ყველას გაჭირვებას ითავისებდა, ცდილობდა მოყვასისათვის ტვირთის შემსუბუქებას
ყველას გაჭირვებას ითავისებდა, ცდილობდა მოყვასისათვის ტვირთის შემსუბუქებას
წინა ნომერში ბატონმა პაატა ქურდოვანიძემ არქიმანდრიტ კონსტანტინეზე (ქვარაია) საუბრისას გაგვაცნო მენჯის მთავარანგელოზთა სავანის მოძღვრის, არქიმანდრიტ მელქისედეკის (მიქავა) მოგონება. განვაგრძობთ ამ მოგონების კითხვას:

"როცა მამა კონსტანტინე ჯიხეთის დედათა მონასტერში დააპირებდა გამგზავრებას, წასვლის წინ დედა მარიამს ღიმილით ეტყოდა, - დამლოცე, მარია, წაღმა შემომაბრუნე, რომ კეთილად აღვასრულო წმიდა მსახურება და მივულოცო დედებს მათი ტაძრის დღესასწაულიო. დედა მარიამი ხელს მოჰკიდებდა, წაღმა სამჯერ შემოაბრუნებდა ბავშვივით გახარებულ კონსტანტინეს და დალოცავდა. ეს სცენა ისეთი ამაღელვებელი და გულამაჩუყებელი იყო, არ შეიძლებოდა, კაცს გულგრილად აღექვა მათი ასეთი გულწრფელი ბავშვური სიწმიდე. დალოცვის შემდეგ მე მომიბრუნდებოდა: ,,აბა, შენ იცი, შენც დამლოცე და კეთილი მგზავრობა მისურვეო". ამას ისე იტყოდა, გეგონებოდა, სადღაც დიდი ხნით და შორს მიემგზავრებოდა. გამომშვიდობების შემდეგ ჩაჯდებოდა იქვე, კართან მდგარ ვილისში (რადგან სხვა მანქანა იქ ვერ ადიოდა უგზოობის გამო), გადაიწერდა პირჯვარს და გზას გაუყვებოდა.

როცა ჩემი ბერად აღკვეცის დღე მოახლოვდა, იღუმენიამ ქალაქში გაყოლა მთხოვა, რათა ჩემი საბერო შესამოსლისთვის ქსოვილი ეყიდა. გაკვირვებულმა შევხედე, რადგან არც მე და არც იღუმენიას იმ დროს შალის კაბის საყიდელი ფული არ გვქონდა: - ფული რომ არ გვაქვს, დედაო იღუმენია-მეთქი? გამიღიმა და ჯიბიდან ასი მანეთი ამოიღო: დედა მარიამმა მომცა, მორწმუნეთა ნაჩუქარი შეუგროვებია, რომ შენთვის კაბა შეეკერა. წარმოიდგინეთ ჩემი სიხარული და მადლიერება ასეთი სიკეთის გამო. შევიკერე კაბა, ანაფორა და რამდენიმე დღეში თეკლათში ბერად აღმკვეცეს. ერთი კვირის შემდეგ დიაკვნად მაკურთხეს და მაშინ წარმოვთქვი პირველად მცირე კვერექსი. კურთხევის შემდეგ, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ორმოცი დღე მონასტერში დავყავი. შემდეგ ბათუმისა და შემოქმედის ეპისკოპოსმა დავითმა (ჭკადუა) ბათუმის საკათედრო - წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მღვდლად მაკურთხა.

ორი დღის შემდეგ ჯიხეთის დედათა მონასტერში წამიყვანეს, სადაც ერთი წელი დავყავი. ერთხელ, მეუფე იოანეს თხოვნით, ორი კვირით ამოვედი შუშანიების სავანეში და, ორი კვირის ნაცვლად, აგერ უკვე ოცი წელია, მენჯის მთავარანგელოზებში ვარ დამკვიდრებული".

- ბატონო პაატა, თქვენ მამა გაბრიელის (წულაია) მოგონების გაცნობასაც დაგვპირდით.

- დიდი სიამოვნებით! ცხოვრების ბოლო წლებში წუთისოფლის ქარტეხილისგან დაღლილ-დაქანცულ და დაავადებების მომძლავრებისგან დაუძლურებულ მამა კონსტანტინეს საყდარში ყოველდღიური მსახურება ფიზიკურად აღარ შეეძლო. ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე გიორგიმ (შალამბერიძე) 1988 წლის ნოემბრიდან ტაძრის მღვდელმსახურად მამა ანტონი (ანატოლი წულაია) დაადგინა.

