ყმაწვილებსა თუ სულიერად ნაკლებად ნაწრთობ მხცოვანებსაც კრძალულებასა და კეთილგონიერებას აღუძრავდა
07.07.2011
ვამთავრებთ ბატონ პაატა ქურდოვანიძესთან საუბარს თეკლათის მონასტერზე:
- წინა საუბრისას მივადექით იღუმენია მარიამის (ჭიჭინაძე) პერიოდს. როგორი იყო დედა მარიამი?
- ერთი შეხედვით მკაცრი ქალი ჩანდა. თავიდან თითქოს ცივად ეპყრობოდა უცხოს და ეს არც იყო გასაკვირი, ვინაიდან მწარე გამოცდილება ჰქონდა. თუ კეთილ ადამიანად შეგიცნობდა, დიდ სულიერ სითბოს გაგრძნობინებდა. დამამახსოვრდა ხორციელად დაძაბუნებული, ბრმა, მაგრამ სულიერად მტკიცე. ბოლო რამდენიმე წელი სნეულებაში განვლო. მწოლიარე იყო, თუმცა სულიერი სიფხიზლე არ მოჰკლებია, არ დაუმდაბლებია ღირსება წინამძღვრისა.
როდესაც მის სანახავად მივიდოდი, სენაკში შესვლის ლოცვას წარმოვთქვამდი და კარზე დავაკაკუნებდი, უშიშრად და რიხით შემეკითხებოდა - "ნამუ რექი!" (რომელი ხარ?). ვეტყოდი ჩემს ვინაობას, გაუხარდებოდა და ტკბილად მიმიწვევდა. მომიკითხავდა, ეკლესიურ ახალ ამბებს მომათხრობინებდა და კურთხევით დამემშვიდობებოდა. ხომ უაღრესად დაუძლურებული იყო ხორციელად, ლოცვას არ ეშვებოდა, სკვნილი ეკავა ხელთ და ას წელს გადაცილებული, დაშრეტილი თვალებითა და სულიერი მზერით მაცხოვარსა და მის წმინდანთ უმზერდა და დამჭკნარი ტუჩებით ჩუმად ლოცულობდა...
დედა მარიამი ხის სენაკში ცხოვრობდა. ეს იყო იმჟამად შემორჩენილ სენაკთა შორის ყველაზე დიდი, ერთოთახიანი, პაწია საკუჭნაოთი, ვიწრო აივნით, ერთ-ორ საფეხურიანი. სენაკის სამხრეთი ფერდობი კირქვით იყო ამოშენებული და სარდაფის დანიშნულება ჰქონდა. კარების მარცხნივ, კუთხეში ხის ძველი კარადა იდგა, რომელიც სავსე იყო საღვთისმსახურო წიგნებით. როცა ვინახულებდი, მომცემდა ხოლმე გასაღებების ასხმულას, რომელიც მუდამ თან ჰქონდა, მთხოვდა, დამეთვალიერებინა მისი წიგნები და სათაურები მეთქვა. ბოლოს, როცა მთხოვა და დავუსახელე წიგნები, კიდევ გადამათვალიერებინა, მაძებნინა ზოგიერთი, თან გულმტკივნეული მეუბნებოდა - ვიღაცას წაუღია დაუკითხავადო. წიგნების დაკარგვას დიდად განიცდიდა. მას არა მხოლოდ კარადაში ჰქონდა შენახული ისინი, არამედ ზემოთაც ეწყო. როცა გარდაიცვალა, არქიმანდრიტმა კონსტანტინემ ზოგიერთი მათგანი, ისეთი, რომელიც მონასტერს ჰქონდა, რამდენიმე მორწმუნე ერისკაცს აჩუქა, დანარჩენი - ზოგი თავის სენაკში, ზოგი ტაძარში შეინახა. საყდარს დასავლეთით სამგალობლო აქვს, მასზე ვიწრო კიბით ადიხარ. იქიდან კი გადასასვლელი სამრეკლოზეა. იმჟამად იქ განჯინა იდგა, რომელშიც სხვადასხვა სახის საღვთისმსახურო დანიშნულების ქართული და სლავური ლიტერატურა ინახებოდა.
მარიამ ჭიჭინაძის სენაკში წინათ რამდენიმე ენკრატისი ყოფილა, ჩემსობას მხოლოდ დედა მარიამი ცხოვრობდა. როგორც ჭეშმარიტ ენკრატისს, მას არ გააჩნდა რაიმე ქვეყნიური ქონება, გარდა ორიოდ ხატისა, ძველი რკინის უზამბარო საწოლისა და ხსენებული ძველი კარადისა ქართული საღვთისმსახურო წიგნებით, რომლებიც ზოგი მას ჰქონდა შეძენილი, უმეტესი კი მონასტრის სხვა დათა დანატოვარი იყო.
