ტაძრის წინამძღვარი, მამა რევაზი (ტომარაძე) გვესაუბრა ტაძრის ისტორიის მნიშვნელოვან დეტალებზე.
- მამა რევაზ, ცნობილია, რომ ანჩისხატის ტაძარი აიგო VI ს-ში. მას მრავალი ქარტეხილი აქვს გამოვლილი...
- ეს ტაძარი თბილისში არის ყველაზე ძველი შენობა. VI ს-ში, როდესაც წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალი გადმოვიდა ახალ სატახტო ქალაქში, მაშინვე დაიწყო მეფის სასახლის და ამ დიდებული ტაძრის მშენებლობა. მაგრამ მის გასრულებას ვერ მოესწრო. ის მისმა შვილმა და მემკვიდრემ, დაჩიმ, დაასრულა. ამ ფაქტს მოწმობს ის, რომ XX ს-ის 60-იან წლებში, რესტავრაციის დროს, ანჩისხატის ტაძარში, დასავლეთის ფასადზე აღმოაჩინეს ასომთავრული წარწერის ფრაგმენტი: ,,უფალო, მეფე დაჩის შეხეწიე". ეს ტაძარი იყო მარიამ ღვთისმშობლის შობის სახელობისა, რასაც გვიდასტურებს ,,მოქცევაი ქართლისაი: ,,თბილისს კაცნი დასხდებოდეს და მარიამ წმიდაი ეკლესიაი აღაშენეს".
- ანჩისხატის ეკლესია მრავალგზის დაანგრია მტერმა, არაერთხელ შეაკეთეს და აღადგინეს კიდეც.
- კათოლიკოს-პატრიარქ დომენტის ლოცვა-კურთხევით, დაზიანებული ტაძარი შეაკეთეს და ჩამონგრეული კედლები აგურით შეავსეს. ეს დამოწმებულია სამრეკლოს დასავლეთი ფასადის მხედრული წარწერით: ,,ჩუენ, ქრისტესმიერ კურთხეულმან ბატონის შვილმან კათალიკოზმან დომენტი, აღუაშენე სამრეკლო ესე და განვაახლე საყდარი ესე სულისა ჩემისა საოხად მეფობასა ქართლისა შაჰნავაზისსა ვახტანგ" (1675წ.).
XIX ს-ის 70-იან წლებში ტაძარზე დაუშენებიათ ყალბი გუმბათი და მიუდგამთ მრავალსართულიანი სამრეკლო. მაგრამ 1958-1964 წლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისას გამოჩნდა უძველესი შრეები და შენობას პირვანდელი სახე დაუბრუნდა.
ტაძრის მოსახატად დიდი ჯაფა გასწია ნიკოლოზ კათალიკოსმა.
- მამა რევაზ, ქართველი ერისა და მრევლისთვის ძალიან ფასეულია ანჩისხატი, იგივე პირი ღვთის ხატი, რომელსაც საინტერესო ისტორია აქვს. ის ამჟამად ეროვნულ მუზეუმში ინახება...
- უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად ცხოვრების ჟამს ედესის მთავარი დასნეულდა. მკურნალები ვერ შველიდნენ. მან იესო ქრისტეს მხატვარი გაუგზავნა, რათა მისი სახე დაეხატა და მთავრისთვის მიეტანა, მაგრამ მხატვარმა ვერ შეძლო უფლის სახის გამოხატვა. მაშინ იესო ქრისტემ გამოართვა ტილო, მიიფარა პირზე და მასზე სასწაულის ძალით გამოისახა უფლის სახე. როდესაც პირი ღვთის ხატს ემთხვია მომაკვდავი ავგაროზი, მეყსეულად განიკურნა. ამის მერე იგი მოინათლა და მოექცა ქრისტეს რჯულზე.
საუკუნეების შემდეგ, როცა მტერმა მესხეთი მიიტაცა, ხატი წამოაბრძანეს სოფელ ანჩაში. სოფელი ანჩა მდებარეობს შავშეთსა და ლიგანის ხევს შუა, მდინარე ჭოროხთან, ქალაქ ტრაპიზონის მახლობლად. იქ ესვენა თითქმის 900 წელიწადი პირი ღვთის ხატი. მაგრამ როდესაც თურქები იქაც მივიდნენ ასაოხრებლად, ხატი, ღვთის ნებით, წამობრძანდა საქართველოში.
