13.10.2011
"კარიბჭის" მკითხველს მე-19 ნომერში შევთავაზეთ ინტერვიუ ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის მოძღვართან, იღუმენ იოანესთან (ჩაჩიბაია). გთავაზობთ ამ ინტერვიუს გაგრძელებას.
- მამაო, თქვენ ორი მონასტრის მოძღვარი ბრძანდებით, წმინდა თეკლას სავანის დედათა მონასტრის და წმინდა იოანე თავისკვეთის სახელობის მამათა მონასტრის. რა განსხვავებაა დედების და მამების ხასიათში, მათ თვისებებში?
- განსხვავება ის არის, რომ მანდილოსნები უფრო მგრძნობიარე არსებები არიან და ხშირად მათ აზროვნებას გრძობები უსწრებს, მაგრამ ამას ებრძვიან და ცდილობენ განსჯით იცხოვრონ. მამაკაცები უფრო განსჯიან, ვიდრე გრძნობებით იქცევიან. გრძნობა რა არის? როდესაც ადამიანის სურვილი, განწყობილება წინ მოდის, მოსწონს, არ მოსწონს, რაღაც სურს ან არ სურს, ეს უფრო ხშირად ხდება ადამიანში არჩევანის გაკეთებისას. გონიერებით ხდება განსჯა იმისა, თუ რა არის კარგი და რა - ცუდი, რა არის სასარგებლო, საჭირო ან კიდევ რა არ არის საჭირო და რა არის უსარგებლო, თუმცა არიან კაცის გონების მქონე მანდილოსნებიც და არიან პირიქითაც. დღევანდელი საზოგადოება ამ მხრივ არის დარღვეული. უმეტესობა, კაცია თუ ქალი, ყველა აზროვნებს სურვილით. სურვილი არ არის გონების თვისება. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა თავდაყირა იაროს. როდესაც ადამიანი სურვილით ხელმძღვანელობს, სურვილი შეიძლება იყოს კარგი ან ცუდი, ანუ შეიძლება გინდოდეს რაღაც, რომელიც ან კარგი აღმოჩნდება, ან ცუდი. ყოველთვის კარგი არ იქნება ის, რაც გვინდა, მაგრამ თუ განვსჯით და დავფიქრდებით ღვთის წინაშე და ღვთის მცნებებით, რა არის კარგი და ცუდი, ეს ყოველთვის ცალსახა იქნება. ღმერთმა გვითხრა, რა არის ცოდვები და რა - არა. ზოგჯერ რთულ სიტუაციაში შეფარულია ცოდვები, სათნოებები კი არ ჩანს. დაფიქრება და გამოძიება სჭირდება, რა არის სინამდვილეში სწორი და როგორ მოვიქცეთ. საჭიროა გვქონდეს განსჯის უნარი. უმაღლესი სათნოება არის გონიერება. იმიტომ მისცა ღმერთმა ადამიანს გონება, რომ განსაჯოს, აირჩიოს, რა არის სწორი, კარგი, სასარგებლო და მოინდომოს მისი განხორციელება. მერე ადამიანის ნებამ უნდა წარმართოს კარგისკენ. სურვილის ძალით, გულისხმის ძალით დიდი ენერგია ეძლევა ადამიანს. დღესAადამიანების უმეტესობა ჯერ მოისურვებს და ამბობს, სხვანაირად არ შემიძლია, მინდა და მომწონსო. მერე განახორცილებს, დაფიქრდება და აღმოჩნდება, რომ სანანებლად აქვთ საქმე. მერე თავს იმართლებენ - სხვანაირად არ შემეძლოო. საკუთარი თავის პატრონი ვერ არის ადამიანი. როდესაც ამბობს - ასე არ შემიძლიაო, ამით ააშკარავებს, რომ თავის ნებას და ნებისყოფას ვერ ფლობს. თუ ხარ თავისუფალი ადამიანი, უნდა შეგეძლოს, თქვა - მე ვაკეთებ იმას, რაც სწორად მიმაჩნია და შემიძლია გავაკეთო ის, რაც სწორად მიმაჩნია. როდესაც ადამიანი ამბობს, ვიცი, რომ არასწორია ლოთობა, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია, ვიცი, რომ არასწორია უსაზღვროდ ჭამა, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია, თავს ვერ ვიკავებო, ეს იმას ნიშნავს, რომ ვერ ფლობს საკუთარ თავს. ამიტომ საჭიროა გონიერება, რომელმაც უნდა შებოჭოს, მერე ნებისყოფის საშუალებით ჩვენი გულისთქმა, სურვილი მიმართოს სწორი მიმართულებით. მამაკაცებს ეს უფრო ადვილად შეუძლიათ, ბუნებითაც აქვთ მოცემული, რომ უფრო გონებით მიუდგნენ საქმეს, ვიდრე გრძნობით. მანდილოსნები უფრო გრძნობით აკეთებენ საქმეს, თუმცა არიან მანდილოსნები, რომლებიც ლოგიკურად აზროვნებენ, ბავშვობიდანვე შეჩვეული არიან შრომას, მოთმინებას, შეუძლიათ, სხვას დაუთმონ და გაითვალისწინონ ზრდილობის წესები. ოჯახში ასე გაზარდეს და თავის გრძნობებს და სურვილებს გასაქანს არ აძლევენ. არიან ოჯახები, სადაც ისე იზრდებიან, ოღონდ რაიმე უნდოდეს შვილს და მაშინვე შეუსრულებენ. ასე ფუჭდება ბავშვი, დუნდება მისი ნება, ჩლუნგდება გონება და განსჯის უნარი ეკარგება. ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანი ბავშვობიდანვე შეჩვეულია გარჩევას, რა არის კარგი და რა - ცუდი. რა არის სწორი და რა - არასწორი. ასე რომ აზროვნებს გონებით და არა სურვილით, ეს გონების მუდმივი ვარჯიშია. ამქვეყნიური გაგებით იზრდება სრულ ადამიანად და შეუძლია გაარჩიოს საგნები, განსაზღვროს თავისი ცხოვრება.