როდესაც დედა მარიამი იმდენად დაუძლურდა, რომ დედა მარგალიტა გიგინეიშვილს გაუჭირდა მისი მოვლა, მას მონასტრის მორჩილი ნატალია ჟუკოვსკაია შეეშველა. დედა მარიამი 1975 წელს გარდაიცვალა.
- კომუნისტური ხელისუფლება ძველებურად აწუხებდა მონასტერს თუ შეარბილეს წნეხი?
- დედა მარიამის წინამძღვრობის ჟამს საერო ხელისუფლება არა, მაგრამ ქურდები და ავაზაკები ძველებურად აწუხებდნენ მონასტერს. 1969 წელს ღამით თავს დაესხნენ მონაზონ ფედოსია (ფატი) ზაქარაიას, ვინაიდან იგი დიდი მკურნალი იყო და მისი სახელი შორს იყო განთქმული. ეგონათ, მდიდარი იქნებოდა. მისი სენაკის გატეხას დიდი წვალება არ სჭირდებოდა, შეუცვივდნენ საცოდავ მოხუცებულს და მოსთხოვეს ფული. დედა ფედოსიას არა გააჩნდა რა, ვინაიდან იგი უსასყიდლოდ კურნავდა სნეულთ. ყაჩაღებმა არ დაუჯერეს, გადააბრუნეს ყველაფერი და რომ ვერა ნახეს რა, რკინა ჩასცხეს თავში. გონდაკარგული შემდეგ ძლივს მოუსულერებიათ. მამა კონსტანტინემ მითხრა, ძალიან შეშინებული იყო დედა ფატი, მარტო ვეღარ ვტოვებდით. ვამშვიდებდით, ვეუბნებოდით: - მეტად აღარ მოვლენ, რახან დარწმუნდნენ, რომ არაფერი გაქვსო, მაგრამ მაინც ეშინოდა. ცოტა ხანს იავადმყოფა და ასე შიშით დალიაო სული. ავაზაკები ქართველები ყოფილან, ალბათ, სენაკის მკვიდრნი. მათ დაიდეს დიდი ცოდვა. ფულისათვის მოკლეს 80 წლის მოხუცი. უნდა ითქვას ისიც, რომ იმ ავაზაკებს, როგორც ამ საქმეში გარკვეულმა რამდენიმე ერისკაცმა მითხრა, ხელმძღვანელობდა აქაურივე ქალი, ფრიად უღვთო და საშინელი, რომელმაც დედა ფატის ღვთისნიერად მოაჩვენა თავი, მისგან შეისწავლა ბევრი რამ და ბოლოს გადაწყვიტა მისი მოშორება.
1974 წელს, ღამით, მონასტერი კვლავ გაძარცვეს. ჯერ მამა კონსტანტინეს შეუცვივდნენ და ფული, ძვირფასეულობა მოსთხოვეს, მაგრამ რომ არა გააჩნდა რა, დაშინება დაუწყეს. მას და ბერ ისაია ჩიქოვანს, ასევე მოხუც კაცს, რომელიც იმ ღამეს სალოცავად იყო ამოსული, ხელები შეუკრეს (მამა ისაია, ერში იოსები, ცხოვრობდა სენაკის რაიონში, სოფელ კოტიანეთში, დასთან, ჯოლიების ღვთისმოსავ ოჯახში). ბევრნი ყოფილან მომხვდურნი, ერთნი მამა კონსტანტინეს სენაკში გაჩერებულან, სხვებს ტაძრის კარებიდან ბოქლომი ძალაყინით აუგლეჯიათ და ეკლესია ისე გაუძარცვავთ. არც მამა ისაიას ჰქონია ფული, მაგრამ მამა კონსტანტინეს დისთვის, ძაბიასათვის იმ დღეებში მიღებული პენსია წაურთმევიათ - 50 მანეთი. ყაჩაღთაგან ერთს თურმე ხელში დანა ეჭირა და შესაშინებლად აქა-იქ ურჭობდა მოძღვარს. შესაძლოა, ძალიან ცუდად დაემთავრებინათ საქმე, რომ თანამზრახველთ გარედან მეგრულად არ შეეძახნათ - დაანებეთ, ბიჭებო, თავი, მამა კონსტანტინე კარგი კაციაო. ამის შემდეგ წასულან. მანამდე ავაზაკები მხოლოდ რუსულად ლაპარაკობდნენ, რათა კვალი აებნიათ, თუმცა უხეირო რუსულზე ეტყობოდათ, რუსები რომ არ იყვნენო, - გვითხრა კონსტანტინე ბერმა. მეორე დღეს დედათა მონასტერში მილიცია ავიდა, დაჰკითხეს იქაურები და ყველაფერი ამით დამთავრდა. იმ ღამეს ყაჩაღებმა ძვირფასი ხატები გაიტაცეს: მაცხოვრის დიდი ხატი, ძველებურ ჩარჩოში ჩასმული ღვთისმშობლის ძვირფასი ხატი. სულ 9 ხატი დაიკარგა.
