05.01.2012
ადრე ქრისტეშობის ტაძარს სამი კარი ჰქონდა. ორი ამოქოლეს. ერთი კი ზემოდან ისე გადაღობეს, თავდაუხრელად შიგნით ვერ შეხვალ. "სიმდაბლის კარი" - ასე ჰქვია ამ კარს.
დაიმდაბლებ თავს და შეხვალ პალესტინის ერთ-ერთ ყველაზე უძველეს ტაძარში, რომელიც თავისი არსებობის 16 საუკუნის მანძილზე არასოდეს დაუნგრევიათ. ტაძრის თაღები 44 მარმარილოს სვეტს ეყრდნობა, რომლებზეც ზეთის საღებავებით წმინდანებისა და წინასწარმეტყველთა ფრესკებია გამოსახული. მხატვრობის ამგვარი ტექნიკა სხვაგან არსად გვხვდება წმინდა მიწაზე. იატაკზე კი ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე დიდის დრონდელი (IVს.) მოზაიკაა შემორჩენილი. ტაძრის შესასვლელიდან მარჯვნივ რვაწახნაგიანი ბაპტისტერიუმია. წახნაგები სიმბოლურად გამოხატავს მერვე დღეს, როდესაც მკვდრეთით აღდგა იესო ქრისტე. ტაძრის მთავარ ნაწილში, კათოლიკონში, არის კანკელი, სომხური საკურთხეველი და მოგვთა საკურთხეველი, ანუ ის ადგილი, სადაც გარდამოცემით მოგვებმა თავიანთი ცხენები მიაბეს, ვიდრე მღვიმეში შევიდოდნენ თაყვანისსაცემად.
ტაძარში მაცხოვრის შობის მღვიმის შესასვლელთან არის მაცხოვრის წინადაცვეთის ბერძნული საკურთხეველი, სადაც, გარდამოცემით, მერვე დღეს წინადაცვითეს ქრისტე მაცხოვარი. მაცხოვრის შობის ტაძარი ბეთლემში, 339 წლის 31 მაისს აკურთხეს და მას მერე იქ წირვა-ლოცვა არ შეწყვეტილა.