თეოლოგიაში განსწავლული ახალგაზრდა მოძღვარი მორწმუნეებისადმი განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. მას დიდად აფასებდა მრევლი. სენაკელებს უყვარდათ ამ სათნო ადამიანის სულის სიღრმემდე ჩამწვდომი წირვა-ლოცვისა და ქადაგების მოსმენა. მამა ანტონიც (დღეს - ბერი გაბრიელი) დიდი სითბოთი იხსენებს თეკლათში გატარებულ წლებს და იქ მოღვაწე ძველი თაობის უკანასკნელ წარმომადგენლებს:

,,გასაოცარი პიროვნება იყო მამა კონსტანტინე. მართალია, ათეისტობის ხანაში მოუწია მოღვაწეობამ, მაგრამ მისი სულიერი სიმტკიცე არასოდეს შერყეულა, პირიქით, ბევრი დააყენა ჭეშმარიტ გზაზე და მოთმინებითა და ლოცვით წინ უძღოდა მათ. არ დამავიწყდება მისი მშვიდი, თავმდაბლური საუბრები, ყველას გაჭირვებას ითავისებდა, ცდილობდა მოყვასისთვის ტვირთის შემსუბუქებას.

მახსოვს, მიამბო: ერთ ზაფხულს მონაზონი ისაია ჩიქოვანი ჰყოლია სტუმრად. მას ღამე აივანზე მოუსურვებია დაწოლა. შუაღამისას მონასტერს ქურდები დასხმიან, ხმაურითა და კარებზე ბრახუნით გაუღვიძებიათ მამა კონსტანტინე. ამ უკანასკნელს შეეძლო მათთვის კარი არ გაეღო, მაგრამ, ჯერ ერთი, ღვთის ნებას იყო მინდობილი და თან სტუმარი გარეთ იყო დარჩენილი. მოძღვარს თავმდაბლურად ,,სტუმრებისათვის" კარი გაუღია და უთხოვია: ამ საცოდავ კაცს ცუდს ნურაფერს უზამთ, ჩემი სტუმარია, მე კი დაგემორჩილებითო. იმ საღამოს ყაჩაღებს ეკლესიისთვის შეწირული მცირეოდენი თანხა წაუღიათ. ამ ეპიზოდიდანაც ჩანს მისი დიდბუნებოვნება.

მამა კონსტანტინეს რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებშიც კარგად იცნობდნენ. რუსი ეროვნების მორწმუნენი ხშირად ჩამოდიოდნენ და მისგან იღებდნენ იმ ღვთიურ მადლს, რომელიც ასე ახარებს ყველა ღვთისმოშიშ ადამიანს.

მე პირადად ხშირად მიმიმართავს თხოვნით: მამაო, როცა ღვთის სასუფეველში მოხვდებით, არ დამივიწყოთ და იქიდანაც სულიერად შემეწიეთ-მეთქი. ის დიდსულოვნად მპირდებოდა, თუ ღმერთი მას შეიწყალებდა, აუცილებლად დამეხმარებოდა. ძალიან, ძალიან ბევრი დაუთმენია მამა კონსტანტინეს ქრისტეს გულისთვის, ის ლოცვის და მარხვის გარდა ბევრს შრომობდა, მონაზვნებსაც დიდი გულმოდგინებით ეხმარებოდა. როცა მძიმედ დაავადდა, ხშირად მიწევდა მისთვის ზიარების მიცემა. უკანასკნელ დღეს, დილით, წმიდა ზიარება მიიღო, შუადღისას სულის ბრძოლის კანონი წავუკითხე... ამის შემდეგ მამა კონსტანტინეს სულმა სხეული დატოვა და ცათა სასუფეველში გადაინაცვლა.

მონასტერში ყოფნისას გავიცანი დედა მარიამი (გიგინეიშვილი), ხოლო დედა დომენიკას (ხონელიძე) მონასტერში მისვლამდეც კარგად ვიცნობდი. დედა დომენიკა არ იყო მონასტრის იღუმენია, მაგრამ მასთან ინახებოდა წინამძღვრის ჯვარი, ის ჯვარი, რომელიც წარსულში არაერთი ღირსეული იღუმენიას მფარველი გახლდათ. მას დიდი და მოსიყვარულე გული ჰქონდა. მონასტერში მისულ ყველა სტუმარს სითბოთი და სიყვარულით ხვდებოდა და, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად, ჩაისა და პურის გარდა, არაფერი ებადა, იმდენად სტუმართმოყვარე იყო, მასთან შეხვედრით ყველანი კმაყოფილნი რჩებოდნენ. მის სენაკში ყოველთვის პიტნის სურნელი იდგა. გულღიად და სულიერი სიმშვიდით შემოთავაზებული ჩაის გემო არასოდეს დამავიწყდება. მიუხედავად სიბერისა, დედა დომენიკა შუაღამის ლოცვას არასოდეს ტოვებდა. როცა გარდაიცვალა, გამოსათხოვებლად უამრავი მოსამძიმრე მოვიდა.