იმავე 1974 წელს, ღამით, კვლავ გატეხეს ტაძარი და ვერცხლის ძველი, მძიმე ბარძიმი და ბედიის მონასტრის სატრაპეზო ჯვარი გაიტაცეს, რომელიც ბედიის დახურვის შემდგომ აქ ინახებოდა. მე მახსოვს ის ჯვარი და ვერცხლის ძველი საცეცხლური, რომელსაც მტრედისგამოსახულებიანი ეჟვნები ეკიდა.
ყაჩაღები დაუსჯელობით იმდენად გათამამდნენ, რომ ერთ დღეს, მწუხრისას, კვლავ შემოუცვივდნენ მლოცველთ. ერთმა მათგანმა მოზრდილი მაცხოვრის ხატი ჩამოხსნა და გაიქცა. მილიციას კვლავ ეცნობა, მაგრამ აღარავის გამოუძიებია... ასეთი დაუცველნი იყვნენ თეკლათის დედათა მონასტრის ეს წმინდა მოღვაწენი.
- გთხოვთ მოგვითხროთ ჭიჭე მარიამის - დედა მარიამის (გიგინეიშვილი) შესახებ.
- მოკრძალებით მინდა მოვიგონო ძველი კრებულის ეს უკანასკნელი მოღვაწე, მართლაც მადლით აღსავსე დედა მარიამი (მარგალიტა გიგინეიშვილი), უკვე ასაკოვანი, მაგრამ ენერგიული, სათნო და კეთილი. იგი თითქმის ყველა ავადმყოფი მონაზვნის მომვლელი, წყლის მიმწოდებელი და მფარველი გახლდათ. დედა მარიამს ჩვევად ჰქონდა, ყოველდღიურად მოელოცა ეზოში მიმოფანტული სულიერი დების საფლავები, ზოგი მინიშნებული, ზოგი კი მხოლოდ მისი ხსოვნის ამარად დარჩენილი...
ბავშვობიდან თეკლათში აღზრდილს, თვალდახუჭულს შეეძლო კრებულის თითოეული წევრის განსასვენებელი ეჩვენებინა, იმათიც კი, ვისაც იქ დასაბამიდან უმოღვაწია და რომელთა ცხედრებიც ოდესღაც ამ წმინდა მიწას მიაბარეს. ჩვენდა სავალალოდ, მათგან უმრავლესობის სახელი დღეს დავიწყებულია.
იღუმენია მარიამ ჭიჭინაძის შემდგომ, ვიდრე 1978 წლამდე, მონასტრის საქმეებს იგი განაგებდა. ამ ერთი ციდა ქალბატონის სულიერი სიმტკიცე და კეთილშობილება, მორწმუნეებზე რომ არაფერი ვთქვათ, მონასტერში თვალისსაამოდ ამოსულ დაუღვინებელ ყმაწვილებსა თუ სულიერად ნაკლებად ნაწრთობ მხცოვანებსაც კრძალულებასა და კეთილგონიერებას აღუძრავდა. წუთისოფლის ყოველდღიურმა განსაცდელმა, ბედის ცვალებადობამ, ასაკმა თუ ავადმყოფობამ მის სათნოებას ვერაფერი დააკლო.
შემორჩენილია უცნობი მოყვარულის გადაღებული, ნიშანდობლივად სიმბოლური ფოტო - დედა მარიამი ზარებს რეკავს... იმ გადარჩენილ ზარებს, კრებული კარგა ხანს რომ უმალავდა ხელისუფლებას.
- გთხოვთ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მისი ნეტარი აღსასრულიც.
- 1982 წლის 26 აპრილის მზიანი დილაა, ტაძარში მამა კონსტანტინე სწირავს. ჩვეულებისამებრ, ჯორკოზე მდგარი დედა მარიამი სასოებით კითხულობს დავითნს... ფსალმუნება უდროოდ შეწყდა, არც გალობას ააყოლა ხმა. ამ უჩვეულო შემთხვევამ მოძღვარი გააკვირვა, მაგრამ ღვთისმსახურება გააგრძელა, სულიერ დას საკურთხევლიდან შეეხმიანა, პასუხი ვერ მიიღო. ასე გავიდა რამდენიმე წუთი, შეშფოთებული მამა კონსტანტინე აღსავლის კარიდან გამოვიდა. დედა მარიამი თავის ადგილზე იდგა. მიუახლოვდა, გაფითრებულს ხელითაც შეეხო და... ზეზეულად აღსრულებულის უსულო სხეული მის მკლავებში ჩაიკეცა...