ყველაფერში რომ გაერკვე, ამისთვის არსებობს საღვთო მცნებები, რომლებიც უცვალებელია საუკუნეების განმავლობაში და სულიერ კანონებზეა დაფუძნებული. ადამიანის ბუნება არ იცვლება, რაც იყო ძველად, იგივეა დღეს. იცვლება გარემო პირობები და იმალება ცოდვა, ზოგჯერ ჩანს, თითქოს კარგია. ფასეულობები შეიცვალა.
- მამა იოანე, ვიცით, რომ წმინდა თეკლას სავანეს სტუმრობდა ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი ეფრემი...
- მამა ეფრემი ძალიან სულიერი ადამიანია, უზარმაზარი მონასტერი აქვს ათონის მთაზე. სულიერი სარგებლის მიღებისთვის მასთან სხვადასხვა ქვეყნიდან, ჩვენც მათ შორის, უამრავი ხალხი მიდის. მამა ეფრემის მოძღვარი დიდი ბერი იოსები იყო, მისი მოძღვარი კი ბერი იოსებ ისიქასტი გახლდათ. ერთ-ერთი დიდი წმინდანი და სულიერების გადმოცემის მქონე მამა. მონაზვნობის შესახებ სწორი სწავლება თაობიდან თაობას გადაეცემოდა ხოლმე. მათთან ურთიერთობისას ამის ნახვა შეიძლება. ჩვენ გვაქვს საქართველოში წმინდანთა ცხოვრებები, მაგრამ პრაქტიკულად შემორჩენილი მონაზვნური ცხოვრება, რომ ბერი, მონაზონი ერთად წინამძღვრის მორჩილებით მონასტერში ასე ცხოვრობდნენ, ჩვენ დრომდე ამას არ მოუღწევია. წიგნებში კი ვკითხულობთ, მაგრამ ყველაფერს წიგნებში ვერ დაწერ. ადამიანები სხვადასხვაგვარნი არიან, ურთიერთობა მათ შორის მრავალგვარია, ფაქიზია და თუ როგორ ხორციელდება, ამას რეალურად რომ ხედავ და ეხები, უფრო მეტს სწავლობ. მამა ეფრემს ძალიან მოეწონა და შეუყვარდა საქართველო. ნათლად დაინახა, რომ ქართველები თბილი ხალხია, თავგანწირულნი არიან სტუმრისთვის, მხურვალე სარწმუნოება აქვთ. როცა საქართველოს ისტორიას გაეცნო, უფრო მეტად დააფასა ჩვენი ქვეყანა. მამა ეფრემი სტუმრობდა ჩვენს მონასტერს, წირვა ჩაატარა. მასთან მონასტერში არიან ქართველი ბერები, მათგან ორი ჩვენი, ჩიტაძის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მრევლი იყო: მამა თეოდორე და მამა ტრიფონი.
- განსაკუთრებით რას აქცევს მამა ეფრემი ყურადღებას, რომელ სულიერ მხარეს?
