ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ვისაც ერთხელ მაინც მოულოცავს ძამის ხეობა, უჩნდება სურვილი, კვლავ და კვლავ მიეახლოს იქაურ სულიერების კერებს და სულიერი სარგებელი მიიღოს წუთისოფლისგან განდგომილი მამებისა და დედებისგან.
მათი გულითადი დალოცვა და წრფელი დარიგება კი კარგა ხანს მიგვყვება ცხოვრების მეგზურად და გასაძლიერებლად.
ქარმელის მთაზე მონასტრული ცხოვრება 2006 წლიდან დაიწყო. მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ზაბულონის (გელაშვილი) ძალისხმევით, რამდენიმე წელიწადში კი აქაურობა საოცრად შეიცვალა. წმინდა ელიას ტაძარს წმინდა ზაბულონისა და სოსანას სახელობის ტაძარიც შეემატა.
მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, უკვე რამდენიმე წელია, რაც 14 სექტემბერს ქარმელის მამათა მონასტერში საეკლესიო ახალ წელთან ერთად ყოველთა ქართველთა ერთობის დღეს ვდღესასწაულობთ. ღია ცის ქვეშ სადღესასწაულო ღვთისმსახურებას მეუფე იობთან და მეუფე ილარიონთან ერთად სხვადასხვა ეპარქიიდან ჩამოსული სასულიერო პირებიც აღავლენდნენ. ერთად შეკრებილიყო ერი და ბერი, ზოგი ფეხით, ზოგიც მანქანით მოდიოდა მადლის მისაღებად. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მეუფე იობმა უქადაგა მრევლს.
"სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ჩვენთან არს ღმერთი. მოგილოცავთ დღევანდელ დღეს, მრავალმხრივ აღსანიშნავია დღევანდელი დღე - საეკლესიო ახალი წელი, ინდიქტიონის დასაწყისი, გვირგვინი წელიწდისა. დღეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კრების დღესასწაული და ყოველთა ქართველთა ერთობის დღე. ამ დღეს შევავედრეთ ჩვენი ერი, რათა ჩვენს ერში უფალმა ქნას ერთსულოვნება. ერთითა პირითა და ერთითა გულითა გვედიდებინოს ყოვლადწმინდა სამება, შევთხოვოთ ყოვლადწმინდა სამებას, რომ ერთსულოვანი გავხდეთ, რაც ძალიან გვაკლია. ერთსულოვნება აკლია სრულიად საქართველოს, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს. ალბათ დაგვიდგება დრო, როცა მართლაც ერთსულოვანი გავხდებით. საქართველოს დღევანდელი სულიერი მდგომარეობა შეიძლება შევადაროთ ოთხი დღის გარდაცვლილ ლაზარეს, როცა მის დებს - მართასა და მარიამს არ სჯეროდათ ლაზარეს აღდგინება. დღესაც ასეა, მართასი და მარიამის ურწმუნოებაშია სრულიად საქართველო, რომელიც გამოსავალს ვეღარ ხედავს. სატრაბახო და საამაყო ნამდვილად არაფერი გვაქვს. ეს არის შედარება სულიერი თვალსაზრისით ლაზარესთან, რომლის აღდგენისა და გაცოცხლების იმედი მის დებს არ ჰქონდათ. სწორედ ეს მდგომარეობაა საქართველოში, მაგრამ იმედი გვაქვს უფლის და როგორც ლაზარეს მიმართა, - აღსდექ, ლაზარე, და გამოდი გარეთ, - ასევე მიმართავს უფალი საქართველოს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ქვეყანას, - აღსდექ, საქართველო, და განადიდე უფალიც.
დღეს ძველი და ახალი აღთქმის წმინდანების ხსენებაა. ისუ ძე ნავესი, რომელიც მოსეს შემდეგ წინამძღვრობდა ებრაელთაAერს, ღვთისაგან გამორჩეული იყო - მან სიცოცხლეშივე აღასრულა მრავალი სასწაული. მდინარე იორდანეზე გადაიყვანა თავისი ერი აღთქმული ქვეყნისაკენ ისე, როგორც ხმელეთზე და ღირსი გახდა აღთქმულ ქვეყანაში შეეყვანა. ამ მსვლელობისას დიდი განსაცდელები შეხვდა ებრაელთა ერს, ქალდეველებთან ბრძოლისას მან შესთხოვა უფალს, რომ მზე გაჩერებულიყო. მართლაც, შუა ცაში, შუადღისას გაჩერდა მზე მანამ, სანამ არ დაამარცხა ქალდეველნი. ასეთი დიდი სასწაული აღასრულა ისუ ნავესმა, რომელიც თითქმის 110 წლის ასაკში აღესრულა.
