(გაგრძელება)
ჰო, მართალია, ბენედიქტე ბარკალაიამ დასტოვა ბერძნებთან ბრძოლა, მაგრამ ახლა მამა იონამ წამოავლო ხელი.
ივერიის მონასტერსა მოსკოვში ქონდა შემოწირულობა და ივერიის მონასტერი შვიდ წელიწადში ერთხელა სცვლიდა მოსკოვში მოსამსახურეებსა. ეს შვიდი კაცი უნდა ყოფილიყო, ესე იგი, ბერები. ამ დროს უპოვიდა მამა იონა დროსა და გადუდგებოდა გზაში ამ ივერიის მონასტრის გაგზავნილ ბერებს მოსკოვში. სტამბოლში რო რუსეთის საელჩო იყო, ამ საელჩოს უნდა სჩვენებოდნენ და ნებართვა აეღოთ მოსკოვში და ისე წასულიყვნენ. ამ დროს საელჩოში დახვდებოდა მამა იონა და საელჩოს შეჩიოდა, ივერიის მონასტერი ქართველებისა არიო, უბრძანე, ან მონასტერში ძმათ მიგვიღონ, ან სადაც ვართ, სკიტობა მოგვცენო. ესრეთ საელჩოც აწვალებდა დიდხანსა, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდოდა. მამა იონას ეტყოდნენ, არაფერს არ იძლევიანო და ერთხელაც იმდენი ხანი არ გაუშვა საელჩომა, რომ უკან მობრუნდნენ, ათონში. ივერიის მონასტრის ბერების პასუხი ის იყო, ქილიოტები არიან და მორჩა და მოისვენაო. მონასტერი ჩვენია, ვინცა ვართ მონასტერშიო, რასაკვირველია, აქ. ბერძნები ქრთამით, კაცით და თავიანთ სურვილს მაინც ასრულებდნენ. ესეთი შემთხვევა სამჯერ მოხდა ჩემს იქით ყოფნას. ბერძნებიც თავიანთ დროს უცდიდნენ. როცა მამა იონა მოკვდებოდა, მერე თავიანთსასა იზამდნენ: ან ქილიოტი, ან განდევნა. მაშინ უკვე ძალა აქვთ, თუ არა ისე სამართალი არ მისცემს ნებას, რო გამოვერეკეთ. ჩამოიარა ისპანკამა და მოკლა მამა იონა. ჩვენ მონასტერს არ შევატყობინეთ. როდემდინ იქნებოდა ფარულათ. გაიგო მონასტერმა, ამოვიდნენ, შეგვეკითხნენ, რატომ არ შეგვატყობინეთო. ჩვენ ვუთხარით, თქვენ მაინც არ გიყვარდათ მამა იონა. აბა, ოც დღეს გაძლემთ დროსაო, იფიქრეთ და დაგვემორჩილეთო. ჩვენ ამ ოც დღეშიც არაფერი პასუხი არ მივეცით. ამ დროსაც მენშევიკები გამოეყვნენ რუსეთსა. მენშევიკებმაც, რაც მამულები ქონდათ საქართველოში, სულ ჩამოართვეს ივერიის მონასტერსა და ახლა რაღას მოგვეხათრებიან, იფეთქეს და აბა, დაგვესხნენ თავსა. ათონის მთაზე ოცი თვითუფლებიანი მონასტერია. ამ მონასტრებსა საერთო კრება აქვსთ და სამართალი. ეს ჩვენ შესახებ წარუდგინეს კრებას, ქართველები არ გვემორჩილებიანო და ჩვენ საერთო კანონი გვაქს, რომ უნდა განიდევნენ. აბა, ვინ იტყოდა უარსა, მაგრამ იქაც ისხდნენ ანა და კაიაფა და იმათთან ისხდნენ იმათი მსგავსები. ათონში მითხრეს მე, როდესაც ივერიის მონასტერში ქართველი ბერები შეცოტავდნენ, ორ ბერზეღა დადგა, მაშინ მთელი მონასტრის საბუთები ჩააწყეს რკინის სკივრში და რომელიც ზემოთ ვახსენე, ათონის საერთო კრება და სამართალი, ამათ მოუტანეს და ჩააბარეს ეს მონასტრის საბუთები და გასაღებები. როცა ქართველები მოვიდნენო, მიეცითო. უეჭველად ხელწერილსაც ჩამოართმევდნენ, მაგრამ ვინ იცის, სად არის ეს ხელწერილი. უმისოთაც კარქა იციან, რო ივერიის მონასტერი ქართველებისაა, მაგრამ მაინც საჯეს, ჯვარს აცვით, ჯვარს აცვით