28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე,
მეუფე ილარიონის ლოცვა-კურთხევით და
არქიმანდირიტი იონას (გელაშვილი) ხელმძღვანელობით დაწყებული 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტერი იკურთხება.
უშგულიდან 10 კილომეტრში, ზემო და ქვემო სვანეთის გასაყარზე, აილამასა და შხარას მყინვართან ახლოს მდებარე მონასტერი ზემო და ქვემო სვანეთს აერთიანებს. აქედან საუკეთესოდ მოსჩანს რაჭის მთები. ამ ულამაზესი ბუნების უკან რუსეთის საზღვარია. მშენებარე მონასტერი ერთი წლის წინ თავადაც მოვილოცე. მაშინ, ტაძარს მხოლოდ გადახურვაღა აკლდა. ახლა გავიგე, რომ ტაძრის მშენებლობა უკვე დასრულებულია და მარიამობისთვის იკურთხება. საცხოვრებელი კელიებიც აშენდა. მამა იონა:
-მადლობა ღმერთს, უკვე დამთავრდა ზაგაროზე მშენებარე მონასტრის გადახურვა,მადლობა ამისათვის
ირაკლი გურჩიანს, სოფელ უშგულის მოსახლეობას, სოფელ ცანის მოსახლეობას, ჩემს მეგობრებს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ დიდ და მადლიან საქმეში. ღმერთს ვთხოვე, რასაც ვიშრომებდი ჩემი გრადაცვლილი მეგობრის თეზო ჯაფარიძის სულისთვის ყოფილიყო შეწირული. გულით მინდოდა მეგობარს შევწეოდი... რადგან თეზოს ნათლობით ერთ-ერთი ასურლი მამის თადეოზის სახელი ერქვა, დიდი სურვილი ჰქონდა ამ მონასტრის მშენებლობაში მიეღო მონაწილეობა და სრულყოფაში მოეყვანა. თეზო როცა გარდაიცვალა, მაშინ ვთქვი, რომ ყველა ღონეს ვიხმარდი ტაძრის მშენებლობა ბოლომდე მიმეყვანა. ღვთის მადლით დასრულდა კიდეც... დანგრეული ტაძრის ქვები ისევ ტაძარს დაუბრუნდა. ეს ძალიან მადლიანი საქმეა. ამ ტაძრის აშენება სიმბოლო იქნება სვანეთის გაერთიანების და საქართველოს გაბრწყინვების. სვანები თურმე ამ ადგილს ქრისტე ოშგინს ეძახიან, რაც ნიშნავს-ქრისტეს უკან.
შეეწიოს სრულიად საქართველოს 13 ასურელი მამის და ახლადდაარსებული მამათა მონასტრის მადლი.