სოფელ მრავალძალთან უძველესი დროიდან იყო მონასტერი.
სოფლიდან დაახლოებით 3 კილომეტრის დაშორებით, ჭოლევის კლდის დაბოლოებასთან, "ჭიქის ტბის" ზევით, ახლაცაა შენობათა ხავსმოდებული ნანგრევები, რომელთაც ხალხი "ნაეკლესიევს" უწოდებს. როგორც ჩანს, რაღაც მიზეზის გამო, ბერები აყრილან და კვინწიხის გორის კალთაზე გაუჩაღებიათ სამონასტრო მოღვაწეობა, იქ, სადაც ახლა მრავალძლის წმინდა გიორგის ტაძარია აღმართული.
მრავალძალის ეკლესიის აგება სავარაუდოდ ბაგრატ III-ის მიერ 1010 წელს რაჭის საერისთაოს დაარსებას უკავშირდება. ამ დროს რაჭა მთლიანად მოიფინა ახლადაგებული ეკლესია-მონასტრებით, ციხე-სიმაგრეებით, სასახლეებით. მაშინ აიგო რაჭაში ყველა გამორჩეული ეკლესია-მონასტრები: ნიკორწმინდა, პატარა ონი, ზემო კრიხი, ხიმში და მრავალი სხვა. თავდაპირველად წმინდა გიორგის ეკლესია რაჭისათვის დამახასიათებელი ტიპური საშუალო ზომის ცალნავიანი დარბაზული ეკლესია ყოფილა. იგი სახელგანთქმული იყო სილამაზით, დახვეწილი არქიტექტურული ფორმებით, ჩუქურთმებით, ლაპიდალური წარწერებით, შიგნიდან მთლიანად მხატვრობით დაფარული კედლებით, თაღ-კამარებით, ქვის მოჩუქურთმებული კანკელით, ძვირფასი ჯვარ-ხატებით, საეკლესიო ხელნაწერი წიგნებითა და ეკლესიისათვის შეწირული იშვიათი საერო ნივთებით. XIX საუკუნეში რუსმა ეგზარქოსმა მრავალძლის მონასტერი გააუქმა და სამრევლო ეკლესიად გადააკეთა. იმავე საუკუნის მიწურულს, 1894 წელს, დეკანოზ მიხეილ სხირტლაძის ხელმძღვანელობით, ტაძარი განახლდა და გადიდდა. ახალი ეკლესია შედარებით დიდი ზომის, ჯვრისსახა ნაგებობა იყო, რომელსაც ათწახნაგა გუმბათი ედგა. ძველი ეკლესიიდან მხოლოდ აღმოსავლეთი ნაწილი დარჩა. 1991 წლის 29 აპრილის რაჭის მიწისძვრამ XIX საუკუნის შენობა ჩამოაქცია, ასევე დააზიანა მისი ძველი ნაწილიც. 2007 წელს კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის კომიტეტის მიერ წამოწყებული აღდგენითი სამუშაოები 2009 წლის შემოდგომაზე დასრულდა. იგი ადრინდელ სახეს დაუბრუნდა. ტაძარი თავიდანვე წმინდა გიორგის სახელობის ყოფილა, ხოლო რატომ ეწოდა მას "მრავალძალი", გადმოგვცემს 1894 წელს გაზეთ "ივერიაში" გამოქვეყნებული სტატია ზეპირი გადმოცემა მოგვითხრობს, რომ თამარის მეფობის შემდეგ, როდესაც ოსმალეთის ჯარმა საქართველოზე გაილაშქრა, სოფელ მრავალძალთან მისვლა და მისი დანგრევა გადაწყვიტეს. ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, როდესაც ოსმალეთის ჯარი მიუახლოვდა სოფელს ორი ვერსის მანძილზე, ერთბაშად დაბნელდა, ნისლ-ბურუსის ზეწარი გადაეფარა არემარეს და ჯარი ვეღარაფერს ხედავდა. ოსმალებს აერიათ გზა-კვალი, დაიწყეს უგზო-უკვალოდ ხეტიალი, და მიუახლოვდნენ უზარმაზარ ჭოლევის კლდეს, რომლის ძირში ერთი ალაგას ჭაობიანი ტბა არის. კლდესაც იმიტომ ეძახიან ჭოლევის კლდეს. ეს კლდე სარტყელივით აქვს შემორტყმული სოფელს და სიმაღლით ორმოც-სამოცი საჟენი იქნება. ჭოლევის კლდიდან რამდენიმე ჯარისკაცი გადაცვივდა და რადგანაც თვალით ვეღარას ხედავდნენ, ბევრი გადაჰყვნენ ერთიერთმანეთს. ბოლოს შენიშნეს, რომ ჯარისკაცნი მიდიან და სადღაც სცვივან; ერთბაშად შედგნენ და დაუწყეს გზას ფთხილად სინჯვა; აღმოჩნდა, რომ გადასდგომოდნენ ზემოხსენებულს კლდეს და იღუპებოდნენ. აღარ იცოდენ, საით გაბრუნებულიყვნენ. სწორედ ღვთის განგებააო იფიქრეს: აქ სწორედ წმინდა გიორგის სალოცავი უნდა იყოსო. ამ ფიქრის შემდეგ ოსმალოს ჯარმა, დაიწყო ლოცვა: ამ ლოცვის შემდეგ ერთბაშად გადაიყარა ჯანღმა და მრავალძლის არემარესაც მოეფინა ჩვეულებრივი, დღის სინათლე. ჯარისკაცებმა გადაიხედეს და როდესაც დაინახეს ცოტა მოშორებით საყდარი, დაბრუნდნენ კლდიდან და მივიდნენ ეკლესიასთან. ერთი დღე და ღამე ამ ეკლესიის გალავანში დაჰყვეს ჯარისკაცებმა და შესთხოვეს: "წმინდა გიორგო ძლიერო, რადგანაც გადაგვარჩინე ამ განსაცდელს დაგვიხსენი და ეგრეთი სასწაულთ მოქმედი ხარ, ჰქმენ სასწაული და ამ შენს გალავანში მოიყვანე ის ძროხა და ხარი, რომელიც იმყოფება ჩვენის ზღვის პირზედ და უფრო მეტად დაგვიმტკიცე შენი ძლიერებაო".
ამავე ლეგენდის თანახმად, ამ ადგილის მახლობლად უზარმაზარი ხარი და ძროხა ბინადრობდა, რომელთა მოკვლა არავის შეეძლო. გადმოცემით, უფლის ძალით ხარი და ძროხა ეკლესიასთან გაჩნდნენ. ხარი და ძროხა ადვილად დანებდა ჯარს დასაკლავად. ოსმალებმაც დაკლეს ცხოველები, ხოლო სასწაულის აღსანიშნად ძროხისა და ხარის მარჯვენა რქები ვერცხლით შეაჭედვინეს და მრავალძლის ეკლესიას შესწირეს. ამდენი სასწაულის მნახველმა, ოსმალეთის ჯარმა უწოდეს ამ ეკლესიას: "მრავალძალი", ანუ მრავალძლიერი. ეკლესიის წყალობით სოფელსაც ეს სახელი ეწოდება. ზემოხსენებულ ყანწებს ხმარობენ ეკლესიაში დღეობისას, აგრეთვე ქორწილისას. ყანწები ფერათ წითელის სისხლივით არიან. ბევრს არა სჯერა, რომ ყანწები ბუნებით არის წითელი. თითო ყანწში ჩადის თითქმის თითო თუნგი. ხალხი იმ აზრისაა, რომ როდესაც იმ ყანწებით ღვინოს სვამს ვინმე, უსათუოდ ფეხზედ უნდა წამოდგეს ქუდი მოიხადოს, პირჯვარი დაიწეროს, სამჯერ ემთხვიოს ყანწს, და ისე დალიოს, თუ ასე არ მოიქცა, ვერ გამოცლისო. ზემოთხსენებული ყანწები აღწერილი აქვს ექვთიმე თაყაიშვილს, რომელმაც მრავალძლის ეკლესია 1920 წელს მოინახულა. ტაძარში დაცული ნივთების აღწერისას მას მოხსენიებული აქვს წყვილი ყანწი, ვერცხლით შემკული. მარი ბროსეს ცნობით, ამ ყანწებს აწერია მეფე ალექსანდრე.