დედა მარიამი პატარა ტანისა იყო, მაგრამ სულით მდიდარი და გაუტეხელი, დიდებული მედავითნე და მგალობელი. სიდაბლის გამო საწიგნობელს ვერ სწვდებოდა, ამიტომ პატარა სკამზე შემდგარი კითხულობდა და გალობდა. ერთხელ მიამბო:

"13-14 წლისა მომიყვანეს მშობლებმა თეკლათში, ქალთა სასულიერო სასწავლებელში. იმხანად ხშირად ვესწრებოდი წირვა-ლოცვებს, ვესაუბრებოდი მონაზვნებს. ისე შემიყვარდა მონასტრული ცხოვრება, გადავწყვიტე, საბოლოოდ აქ დავრჩენილიყავ და ღვთის შეწევნით გავხდი მონაზონი".

ერთ დილას სახლის კუთხეში მორიელი შევნიშნე. შეშინებული გავიქეცი. ლამაზად გაეცინა და მითხრა, - შვილო, ამ მონასტერში სამასამდე მონაზონს უმოღვაწია, მაგრამ არ მახსოვს, მორიელს რომელიმე დაეკბინოსო.

ღრმად მოხუცი გარდაიცვალა. ძალიან დამწყდა გული, დიდი მადლის მატარებელი ადამიანი იყო.

ღმერთმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს მის სპეტაკ სულს და ყველა იმ მონაზონს, რომელთა ღვაწლით მტკიცედ დგას თეკლათის დედათა მონასტერი".

- "ფეისბუქზე" თქვენ მიერ დადებულ ალბომ "თეკლათში" არის ჭყონდიდელი მთვარეპისკოპოსის, მღვდელმონაზონ იოანეს სურათიც. თუ გისაუბრიათ მასთან მამა კონსტანტინეზე, თეკლათის მონასტერზე?

- თეკლათელ მონაზონთა ღვაწლზე არაერთხელ მისაუბრია აწ განსვენებულ ბერმონაზონ იოანესთან. ერთხელ ვთხოვე კიდეც, დაეწერა მონასტრის ისტორია, რათა მომავალ თაობებს ნათელი წარმოდგენა ჰქონოდათ სავანის წარსულზე. მეუფემ პირად არქივში არაერთი ცნობა მოიძია და შექმნა კიდეც კონსპექტი, მაგრამ წუხდა, რომ ეს მწირი მასალა სრულად ვერ ასახავდა ასეთ მნიშვნელოვან თემას. საჭირო იყო სახელმწიფო არქივებში მუშაობა, ძველი ჟურნალ-გაზეთების მოძიება, რაც 1990-იანი წლების დასაწყისში ქვეყანაში დატრიალებული ტრაგიკული მოვლენებისა და სხვა გარემოებათა გამო ვერ შეძლო.

სრულიად მოულოდნელად, 1998 წლის 31 ივლისს იოანე ანანიაშვილი გარდაიცვალა და ნარკვევი დაუსრულებელი დარჩა. მისი ერთი ეგზემპლარი (40-მდე ნაბეჭდი გვერდი) მეუფემ თავის დროზე მისახსოვრა და შენიშვნების გამოთქმა მთხოვა. დღეს ის ნათესავებთან ინახება და მის სხვა შრომებთან ერთად დღის სინათლეს ელის.

90 წელს მიტანებული მამა კონსტანტინე 1989 წლის 6 ნოემბერს აღესრულა და ხუთი დღის შემდეგ თეკლათის დედათა მონასტრის ტაძარში დაკრძალეს.

დასაფლავების დღეს მამა კონსტანტინეს დამაშვრალ სხეულს მეუფე იოანე ანანიაშვილი საგანგებო შესხმით გამოეთხოვა. ამ სიტყვის ერთი ეგზემპლარი მან მეც მისახსოვრა და ვგონებ, მეტი არც უნდა იყოს შემორჩენილი:

"სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა!

ქრისტეს მიერ საყვარელნო!

დღეს ძალმან სულიერისა სიყვარულისამან მოგვიყვანა ჩვენ საქართველოს მრავალი კუთხიდან და შეგვკრიბნა ამ წმიდა ტაძარში, რათა ხორციელად უკანასკნელად ვიხილოთ და ლოცვით მივაბაროთ თეკლათის დედათა მონასტრის ღვთივ-კურთხეულ მიწას ამ სავანეში ოთხ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში დიდად-მოღვაწის, წმიდად მლოცველისა და მცხოვრებელის, მამა არქიმანდრიტ კონსტანტინეს სხეული. დღეს ვემშვიდობებით ჩვენს საყვარელ მოძღვარს, ამ სავანეში ჩვენთვისა და მრავალთათვის მლოცველსა და მავედრებელს ღვთისადმი. ახლა სხეულით მკვდარია იგი და უძრავად წევს ხორციელთათვის ეგზომ საზარელ კუბოში; ახლა უთქმელად გვთხოვს, რათა ჩვენც ვილოცოთ მისთვის და უფალს შევავედროთ მონაზვნური მოღვაწეობით დამაშვრალი მისი სული; ახლა ანგელოზნი ნათლისანი ჩვენი ხორციელი თვალებისაგან უხილავად დაფრინავენ ამ წმიდა ტაძარში და იშვებენ სულიერითა სიხარულითა, გვხედავენ რა ერთი სულითა და ერთი გულით ესოდენსა სიმრავლესა სასულიეროთა და ერისკაცთასა, მლოცველთა და მავედრებელთა ჩვენი საყვარელი მოძღვრის სულით განათლებისათვის; ახლა მამა არქიმანდრიტ კონსტანტინეს სული ბუნებრივისა მწუხარებისაგან განთავისუფლდება და მსუბუქად აღიწევის ზეცას მისთა წამყვანთა ანგელოზთა თანა და ვერას აკლებენ მას ბოროტნი ეშმანი.

