I ნაწილი
- ბატონო პაატა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თეკლათელი მონაზვნები მანამდე მენჯის მონასტერში მოღვაწეობდნენ. გთხოვთ ამ პერიოდზეც მოგვითხროთ.
- ქალაქ სენაკის დასავლეთით, სოფელ მენჯში, იმ პატარა მთაზე, სადაც წმინდა ღირსი მამის - ალექსი ბერის (შუშანია) მიერ დაარსებული მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სავანეა, უხსოვარი დროიდან ხობის მამათა მონასტრის წინამძღვართა საზაფხულო რეზიდენცია ყოფილა.
ჟამთა სიავის გამო გაუკაცრიელებული, გალავანშემორღვეული და გაუვალი ტყით დაფარული ეს წმინდა ადგილი XIX საუკუნის I ნახევრის ბოლოს ნადირ-ფრინველთა თავშესაფარად იყო ქცეული. ახლომახლო სოფლების მოსახლეობა ამ ალაგს დიდი პატივისცემით ,,თარანგელოზიშ ოხვამედ" (მთავარანგელოზის სალოცავი) მოიხსენიებდა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მეორე დღეს ამ ,,ოხვამეში" ზეიმობდა.
ხალხის ხსოვნაში ამ გორასთან არაერთი იდუმალებით მოსილი გადმოცემაა შემორჩენილი, მაგრამ 1865 წელი სრულიად გამორჩეული და ნიშნეული შეიქნა მის ისტორიაში, რადგან სწორედ ამ წელს დააარსა აქ დედა სალომე თავდგირიძემ დედათა მონასტერი.
- რა ვიცით დედა სალომეს შესახებ?
- სამწუხაროდ, ვერ მოვიძიე დედა სალომეს ცხოვრებისა და ღვაწლის სრულად ამსახველი მასალა, მაგრამ ნეტარხსენებულის ბიოგრაფიის ზოგიერთი ფაქტის დადგენა შესაძლო გახდა საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში დაცული რამდენიმე დოკუმენტითა და 1905 წელს გამოცემული მისივე ანდერძით.
თავადის ქალი სალომე თავდგირიძე 1815 წელს გურიაშია დაბადებული. ბავშვობიდანვე გონიერებით გამორჩეულს, აღზრდა-განათლება, ტრადიციისამებრ, ოჯახში მიუღია. წმინდა წერილში განსწავლული, პოეტური ნიჭითაც ყოფილა დაჯილდოებული. მშობლებს ადრევე მიუთხოვებიათ საჭილაოელი აზნაურის ალმასხან კორძაიასთვის. ათი წლის შემდეგ დაქვრივებულა, ერთადერთი შვილის - მიხეილის აღზრდა გაუხდია უმთავრეს მიზნად. ვაჟიშვილის დაოჯახებისთანავე ღვთისმოყვარული დედა სამონაზვნო ცხოვრებისათვის მზადებას შესდგომია. სწორედ იმხანად უნდა ჰქონდეს დაწერილი შვილისათვის ანდერძი, რომლის ერთი ამონარიდი გვამცნობს:
"მე ვიყავ, შვილო, ხომ იცი, ამ წუთისოფლის მცნობელი,
მაგრამ მე შენის სიცოდვით არ დავრჩი აზრის მწყობელი,
სახლთათვის ვჭირნახულობდი, არ ვიყავ თავის მკობელი,
ვიყავ მტერ-მოყვრის ცნობილი, საქმის სამართლად მბჭობელი.
ვიდრემდის შთავვარდებოდი სრულსა მეხსიერებასა,
გავსჭვრეტდი და ავწონიდი ამა სოფლის ჭრელობასა,
ვეძიებდი სწავლას სრულსა სამღვთოს, სოფლის ხელობასა,
ამას ვთხოვდი ქრისტე ღმერთსა, დედას ღვთისა დედოფალსა,
ვყოფილიყავ ღვთის მონებით და მსახური უფრო სულის,
აღმეღო და დამემარხა თქმული ლუკა მოციქულის,
აღწერილი თითით მისით, სახარება ღვთისგან თქმულის,
მისივე მაქვს წინამძღვრობა, მანვე უწყის, რაცა მსურის".
მაცხოვრის მხევლად აღკვეცის მოწადინე ქალი გამოეთხოვა ოჯახს და სასოებით მიაშურა იერუსალიმს. უცნობია, რამდენ ხანს დაჰყო სალომემ იქ, სად იყო და რომელი წმინდა ადგილები მოილოცა.
