-კვეტერას ციხესიმაგრე ქართლიდან კახეთში გომბორის უღელტეხილით მიმავალ მთავარ გზაზე, დიდ მთაზე მდებარეობს, რომელიც ახლა ტყითაა დაფარული. - გადმოგვცემს ისტორიული წყაროები. - შემაღლებაზე გამყოფილია ციტადელი. მთელი ციხე მასზე 6-7 ჯერ მეტია. ამ მონაკვეთში განლაგებულია გუმბათოვანი ეკლესია, სასახლისა და სხვა შენობათა ნანგრევები. ციხის ზედა მონაკვეთში, ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით ორსართულიანი სასახლის ნანგრევებია. აქ გამოიყოფა დიდი დარბაზი და დამხმარე სათავსების რიგი. იქვე ახლოსაა სამსართულიანი კოშკი. დარბაზის დიდ სივრცეს ანათებდა განიერი და მაღალი თაღოვანი სარკმლები. სასახლე ნაგებია ყორექვით, გამოყენებულია აგურიც. ციხის გალავანი, შემორჩენილი ნაშთების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საკმაოდ მაღალი უნდა ყოფილიყო. შიდაციხის გალავანში ჩართულია სწორკუთხა კოშკები. შემორჩენილია მათი მხოლოდ სამ-სამი სართული. ციხის საგუშაგო კოშკი, ეს რვასართულიანი ოთხკუთხა ნაგებობა, ციხის სამხრეთ-დასავლეთ მონაკვეთში დგას. კოშკიდან თხუთმეტიოდე მეტრზე არის პატარა დარბაზული ეკლესია. ციხის ამ მონაკვეთში გალავანში გაჭრილი კარია და შიგნით ნაგებობათა ნანგრევები.


ისტორიული წყაროებიდან ვგებულობთ, რომ კვეტერას ციხეს XI ს-ის შუა წლებიდან იხსენიებს, ვახუშტის ცნობით კი იგი უკვე VIII ს-ში არსებობდა. კვეტერას გუმბათოვანი ეკლესია გეგმით ჯვარისებრია. განეკუთვნება X ს. I ნახევარს. მისი ყოველი მკლავი დასრულებულია აფსიდით,რომლებიც გარეთ ხუთწახნაგა შვერილით გამოდის, სადაც თითოეული სიბრტყე შეწყვილებული ლილვების სისტემითაა შემოფარგლული. ცენტრალურ კვადრატზე აღმართულია მრგვალ ყელზე დაყრდნობილი გუმბათი. ნაგებია კარგად გათლილი შირიმის კვადრებით. გუმბათქვეშა კვადრატიდან რვაწახნაგა და შემდეგ წრიულ გეგმაზე გადასვლა ორსაფეხურიანი თაღებითაა განხორციელებული, წრიული გუმბათის ყელი გარედან თორმეტთაღოვან არედაა დაყოფილი. ტაძარი კარის ეკლესიად იყო გათვალისწინებული.