სიკვდილი მართლისათვის ცხონება არის და გარდაცვალება მიწიურთა ტანჯვათაგან ზეციურ ნეტარებაში. გვწამს ეს და გვიხარის მამა კონსტანტინესათვის, რადგანაც მართალი იყო იგი; მაგრამ შავნაღველი საყვარელი მოძღვრისაგან განშორების გამო არა გვშორდება და შეაიწრებს სულსა ჩვენსა. წავიდა ჩვენგან ჩვენი კეთილი მოძღვარი, ძველი თაობის წარმომადგენელი, საქართველოს ეკლესიის ყველაზე უხუცესი მონაზონი და მღვდელმსახური. მან თავისი ნებით აირჩია ცხოვრების იწრო, ნარეკლიანი გზა და განვლო მოთმინებითა და რუდუნებით...

ერთხელ მითხრა წმიდა ღიმილით: ,,მძიმეა ბერობის უღელი, მაგრამ სანატრელიაო". იგი თავად იყო ამ სიტყვების განმცდელ-აღმასრულებელი. როგორც მისგანვე და მისი ცხოვრება-მოღვაწეობის მცოდნეთაგან მსმენია, მას ბავშვობიდანვე იტაცებდა მონაზვნური, იგივე ბერული მოღვაწეობა. იმდენად ძლიერ უყვარდა მონასტრული ცხოვრება, რომ ჯერ კიდევ ბავშვი გაპარულა სახლიდან და ბედიის მონასტერში მისულა სამორჩილოდ. მაშინ იგი ერთი ხანობა შეუფარებია ნეტარხსენებულ მონაზონ ზოილეს (დვალი), მაგრამ მერე მამამისს უკანვე წაუყვანია. ამის შემდეგ გასულა რამდენიმე წელიწადი და 19 წლის კონსტანტინე მორჩილად შესულა წმ. ანდრია პირველწოდებულის წარჩე-მუხურის მამათა მონასტერში არქიმანდრიტ ლუკას (ნადარეიშვილი) წინამძღვრობის ჟამს, 1921 წელს, რომლის ხელითაც 1926 წელს აღკვეცილა ბერად. მორწმუნენო, გაამახვილეთ ყურადღება თარიღებზე! - მას ისე ძლიერ სწყუროდა ბერული მოღვაწეობა, არ შეუშინდა ურწმუნოთა მიერ ჩვენს ეკლესიაზე დატეხილ საშინელებებს და იმ დროს, როცა ათასობით ეკლესია-მონასტრებს ჰკეტავდნენ, ანგრევდნენ, ხოლო ბერ-მონაზვნებსა და სამღვდელოებას უმეტესწილად თითქმის სრულიად უსამართლოდ სდევნიდნენ და ავიწროებდნენ, ატყვევებდნენ, ხვრეტდნენ, ცილისწამებათა გზით სახელს უტეხდნენ და სხვა მრავალი, იგი ზუსტად იმ დროს შეუდგა ჯერ მონასტრულ მორჩილებასა და მერე კი ბერობას.

1930 წელს მონასტერი დაკეტეს უღვთოებმა და კონსტანტინე ბერი იძულებული გახდა, სოფელ ორსანტიაში ეცხოვრა, დედასთან, ვიდრე 1935 წლამდე, და იქ ემოღვაწევა ძალისაებრ მისისა.

მონასტრის დაკეტვა რამდენიმე წლის წინ ასე გაიხსენა მამა კონსტანტინემ: "იმ დღეს მე, როგორც მორჩილმა და ყველაზე ახალგაზრდამ, ტომრით სიმინდი წავიღე წისქვილში დასაფქვავადო. როცა დავბრუნდი, მონასტერი დარბეული დამხვდა - კომკავშირელებს ტაძარი წაუბილწავთ, ხატ-ჯვრები დაუმტვრევიათ, სენაკებიდან ყველაფერი წაუღიათ, ხოლო ბერები ძალად დაუკრეჭიათო. ღმერთმა ალბათ ჩემი მორჩილების გამო მიპატივა და მე დავრჩიო წვეროსანი", - მითხრა სულიერი სიხარულით, ხოლო იმ ბარბაროსობისა კი წყენით გამხსენებელმა მამა კონსტანტინემ.

