რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უფალს დავუახლოვდეთ? როცა უფალს ეკითხებიან: რა უნდა ვქნათ, მოძღვარო, რომ დავიმკვიდროთ ცათა სასუფეველიო, უფალი პასუხობს: გიყვარდეს ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითაო და გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისიო. ამ მცნებაზე არის დამოკიდებული მთელი სჯული და წინასწარმეტყველება. მაცხოვრის განკაცება სიყვარულით მოხდა, უფალში გაერთიანდა ღმერთი და ადამიანი. ეს შერწყმა მოხდა სიყვარულით და ჩვენც მოგვიწოდებს უფალი, სიყვარულით ვუპასუხოთ, რათა არ დავკარგოთ მასთან ერთობდა. ჩვენი კეთილი ნება გამოვხატოთ უფლის მიმართ, რომ ჩვენც შევუერთდეთ მას. თუ ღმერთი არ გვეყვარება და მას განვეშორებით, ბოროტი დაგვჩაგრავს, რადგან უძლურნი ვართ, ბოროტი კი ჩვენზე ძლიერია. უფლისგან ჩამოშორებულნი დავიჩაგრებით. უფალი გვეუბნება, გვიყვარდეს ღმერთი და გვიყვარდეს მოყვასი. თუ მოყვასი არ გიყვარს, ღმერთს როგორღა შევიყვარებთ. ღმერთის სიყვარული გამოიხატება ჩვენი დამოკიდებულებით ერთმანეთის მიმართ. ადამიანებს თუ გვიყვარს ერთმანეთი და ერთმანეთს ვემსახურებით, უპირველეს ყოვლისა, ვემსახურებით ღმერთს. ბოროტმაც იცის ეს უფლის ნება და უფლის აზრი, ის უკვირდება ჩვენზე მეტად და ამ სიყვარულს უშლის ხელს, ჩვენს სიყვარულს ღმერთის მიმართ, და ყველანაირად ცდილობს, ჩამოგვაშოროს უფლის სიყვარულს. პროფესორი, ღვთისმეტყველი მიხეილ ლესნიცკი ამბობს, სიყვარული არის საკუთარი თავის გადაცემა და აღქმა მეორის საკუთარ თავში.
ჩვენ შეიძლება ღმერთის სიყვარულს ლოცვით მივაღწიოთ. როცა ვლოცულობთ ღმერთის წინაშე, ღმერთს უნდა ვთხოვოთ, გვიყვარდეს ღმერთი ჩვენი და ღმერთმა მოგვანიჭოს უფლის სიყვარული. თითოეული ადამიანი ღმერთის ხატებაა. ღმერთი ხარობს ჩვენით. ვთხოვოთ უფალს, მოგვანიჭოს მისი სიყვარული.
- კიევში მცხოვრებ ქართველებს სურვილი გაგვიჩნდა, რომ ემიგრაციაში ყოფნის დროს გვქონოდა ისეთი ადგილი, სადაც ემიგრანტები ერთად შევიკრიბებოდით და ჩვენი სულიერი მდგომარეობა შვებას იგრძნობდა. კიევში სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ქართველები ცხოვრობენ, ზოგი სწავლის გამო ჩამოვიდა, ზოგი - სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო, ზოგი კიდევ დევნილობაში იმყოფება. სურვილი იმისა, რომ ჩაგვეტარებინა ღვთისმსახურება ქართულ ენაზე, გაგვიღვიძა დონეცკის ოლქში მოღვაწე ქართველმა მოძღვარმა, მამა დავითმა. პეჩორის ლავრაში მორჩილებაში იყო ასევე მაშინ ერისკაცი მამუკა, დღეს კი უკვე ბერი კონსტანტინეა, რომელიც თბილისში, დიდი სამების ტაძარში მსახურობს. არასდროს დაგვავიწყდება მისი ღვაწლი აქ, კიევ-პეჩორის ლავრაში და ქართული სამრევლოს ჩამოყალიბებაში. გთხოვთ, მამა კონსტანტინეს ჩვენგან, კიევის სამრევლოსგან გადასცეთ დიდი სიყვარულით მოკითხვა... დონეცკში მოღვაწე მამა დავითმა და მორჩილმა მამუკამ გაგვიღვივა სურვილი და იმედი იმისა, რომ კიევში შევძლებდით ქართული სამრევლოს ჩამოყალიბებას. თავიდან ოთხი კაცი ვიყავით, ვინც შევედით აქაურ მიტროპოლიტთან: ბადრი ღუბიანური, გია ყარამანაშვილი, ვაჟა ლომიძე და თქვენი მონა-მორჩილი ამირან თოდუა. შევედით მიტროპოლიტ ვლადიმირთან, დავიჩოქეთ მის წინაშე და ჩვენი სურვილი გავუმხილეთ, თან ვთხოვეთ ლოცვა-კურთხევა ქართული სამრევლოს დაარსების შესახებ. მიტროპოლიტმა დიდი სიამოვნებით მიგვიღო, დაგვლოცა და გაგვაგზავნა თავიანთ შემსრულებლებთან. მაშინ შემსრულებელი იყო მთავარეპისკოპოსი ანტონი, რომელიც მაშინ რიგითი მოძღვარი იყო. როდესაც მათგან თანხმობა მივიღეთ, მერე საქართველოში, ჩვენს უწმინდესს მივწერეთ წერილი თხოვნით კიევში ქართული სამრევლოს დაარსების შესახებ. ჩვენი პატრიარქის და აქაური უწმინდესის ლოცვა-კურთხევა იყო საჭირო მიზნის საბოლოოდ მისაღწევად.
უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მამა კახაბერ გოგოლაძე კიევის სასულიერო სემინარიაში სასწავლებლად გახლავთ გამოგზავნილი და მამა კახაბერი შევიდა ჩვენს უწმინდესთან და სთხოვა, რომელი წმინდანის სახელი ჰქონოდა ქართულ სამრევლოს. იურიდიული საბუთების გაფორმებისთვის აუცილებელი იყო ჩაგვეწერა, რომელი წმინდანის სახელზე იქნებოდა ქართული სამრევლო. ძალიან დიდ პატივს ვცემ და ძალიან მიყვარს წმინდა თამარ მეფე. უწმინდესი დაფიქრდა თურმე და ცოტა ხნის შემდეგ უთხრა, წმინდა თამარ მეფის სახელობის რომ იყოსო? მამა კახაბერმა გახარებულმა გვამცნო ეს ამბავი. ჟრუანტელმა დამიარა ტანში, როდესაც ეს ამბავი გავიგე. ჩვენი პატრიარქის ლოცვა-კურთხევის შემდეგ დავარეგისტრირეთ სამრევლო. კიევ-პეჩორის ლავრაში დაგვითმეს ღვთისმშობლის შობის ტაძარი და იქ დაიწყო მსახურება მამა კახაბერმა. ძალიან დიდ აქტიურობას იჩენდა კიევში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდობა, სტუდენტები, რომლებიც სასწავლებლად იყვნენ ჩამოსული, მათი მატერიალური მხარდაჭერა დიდად დაგვეხმარა. განსაკუთრებით მინდა მოვიხსენიო ლევან ოდიშარია. მისი დახმარებით და ორგანიზატორობით მამა კახაბერს შეუძინეს ის საჭირო ნივთები, რაც ღვთისმსახურებისთვის არის საჭირო. სასიხარულოა, როცა ახალგაზრდები ამას აკეთებენ, მაგრამ სამწუხაროა, როცა კიევში მცხოვრები შეძლებული ქართველები ეკლესიისკენ საერთოდ არ გამოიხედავენ. აქ არის მთელი საქართველო წარმოდგენილი, თითქმის ყველა კუთხიდან წამოსული ქართველობა. ქართველთა გაერთიანება ეკლესიაში ხდება. მოძღვარი ყველას სიკეთისკენ მოუწოდებს, ქრისტეს მოძღვრებას და ადამიანურ ცხოვრებას ასწავლის. კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუ შევძლებთ უკრაინაში ავაშენოთ საკუთარი ქართული ეკლესია. შეძლებული ქართველები მიწას თუ იყიდიან და გადმოსცემენ ეკლესიას, მაშინ იქ ავაშენებთ ეკლესიას, სკოლას. მეუფე სერგისთან ერთად რომ შევედით უწმინდესთან, ასე გვაკურთხა: იყიდეთ კერძო მიწა, სახლი და იქ გააკეთეთ თქვენი ეკლესიაო. კიევში ცხოვრობენ ქართველები, რომლებსაც ასობით ჰექტარი მიწა აქვთ. მცირე ნაწილი ეკლესიას რომ გამოუყონ, რა იქნება? მინდა ჩემი სურვილი მივაწვდინო ქართველებს, იქნებ გამოჩნდეს ვინმე ღვთისნიერი ადამიანი, რომელიც ამ კეთილშობილურ საქმეში დაგვეხმარება.
ღვთისმსახურება თავიდან მხოლოდ შაბათ დღეს სრულდებოდა, პარასკეობით ლოცვას უკრაინელები აყენებდნენ. ამიტომ ჩვენ მხოლოდ შაბათობით ვწირავდით. მერე კვირა დღე დაგვითმეს. ამის გამო ბერჯერ მივმართეთ სხვადასხვა ინსტანციას, მაგარამ არ გამოგვდიოდა. მინდა მადლიერების გრძნობით მოვიხსენიო მეუფე სერგი (ჩეკურიშვილი), დიდი ამაგი აქვს ჩვენზე მეუფე სერგის და მისი ეპარქიის მამებს. მამები ჩამოდიოდნენ პეცტორის ლავრაში და მთელი სულით და გულით მსახურობდნენ. ყველას მიმართ მინდა დიდი მადლიერება გამოვთქვა. მეუფე სერგიმ სთხოვა აქაურ მიტროპოლიტს, ლავრაში კვირა დღეს ჩაგვეტარებინა ღვთისმსახურება და მეუფე პავლემ გამოგვიყო წმინდა პეჩორელი მამების სახელობის ტაძარი. დღეს პეჩორაში დავანებული მამების სახელობის ეკლესიაში გვაქვს საშუალება ქართულად აღვავლინოთ ღვთისმსახურება და ამით შევეწიოთ ჩვენს ოჯახებს, ჩვენს საქართველოს და ჩვენს ყველა ხალხს, ვინც გვიყვარს და ვისაც ჩვენ ვუყარვართ. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მამა კახაბერ გოგოლაძეს იმ დიდი შრომისათვის, რომელიც გაწეული აქვს ჩვენთან წინამძღვრობისათვის, ჩვენთან მსახურებისათვის. მამა კახაბერმა მაკურთხა სტიქაროსნად და რასაც დამავალებს, იმას ვასრულებ.
