ბადალს ვერც ერთი სხვა ხალხი ვერ დაიკვეხნის - დადიანის ასული მარიამი, რომელიც მფარველ ანგელოზად მოევლინა საქართველოს ეკკლესიასა, მწერლობასა, ხელოვნებასა და სამშობლო მიწა-წყალსა. მარიამმა და ვახტანგ მეფემ კათალიკოზად დაადგინეს მუხრანბატონის ქაიხოსროს ძე დომენტი, რომელმაც დიდი ხნიდგან დაობლებული და დაძველებული ანჩისხატის ტაძარი განაახლა; რაც დომენტიმ ვერ შეასრულა, იგი დაამთავრა მისმა მოადგილემ - კათალიკოზ-პატრიარქმა ნიკოლოზ ამილახვარმა, ამ ფრიადმა ტრფიალმა ქართველთა ეკკლესიის და მწერლობის წარმატებისამ. კათალიკოზმა დომენტიმ განაახლა სასახლე თვისი, აღაშენა სახლნი მოსამსახურეთათვის და ყრმათა სასწავლებლისათვის, ხელახლა ააშენა სამრეკლო დასავლეთის მხრივ...
განაახლა თუ არა ანჩისხატის ტაძარი, კათალიკოზ-პატრიარქმა დომენტიმ ჩამოასვენა ს. ჭალიდგან აწინდელი პირი ღვთის ანჩისხატი, ეს უაღრესი სიმდიდრე ქრისტიანობისა.
ანჩიდან მოსვენებული პირი ღვთის ხატი არის უდიდესი სიწმიდე მთელის ქრისტიანობისა. თავგადასავალი ამა ხატისა მეტად შესანიშნავია და სასიამოვნო მოსასმენი ყოველი ქრისტიანისათვის....
იესო ქრისტეს ქვეყნად ცხოვრების დროს, როდესაც მის მიერ ქმნილნი სასწაულნი ელვასავით ეფინებოდნენ მთელს დასავლეთ აზიას, საქართველოს მოსამზღვარე ქ. ედესიის მთავარი ავგაროზი მძიმე ავადმყოფი იყო; ყველა გამოჩენილმა მკურნალებმა ხელი აიღეს მის მორჩენაზედ. მაშინ ავგაროზმა დაწერა წერილი და მოსამსახურეს (ჩქარა მოსიარულე) შიკრიკი გაატანა იესო ქრისტესთან, სწერდა თავის უკურნებელს სნეულებასა და ეხვეწებოდა, - მოდი მომარჩინე ამ სნეულებისაგან და ყოველივე შენს ნებას აღვასრულებო; გავიგე, რომ ურიები გემტერებიან, გდევნიან და გირჩევ, ჩემთან მოხვიდე, ჩემს სამეფოში მოსვენებით გაცხოვრებო.
იესო ქრისტემ მოსწერა ლოცვა-კურთხევის წერილი, მოსვლა ვერ შემიძლიან, რადგან ჩემი დიდი საქმე ჯერ არ შემისრულებიაო. მოსამსახურისაგან გაიგო ავგაროზმა, რომ იესო ქრისტეს მეტად ემტერებოდნენ ურიები და მოკვლას ემუქრებოდნენ. სნეული აგვაროზი რაღაც დიადს სიამოვნებასა გრძნობდა, როცა იესო ქრისტეზე ფიქრობდა და ლაპარაკობდა, სნეულება მაშინ ჩვეულებრივ თითქოს არ აწუხებდა. ამიტომ გაგზავნა თავის საკუთარი ხელოვანი მხატვარი იერუსალიმში, რათა იესო ქრისტე დაეხატა და მოეტანა მისი სახე; ბევრს ეცადა მხატვარი, მაგრამ იესო ქრისტეს სახე ვერ გამოსახა ტილოზედ. მაშინ იესო ქრისტემ გამოართვა ტილო მხატვარსა, მიიფარა პირზედ და სასწაულებრივ გამოისახა-გამოიტვიფრა ტილოზედ მისი სახე. გახარებული მხატვარი გამოეჩქარა ავგაროზისაკენ მოციქულ თადეოზთან ერთად. გზად გამოიარეს ქალაქ იერაპოლში, რომლის განაპირად ღამე გაათიეს მეჭურჭლესთან; იმ ღამეს პირი ღვთის ხატი თიხის გამომწვარ კეცებ შუა ჩაასვენეს სიფრთხილისა გამო; შუაღამისას გამოჩნდა ციდან ჩამოშვებული ცეცხლის