1935 წლის მარტში ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა მელქისედეკმა (ფხალაძე, შემდგომში - კათალიკოს-პატრიარქი) ბერი კონსტანტინე სოხუმის წმიდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში აკურთხა იეროდიაკვნად, ხოლო მეორე დღეს - მღვდელმონაზვნად. "არეული დრო იყოვო, - მითხრა მ. კონსტანტინემ, - მღვდელმონაზვნად კი მაკურთხა მიტროპოლიტმა მელქისედეკმა, მაგრამ არც ერთ ეკლესიასა თუ მონასტერში არ განვუწესებივარო, რადგანაც თითქმის ყველა ეკლესია-მონასტერი დაკეტილი, მრავალი კი დანგრეული იყო, ხოლო რაც დარჩენილი იყო, მათაც იგივე ბედი ელოდათო, ამიტომაც კურთხევის შემდეგ დამკიდა ჯვარი მიტროპოლიტმა და მითხრა: "აჰა, მღვდელი ხარ, სად დაგნიშნო, როცა არაა ამის საშუალება, წადი და მოციქულებივით იქადაგე და იმოღვაწევე სოფელ-სოფელო". წამოვედი სახლში, ხოლო ის ტაძარი ჩემი მღვდელმონაზვნად კურთხევის მეორე დღეს დაანგრიესო ურწმუნოებმა..."

აწ უკვე მღვდელმონაზონი კონსტანტინე კვლავ თავის სოფელში დაბრუნდა და იქ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა დროის ვითარების მიხედვით, ვიდრე 1947 წლამდე. არც შინ აყენებდნენ ბოროტი ძალები. როგორც თავადვე აქვს ჩემთან ნათქვამი, - წელი კი დამავიწყდა, მაგრამ თავის სოფელში ცხოვრება-მოღვაწეობის ჟამს იგი დაუტყვევებიათ და ზუგდიდის საპყრობილეში უმყოფებიათ რამდენიმე თვის განმავლობაში. "მოგონილი ბრალდებით დამიჭირეს, მაგრამ ნამდვილი მიზეზი კი ის იყო, რომ მე ჩემს ბერობასა და მღვდლობაზე უარს არ ვამბობდი, მაგრამ იქაც ღმერთი შემეწია და გამათავისუფლესო".

1947 წელს მღვდელ-მონაზონი კონსტანტინე სოხუმის რაიონის სოფელ თავისუფლების ფერიცვალების ეკლესიაში მოღვაწეობდა მეორე მღვდლად არქიმანდრიტ ლუკას (ნადარეიშვილი) წინამძღვრობით, ვიდრე 1948 წლის ნოემბერში ის ეკლესიაც არ დაკეტეს უღვთოებმა. იმ თვესვე კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) მამა კონსტანტინე თეკლათის დედათა მონასტერში მღვდელმსახურად დაუნიშნავს.

მართალია, საყდარი ხელისუფლებისაგან ჩამორთმეული და დაკეტილი ყოფილა, მაგრამ მონაზვნები ერთ-ერთ სენაკში ლოცულობდნენ თურმე. ჭყონდიდის ეპარქია იმ წლებში ქუთაის-გაენათის ეპარქიაზე იყო მიწერილი და მას მიტროპოლიტი ეფრემი (სიდამონიძე, შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი) განაგებდა. მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით, ტაძარში მამა კონსტანტინეს ჯერ ღამღამობით, ჩუმად, ხოლო რაოდენსამე ხნის შემდეგ დღისითაც დაუწყია წირვა-ლოცვის აღვლენა.

1956 წელს მიტროპოლიტ ეფრემის (სიდამონიძე) მიერ მღვდელ-მონაზონი კონსტანტინე ბათუმის წმიდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში იღუმენის პატივში იქმნა აღყვანილი, ხოლო 1961 წელს, აწ უკვე კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის მიერ თბილისის დიდუბის ღვთისმშობლის ტაძარში, არქიმანდრიტად აკურთხეს. ხოლო შემდგომად რაოდენისამე წლისა იგი დაჯილდოებულ იქმნა მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.

1978 წელს არქიმანდრიტი კონსტანტინე კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ წმიდა გიორგის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

არქიმანდრიტი კონსტანტინე არ იყო ჯილდოთა მოყვარული და თუკი მაინც უარს არ აცხადებდა მათს მიღებაზე, ამას იგი ისევ და ისევ თავისი ბერული და სამღვდელო მორჩილების გამო იქმოდა და განაგრძობდა მოღვაწეობას ღვთისა და ქრისტეს მიერ მოყვასთადმი სიყვარულით.

