სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა 2006 წელს, ხობისა და ფოთის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის ლოცვა-კურთხევით დაიწყო. არქიტექტორი ყველასთვის კარგად ცნობილი რევაზ ჯანაშიაა. ჩვენ ვესაუბრეთ მას.
- ბატონო რევაზ, საიდან გაჩნდა იდეა კომპლექსის აგებისა, და საერთოდ, როგორი სახისაა ტაძარი, რითია აგებული, რა განსაკუთრებული ნიშნით გამოირჩევა?
- მშენებლობის იდეა გაუჩნდა ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, აიღო მეუფისგან კურთხევა და მოვიდა ჩემთან. 2006 წელს დავიწყეთ მშენებლობა, რომელიც წელს დასრულდება. ეს არის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც აერთიანებს სამ ტაძარს: ღვთისმშობლის მიძინების, წმინდა გიორგისა და წმინდა ნიკოლოზის ეკლესიებს. მთავარი არის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი.
მთავარი ტაძარი ექვსაფსიდიანია. მისი ძირითადი სქემა ქრისტეს მონოგრამაზეა დაფუძნებული. საქართველოში მრავლად არის ჯვარგუმბათოვანი ტაძრები, მაგრამ ექვსაფსიდიანი, ამ სახის ტაძარი, ახალაგებულ ტაძართა შორის პირველია. ექვსაფსიდიანი ტაძრები იყო კაცხში, ტაო-კლარჯეთში. ეს ცენტრალურგუმბათოვანი ტაძარია, დასავლეთიდან აქვს გალერეა, ჩრდილოეთიდან სამხრეთით კი ორი ეკვდერი: წმინდა გიორგისა და წმინდა ნიკოლოზისა. ტაძარი აგებულია ეკლარის ქვით და ტრადიციული ფორმებით.
- გარდა ტაძრისა, რას მოიცავს მთლიანი კომპლექსი?
- კომპლექსში არის სამრეკლო, კარიბჭე, მონასტერი, პარტიარქისა და მეუფის რეზიდენციები, ბერთა კელიები. კომპლექსი შემოღობილია ქვის დიდი გალავნით. გალავანში განთავსებულია მრგვალი ბურჯები, რომლებიც სტუმრისთვისაა განკუთვნილი. ვიზრუნე შიდა ეზოზეც. იდეაში ედემის ბაღი გავუკეთე პატრიარქს.
- თუ იცით, დედათა მონასტერი იქნება თუ მამათა?
- ეგ უკვე მეუფის გადასაწყვეტია. ჯერ არ არის დადგენილი.
ტაძრის ღირსშესანიშნაობების გაგების შემდეგ გამიჩნდა სურვილი, მენახა ის ხატები, რომლებიც ტაძრისთვის იხატება. ასე მივადექი ბ-ნ დავით ხიდაშელს. მინდა ბ-ნ დავითის მინიდოსიეც გაგაცნოთ.
დავით ხიდაშელი - ხატმწერი, დაიბადა ქალაქ ქუთაისში. დაამთავრა ქუთაისის სამხატრო სკოლა, თბილისის სამხატვრო აკადემია. პირველი ტაძარი, რომელიც მოხატა, იყო იტრიის დედათა მონასტერი, შემდეგ - ბევრი ეკლესია, მათ შორის ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ეკლესია და ქუთაისის პატრიარქის რეზიდენციასთან არსებული წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი. წერს ხატებს, რომლებიც გამოირჩევა მისი განსაკუთრებული ხელწერით. ჰყავს მეუღლე და სამი ვაჟი.
- ბატონო დავით, რომელი წმინდანის ხატები იწერება და რა სტადიაზე იმყოფებით?
- ძირითადი ნაწილი თითქმის დამთავრებულია. ტაძარი არის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობისა. არის ორი ტრაპეზი - წმინდა ნიკოლოზისა და წმინდა გიორგის. სამივე კანდელისთვის მიწევს ხატების გაკეთება. იწერება მაცხოვრის, ღვთისმშობლის, ტაძრად მიყვანების, წმინდა ნინოსი, ანდრია პირველწოდებულის, წმინდა იოაკიმე და ანას ხატები. ყველაფერი, რა თქმა უნდა, ტრადიციის მიხედვით კეთდება.
- რით იწერება ხატები?
- ეს კეთდება საკმაოდ ძვირფასი, ნატურალური პიგმენტებით. ყველაფერი ტრადიციულ ქართულ მანერაშია შესრულებული.
- რომელიმე ხატს ხომ არ გამოყოფდით?
- კანკელის ღვთისმშობლის ხატია განსხვავებული. ამ ტიპის ხატი ინახება სვანეთში. ორანტას ტიპის ხატებზე, როგორც წესი, ღვთისმშობელი ფეხზე მდგომი გამოისახება, აქ კი ტახტზეა დაბრძანებული. ყველაფერი ახალი ხომ კარგად დავიწყებული ძველია. ეს ხატიც ასეთივეა.