სვეტი ზედ ხატზედ. მივიდა ქალაქის გამგებელი თავის მხლებლებით გასაგებად, თუ რას ნიშნავდა ცეცხლის სვეტი; როცა უამბეს სიწმიდე პირი ღვთის ხატისა, ამოასვენეს იგი კეცებიდან და ნახეს, რომ იესო ქრისტეს სახე ზემო კეცზედ გადასულიყო. ქალაქის გამგებელმა იგი კეცი თავისთან წაასვენა, ხოლო ნამდვილი პირი ღვთის ხატი გაატანა ავგაროზთან. ედესის ქალაქის მახლობლად, გზაზე, ერთი კუტი მთხოვარა ჭაბუკი თხოულობდა; თადეოზმა შეახო ხატი მთხოვარა კუტსა და მაშინვე განიკურნა: წამოდგა ფეხზედ და გახარებული გაეშურა დედასთან. ეს სასწაული ელვასავით მოეფინა ედესის ქალაქსა. დაიბარა ავგაროზმა და ჰკითხა - ვინ მოგარჩინა დაკუტულიო? ჭაბუკმა უამბო თავისი სასწაულებრივი განკურნება. ავგაროზმა მაშინვე მიაგება სასწაულთმოქმედს ხატსა თავისი კარის მოხელენი და თვითვე სიხარულით ელოდებოდა სასურველი ხატის თაყვანისცემასა, ექვსი წლის განმავლობაში ლოგინში მდებარე ავადმყოფი. აგერ მოასვენეს ხატი. მომაკვდავი ავგაროზი სიხარულისაგან აღტაცებული სასოებით ემთხვია პირის ღვთის ხატსა და მეყვსეულად განიკურნა, ადგა ლოგინიდან გახარებული, დაემხო პირქვე ხატის წინ და ცრემლებით ჰმადლობდა ღმერთსა ესრეთის მოწყალებისათვის. მთელი ედესია ქალაქის მცხოვრებნი გაკვირვებულნი ადიდებდნენ ღმერთსა. ამის შემდეგ ავგაროზმა ირწმუნა მოძღვრება ქრისტესი და მოინათლა თადეოზისაგან კერასა წყაროში თავის ცოლ-შვილით "სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა". თადეოზმა იწყო ქადაგება და მთელი ედესიის სამთავრო მოაქრისტიანა. ავგაროზმა პირი ღვთის ხატი (ტილო) დააკრა ფიცარზედ და ქალაქის კარების თავზედ დაასვენა დიდის პატივით, რათა ქალაქში შემსვლელ-გამომსვლელთ ყველას თაყვანი ეცა და ედიდებინა ღმერთი. აქ ესვენა ორასი წელიწადი.
ავგაროზის მემკვიდრემ დაუწყო ჟლეტა ქრისტიანებსა; ამიტომ პირი ღვთის ხატი საიდუმლოდ დაკრძალეს აგურებით ქალაქის კედელში, ამოაშენეს ედესის ეპისკოპოზის რჩევით და წინ დიდი სანთლის კელაპტარი დაუნთეს. თითქმის ოთხასი წელიწადი დარჩა ხატი ასე დაფარული. არის გარდმოცემა, მითომ წმინდა ნინო, რიფსიმე, გაიანე და სხ. მოსულიყვნენ ედესიაში პირი ღვთის ხატის თაყვანის საცემლად.
539 წ. სპარსეთის მეფე ხოსრო მოუხდა ედესიის ქალაქსა და ამ გაჭირვების დროს ედესიის ეპისკოპოზმა ნახა სიზმრად ის ადგილი, სადაც დაკრძალული იყო პირი ღვთის ხატი. მაშინ დიდის ლოცვა-ვედრებით გამოანგრიეს კედელი და გადმოასვენეს სასწაულთმოქმედი ხატი. ამ დროს სპარსელების ბანაკში საშინელი არევ-დარევა მოხდა, აიყარნენ და გაუდგნენ თავის გზასა.
ამის შემდეგ არ გასულა ასი წელიწადი, რომ ედესია მიდამოებით არაბებმა დაიპყრეს, მაგრამ ბერძნებმა განდევნეს ერთ დროს არაბები და პირი ღვთის ხატი დიდი ლიტანიობით ედესიიდგან გადაასვენეს კონსტანტინოპოლში და დაასვენეს წმიდა სოფიას ტაძარში.