მრავალძლის წმინდა გიორგის ეკლესიაში მრავალი ისტორიული ნივთი ინახებოდა. სამწუხაროდ 1934 წლის გაზაფხულზე ეკლესია გაძარცულა. გიორგი ბოჭორიძის ცნობით, ყაჩაღებს მთელი ვერცხლეული წაუღიათ. გადარჩენილა ჯალალ-ედ-დინის მუზარადი, გაძარცული შაჰ-აბასის ხმალი და ქარახსები (ყანწები). ჯალალ-ედ-დინის მუზარადის შესახებ ცნობას გვაწვდის "ამირეჯიბთა გვაროვნობითი სიგელი." ამ სიგელიდან ირკვევა, რომ ხვარაზმის სულთანი, ჯალალ-ედ-დინი, იმერეთის საზღვარზე სასტიკად დაუმარცხებია ამერეთიდან გადახვეწილ რუსუდან მეფეს და მის ჯარებს. დასახელებულ ამირეჯიბთა სიგელში ვკითხულობთ: "შევსწირეთ ოდეს წარგჳჩინა თჳთ და ამისად რუსუდან მეფემან ლაშქარსა სპარსისა და გაგუჱმარჯვჳა; მინდორს შევიბენით და ამოვსწყჳდეთ. მოვართჳთ დროშა და თაჯი თჳთვან სულთნისა და გჳყო წყალობა და გჳბოძა ჯილდოდ, რაც ვიაჯეთ." შაჰ-აბასის ხმლის შესახებ საინტერესო ცნობას გვაწვდის ვახუშტი ბატონიშვილი თავის კაპიტალურ ნაშრომში "აღწერა სამეფოსა საქართველოსა". საყურადღებოა, რომ ეს თაჯი, ესე იგი რკინის საომარი ქუდი, ნიშნად მტერზე გამარჯვებისა მაშინვე შეუწირავთ მთელ იმერეთში სახელგანთქმული მრავალძალის მონასტრისათვის. ამის შესახებ იმავე სიგელში ნათქვამია: "...და დროშაცა შევსწირეთ მეხოიშნესა (ესე იგი რუსუდან მეფეს) ჩუჱნსა, და თაჯი მრავალძალსა".
იმავე ბრძოლაში მტრისთვის წართმეული შაჰის მთავარი დროშა "ულუმბოს მონასტრის ღვთისმშობლის ხატისთვის" შეუწირავთ, რომელიც შემდგომში მრავალძლის მონასტერში გადაუტანიათ.ვახუშტის ამ ცნობაში განცვიფრებას იწვევს ის ფაქტი, რომ მრავალძალის წმ. გიორგის ეკლესიისათვის საკუთარი ხმალი შეუწირავს ქართველთა მტერს, შაჰ-აბას I-ს. თუმცა ამაზე მეტყველებს სხვა წყაროებიც. ეხება რა შაჰისეული ხმლის ისტორიას, პლატონ იოსელიანი წერს: "შაჰ აბასმა შენიშნა, რომ ლუარსაბ მეფის ბედის შესახებ მოლაპარაკების დროს (რაც ქალაქ გორში მიმდინარეობდა) იმერეთის ელჩები აფიცებდნენ გიორგი სააკაძეს წმინდა გიორგის სახელით და მისი სასწაულთმოქმედი ხატით იმერეთის დაბა მრავალძალში, რომელიც იმერლების უდიდესი სათაყვანებელი სალოცავი იყო. შეიტყო რა ეს, შაჰმა გადასცა იმერეთის დიდებულებს მათ მიერ თაყვანისმცემელ ტაძარს, და სთხოვა ეს საჩუქარი ტაძრის კედელზე დაეკიდათ. აღნიშნული ხმალი, მეოცე საუკუნის 20-იან წლებში, მოინახულა და აღწერა გიორგი ბოჭორიძემ: "სპარსული ხმალი ტარმოტეხილი; ტარი შეჭედილია ოქროთი და შემკული 1 დიდი, 31 საშუალო და 14 წვრილი თვლით.
