27.09.2017
ლიხნი — ისტორიული სოფელი აფხაზეთში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში, 50 მ ზღვის დონიდან, 5 კილომეტრში გუდაუთიდან.
შუა საუკუნეების ქართულ წყაროებში იხსენიება როგორც - ზუფუ (ცნობილია მისი სხვა სახელწოდებებიც, რომლებიც თურქული წარმომავლობისაა: სოუქსუ ან სუუქსუ).
ლიხნში მდებარეობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი:
X-XI საუკუნეების ღვთისმშობლის ეკლესია და აფხაზეთის მთავრების ჩაჩბა-შერვაშიძეების ორსართულიანი სასახლის ნანგრევები. სასახლე დაინგრა რუსეთის ხელისუფლების ბრძანებით 1866 წლის აჯანყების შემდეგ, მათ მიერ სოფელში მოწყობილი ეგზეკუციისას.
აბაანთას ციხე (VII ს.), რომელიც მდებარეობს სოფლის განაპირას მდინარე ხიფსთას მარცხენა სანაპიროზე. სოფელი ისტორიულად აფხაზეთის მთავრების საზაფხულო რეზიდენცია იყო. XVII საუკუნის დასაწყისიდან აფხაზეთში დაწინაურდა შარვაშიძეთა ფეოდალური სახლი, რომელმაც შეძლო აფხაზ ფეოდალთა შეკავშირება და აფხაზეთის ოდიშისაგან გამოყოფა. იმ ხანიდან შარვაშიძეები მთავრის ტიტულით მართავდნენ აფხაზეთს, რომლის ცენტრი შეიქმნა ზუფუ (ლიხნი). ამის გამო, ილორის წმინდა გიორგის ხატის ლევან დადიანისეულ წარწერაში ლიხნელ აფხაზებს "ზუფუარები" ეწოდებათ.
ვახუშტი ბაგრატიონი აფხაზეთის პოლიტიკურ ცენტრად ასახელებს ზუფუს, რომელიც იმავე სახელწოდების მდინარის პირას მდებარეობს. ვახუშტის მიხედვით: ზუფუ მცირე ქალაქია, სახლი და სამყოფელი შერვაშიძეთა, რომლებიც აფხაზეთის მთავრები არიან. მდინარე ზუფუს ახლა ხიფსთა ეწოდება, ხოლო დასახლებულ პუნქტს – ლიხნი. სოფელი ლიხნი საერთოაფხაზური სამხედრო დემოკრატიის ტრადიციული ცენტრი იყო. სწორედ აქ იკრიბებოდნენ აფხაზები ისტორიულად, საუკუნეთა განმავლობაში და წყვეტდნენ უმნიშვნელოვანეს საკითხებს. პირველი დიდი სახალხო შეკრება ლიხნში 1861 წელს გაიმართა, რომელიც შემდეგ ანტირუსულ აჯანყებაში გადაიზარდა.
სოფელ ლიხნის შუაგულში აღმართულია X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - ლიხნის ღმრთისმშობლის მიძინების ტაძარი. იგი ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს, რომელსაც აღმოსავლეთით სამი შვერილი აფსიდი აქვს. მოგვიანებით ტაძრისთვის დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით ღია ეგვტერები მიუშენებიათ. ტაძრისა და ეგვტერის შიგა კედლები მთლიანად მოხატული ყოფილა.
ლიხნის ტაძარში შემორჩენილია როგორც X-XI საუკუნეების მოხატულობის კვალი, ასევე XIV საუკუნეების მხატვრობა, რომელიც გამოირჩევა ფაქიზი კოლორიტით, რამდენადმე წაგრძელებული ფიგურების დინამიურობითა და ექსპრესიულობით. ლიხნის ტაძრის სიძველეები პირველად აღწერა ცნობილმა ფრანგმა ქართველოლოგმა მარი ბროსემ, რომელმაც ტაძრის კედლებიდან გადმოიწერა რამდენიმე ქართული წარწერა, მათ შორის, 1066 წლის კომეტის გამოჩენის შესახებ, რომელზეც კიევის სამთავროს მატიანე და ერთ-ერთი ჩინური ქრონიკაც მოგვითხრობს.
ლიხნის ტაძარში დაცულია 17 -ზე მეტი ფრესკული წარწერა. ბიბლიურ სიუჟეტთა და წმინდანთა ქართულ-ბერძნული განმარტებითი წარწერების გარდა, შემორჩენილია ქართული ასომთავრული და მხედრული დამწერლობით შესრულებული წარწერები, სადაც მოხსენიებულია სხვადასხვა ისტორიული მოვლენები, მაღალი საერო და სასულიერო პირები. მათ შორის, გაერთიანებული საქართველოს მეფეები: ბაგრატ IV და გიორგი II; სასულიერო პირები: ვაჩე პროტოისპათარი და იპატოსი, მწიგნობართუხუცესი და ჭყონდიდელი.
ლიხნის ღმრთისმშობლის მიძინების ტაძარი უმნიშვნელოვანესი სულიერი და კულტურული ძეგლია ქართული კულტურული მემკვიდრეობის ჩამონათვალში.