VIII-IX სს-ში საბერძნეთის ზოგიერთი იმპერატორი ღვთის მოძულენი იყვნენ: ლეონ ისავრიელმა და კონსტანტინე კოპრონიმომ, საბერძნეთის იმპერატორებმა, აღძრეს საშინელი დევნულება წმიდა ხატთა თაყვანისცემისა. დადიოდნენ იმპერატორის მოხელენი და სჩხრეკდნენ საყდრებსა და სახლებსა და, სადაც კი მოახელებდნენ ხატსა, ამტვრევდნენ, ჰჩეხავდნენ, სწვავდნენ ცეცხლში, ჰსცარცვავდნენ სამკაულსა. ამიტომ ყველა ჰმალავდა წმიდა ხატებსა მიუდგომელ ადგილს, ზოგი ზღვაში აგდებდა ხატებსა ღვთის ანაბარად. აი, ამ დროს პირი ღვთის ხატი საიდუმლოდ გადმოასვენეს კაბადოკიის ანჩის საეპისკოპოზო ტაძარში, მდინარე ჭოროხის ხეობაში. აქ, ანჩაში ქართველი ერი ყოველ წლობით იყრიდა თავს სადღესასწაულოდ, მეფეებიდგან დაწყობილი უკანასკნელ გლეხ კაცამდე 1194 წ. თამარ დედოფალმა რომ რუს-გიორგი განდევნა სამეფოდამ და ზედ თურქები დაამარცხა, რაც კი რამ ძვირფასი ქვა და მარგალიტი დარჩა დავლად, ყველაფერი შესწირა სხვადასხვა ეკკლესიებსა ხატების შესამკობლად. ამ დროსვე მოახსენა ანჩის ეპისკოპოსმა იოანემ (რკნაელმა) პირი ღვთის ხატის სამკაულის დაძველება: თამარმა უბოძა საჭირო ნივთეულობა და უბრძანა ხატის საუკეთესო ხელოვნებით მოჭედა. ამდროინდელი ხუცური ასომთავრული წარწერა დღესაც კარგად იკითხება ხატის დაბლა არშიაზედ: "ქ. ბრძანებითა და ნივთის ბოძებითა ღვთის გვირგვინოსანის დიდისა დედოფალთ-დედოფლისა თამარისათა, მე იოანე ანჩელმან რკნაელმან ხელვჰყავ საშინელისა ამის ხატის პატივითა მოჭედად. მფარველ-მცველ არს მეფობასა მათისა აქა და საუკუნესა. მოიჭედა ხელითა ბექასითა, ქრისტე შეიწყალე".
ამის შემდეგ რაკი საბერძნეთი დაიპყრეს ოსმალოებმა და მოესივნენ საქართველოს, როგორც ზევითა ვსთქვით, ყველა საეკკლესიო სიწმინდენი ნელ-ნელა გადმოიტანეს ქართლისაკენ. ხატი ესვენა ახალციხეში, გორში და სოფ. ჭალაში ამილახვრის იოთამის სახლში. აქ ყოფნის დროს სახსოვრად დღემდე კარგად დაცულია მშვენიერი წარწერა ღვთის-მოყვარე გივი ამილახვრისა: "სახიერო და სამნათელო სამებაო და ერთარსებაო, მამაო ძისაგან განუშორებელო და ძეო მამისათანა სწორო და სულო წმინდაო ორთავე შორის ცხოვრებაო, ყოველთა ხილულთა და უხილავთა წამის-ყოფით მაარსებელო და შემოქმედო, - ჩვენ მსასოებელმან და სურვილით თქვენდა მონდობილმან ძემან იოთამ ამილახორისამან, თვით ამილახორმან გივმან და თანა მეცხედრემან ჩვენმან ქართველთა მეფის შაჰნავაზის ასულმან თამარ და ძემან ჩვენმან ანდუყარ და დემეტრემ - ოდეს ვიხილეთ ანჩისხატი ჟამთა ვითარებისაგან ქართლში ჩამოსვენებული, მოჰხდა საქმე, რომ ბევრს ხანს ჩვენს სახლში ესვენა და მისის საფარველითა და შემწეობითა მრავალს ძნელს ავადყოფასა და განსაცდელს განვერენით და ვითაც კარები არა ჰქონდა, ვიწადინეთ და კარები მოვაჭედინეთ და გავაკეთეთ, რათა შემწე გვეყოს ორთავე შინა ცხოვრებათა ძით და ასულით ჩვენით. იყოს მადლი და ცვა-ფარვა თქვენი ჩვენზედა. გაკეთდა კარები ესე მეგობასა მეფეთ-მეფისა გიორგისასა, ინდიკტიონსა მეფობის მეშვიდესა, ქორონიკონსა ტოდ (=1686 წ.) ამისი სარქარი ლოლაძე ბერაუკა, ღმერთმან შეუნდნეს". კარები ხატისა დაძველებული ყოფილა, ჩამოცვივნული და გივს ამილახვარს განუახლებია და ჩამოუკიდნია ხატის კუბოზედ ისე, როგორც დღეს არის. პირი ღვთის ხატს თან მოჰყვა სამცხედამ მღვდელი პეტრე.
თუმცა თვით ხატის სამკაულიც დაძველებული იყო, მაგრამ ამილახვარი მოერიდა მისს განახლებასა. გავიდა სულ ოცი წელიწადი და ხატის განახლება თავს იდვა კათალიკოზ-პატრიარქმა დომენტიმ, მეფის ლევანის ძემ.