- ალბათ ამ მომლოცველობამ უფრო გაამყარა მასში მონაზვნობის სურვილი...
- სულიერად ამაღლებული და გამტკიცებული, სამშობლოში დაბრუნებისთანავე, სასოებით წარუდგება სამეგრელოს ეპარქიის მწყემსმთავარს - ყოვლადსამღვდელო ტარასის (ელიავა) მონაზვნად აღკვეცის მოწადინედ და ქალთა მონასტრის დაარსებისათვის ნებართვის თხოვნით. ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევის მიღების შემდეგ მან მენჯის მთავარანგელოზის გაუკაცრიელებულ სავანეს მიაშურა და ერთ მონაზონთან და მორჩილთან ერთად ნახევრად დანგრეული სალოცავი აღადგინა, ქვიტკირის პატარა საცხოვრისი ააშენა და მონაზვნურ ცხოვრებას შეუდგა.
მონასტერს პირველსავე წლებში არაერთმა მოწესემ მოაშურა და ასე, ნელინელ შეიკრიბა წუთისოფლის ამაოებას განრიდებულ დედათა დასი, რომელთა შორის უნდა გამოვყო ქრისტეს ჭეშმარიტი მხევალი, ღირსი დედა - ათანასია, რადგან სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული სავანის სულიერი ცხოვრების შემდგომი აღმავლობა.
- როგორც ერთ-ერთი საუბრისას ბრძანეთ, ეს ადგილი ერთადერთი დედათა სავანე იყო იმდროინდელ სამეგრელოში. უფალი ალბათ ცხადად შეეწეოდა თავის მხევლებს...
- არსებობს ერთი მომცრო წიგნი - ,,წინამძღვარი დედა ათანასია და თეკლათის დედათა მონასტერი" (თბ., 1905 წ., გამ-ბა იოსებ ლეჟავასი), რომელიც უმნიშვნელოვანეს ცნობებს გვაწვდის მონასტრის ისტორიიდან. წმინდა მამა ალექსი შუშანიას დაწერილ ამ ბროშურაში დედათა ცხოვრებიდან ოთხი მეტად საყურადღებო შემთხვევაა აღწერილი. როგორც ეტყობა, ისინი არაერთხელ გამხდარან ღვთის სასწაულის ხილვის ღირსნი: დედა სალომესა და მის სულიერ შვილებს ჩვეულებად ჰქონიათ ტაძარში ფსალმუნებით ღამისთევა. დედა ათანასიას რიგი რომ დადგა, მას საყდარი შიგნიდან ჩაუკეტავს და სანთლის შუქზე დაუწყია ,,დავითნის" კითხვა. მოულოდნელად სანთელი ჩამქრალა. რამდენიმე ხნის შემდეგ მას ჩასძინებია. გამოღვიძებულს სასწაული უხილავს - სანთელი კვლავ იწვოდა...
ერთ წელს, წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის წინა დღეს, მონაზვნებს ხობის მამათა მონასტრის მღვდელმონაზონი, მამა ბენედიქტე მიქელაძე სტუმრებიათ. მგზავრობით დაღლილ მოძღვარს უთხოვია, იმ საღამოს კრებულს უმისოდ ელოცა ტაძარში. დედა სალომესა და დედა ათანასიას სტუმარი მოუსვენებიათ, შემდეგ სასეფისკვერე ცომი მოუზელიათ, სენაკის კარი გარედან დაუკეტავთ და სულიერ დებთან ერთად ღამისთევის ლოცვას შესდგომიან. ცისკრის დასრულებისას ეკლესიის სამხრეთის კარიდან უჩუმრად შემოსული მამა ბენედიქტე თავს წამოსდგომიათ. მას მრისხანედ მიუმართავს კრებულისათვის: - რა დაუმთავრებელი ლოცვა მოგივიდათ! სეფისკვერის ცომი გაფუჭდა და ხვალ წირვა ჩაგვეშლებაო. გაბრუნებულა, საყდრიდან ჩრდილოეთის კარით გასულა. შეწუხებულ მონაზვნებს აჩქარებით დაუსრულებიათ საღვთო რიტუალი. გასაოცარი ის იყო, რომ შინ მიბრუნებულთ სენაკის კარი გარედან დაკეტილი დახვედრიათ, მამა ბენედიქტეს კი სძინებია. შეშფოთებულთ მოძღვარი გაუღვიძებიათ და დაწვრილებით უამბიათ მომხდარის შესახებ.