თავადი გივი ამილახვარი ეკლესიებს მფარველობდა. მის სოფელში მიაბრძანეს ანჩის ხატი. დომენტი კათალიკოსის დროს კი გადმოაბრძანეს თბილისში, ამ ტაძარში, და იმ დღიდან ეწოდა ეკლესიას ანჩისხატის ტაძარი.
პირი ღვთის ხატი ამჟამად ეროვნულ მუზეუმში ბრძანდება, რადგანაც მას სჭირდება სპეციალური დაცვა, კლიმატი, შენახვის პირობები. როცა ჩვენ შევძლებთ საეკლესიო მუზეუმის გაკეთებას, არა მარტო ანჩისხატი, არამედ უამრავი სხვა სიწმინდეც მოიყრის თავს საპატრიარქოს განკარგულებაში.
მოხდა შეთანხმება სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის. ელიას მთაზე შენდება საეკლესიო მუზეუმი და პირი ღვთის ხატი იქ გადაბრძანდება.
- ტაძარში დაკრძალულთა შორის თუ არიან წმინდანები?
- დიახ, წმინდა დომენტი და წმინდა ევდემოს კათალიკოსები. არსებული ცნობით, დომენტი კათალიკოსი ჩრდილოეთის სვეტთან, კუთხეშია დაკძალული, მაგრამ ვეღარ მივაკვლიეთ, კომუნისტების დროს აქაურობა რამდენჯერმე გადათხარეს და ძვლებიც კი ამოყარეს. ჩვენ გავაკეთეთ წმინდანის სავარაუდო საფლავი. წმინდა ევდემოს კათალიკოსის შესახებ ცნობილია, რომ გათათრებულმა როსტომ მეფემ ქრისტიანობის გულისთვის იგი დაატყვევა თბილისის ციხეში, მერე დაახრჩობინა. სამღვდელოებამ მისი ნეშტი ჩრდილოეთ-დასავლეთის კუთხეში მალულად მიაბარა მიწას.
ღვთის წყალობით, ტაძარში უამრავი მრევლი დადის. ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს მათ წინაშე.
მამა რევაზთან საუბრის შემდეგ ვესაუბრეთ ტაძრის მესანთლეს, ქალბატონ მანანა ნემსიწვერიძეს:
- 1990 წელს მოვედი ტაძარში. დაქვრივებული, სამი შვილის დედა. დამლაგებლად მუშაობა მინდოდა. მანამდე ძალიან ჩართული ვიყავი მიწიერ ცხოვრებაში. მოხდა ჩემი ფერისცვალება და მე შევიძინე უფალი. ეკონომოსმა იმ დღესვე დამტოვა ტაძარში მესანთლედ. ამის მერე ვისმენდი ღვთის ყოველ სიტყვას, ქადაგებებს. ეს დიდი შენაძენი იყო. ნელ-ნელა ჩამოვყალიბდი სულიერად. მესანთლეობა ჩემთვის ნიშნავს, რომ ემსახურო უფალს და ემსახურო ადამიანს, ღვთისა და მოყვასის სიყვარულით.
ლოცვის დროს საოცარ გრძნობას გმატებს საეკლესიო გალობა. ეს განსაკუთრებით იგრძნობა ანჩისხატის ეკლესიის მგალობელთა გუნდის მოსმენის შემდეგ. სწორედ მათი უდიდესი დამსახურებაა, რომ XX ს-ის ბოლოდან მართლმადიდებლურ საეკლესიო ღვთისმსახურებაში ძველი ქართული გალობა აღდგა და დამკვიდრდა. ანჩისხატის ტაძრის მგალობელთა გუნდის რეგენტმა, ბატონმა ზაზა წერეთელმა გვიამბო:
- 1987 წელს შევიკრიბეთ რამდენიმე ამხანაგი, მალხაზ ერქვანიძის მეთაურობით. უმრავლესობა გახლდათ კონსერვატორიის სტუდენტი. ერთი წლის შემდეგ, 1988 წელს, პატრიარქმა მგალობლებად გვაკურთხა. ეს იყო ანჩისხატის ტაძრის გახსნის დღე. სულთმოფენობას მობრძანდა პატრიარქი ეპისკოპოსებთან ერთად. ჩატარდა წირვა-ლოცვა. ჩვენ ვიგალობეთ და იმის შემდეგ ანჩისხატის ეკლესიაში ვართ.
- თქვენ გალობთ ძველ ქართულ საგალობლებს...