ქართველები, ეს უსამართლება ჩვენზე და მთელი ათონის მთაზედა. რასაკვირველია, მთელი მათი უსამართლო დადგენილება მოიტანეს ივერიის ბერებმა და გამოგვიცხადეს. ჩვენ არ მივიღეთ, მაგრამ ეხლა კი მიდგა იარაღის ძალაზე საქმე. მოუწოდეს მილიციას, ვინტოვკიანებს. შევშინდით და გავუღეთ კარები. მერე, როგორც მათ უნდოდათ, ჩამოგვართვეს ყველაფრის კლიტე-გასაღები და თუ ვინმე გარეთ გამოვიდოდით, სახლში აღარ გვიშვებდნენ. ისეთ გუნებაზე იყვნენ, ერთი ცოტა და დარტყმის გუნებაზე იყვნენ. რას ვიზამდით, უცხო ქვეყანაში მთავრობა იმათია - სასულიერო და სახორციელო. ესეთი ავაზაკობა მოახდინეს ათას ცხრაას თვრამეტში, ცხრა მარტსა. ვუთხარით, აღდგომა მაინც გავათენოთ ჩვენს სახლში, მაგრამ არც ის ინებეს. მერე მე ვუთხარი, მე რო ჩვენში ბერძენს დავინახამდი-მეთქი, ისე გამეხარდებოდა, მეგონა, ანგელოსი ვნახე-მეთქი; თქვენ როგორი ხალხი ყოფილხართ. ბერძნები ჩვენში ნახევარ მილიონი ხალხი ცხოვრობს, ჩვენ ოცი კაცი, ისიც ბერები, ბერებმა რა უნდა დაგიშავოთ. მაინც მათი გული იყო მოშხამული, რომ ივერიის მონასტერი საქართველოსი არი, ისე იყვნენ შურით დამხჩვალები, რო აღდგომა რო ჩვენ სახლში გაგვეთია, ისიც ვეღარ გაგვიშვეს. თორნიკე ერისთავმა მთელი სახელმწიფო გაუთავისუფლა და ეს ივერიის მონასტერი ააშენა, ესეც ყიდვითა, რას ვიზამთ, მოგვერივნენ. თავიანთი ქვეყანაა. არაფერი არ წარმოიდგინეს, სულ გამხეცდნენ. ასე იყო ჩვენს თავსა. რაც უნდოდათ, თვითონ ითვისებდნენ, დარჩათ სრულობით ახალი ეკლესია, სრულობით მოწყობილი. ამ ეკლესიაში დარჩა, რომელიც მთელი ათონის ლატარიაში გვერგო. ამ ხატის ისტორია ასეთია. ამ ათონის მთასა აქს პატარა ბაზარი, ესე რომა, ამ ბაზრის გარშემო მთელი ათონის ოც მონასტერსა აქთ სახლები თავიანთი, საერთო. სასამართლო მთავრობიდან დანიშნული კაციც აქ იმყოფება. ამ პატარა ქალაქში აქთ საკრებულო ეკლესია. ამ საკრებულო ეკლესიაში აქთ ძველი ღვთისმშობლის ხატი. ეს პატარა ქალაქის მაცხოვრებლები აღდგომის მეორე დღეს აასვენებდნენ და მიულოცამდნენ ახლომახლო მცხოვრებსა. ეს ხატი - ძრიელ სიძველე ეტყობა - აღარ უნდათ, რო ატარონ. მოილაპარაკეს და სხვა ახალი ხატი გააკეთეს, უფრო პატარა. ეს ახალი გაკეთებული ხატიც აღარ მოეწონათ. ახლა ლატარიაში უშვებენ, მთელი ათონი ხელს აწერს. ეს ხატი შევერცხლით, თორმეტ-ცამეტი ვერშოკი სიმაღლე, ათი ან მეტი, ან ნაკლები. ეს ხატი ჩვენ, ქართველებს გვერგო. არ შეგვატყობინეს კენჭის ამოღების დრო. ჩვენმა ერთმა ბერმა აიჩემა: დღეს კარიაში უნდა წავიდეო. ჩვენ ქართველებისაგან არ არი ისე შორსა. რო მივიდა ამ საკრებულო ეკლესიის ეზოში, ჩოჩქოლია რაღაც. თურმე ამოუღიათ კენჭი, გვრგებია ჩვენ, ქართველებსა და აღარ იძლევიან. იძახიან, ქილიოტიაო, პანტელეიმონის მონასტრის ბერმა წასტაცა ხელიდან და იძახის: "ქტი ზდეს გრუზინ". ეს ქართველი ბერი რო წავიდა თავის ნებითა კარიაში, ამან მიირბინა ბერთანა: "ია ზდეს". "გრუზინ, ნა ციბე იკონ ბოჟი". უნდოდათ, ბერძნებსა წაერთმიათ, მაგრამ ვეღარ დაეწივნენ, მორბის ჩვენი ბერი, მოაპრიალებს, იძახის, ჩვენია ღვთისმშობელიო და ეს ღვთისმშობლის ხატია ჩვენს სავანეში, რო დავტოვოთ სხვა კიდევ კარქი ნახატი ხატები საკურთხეველში ჭერში: ადიდებს სული ჩემი უფალსა, მიძინების, წმინდა გიორგისა და სხვანი ბევრი კიდენ გვერგო. ბარძიმი ღვთისმშობლის ხატის წინ ისიც იქ დაგვატოებინეს. იმის მერე აღარ მიგვიღეს ლატარიაში. ეკლესია, კიდევ კანვლები, სახლები ზეით სართულში, ხუთი საცხოვრებელი ოთახი, ერთი სტუმრის მისაღები ოთახი და საძილო. ერთი კიდევ სტუმრის მისაღები ოთახი. საწინამძღვრო ოთახი ეკლესიის ქვეშ. ათი ოთახი ქვეით სართულში, ათი ოთახი ბალკონების ქვეშ, ხუთი ოთახი პატატირად წოდებული, ესე იგი საწნახელი, ზეთი იწურებოდა. ყურძენი გვედგა ამ პატატირში და ხორბალს ვინახამდით (რკინის ზეთის სახდელი დიდი ბოჩკა, ყურძნის საწურავი, არყის დიდი საქვაბე იქვე დარჩა). კარქი გაჭიმული სახლია, ერთსართულიანი, მხოლოდ მაღალი. ორი ოთახიც იმაზეა მიდგმული. მეორე - ძველი ეკლესია, ისიც გამოწყობილი, ფურნე, ძველი სახლები და მას შინა სასეფისკვერე, იქვე ჩაი წყლის სადუღარი. ამ ძველ სახლებში საჯორე და სათივე, პადვალი და მისი მომართულობა, ბოჭკები, ჭურები, ტრაპეზი თავისი სტოლებით, საკუჭნავო თავისი ბოჭკებით და თავისი ზანდუკებით, სამზარეულო, ფეხის ადგილი მსგავსი ბაშნისა, საბოსტნეები, ზეთის ხილები ცხრა ასი. ვაზი, რომელიც ჩვენ გვყოფნიდა. წყალი გვქონდა შორიდან მოყვანილი, ერთი ვერსი მეტი იქნებოდა ხის გათლილ ღარებზე. ეს რო რკინის მილებით მოგვეყვანა, მონასტერი არ იძლეოდა. ვინაიდან ჩვენ, ქართველებს და ივერიის მონასტრის ბერძნებსა არა გვქონდა ერთი მეორეში თანხმობა. მაგისთვის ისინი აღარ გწყალობდნენ. ეკლესია გვქონდა საკურთხი, მღვდელი გვყამდა საკურთხი, არ გვიკურთხევდნენ. ეს საქმე უნდა მომხდარიყო მონასტრის ნებართვით. კიდევ ყოველ წლიურად უნდა შეშა მოეცათ ხოლმე და როგორც არ ვიყავით ტკბილათ, არც შეშას გვაძლემდნენ. პირველი მსოფლიო ომის დროს შემოვიდა ერთი რუსი ოფიცერი სამოცი სალდათითა. ბერძნებს სულ დაუბნია მთავარი გონება. ჩვენ ქართველებმა შევთხოვეთ, რომ მონასტრისათვის ებრძანებინა, რომ მონასტერს ეკურთხებინა ეკლესია და მღვდელი და შეშა მოეცათ. მაშინათვე დაიბარა და უბრძანა, აბა, ქართველები ასე თხოულობენო: "ბეზ რაზგავორა". ეს ოფიცერი იყო ლიტველი დიჩი. გვიკურთხეს ეკლესია, მღვდელი, მოგვცეს შეშა, მაგრამ როცა ოფიცერი წავიდა, მეორე წელს აღარ მოგვცეს შეშა. პირველი მსოფლიო ომის დროს შემოგველია სახარჯო და ივერიის მონასტერსა ყამდა ორი-სამი ქართველი თავიანთ ხარჯზე მონასტრის გარეთ და რომელიც იყო ილია ფანცულაია. ამ ილია ფანცულაიამ დაგვეხმარა და ივერიის ბერებისაგან გვასესხებინა სამასი ოქრო. ამ ივერიის ბერებსა ერქვათ: ერთსა გრიგოლიოს, მეორესა პართენი. გრიგოლისა იყო ორასი და პართენისა ასი. ამათ ორთავეს დაეკარქათ, გამოგვრეკეს და ვიღა მისცემდა. ეს სავანე როცა იყიდეს ქართველებმა, სამასი ოქრო მისცეს თურმე.