- ყველაზე მთავარს, რასაც მამა ეფრემი ამბობს და რაც ითვლება კინოვიურ (საზოგადო ცხოვრებით მცხოვრები მონასტერი) მონასტრებში მნიშვნელოვნად, ეს არის ერთობა. როგორც ღმერთია ერთი, როგორც ქრისტე და მისი მოციქულები იყვნენ ერთნი და ჰქონდათ ერთი აზრი, ერთი გული, ასე უნდა იყვნენ მონასტრის წევრები ერთმანეთის მიმართ. მონასტრები სხვადასხვაგვარია, მაგრამ ყველა ეკლესიის სწავლებით ხელმძღვანელობს. ერთმანეთში სხვაობა მოძღვრიდან, წინამძღვრიდან გამომდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მონასტერში მცხოვრებნი არ იყვნენ ერთმანეთთან წინააღმდეგობაში. ეს ადამიანური ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. საკუთარ თავში არ უნდა იყვნენ ჩაკეტილი. არ უნდა იყოს კერძო, ცალ-ცალკე მეგობრობები. ასეთი რამ არ შეიძლება, ყველა ერთი უნდა იყოს, როგორც ერთი ოჯახი, როგორც ქრისტე და მოციქულები. მონასტერი ერთსულოვნების გარეშე დაიქცევა, არაფერს არანაირი აზრი არ ექნება. რა დიდიც არ უნდა იყოს მონასტერი და ყველანაირად ბრწყინავდეს, თუ არ არის ერთობა, სიყვარული, თანადგომა, თავგანწირვა და შეხედულებებში თანხმობა, არაფერს ფასი არ აქვს. ამ შეხედულებებს განსაზღვრავს მოძღვარი.
სახარებაში წერია, თუ ოჯახის წევრები ერთმანეთს წინ აღუდგებიან, ის ოჯახი დაინგრევა, ის სახლი დაიქცევაო. ამიტომ შეუძლებელია, არ იყოს ერთობა. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ ოჯახებშიც იგივეა. შვილები როგორც დაუჯერებენ თავიანთ მშობლებს, თვითონ რომ გახდებიან მშობლები, ისევე დაუჯერებენ შვილები. თუ არადა, ისინი მოიმკიან თავიანთი ურჩობის ნაყოფს, მაგრამ მერე გვიან იქნება. ახალგაზრდები ნაკლებად იჯერებენ უფროსების გამოცდილებას, მაგრამ უფროსებიც ცოტა უხეშად ექცევიან შვილებს, ამწარებენ, შეურაცხყოფენ. ეს არფრით არ შეიძლება, მერე რა, რომ შენი შვილია. როგორ შეიძლება გაამწარო, შეურაცხყო და ნებისმიერ შემთხვევაში შენიშვნები მისცე. ამას უნდა განსჯა და მოზომვა, როდის რა გააკეთო. მთავარი ის კი არ არის, რაღაც თქვა, მთავარია მან შეძლოს გაგება და განხორცილება. სიყვარულით უნდა ხელმძღვანელობდეს ყოველთვის ადამიანი. იმ დროს, როცა ადამიანი გაღიზიანებული და აღშფოთებულია, იქ სიყვარული არ ჩანს. ბავშვი ამას გრძნობს, ამიტომ უარესი ხდება, უკეთესი - არა, გასამწარებლად უარესს აკეთებს, სამაგიეროს უხდის. პავლე მოციქული ამბობს, ნუ გაამწარებთ შვილებს, შვილები უნდა დაემორჩილონ მშობლებს, მაგრამ მშობლებმა არ უნდა გაამწარონ შვილები. მშობლები დიქტატორები არ არიან, მშობლები მოსიყვარულე ადამიანები არიან, რომლებსაც შვილები უყვართ და პირველ რიგში ზრუნავენ იმაზე, რომ მათი შვილები გაიზარდონ კეთილშობილები, ზრდილობიანები, თავგანწირულები მოყვასისთვის და წესიერები, ისწავლონ, რა არის მოთმინება, საკუთარი სურვილების დათმობა, სხვისი პატივისცემა. ბავშვს, რომელიც მუდამ თავისი სურვილების შესრულებით იზრდება, ცხოვრებაში სულ უჭირს, წუწუნებს და ყველაფრით უკმაყოფილოა. მის გარშემო სასიამოვნო არაფერი ხდება და წვალობს. წვალობს იმიტომ, რომ მეტი უნდა და ნაკლები აქვს. ბავშვობაში არ ჰქონდა ამის გამოცდილება, რომ ნაკლები ჰქონდა. ეს უბედურება არ იყო და ეს უნდა მოეთმინა და ოჯახის გამო რაღაც დაეთმო, მაგრამ რომ გაიზარდა, მერე დარდობს იმაზე, თუ რამე აკლია. ადამიანი თუ არ დარდობს, ბედნიერია. თორემ ბედნიერი ისე ვერ იქნება ვერავინ ამ ცხოვრებაში, რამდენიც გინდა იცოცხლოს და რამდენი სიმდიდრეც გინდა გააჩნდეს. ბედნიერება ამ ქვეყანაზე დროებითია. რაღაც დროის განმავლობაში არსებობს, თორემ, ვინმე რომ იყოს ბედნიერი თავიდან ბოლომდე ამქვეყნიური გაგებით, ასეთი რამ არ არსებობს. ამიტომ ბედნიერი არის ის, ვისაც აქვს გულში სიხარული, ვისაც არ აქვს დარდი, მწუხარება, დეპრესია და ასე შემდეგ. ის არის ბედნიერი, თუნდაც მდიდარი არ იყოს და თუნდაც რაიმე აკლდეს. თუკი უხარია, ესე იგი ბედნიერია. ის შეიძლება იყოს ბედნიერი სულიერად და არა ამქვეყნიურად. ამქვეყნიურად თუ ეძებს ბედნიერებას, ვერ იპოვის, ვერ მისწვდება, რადგან ამ ცხოვრებაში ცოდვა იმდენია, არ დაგაცდის, ხოლო თუ ისწავლი, როგორ შეებრძოლო ამ ცოდვას, მიუხედავად იმისა, რაც გინდა ხდებოდეს, მაინც ბედნიერი იქნები და დიდი სიხარული გექნება.