- ჩემი მეგობრები დიდი აღფრთოვანებით იგონებენ თეკლათის მონასტრის ბოლო ხნის იღუმენიას, დედა ელენეს (ადანაია)...
- პატრიარქის ნებართვით, 1978 წელს, სულთმოფენობის დღესასწაულზე, მამა კონსტანტინემ მონაზვნად აღკვეცა სენაკის მკვიდრი, ღრმად მორწმუნე ქალბატონი ზინა ადანაია და სახელად ელენე უწოდა. მალევე დედა ელენე ჭყონდიდელმა მთავარეპისკოპოსმა იოანემ მონასტრის წინამძღვრად დაადგინა.
ტკივილიანი საერო ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი დედა ელენეს. უფლის ნებით, სწორედ მას ერგო ხვედრად უმძიმეს წლებში მონასტრის გაძღოლა. მისი წინამძღვრობის დროს ახლად შემოიზღუდა ეზო, მთავარეპისკოპოს იოანეს (ანანიაშვილი) ღვაწლით შეკეთდა საყდარი, აშენდა სამსართულიანი სამრეკლო. თითქმის თხუთმეტი წელი იღვაწა დედა ელენემ წინამძღვრად და დიდი ძალისხმევის ფასად იხსნა მონასტერი გაუკაცრიელებისაგან. მიუხედავად იმისა, რომ ახალაღკვეცილი მონაზვნები დასს არ შემატებიან, იქ წუთითაც არ შემწყდარა სულიერი ცხოვრება და ღვთისმსახურება.
საპატრიარქოს არქივში დაცულია იღუმენია ელენეს მიერ სხვადასხვა წლებში თეკლათიდან კათოლიკოსისადმი გაგზავნილი მიმართვები. სნებამორეული წინამძღვარი, აღწერდა რა მონასტრის ცხოვრების ყოველდღიურ გასაჭირს, მუხლმოყრილი ივედრებოდა ახალგაზრდა მოწესეთა გამოგზავნას, რათა ნაამაგარი სავანის საიმედო ხელში გადაცემის შემდეგ გულდამშვიდებული გასცლოდა სამზეოს. დედა ელენე 1997 წლის 21 სექტემბერს (ძვ. სტ.) 86 წლის ასაკში მიიცვალა. ვფიქრობ, მისი სახელი მონასტრის მატიანეში ამაგდართა შორისაც გამორჩეული დარჩება.
- ესე იგი, დედა ელენე შეესწრო სამეგრელოს სულიერი აღორძინების დასაწყისს?
- 1995 წელს აღდგა ფაზისის უძველესი ეპარქიის მემკვიდრედ მიჩნეული - ფოთი-სენაკის ეპარქია, რომელმაც ფოთის, სენაკისა და ხობის სამწყსო გააერთიანა. წმინდა სინოდის განჩინებით, ახალი საეპისკოპოსოს მღვდელმთავრად ყოვლადსამღვდელო გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) იქნა ხელდასხმული. ახალარჩეულმა მწყემსმთავარმა თავისი შემართული ხასიათის შესატყვისი საქციელით ერთობ მოკლე დროში გამოაცოცხლა ეპარქიის სულიერი ცხოვრება და არაერთი კეთილი საქმე განაჩინა, მაგრამ თეკლათის დედათა მონასტრის აღორძინებისათვის გაწეული შრომა განსაკუთრებულადაა აღსანიშნავი მის ბიოგრაფიაში.
1996 წლის 2 აპრილი. გაზაფხულის ამ ჩვეულებრივ დღესაც მრავლისმთქმელად დუმდნენ მისტიკურ საიდუმლოს ჩაწვდომილი წმინდა სანახები... სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარზე მყოფმა იღუმენია ელენე ადანაიამ სასოებით მიიღო საპატიო სტუმრები. იმ მზიან დილას ფოთი-სენაკის ახალარჩეული ეპისკოპოსი გრიგოლი, მწყემსმთავართა და სამღვდელოთა თანხლებით, პირველად მიეახლა თეკლათის სიწმიდეთ. ჯანგატეხილი დედა ელენე, უკანასკნელი ძალისხმევის მოკრების შედეგად, მღვდელმთავარსა და მის ამალას ფეხზე მდგარი შეეგება.
- წუხელ მთელი ღამე ზარების რეკა მესმოდა, სამრეკლოზე ანგელოზები რეკდნენ ზარებს გაუჩერებლივ, სად ხართ აქამდე?! - საყვედური ჰკადრა მობრძანებულთ იღუმენიამ.
უფლის ნებით, სწორედ ეს იმედით აღსავსე დღე გახდა მონასტრის სულიერი და ფიზიკური ცხოვრების აღმავლობის დასაწყისი...
- უღრმესი მადლობა ვრცელი და საინტერესო საუბრისათვის!