***
სოფელ მრავლძლის მკვიდრი სიმონ სხირტლაძე თავის წიგნში წერს: "გადმოცემით, სოფელ მრავალძალში, უძველესი დროიდან ყოფილა მონასტერი, სადაც შავად შემოსილი ბერები ფსალმუნის კითხვასა და გაბმულ ლოცვა-ვედრებაში ატარებდნენ წუთისოფლის დღეებს. მათი თავდაპირველი ადგილსამყოფელი სოფლიდან დაახლოებით სამი კილომეტრით ყოფილა დაშორებული. ჭოლევის კლდის დაბოლოებასთან, "ჭიქის ტბის" ზევით, ახლაცაა ქვის შენობათა ხავსმოდებული ნანგრევები, რომელთაც ხალხი "ნაეკლესიევს" უწოდებს. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არაბების ბატონობის ხანაში, რაღაც მიზეზის გამო, ბერები აქედან აყრილან და უფრო ფართო სამონასტრო ცხოვრება გაუჩაღებიათ იქ, სადაც ახლა კვინწიხის გორის უბე-კალთებზე მრავალძლის შესანიშნავი ტაძარია აღმართული. აღსანიშნავია, რომ ეს ადგილი მთიანი რაჭის იმ ზონას მიეკუთვნება, რომლის გეოგრაფიულ მდებარეობასაც ვახუშტი ბატონიშვილი ასეთი სიტყვებით გვამცნობს: "ფრიად მაგარი მთითა, კალთითა, ხრამითა, ხევითა და ტყითა, შეუვალი გარე მტრისაგან".
საინტერესოა, რომ სწორედ აქ, ბუნების ამ მეტად მკაცრ სამეფოში, გადმოცემით, ოდესღაც თავი შეუფარებია ჯან-ღონით აღსავსე ვაჟკაცს, რომელსაც სოციალური უსამართლობის ნიადაგზე რაღაც უბედურება შემთხევია. სათნოებით აღსავსე ბერებს დევნილი მამაშვილურად მიუღიათ და ყველანაირად ხელი შუწყვიათ, რათა ოჯახს მოჰკიდებოდა. გადმოცემით, მისი განშტოებიდან წარმომდგარა დღევანდელი სოფლის ძირითად მკვიდრთა გვარი-სხირტლაძე.
მრავალძალში რომ უხსოვარი დროიდან მონასტერი ყოფილა, ისტორიული საბუთებითაც დასტურდება.
ერთ-ერთ სიგელგურჯში, რომელიც იმერეთის მეფის სოლომონ II და მისი მეუღლის მარიამ დედოფლის მიერაა გაცემული და 1804 წელს დიდი როტორის სოლომონ ლიონიძეს ხელითაა დაწერილი: "ჩვენ კეთილმსახურებით მორწმუნენი და დამსდებელნი სასოებისა ჩვენისანი, მრავალძალსა და საკვირველთ მოქმედისა ხატსა შენსა ზედა, მპყრობელი სრულიად იმერეთისა დავითიან ბაგრატოანი მეფე იმერთა სოლომონ, და თანამეცხედრე ჩვენი დადიანის ასული დედუფალი მარიამ, გიძღვნით გუჯარსა ამას სასოებით სახსენებლად და განსაძლიერებლად ჩვენდა, და საოხად სულისა და ცხოვრებისა ჩვენისა წარმართებლად კეთილდღეობით, ესრეთ რომელ წმინდა და სასწაულმოქმედი ეკლესია შენი იყო ძველთაგან მონასტერ წმინდა საკრებულო, სადა იგი აწცა იხილვებიან ქვაბნი სადაყუდებულნი და ცვლილებისაგან დაუწყნარებელთა დროთა შექმნილიყო საერისკაცოდ".