საქართველოში რა დაგაბაროთ? მომიკითხეთ მეუფე სერგი, ნეკრესის ეპარქია. მამა კონსტანტინე, რომელიც ჩვენი დიდი ქომაგი იყო და არის ალბათ, ჩვენ მისი ლოცვა გვეწევა. უღრმესი მადლობა ჩვენს შემომწირველებს ზურაბ მიმინოშვილს, ლალი კილაძეს. სურვილი გვაქვს, რომ უფრო მეტი ჩაერთოს ჩვენი ეკლესიის აღორძინებაში. გვახარებს ახალგაზრდების აქტიურობა, უფრო მეტად მოდიან ქართულ სამრევლოში. ახალგაზრდები ფუძნდებიან ეკლესიაში და მომავალში ისინი ჩვენზე ათასჯერ უფრო მეტს გააკეთებენ, ამის იმედი გვაქვს და ღმერთმა შეაძლებინოთ. ძველი თაობა თუ დაუდგება ახალგაზრდებს გვერდით და უკრაინაში ქართული ტაძრის მშენებლობაში გვერდით დაგვიდგებიან, ძალიან გაგვიხარდება. ქართველ კაცს უნდა ჰქონდეს სიკეთეზე, წესიერებაზე ზრუნვის ადგილი.
- თავიდან ძალიან გაგვიჭირდა, ვიდრე ტაძარში მრევლი მოვიდოდა. პეჩორის ლავრაში მთელი რუდუნებით მოგვცეს ღვთისმშობლის შობის ტაძარში ღვთისმსახურების ჩატარების უფლება. ზაფხულობით ყოველთვის დაკეტილი რომ იყო ტაძარი, გაბნეულები იყვნენ ქართველები სხვადასხვა ეკლესიაში. მერე გავიგეთ, პეჩორის ლავრაში ქართული წირვა-ლოცვა ტარდებაო. მოვედი ტაძარში. პირველი მრევლი ბატონი ამირან თოდუა და ბადრი ღუბიანური დამხვდა. ეს ორი ადამიანი იჯდა და ელოდებოდა მომსვლელ ქართველებს, რათა ერთად წაგვეკითხა დაუჯდომელი. კვირა დღე იყო და ეკლესია ცარიელი იყო. მრევლი არ იყო. რადგან წმინდა თამარ მეფის სახელობის იყო, მამა კახაბერისგან კურთხევა ავიღეთ, არ გაცდენილიყო არც ერთი შაბათ-კვირა, მოვსულიყავით და წაგვეკითხა დაუჯდომელი წმინდა თამარ მეფის სახელზე. თავიდან მედავითნეებიც არ გვყავდა და თანამედროვე ქართულით ვკითხულობდით. ღვთის წყალობით ვისწავლე ძველი ქართული და მედავითნე გავხდი. პროფესიით ექიმი გახლავართ. მადლობა ღმერთს, რომ მრევლის სიმცირის მიუხედავად ქართული წირვა არ გაგვიცდენია. ქართველების უმეტესობა ტაძარში მარტო დიდ დღესასწაულებზე მოდიოდა. არ იცოდნენ ქართული ღვთისმსახურების შესახებ. ღვთისმშობლის შობის ტაძრიდან პეჩორელი მამების სახელობის ტაძარში გადმოვედით. უფალს ვთხოვთ წყალობას სრულიად საქართველოსთვის, ჩვენი უწმინდესისთვის. მნიშვნელოვანი ის გახლდათ, რომ პეჩორის ლავრაში საქართველოდან ანჩისხატი ჩამოაბრძანეს და პეჩორელი მამების სახელობის ტაძარში დააბრძანეს.
კიევში ათი წელია, რაც ვცხოვრობ. სასწავლებლად ჩამოვედი, მერე დავრჩი აქ ჩემს მეუღლესთან ერთად. საქართველოსთან ურთიერთობას არ ვწყვეტთ. ძირითადი მრევლი ერთად ვიკრიბებით დღესასწაულებზე, ერთმანეთის ჭირსა და ლხინს ვიზიარებთ. უკრაინის წმინდა ადგილებს მოვილოცავთ ხოლმე. შეხვედრები გვაქვს, ხატების გადაბრძანება ხდება ოჯახებში, ივერიის ღვთისმშობლის, წმინდა თამარის ხატების. ივერიის ღვთისმშობელი სურვილის მიხედვით ყველა ოჯახში დაბრძანდება. შეგვეწიოს დედა ღვთისმშობელი და გააძლიეროს სრულიად საქართველო.