დღეს არის ასევე ხსენება სვიმონ მესვეტის, რომელიც ძალიან გაჭირვებულ ქრისტიანულ ოჯახში აღიზარდა. ის იყო მწყემსი. ერთხელ ტაძარში ცხრა ნეტარება მოისმინა და სიხარულით აღივსო, მის სულს სულიწმინდის მადლი შეეხო. მერე სიზმრისეულ ჩვენებაში ვიღაცამ მიუთითა საძირკვლის გათხრა. ძალიან დიდი, ღრმა საძირკველი გათხარა, ეს საკმარისი არ არისო, - უთხრეს. როცა კიდევ გააღრმავა საძირკველი, მერე - დაიწყე შენებაო. როდესაც გაეღვიძა, დაასკვნა, რომ ეს იყო ღვაწლი იმისათვის, რომ სულიერი ცხოვრება დაეწყო. მართლაც, წავიდა ერთ-ერთ მონასტერში, სადაც ახალგაზრდობის გამო არ იღებდნენ. თითქმის ერთი კვირის განმავლობაში მშიერ-მწყურვალი ტიროდა მონასტრის კარზე - მიმიღეთო. ბოლოს მიიღეს. 18 წლისა ბერად აღიკვეცა. მოღვაწეობისას იმდენად დიდ ღვაწლში იყო, რომ წინამძღვარს შეეშინდა, - სხვამაც არ მიბაძოსო და მონასტრიდან გაუშვა. მან მონასტრის გარეთ დაიწყო მოღვაწეობა. ბოლოს ერთ-ერთ უდაბნოში მართლაც მკაცრი ცხოვრებით ცხოვრობდა. უფლის ანგელოზის ჩვენებით, მონასტრის წინამძღვარმა, იღუმენმა მოიყვანა ისევ მონასტერში. მერე მაინც დატოვა მონასტერი, გავიდა მთაში სამოღვაწეოდ. სასწულთმოქმედი გახდა, კურნავდა ადამიანებს, ეშმაკეულებიდან ეშმაკს განასხამდა და სხვა მრავალ სასწაულს აღასრულებდა.Bბოლოს დაიწყო სვეტის მშენებლობა, მაშინ ეს ახალი ღვაწლი იყო. შუამდე რომ აიყვანა, მამებმა - რაღაც ახალთან გვაქვს საქმე. ან ეშმაკისაგან ცდუნებულია, ან კიდევ ასეთი ღვაწლი მართლაც ღვთისაგან არის დაშვებულიო. მონასტრის წინამძღვარმა მის სანახავად გაგზავნილთ დააბარა: თუ ჩამოვა თქვენი თხოვნით, მაშინ ისევ გაუშვით, აკურთხეთ და დალოცეთ, თუ არ ჩამოვა და არ დაგიჯერებთ, ჩამოათრიეთ, ჩამოიყვანეთ და ეს ჩაითვლება, რომ ეშმაკისაგან ცდუნებულიაო. მართლაც, სთხოვეს, ჩამოსულიყო. მან ლოცვა შეაჩერა, ჩამოვიდა დაბლა. მათაც აღასრულეს წინამძღვრის კურთხევა. სვიმონ მესვეტემ ისევ გააგრძელა ღვაწლი. ძალიან ბევრ განსაცდელს გაუძლო. გაუძლო ეშმაკის ხრიკებს, მანქანებას. 47 წელი სვეტზე იყო დაყუდებული. ღვთის გულისათვის პაპანაქება სიცხეს, სიცივეს უძლებდა. ბოლოს, თითქმის 110 წლისა აღესრულა. ანტიოქიის პატრიარქმა სვეტის ახლოს დაკრძალა.
უპირველესად, ჩვენ რა უნდა ვისწავლოთ სვიმონ მესვეტისგან: როდესაც მან 9 ნეტარება მოისმინა, გული შეეძრა და სულიწმინდის მადლით აღივსო, გახარებული იყო და ძალა მიეცა, ეღვაწა. თავდაჯერებული კი არ იყო, - რადგან სვეტზე ამოვედი, აღარავის ვეკუთვნი, აღარავის არ უნდა დავუჯეროო, მან დაუჯერა მამებს, სვეტიდან დაბლა ჩამოვიდა და თავმდაბლობა გამოიჩინა. სწორედ ასე განადიდა უფალი წმინდა სვიმონ მესვეტემ.
შევთხოვთ უფალს, რომ ამ დიდი დღესასწაულის - ძველი და ახალი აღთქმის მადლი შეგეწიოთ თქვენ, შეეწიოს სრულიად საქართველოს და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს. ჩვენთან არს ღმერთი!"