მრავალძალში წინათ რომ მონასტერი არსებობდა, ამას ისიც ადასტურებს, რომ ეკლესიის მიდამოებში ახლაც შეინიშნება სენაკებისა და ბერებისათვის განკუთვნილი სამარხის კვალი-საძვალე. რაც შეეხება ტაძრის მშენებლობის საქმეში ბერების განსაკუთრებულ დამსახურებას, ამის უტყუარი ნიშნები ტაძარზე არსებული წარწერიდანაც ჩანს. "წმიდაო გიორგი, შეიწყალენ კეთილად მოღვაწენი ამის ეკლესიისანი", ან კიდევ: "წმიდაო გიორგი, მეოხ ეყავ სულსა იოვანესა".
სოლომონ მეორის მიერ მრავალძალის ეკლესიიის სახელზე გაცემული ერთ-ერთი სიგელი გვაუწყებს, რომ მის ბიძას სოლომონ I-ის სიკვდილის გამო ვეღარ განუხორციელებია თავისი გადაწყვეტილება, "რათამცა დაედგინა ეკლესიასა მას ზედა წინამძღვარი". ამავე სიგელიდან ჩანს, რომ სოლომონ I-ს ამ ეკლესიისთვის დაუბრუნებია "ძველად შეწირულნი მის ეკლესიისადმი და ჟამთა ვითარებისაგან გაბნეულნი ოთხნი გლეხნი მთის მოსახლენი პეტრიაშვილები და ოთხი ამბროლაურს ტაბუცაძენი".
მრავალძლის ტაძრისადმი სასოება არ შეუნელებიათ არც სოლომონ მეორეს და არც მისი სამეფო კარის მსახურთ. სოლომონ II-ს 1804 წელს მრავალძალის ეკლესიაზე არქიმანდრიტად გაუწესებია ჯერ არსენიოზ გამყრელიძე, ხოლო შემდეგ ეს ეკლესია დაუქვემდებარებიია ჯრუჭის მიტროპოლიტ დავით წერეთლისათვის.
აღსანიშნავია, რომ მრავალძლის ეკლესიას -ხარჯს, ესე იგი საზედაშო და სასეფისკვეროს, აძლევდნენ სოფლები: სარეკი, ბარი, კრიხი და კვაცხუთი. Kკომლზე თითო თუნგ ღვინოს და თითო ლიტრა პურის ხორბალს. "გადმოცემით ვიცით, რომ თითქოს რაჭაში მოგზაურობის დროს ეს ტაძარი თამარ მეფეს მოენახულებინოს, იქიდან კი ჯრუჭში გადასულიყოს. საყურადღებოა, რომ ხიხამთაზე იმერეთისკენ მიმავალი გზის ერთ-ერთ ადგილს დღესაც "თამარის ღელე" ეწოდება.
მრავალძლის ეკლესიის განახლებისა და გადიდების საქმეს დიდი ამაგი დასდო ზაქარია მღვდლის შვილმა დეკანოზმა მიხეილ სხირტლაძემ. ეს ნაბიჯი მან იმერეთის ეპარქიის ნებართვით გადადგა და სამუშაოთა შესრულებასაც თვითონ ჩაუდგა სათავეში. წმინდა ექვთიმე თაყაიშვილმა, 1920 წელს მოინახულა რაჭის სიძველენი და მრავალძლის ტაძარი. მისი ნაწერებიდან ვგებულობთ, რომ მრავალძლის ეკლესია ყოფილა პატარა, თლილი ქვით ნაშენი და ბარელიეფებით და ჩუქურთმებით შემკული. ეკლესიაში უცვლელად დაუყოლებიათ ძველი ეკლესიის არმოსავლეთ ნაწილი: ზემოთ-კუთხეებში ჩანს თითო ჭური ხმის გამაძლიერებელი.