ზოგს ჰგონია, რომ მონაზვნობა და მონასტერში ყოფნა მთელი ცხოვრების განმავლობაში მძიმეა, არადა ეს არის ადგილი, სადაც ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც უნდათ და უხარიათ ასე ცხოვრობა. თუ არ უხარიათ, მაშინ შემცდარან ამ ცხოვრების არჩევაში ან დროზე უნდა გამოასწორონ რაღაც, რომ გაიხარონ, თუ არადა სულიერად დაავადდებიან. ადამიანი ღმერთისგან სიხარულისთვის არის შექმნილი და ეს ფუნქცია ადამიანმა როგორღაც უნდა შეინარჩუნოს და განახორციელოს. თუ არ ხარობს და არ აკეთებს ამას, როგორღაც უნდა გაიხაროს, მოძებნოს, რით და როგორ.
- მამაო, როგორია თქვენი მონასტრის განაწესი?
- დაახლოებით ორი წლის წინ, 6 ოქტომბერს, წმინდა თეკლას ხსენების წინა დღეს უწმინდესმა მონაზვნებად აღკვეცა ჩვენი დედები. ამჟამად მონასტერში ცხოვრობს 12 მონაზონი და 3 მორჩილი. მამათა მონასტერში კი ხუთნი ვართ.
საღვთისმსახურო ტიპიკონს რაც შეეხება, ვცდილობთ ვიხელმძღვანელოთ ჩვეულებრივი საბაწმინდური ტიპიკონის ათონური რედაქციით, რომელიც არის დადგენილი საქართველოს ეკლესიის 1995 წლის კრებაზე, მცხეთაში და საერთოდ მართლმადიდებელ ეკლესიაში. გვაქვს შიომღვიმის ტიპიკონი, ახალი გამოცემულია, რომელიც იგივე საბაწმინდური ტიპიკონია. XIII საუკუნის ხელნაწერი გამოსცეს ახლა, ძალიან კარგი წიგნია და მისით ვხელმძღვანელობთ. ბევრმა არ იცის, რომ ათონის მთის ამჟამინდელი ტიპიკონი XVII საუკუნეში ივერონში ქართველთა მონასტრიდან გადაწერეს დიონისეს მონასტრის ბერებმა.Oოცი წლის მერე ივერონში დაიწვა ბიბლიოთეკა და ის ტიპიკონიც. ახლა საბერძნეთში ტიპიკონი დიონისეს მონასტრის ტიპიკონის სახელით არის გამოცემული, რომელითაც ხელმძღვანელობს მთელი ათონის მთა. სინამდვილეში, როგორც იქაურმა ბერებმა მითხრეს, ეს არის ივერონის ტიპიკონი და ივერონშია შედგენილი. ყოველდღიური ცხოვრების განრიგი კი ასეთია: საღამოს 4 საათზე - მეცხრე ჟამი, მწუხრი, მერე ტრაპეზი, სერობა, მერე დასვენება და ძილის დროა. ღამე სენაკებში არის სენაკის ლოცვა. ღამის 4 საათზე ტაძარში ლოცვა იწყება. დილის შვიდ საათზე წირვა მთავრდება. მერე დასვენებაა, პარაკლისი ან ჟამნობა, ტრაპეზი და დღის სხვადასხვა სამუშაო. მონასტრის დედები გამოსცემენ წიგნებს. ქარგავენ, ხატებს წერენ. ასრულებენ მინანქრისა და თექის სამუშაოებს. გვაქვს მცირე მეურნეობა. ფიტოთერაპიულ წამლებს ამზადებენ. აი, ასეთია ჩვენი მონასტრის ცხოვრება.
ღმერთმა დაგლოცოთ და თქვენც ილოცეთ ჩვენთვის, რომ ღმერთი შეგვეწიოს.