მას საოცრად უყვარდა ღვთის ტაძარი და წირვა-ლოცვა. თავისი სიცოცხლის მეორე ნახევარში თითქმის მუდამ ავადმყოფობდა, მაგრამ არ ეპუებოდა სენს და თუკი ფეხზე დგომას შეიძლებდა, მაშინვე ტაძარს მიაშურებდა. ბევრჯერ ყოფილა, რომ მორწმუნე ერისკაცნი შუაღამისას ამოსულან მონასტერში მათი რაიმე გაჭირვების გამო სალოცავად და მამა კონსტანტინეს სენაკის ღრეჩოებიდან გამოსული ანთებული სანთლის სხივები უხილავთ და ჰსმენიათ წყნარი ხმა ლოცვისა. იგი ხომ არასგზით არ დააკლებდა წირვა-ლოცვის კანონს და სრულად აღასრულებდა მას. არ ერიდებოდა სიცხესა და სიცივეს. როცა ძლიერ მოხუცდა და ჯანიც საკმაოდ გაუტყდა, ზამთარში, ყინვისაგან გათოშილი მაინც იდგა საკურთხეველში, გაძვალტყავებულ, ნამოღვაწარ ხელებს ჯარისკაცულ მათარაში ჩასხმული ცხელი წყლით ითბობდა და ესრედ აღასრულებდა წირვა-ლოცვას ქრისტეს ჯარისკაცი. რამდენჯერ გამხდარა ცუდად წირვა-ლოცვის ჟამს და წაქცეულა, მერე დიდხანს მკურნალობდნენ, მაგრამ შეიძლებდა თუ არა წამოდგომას, კვლავ ღვთის ტაძარს მიაშურებდა.

რა საოცარი მორწმუნე იყო! ჭეშმარიტად, მასზედ იყო ამხდარი ქრისტეს სიტყვები, რომლითაც უფალი მოგვიწოდებდა ყოფნას მსგავსად ყრმათა.

არა მარტო სენი ებრძოდა მამა კონსტანტინეს, არამედ ბოროტი სატანაც და უფრო მეტადაც, რადგანაც შურდა მისი სიწმიდისა, რისთვისაც მრავალგვარ საფრთხეს უგებდა, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანდა. ასე დაიცვა უფალმა იგი 1967 წელს, როდესაც ეკლესიურმა მეშფოთეებმა მოტყუებით ჩაიყვანეს მცხეთაში, ვითომცდა კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემის დაბარებით, ნამდვილად კი ანტიეკლესიურ საქმეში გასარევად, მისი დიდი ავტორიტეტის გამოსაყენებლად ვითომცდა ქართული ეკლესიის სასიკეთოდ, ნამდვილად კი ეკლესიის მართლმადიდებლური გზიდან გადასაგდებად და მწვალებლობის გასამარჯვებლად. მაშინ, იხილა რა ბოროტი კრებული მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში, ილტვოდა მათგან, ვითარცა სულის წარმწყმედელ მგელთაგან. მსგავს მაგალითთა მოყვანა მრავლად შეიძლება.

ბოლო სამ წელს მთლად დაუძლურდა სხეულით, ძლივს, სხვათა დახმარებით გამოდიოდა თავისი ბერული სენაკიდან, ტაძარში საოცარი სიხარულით შევიდოდა, შეიმოსებოდა საწირავი შესამოსელით. ცოტა ხანს იდგა ფეხზე, მერე ძალა ელეოდა, მჯდომარეღა ისმენდა, ხოლო თანამწირველი მღვდელი განაგრძობდა და განასრულებდა წირვას. ბოლოს აღარც სხვათა დახმარებით შეეძლო ტაძარში შესვლა, მაგრამ ლოცვას არა ჰღალატობდა, თავის სენაკში, ხატების წინ ლოცულობდა სკვნილით, ხოლო როცა აღარც მჯდომარეს შეეძლო, მწოლიარე ლოცულობდა.

გულთამხილავმა უფალმა უწყოდა მისი მტკიცე რწმენისა, მაგრამ აქაც მაგალითად მოგვცა მისი ცხოვრება, როცა ესოდენ ნაჯაფ-ნამოღვაწარი, ღრმად მოხუცი მოძღვარი დაეცა და ფეხი მოიტეხა. ამის შემდეგ მთლად ლოგინად ჩავარდა, დიდხანს სტანჯავდა საშინელი ტკივილი, მაგრამ იობ მრავალვნებულის მსგავსად მანაც იტანჯა, ხოლო ღმერთი არა ჰგმო, არამედ ესოდენ მძიმედ სნეულიც კი მწოლიარე ლოცულობდა სკვნილით, ჩვენ კი მოგვეცა იგი გამოცდად - აბა, განვიკითხავთ თუ არა ღვთის სამართალს, ვინც ჩვენდამო შემთხვეულ ბოროტებასაც კი ჩვენსავე სასიკეთოდ მოაქცევს ხოლმე?! მამა კონსტანტინე კი ასეთ დროსაც იწერდა პირჯვარს და ადიდებდა და ჰმადლობდა უფალს. როცა ვუთხარი ზემორეთქმული, მან გაიხარა და მითხრა "მეც მაგასვე ვეუბნები ხალხს. შენ გაიხარე, რომ შენც ასე ფიქრობო!"