- ეშმაკს თქვენს შესაშინებლად ჩემი სახე მიუღია და ისე უმხილებიხართ. ნუ შეგეშინდებათ, ძველებური მონდომებით გააგრძელეთ ღვთისმსახურება და ჯოჯოხეთის მოციქული ვეღარაფერს დაგაკლებთ, - დაუმშვიდებია დედები ბერს.
მონაზვნებს განსაკუთრებით ზამთრობით უჭირდათ, სურსათს საკმაო რაოდენობით ვერ იმარაგებდნენ. თუმცა ისეც მომხდარა, კარგა ხანს უკიდურეს სიდუხჭირეში მყოფთ, სხვისგან დახმარების იმედი გადაწურული რომ ჰქონდათ, სწორედ მაშინ მიუღიათ კეთილისმყოფლისგან სანოვაგე.
ერთხანს თურმე ცვილი გამოლევიათ და უსანთლოდ, სკვნილით ლოცულობდნენ. წმინდა სტეფანეს დღესასწაულის წინა დღეს დასი კიდევ ერთი სასწაულის მოწმე გამხდარა. გამთენიისას, აივანზე გამოსულთ, უცნობისგან ძღვნად მორთმეული ერთი ტომარა სანთელი დახვედრიათ.
ისიც მომხდარა, რომ ერთი მორჩილი ეშმაკეულქმნილა და დიდ შფოთში ჩავარდნილა. იღუმენია სალომე იმხანობას სხვაგან ყოფილა და დედა ათანასიას მისთვის კაცი გაუგზავნია სამწუხარო ამბის საცნობებლად. წინამძღვარი მაშინვე დაბრუნებულა. უხილავს ავადმყოფი და უთქვამს, - ეშმაკს გაუტაციაო. შესულა ტაძარში, ულოცია, გამოსულს, ჭიქა წყლით აუვსია, ჯვარი გადაუსახავს, ეშმაკეულისათვის დაულევინებია და განუკურნავს.
- როგორ გადასახლდნენ მენჯის სავანის დედები თეკლათის მონასტერში?
- როგორც უკვე აღვნიშნეთ, თუ მთავარანგელოზთა მთაზე დედათა პირველ სავანეს მეტყველი სული სალომე თავდგირიძემ ჩაჰბერა, თეკლათის მონასტრის დღევანდელ ადგილას დაფუძნება დედა ათანასიას (აღათი სეხის ასული სალაყაია, 1851-1903) სახელთანაა დაკავშირებული.
პატარაობაში დაობლებულ აღათისა და მის და-ძმებს მამა ზრდიდა. ღვთისმოსავ ქალიშვილს მონაზვნური ცხოვრების სურვილი თავიდანვე გამოუთქვამს, მაგრამ შვილის ამ განზრახვას შეწინააღმდეგებია მშობელი. როგორც კი აღათი 16 წლის გამხდარა, იგი ახალგაზრდა აზნაურ თევზაძისთვის მიუთხოვებიათ. მალევე დაქვრივებულა, მერე აღსრულებულა მამამისიც. მაცხოვრისადმი თავშეწირვისა და ნათელი ჭეშმარიტების გზაზე შედგომის მსურველს დედა სალომემ და მეუდაბნოე ბერმა, ღირსმა მამამ, ონისიფორემ (ფაჩულია) სულიერი დარიგებებით მხნეობა მოაკრებინეს და 1868 წლის პირველ აგვისტოს აღათი, აწ დედა ათანასიად წოდებული, მორჩილად შედგა.
ერთხელ დედა ათანასიასა და მის ერთი სულიერ დას მთაში (სადაც დღეს დედათა მონასტერია), ურთხელის გაუვალ ტყეში წმინდა გიორგის უძველესი ბაზილიკისათვის მიუგნიათ. ეკალ-ბარდებით დაფარული სალოცავი გაუწმენდიათ. დედა ათანასიას იმდენად მოსწონებია ტაძარი და მისი გარემო, რომ მტკიცედ განუზრახავს იქვე დამკვიდრებულიყო და მეუდაბნოეთა დარად მდუმარება მიეღო. რჩევა-დარიგების თხოვნით სულიერი მამის, ონისიფორესათვის მიუმართავს, რომელსაც იგი თანხმობის მისაღებად დედა სალომესთან გაუგზავნია. იღუმენიას შორს დაუჭერია ათანასიასთან განშორება - ჩვენი საქმე განცალკევებას კი არა, ერთად ყოფნას მოითხოვს. რახან შენ ასე მოგეწონა ის ალაგი, მეც ვნახავ და იქნებ მართლაც იქ სჯობდეს ჩვენი დამკვიდრება. ყოველივე ღვთის ნებაა, ვილოცოთ და უფალს მივანდოთ ჩვენი თავიო, - უბრძანებია ღირს დედას. რამდენიმე ხნის შემდეგ წინამძღვარსაც მოულოცავს ეს საყდარი, ისიც აღფრთოვანებულა გარემოს მშვენიერებით და დებთან მოთათბირების შემდეგ სავანის ამ ახალ ალაგას გადმოტანა გადაუწყვეტია.
საეკლესიო კანონების თანახმად, მონასტრის დაარსება მხოლოდ ეპარქიის მწყემსმთავრის ნებართვითაა შესაძლებელი, ამიტომ დედა სალომეს წერილობით მიუმართავს გაბრიელ ეპისკოპოსისათვის. მისდა გასახარად, მეუფეს თანხმობა განუცხადებია, დაულოცავს, გაუმხნევებია და შემწეობასაც დაჰპირებია.
ვინაიდან წმინდა გიორგის ტაძარი და მისი მიმდებარე ტერიტორია სოფელ სახარბედიოს სახაზინო გლეხობას ეკუთვნოდა, ეპისკოპოსს წერილობითი ბრძანება გადაუცია ქვედა თეკლათის მამათა მონასტრის იღუმენ, არქიმანდრიტ ბენიამინისათვის - საჩქაროდ წასულიყო სოფელ სახარბედიოში და გლეხობისათვის გამოეცხადებინა მისი სურვილი - სოფელს მიტოვებული სალოცავი დედათა მონასტრისათვის დაეთმო. ეს მოხდა 1870 წელს.
ყოვლადსამღვდელო გაბრიელის ამ თხოვნას გლეხობა არ შეწინააღმდეგებია და ასე დამკვიდრდნენ დედები ამ უმშვენიერეს ადგილას. იმ დროისათვის კრებული უკვე შვიდი მონაზვნისაგან შედგებოდა. უფლისადმი მხურვალე ლოცვითა და მუხლმოუღლელი შრომით მათ უმოკლეს დროში შეაკეთეს საყდარი, გაწმინდეს არემარე და საცხოვრებელი სენაკებიც ააგეს.
- სულიერ მამობას ვინ უწევდა ამ წმინდა კრებულს?
- პირველ წლებში მონასტერს საკუთარი მწირველი მღვდელი არ ჰყავდა და ამიტომაც ყოველ კვირას და დღესასწაულებზე ხობის მამათა მონასტრის რომელიმე ბერი ამოდიოდა ღვთისმსახურების ჩასატარებლად. სხვა დღეებში მონაზვნები თვითონ კითხულობდნენ და გალობდნენ ცისკრის, მწუხრისა თუ სხვა ჟამთათვის დაწესებულ საკითხავ-საგალობლებს. კრებულს მოძღვრის გარეშე ცხოვრება უჭირდა, მით უფრო, რომ უამინდობისა თუ სხვა მიზეზით, დიდი მანძილით დაშორებული ხობის მონასტრის მოწესე მამები ხშირად ვერ ამოდიოდნენ. ყოველივე ამის შესახებ დედა ათანასიამ დაწვრილებით მოახსენა გაბრიელ ეპისკოპოსს და ითხოვა, რათა მეუფის ლოცვა-კურთხევით რომელიმე ბერს მათი სულიერი მამობა ეტვირთა.
უნდა აღინიშნოს, რომ სავანე იმ დროს სახელმწიფოსაგან დახმარებას არ იღებდა და ნივთიერად ფრიად შეჭირვებული იყო. ამიტომ მხოლოდ სულიერებით გამორჩეული, უანგარო ღვთისმსახური თუ იტვირთავდა ამგვარ მოვალეობას. მეუფემ ყურად იღო იღუმენიას თხოვნა და მალე მონასტერში მისგანვე აღკვეცილი სოფელ სორტის მცხოვრები, სიკეთითა და იშვიათი ადამიანური თვისებებით შემკული თეოდორე ჯინორია, ბერობის სახელით - მამა თეოფანე, დაამკვიდრა.