- დიახ, ანჩისხატის მგალობელთა გუნდის სანოტო მასალა XIX საუკუნისაა. ჩვენ ამოვკრიბეთ რამდენიმე ნიმუში ძველი საგალობლებიდან. დავიწყეთ გალობა და ღვთისმსახურება. საბედნიეროდ, დაკარგვის პირას მყოფ საგალობლებს უამრავი მიმდევარი გამოუჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ტაძარში გალობენ ძველ საგალობლებს, მაინც არ არის სასურველ მასშტაბამდე მისული. უფლის წყალობით, ნელ-ნელა დაიმკვიდრებს თავის ადგილს ეს საგალობლები.
ქალბატონი ნაზი ქოიავა, მრევლის წევრი:
- ყველაზე ტვირთმძიმე ტაძარი არის ანჩისხატის ეკლესია. ეს თვითონ პატრიარქმა გვითხრა თავის ერთ ქადაგებაში. აქ 1993 წელს მოვედი. მანამდე ხშირად დავდიოდი დიდუბის ეკლესიაში, ვანთებდი სანთელს და გამოვდიოდი. არ ვიცოდი, რას ნიშნავდა წირვა-ლოცვა, საეკლესიო დღესასწაულები, საეკლესიო ტერმინები. მაგრამ ღვთის შიში ბავშვობიდან მქონდა. ვიზრდებოდი მორწმუნე ოჯახში. გვარში გვაქვს ღვთის სიყვარული. როდესაც საქართველოში მძიმე, ქარცეცხლიანი წლები იდგა, მივედი ტაძარში. მაშინ აქ იყო ამჟამინდელი რაჭის ეპარქიის მეუფე, რომლის მეშვეობითაც ბევრი რამ ვისწავლე, რაც უნდა იცოდეს ქრისტიანმა და მორწმუნემ. მეუფე გადაიყვანეს რაჭის ეპარქიაში, დავრჩი მფარველის გარეშე. ეკლესიაში სიარულს განვაგრძობდი. ამას დაერთო მამის გარდაცვალება. გადავწყვიტე, მეკურთხებინა მისი საფლავი, მაგრამ ვერ მოვახერხე. უეცრად რძალი გარდაგვეცვალა ოჯახში და დაგვრჩა ორი პატარა. მივხვდი, რომ მძიმე ჯვარი მარგუნა უფალმა. განსაცდელი მოგვევლინა. მოძღვარს ვეუბნებოდი, - მთელი სიცოცხლე მხოლოდ კარგს ვაკეთებდი და რატომ დამატყდა თავს ეს უბედურებები-მეთქი. მკითხა, - თუ განრისხებულხარ ვინმეზეო. გამახსენდა განრისხების დროს მღელვარებანი. აქედან იწყება შეცდომა. საბოლოოდ მოვედი მამა რევაზთან, რომელსაც სახლის კურთხევა ვთხოვე. ზუსტად იმ პერიოდში მიდიოდა აბაშის რაიონში ტაძრის საკურთხებლად. იმ სოფელში გახლავთ ჩვენი საგვარეულო სახლი. ამიტომ ერთად გავემგზავრეთ ყველანი, რადგან გადავწყვიტეთ ძირძველი სახლი გვეკურთხებინა. ასე დავუახლოვდი მოძღვარს და ტაძარს. მივხვდი ყველაზე მნიშვნელოვანს, რომ შიში ღვთისა დასაბამია სიყვარულისა და მარადიული ცხოვრებისა.
- ქველმოქმედების მხრივ რამდენად აქტიურია მრევლი?
- მიცვალებულთა მოხსენიების დღეს ვაგროვებთ საჭმელს, პროდუქტებს, მიგვაქვს მცირეწლოვანთა ციხეში. მრევლი ვეხმარებით ერთმანეთს და ვცდილობთ მაქსიმუმი გავაკეთოთ ტაძრის, ხალხის საკეთილდღეოდ.
როდესაც გამოდიხარ ტაძრიდან, გრძნობ, რომ იყავი სხვა სამყაროში, განიცდიდი საოცარ სულიერ სიმშვიდეს. თუ ეზოში შეჩერდები და თვალს მოავლებ მიდამოს, შეიგრძნობ მის მშვენიერებას. ამის მერე ამაღლებული გაუყვები სანაპიროს იმ რწმენით, რომ საქართველო კვლავაც გაბრწყინდება ხელთუქმნელი პირი ღვთის ხატის შემწეობით...
თამთა გოგიჩაშვილი