ტეხისის წმინდა გიორგის სახელობის უძველეს ტაძარი რაჭაში, ამბროლაურის რაიონის სოფელში, ზემო თლუღში, მაღლობზე მდებარეობს.
აქედან ხელისგულივით მოჩანს ნიკორწმინდისა და ხოტევის მთავარანგელოზის ტაძრები. ეს სამი საყდარი თითქოს სამკუთხედს ქმნის.
წინაპრებისგან გამიგია, რომ ტეხისის სალოცავის დიდი შიში და მოწიწება ჰქონიათ აქაურებს. ერთი გლეხისთვის ურემი მოუპარავთ. ქურდი ვერ უპოვიათ. გლეხი წასულა ეკლესიაში და ხატისთვის უთხოვია, დამეხმარე და ჩემი ურემი გამატანეო. შეშინებულმა ქურდმა ურემი მიუყვანა პატრონს. ამის მერე დამნაშავეებს აქ ტეხდნენო. ამიტომაც დარქმევია ტაძარს ტეხისის წმინდა გიორგი. ტაძარს ოვალური სახურავი ჰქონდა, ზოგან - შეკუთხული, დაქანებული. ჩუქურთმები და მოხატულობაც ჰქონდა. ტაძრის სამრეკლოდან ზარების ხმა თურმე, ქვემო თლუღამდე აღწევდა. ტეხისის წმინდა გიორგის ტაძრის უკანასკნელი მოძღვარი, მღვდელი სერაფიონ გურგენიძე ყოფილა.
ნანგრევებადქცეული სალოცავის აღდგენა რამდენიმე წლის წინ მეუფე ელისეს ლოცვა-კურთხევით მოხდა. სოფლის მოსახლეობის დიდი სურვილია, ტაძარში იკურთხოს ტრაპეზი და განახლდეს ღვთისმსახურება.