ამის შემდეგ ოსმალებმა თავისი ჯარი ორ ნაწილად გაყვეს: ერთი მიუსიეს დასავლეთის მხარეს, მეორე აღმოსავლეთისკენ, ე.ი. საქართველოსკენ: აქ დახვდათ ისეთი შეუპოვარი მოწინააღმდეგენი, რომ 1453 წ. შემდეგ ტრაპიზონის მახლობლად და ანჩაში ისევ ქართველი ეპისკოპოსი იჯდა ორმოცდაათი წელიწადი მეტი, და სამცხის ათაბაგნი მბრძანებლობდნენ ასორმოცდაათი წელიწადი მეტი. ამ ხნის განმავლობაში ათაბაგებმა ოსმალებს შეალიეს თავისი ძალ-ღონე, მტერი წინ მიიწევდა ნელ-ნელა და ანგრევდა და ანადგურებდა ქართველების ქალაქ-სოფლებსა, წმინდა ტაძრებსა. მეტი რაღა ღონე ჰქონდა ერთ მუჭა ქართველობას, ვინც გადარჩა ცოცხალი, რომ ქართლისაკენ არ წამოსულიყო? სამღვდელოება მიიწევდა ნელ-ნელა ახალციხისაკენ და იმერეთისაკენ და თან მიჰქონდა ხატი და ჯვარი, საეკკლესიო სამკაულნი და წიგნები. აი როგორის მოთქმით სტირის ჩვენი იმ დროინდელი მწერალი მეისტორიე: "არამედ ეპისკოპოსნი და მონასტერნი შემცირდებოდნენ და მოიშლებოდნენ, ვინაიდგან მიუხვნეს ოსმალთა სრულად მამული-შეწირულობანი და არღარავინ იყო მეტრფე მონოზონებისა და წარაქვნდათ მუნიდამ სიწმიდენი ხატთა, ჯვართა და ნაწილთა სამცხეს ქართლს, იმერეთს, რამეთუ რისხვითა ღვთისათა გამაჰმადიანდებოდნენ ყოველნი წარჩინებულნი ამა ქვეყნისანი და იწყეს მიერით თათრობა, რამეთუ ჟამთა ამათ მოაკლდებოდა ქრისტიანობასა; იქმნებოდა ოხრება ეკკლესია-მონასტერთა და შენება ჯამეთა (თათარების სალოცავი). ხოლო მორწმუნენი ჰფარვიდნენ და მალვიდნენ ხატთა, ჯვართა და ნაწილთა წმინდათათა და წარაქვნდათ იმერეთს, ქართლს და ივლტდიანცა წარჩინებულნი, რომელნი სძულობდნენ მაჰმადიანობასა. რამეთუ აღმოიფხვრებოდნენ წესნი და რიგნი ქრისტიანობისანი ყოველნივე და შეემატებოდნენ მაჰმადსა... რამეთუ იქმნა რისხვა ღვთისა ცოდვათა ჩვენთათვის, რამეთუ მოოხრდნენ ეკკლესიანი დიდ-შვენიერნი და იქმნებოდნენ პირუტყვთა სადგურ და, რომელთა არა ინებეს მაჰმადიანობა, ივლტოდნენ ქართლს, იმერეთს, ოდიშს, გურიას, კახეთს და წარაქვნდათ ხატნი და ჯვარნი და წმინდათა ნაწილნი, მოისპოდნენ ეპისკოპოსნი, მონაზონნი და მწყემსნი..." აი, ამ დროს გადმოასვენეს ანჩიდამ ახალციხეში პირი ღვთის ხატიც სხვა საეკლესიო სამკაულებთან ერთად. დომენტიმ გორელ ვაჭარს ამარჯანა ივანგულაშვილს მოატანინა სამცხიდამ ათი ხატი - ანჩისა, ნათლის მცემლისა, იოანე მახარებლისა, მთავარანგელოზისა და ექვსი სხვა წვრილი - ორი ათას მარჩილად, ანუ ასოც თუმნად 1660 წელს. ესე ხატები გორიდან ჯერ ს. ჭალაში ჩაასვენა იოთამ ამილახვარმან თავის სახლში, მეფე როსტომის სიკვდილამდე; დაძველებული კარები პირი ღვთისა განაახლა იოთამის ძემ გივმა ამილახვარმა აქედგან დომენტიმ დიდის ლიტანიით ჩამოასვენებინა მუხრანზედ მცხეთაში და აქედგან ტფილისში. აქ დომენტიმ მშვენიერს კუბოში დაასვენა იმ ადგილს, სადაც დღეს ასვენია; მას აქეთ საკათალიკოზო ყოვლად წმიდის ტაძარს დაერქვა ანჩისხატისა.