მკურნალობის მიზნით ნათესავებმა იგი სოფელში წაიყვანეს. რაც შეეძლოთ უმკურნალეს, მაგრამ როცა მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო, კვლავ მონასტერში დააბრუნეს. მამა კონსტანტინე სულით მოილტვოდა თავისი მონასტრისაკენ და როგორ გაიხარა, როცა დაუბრუნდა თავის სენაკს. იცოდა, რომ მალე უნდა გასულიყო ამიერ სოფლიდან; იცოდა, რომ უნდა მომკვდარიყო ხორცით, მაგრამ ოდნავადაც კი არ გამოუმჟღავნებია შიში ამის გამო. იყო მშვიდად და მწოლიარე ლოცულობდა სკვნილით. ძლიერ უხაროდა, როცა სასულიერო პირნი თუ მორწმუნე ერისკაცნი ინახულებდნენ ხოლმე. გარდაცვალებამდე მცირედ ადრე ეზიარა წმიდა საიდუმლოს...

ზეციურ გზას დაგილოცავთ, ჩვენო მოძღვარო. ეკლესია აღავლენს ლოცვას შენი სულის განსანათლებლად, იმ სულისა, რომელიც თავადაც განბრწყინვებულია შენი რწმენისა, ლოცვისა, პატიოსანი მოქალაქობისა და უამრავ კეთილ საქმეთა ძალით, რომელთაც შენ ფარულად იქმოდი, მაგრამ რომელთა დაფარვა მაინც შეუძლებელი იყო, მსგავსად აღნთებულისა სანთლისა. შენ ისე ჩანდი, როგორც მთაზე დაშენებული ქალაქი და, შენი ბერული თავგამოუჩენლობის სურვილის მიუხედავად, მაინცა სჩანდი სულიერი დიდებულებით და მოილტვოდნენ შენკენ სრულიად საქართველოდან და საქართველოს საზღვრების გარედან, რათა ენახეთ, გაემხილათ დაფარული ცოდვა თუ სხვა რამ საწუხარი, მოესმინათ შენი დარიგება და განკანონება შეესრულებინათ. შენ, პირად საქმეთა და ლოცვათაგან გადატვირთული, მაინც ნახულობდი დროს და, ხშირად მშიერ-მწყურვალი და გადაქანცული, ისმენდი სხვათა გასაჭირს და სიყვარულით ჰმოძღვრიდი მათ.

შენ ღმერთმა იმითაც გამოგარჩია, რომ შენღა იყავი ერთადერთი იმ ქართველ ბერთაგან, ვინც ბერად აღკვეცილი იყავი ქართველივე ბერის მიერ, რომელიც, თავის მხრივ, ქართული აღკვეცის კურთხევის მფლობელი იყო და ესრეთ შენს მიერ შემონახულ იქმნა ქართულ ეკლესიაში და განმრავლდა ძველქართველთა ბერული კურთხევის მომდინარეობა. შენგან ვისწავლე მე სისრულით მართლმადიდებლური წირვა-ლოცვის ტიპიკონი, ბერული ლოცვების კანონი და უკეთუ ახლა ჩემს მიერ სხვანი მიიღებენ ცოდნას, ამ მადლის დიდი წილი შენ მიგიძღვის.

აქ დამსწრეთაგან ყველას და სხვა მრავალთაც შენი მრავალი სიკეთე გაგვახსენდება. ამიტომაც არის, რომ გულსა გვწვავს შენი გარდაცვალება, ამიტომაც ვტირით და ვცრემლოით ჩვენ, რომ ხორციელად აქ აღარ გვეყოლები ძველი, ნაშრომ-ნაღვაწი, მლოცველ-მოღვაწე და კეთილი მღვდელმოძღვარი შენი სიკეთის დამფასებლებს. შენ მოხუცი იყავ და აღარ გაგაჩნდა ხორციელი სიკეთე, მაგრამ ჰნათობდი სულიერად და მიგვიზიდავდი რწმენით. დაგვწყდა გული შენი გარდაცვალებით, და აწ განიხარებენ შენთანა ზეცას გადასახლებულნი სულნი. წინ შეგეგებებიან შენი წარჩე-მუხურის მონასტრის ბერნი - მამა ლუკა (ნადარეიშვილი) და სხვანი; მაგალითი ბერობისა - მამა ალექსი (შუშანია); თეკლათის დედათა მონასტრის წინამძღვარნი, მონაზონნი და მორჩილნი; მამა ალექსის სავანის მოღვაწენი - სქემიღუმენია ფავსტო და სქემმონაზონი აკეფსიმე (შუშანიები); ჯიხეთის დედათა მონასტრის სულით განათლებული მონაზვნები ნეტარხსენებულ იღუმენია თეოდორას (მორჩილაძე) წინამძღოლობით, მონაზონ ანასტასიასთან (გოგელია) ერთად. შემოგეგებებიან შენი ლოცვითა და ღვთის წყალობით განწმენდილნი და ხსნილნი სულნი შენი ნეტარხსენებული მშობლებისა ნოჩოსი და ბარბარესი; შენი ძმების - დომენტისა და ტარასის, დის - ქრისტინესა და მრავალი, მრავალი მიცვალებულის სული, რომელთათვის დაუზარებლად ლოცულობდი. უხარისთ შენი მისვლა ჩვენს ნაღვაწ მამამთავართ, მღვდელმთავართა და მღვდელ-დიაკონთ, ვისთან ერთად გიმოღვაწია შენი ხორციელად სიცოცხლის ჟამს. იხარე, იხარე სულით, ჩვენო კეთილო მოღვაწეო, რამეთუ მუშა ღირსი ხარ სასყიდლისა (მათე 10,10). გევედრებით, რათა ნურცა ამიერიდან მოგვაკლებ შენი ლოცვის მადლს. ილოცე აწ ღვთისა წინაშე მდგომარემან, რათა უფალმან წყალობით მოხედოს შენს მონასტრებს, სადაც ლოცულობდი ხოლმე. ილოცე შენი ქრისტესმიერი მოყვრებისათვის და შენი მოყვარული ნათესავებისათვის...

დალოცე შენი ნათელი სულით მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ელენე (ადანაია) და ამ სავანის მკვიდრნი, შენი მაზიარებელი მღვდელი ანტონი წულაია.

უფროისად უმეტესად ევედრე უფალს, რათა წყალობით მოჰხედოს ჩვენს მრავალტანჯულ სამშობლო-საქართველოს, მოგვცეს სინანული მის შვილთ, შენდობაი შეცოდებათა და ნათელ მიზანთა მიღწევა.

მღვდლის ანდერძის აგებაში სწერია განმანათლებელი - "აწ განვისვენე და ვჰპოვე ლხინებაი მრავალი, რამეთუ გარდავიცვალე ხრწნილებისაგან და მივიცუალე ცხორებად, უფალო, დიდებაი შენდა!" - ჭეშმარიტად, არა მოჰკუდა, არამედ გარდაიცვალა მამა არქიმანდრიტი კონსტანტინე ხრწნილებისაგან და მიიცვალა ცხოვრებად, ჰსცხონდა სულითა და ჰპოვა ლხინებაი მრავალი. ამინ!"

- მართლაც შთამბეჭდავი სიტყვაა! დაბოლოს, რას გვეტყვით კიდევ სანუგეშოს დიდ მამა კონსტანტინეზე?!

- ამ რამდენიმე ხნის წინ აწ გარდაცვლილმა დასის უხუცესმა მონაზონმა დედა მარიამ (ალექსანდრა პავლეს ასული შატოვა) ინატრა: ))"ნეტავ, დღევანდელ დღეს მოსწრებოდა მამა კონსტანტინე, ეხილა სენაკი-ჩხოროწყუს ეპისკოპოსის, მეუფე შიოს აღმშენებლობითი საქმიანობა. რა ბედნიერი იქნებოდა...

ვიცი, ნეტარხსენებული ჩვენი დიდი მოძღვარი გიყვარდათ ქართველებს, მაგრამ არანაკლებ ესიყვარულებოდნენ და აფასებდნენ მას რუსი, უკრაინელი და სხვა ეროვნების მორწმუნენიც. მამა კონსტანტინეს მრავალრიცხოვანი მრევლი ჰყავდა კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებში, ურალში, ციმბირში. მის ნათელ სახელს დიდ პატივს მიაგებდნენ რუსი მამებიც.

მე შეიძლება ვერ მოვესწრო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქვეყანა რომ დაწყნარდება, უამრავი ქრისტიანი ჩამოვა მისი წმინდა საფლავის მოსალოცად. მომლოცველთა სიარული ამ გზაზე არასოდეს შეწყდება. ეს გზა ღვთივკურთხეულია, შვილო. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახებამ სამგზის მიუთითა მასზე კონსტანტინე ბერს და მანაც წმიდა გულით იღვაწა აქ.

გარდაცვალებიდან მე-40 დღეს დამესიზმრა, მხნედ გამოიყურებოდა, სახე უნათოდა. ვკითხე, - მამაო, როგორა ხართ-მეთქი. გამიღიმა. ბედნიერი ვარ, მარიაო. და გაუჩინარდა..."

- ბატონო პაატა, უღრმესი მადლობა საინტერესო მონათხრობისთვის!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat