გარდა დიდი ეკლესიისა, მღვიმევის გამოქვაბულში მოთავსებულია ნახევარზე მეტად კლდის მასივში შეჭრილი მცირე ზომის სამლოცველო. ეკლესიის ქვეშ, ნაწილობრივ კლდეშიც, კამარით გადახურული ხელოვნური გვირაბია გაკეთებული, რომელიც თავის დროზე, ჩანს, მონასტრამდე მისასვლელ საიდუმლო გზას წარმოადგენდა.
მღვიმევის მონასტრის მთავარი ეკლესია არის უგუმბათო, ორნავიანი. ეკლესიას ცხრა სარკმელი აქვს: შვიდი თაღოვანი და ორი მრგვალი. იატაკი ეკლესიაში ქვისაა. XIII საუკუნის მეორე ნახევარს უკავშირდება მღვიმევის მონასტრის ღვთისმშობლის ეკლესიაც. მღვიმევის ფასადების მორთულობა ნიკორწმინდაში მოცემული მხატვრობის გადმოღებაა. ცნობილია, რომ მღვიმევის ფრესკული მხატვრობის ძველ ფენაში წარმოდგენილი საერო პირები, წარწერების თანახმად, მღვიმევის აღმშენებლები, რაჭის ერისთავები - ძმები რატი და ნიანია კახაბერიძეები არიან. XIII საუკუნეში ისინი ყვირილის ხეობაში აგებენ საგვარეულო ეკლესიას და სურვილი აქვთ მიამსგავსონ ნიკორწმინდის ტაძარს.
მღვიმევის მხედრული და ასომთავრული ფრესკული წარწერები უკავშირდება ამშენებელთა პორტრეტებს. წარწერაში დასახელებულ კახაბერიძეთა გვარი კარგადაა ცნობილი ძველ ქართულ წყაროებში. რაჭის ერისთავების მაღალი წოდება კახაბერიძეებს, მატიანეების მიხედვით, თამარის მეფობაში ჰქონდათ. ამ დროიდან მოყოლებული XIII საუკუნის 80-იანი წლების დასასრულამდე, თითქმის ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ისინი რაჭის მმართველები არიან. კახაბერიძეთა ასული გვანცა, როგორც ცნობილია, დავით გიორგი-ლაშას ძის მეუღლე და მეფე დემეტრე თავდადებულის დედა იყო.
მღვიმევში, გარდა ფრესკული მხატვრობისა, კახაბერიძეთა გვარის წარმომადგენლების სახელები შემოგვინახა ვერცხლის ჭედურმა ხატებმა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ინახება მღვიმევის მონასტერში. 1923-1924 წლებში ხატები თბილისში ჩამოიტანეს. ინახებოდა ჯერ სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების კაბინეტში, შემდეგ მეტეხის მუზეუმში. ამჟამად ხატები დაცულია ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში. აქედან ვედრების კომპოზიციის სამ ხატში ნათლისმცემლისა და მაცხოვრის ხატების წარწერებში რაჭის ერისთავი რატია მოხსენიებული, ხოლო ღვთისმშობლის ხატის წარწერაში - რუსუდანი. რუსუდანი და რატი იხსენიებიან მღვიმევისავე მაცხოვრისა და ჯვარცმის ხატების წარწერებშიც. სამწირველის ფასადზე მოთავსებული მხედრული წარწერა გვამცნობს: "განახლდა სამწირველი ესე ქალწულ მოწამისა ეკატერინასა სახელსა ზედა წელთა უფლისათა ჩყგ". 1875 წლის ცნობას შეიცავს მღვიმევში დაცული მონასტრის არქიმანდრიტის ბერ იოანეს მინაწერი ვერცხლისყდიან პატარა სახარებაზე. მღვიმევში მონასტერი მოქმედი ყოფილა ვახუშტი ბატონიშვილის დროსაც. იგი გარკვევით ამბობს: "ამ ბჟინევის ხევს ზევით, ყვირილის ჩრდილოთ კერძ კიდეზედ, არს მღვიმე, კლდე დიდი გამოკვეთილი და მას შინა მონასტერი უგუმბათო, წითლის ბრწყინვალების ქვით ნაშენი, კახაბერ რაჭის ერისთავისაგან აღშენებული ქვაბსა შინა დის წყარო დიდი და კეთილი, უზის არქიმანდრიტი". XIX ს-ის 30-იან წლებში მონასტერი კვლავ მოქმედია. ამას მოწმობს დიუბუას მონათხრობი აქაურ ბერებზე. მომდევნო, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ცნობები მღვიმევის მონასტრის შესახებ არ შემონახულა. მხოლოდ XIX ს-ის 80-იან წლებში "მწყემსში" დაბეჭდილ მღვდელ იოსებ წერეთლის წერილში ნათქვამია, რომ მონასტერი მთელ იმერეთის ეპარქიაში ერთადერთია.
მამა თადეოზი: - ჭიათურის თითქმის ყველა სოფელში რამდენიმე ტაძარია, უფრო მეტად წმინდა გიორგის სახელობისა. მაგალითად, სოფელ ნავაზეთში სამი წმინდა გიორგის ტაძარია, სოფელ რგანში - ორი, დარკვეთის წმინდა დიდმოწამე გიორგის ტაძარი XI საუკუნისაა. ჩვენს ეპარქიაშია ჯრუჭის, მღვიმევისა და კაცხის მონასტრები.
სასულიერო მოღვაწეობა 1994 წლიდან დავიწყე. ამ დროიდან უკვე მღვდლად მაკურთხეს. მანამდე მედავითნე ვიყავი. პირველი ზიარება მღვიმევის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მივიღე განსვენებული მამა ზენონის ხელით. რელიგიური თვალსაზრისით, თვალი პირველად 1985 წელს ამეხილა. ხუთშაბათი დღე მქონდა გამორჩეული და ამ დღეს ამოვდიოდი ხოლმე ტაძარში. მერე ამიხსნეს, რომ უპირატესი კვირა დღე იყო... ძალიან მიყვარდა მედავითნეებთან ყოფნა, წიგნის კითხვის სწავლა. 1987 წლის 13 აპრილს მივიღე პირველი ზიარება. მას შემდეგ აქტიურად დავიწყე ეკლესიაში სიარული, მედავითნეობასაც შევეჩვიე. ჩემი მოძღვარი არის, იყო და იქნება ახლა უკვე მღვდელმონაზონი ბასილი (მაშინ - დეკანოზი ზურაბ ანთაძე). მადლობა ღმერთს, რომ 25 წელია, ჩემი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით და რჩევა-დარიგებით ვხელმძღვანელობ. ჩემს მოძღვართან ახლა უკვე მონაზონმა, მაშინ ერის ქალმა, ცისნამმა მიმიყვანა. ეს ჩემთვის ავტორიტეტული ადამიანი რელიგიურ ცხოვრებაში, ახლა საგურამოში, ბურიანის დედათა მონასტრის წინამძღვარია. ჩემი მოძღვარი ჩემი იდეალია და მჯერა, რომ ღვთის სასუფეველში მიმიყვანს. მას ვაკვირდები და ერთხელ არ მოვუტყუებივარ, ერთხელ არავინ განუკითხავს და ოდნავ არ გადაუხვევია საეკლესიო სწავლებისთვის.
1991 წელს ჩამოვიდა ჩემი მაკურთხეველი, განსვენებული მიტროპოლიტი კონსტანტინე (მელიქიძე), ქორეპისკოპოსი პატრიარქისა. მაშინ აქ მღვდლების ნაკლებობა იყო. ცოტა ხანში დედები ჩამოვიდნენ და განახლდა სამონასტრო ცხოვრება. მღვიმევის ღვთისმშობლის შობის ტაძარში ღვთისმსახურება სულ აღესრულებოდა. აქვე მსახურობდა მამა თევდორე ქებაძე, მამა მელქისედეკ ხვედელიძე. 1993 წელს, ფერისცვალების დღეს, დედების ლოცვით დამიძახა საკურთხეველში მეუფე კონსტანტინემ და დამიწყო საუბარი მღვდლად კურთხევასთან დაკავშირებით. მაშინ მომზადებული არ ვიყავი. ჩამიყვანეს თბილისში ჩემს მოძღვართან, რომელმაც მიმიყვანა ანჩისხატში. იქ ყოველდღიური წირვა-ლოცვა აღესრულებოდა. მოვემზადე და 1994 წლის 12 ივლისს სამღვდლო დიაკვნად მაკურთხეს. მერე მღვდლად დამასხეს ხელი. მალე გარდაიცვალა ტაძრის წინამძღვარი მამა თევდორე ქებაძე. მამა მელქისედეკი სხვაგან გადაიყვანეს. მამა დავითი, რომელიც მალე აკურთხეს მღვდლად, გადავიდა სოფელ ნაგუთში. ღვთის წყალობით, ამ დიდებულ ეკლესია-მონასტერში ახალნაკურთხი მღვდელი 1994 წლიდან დავრჩი ტაძრის წინამძღვრად. მადლობა ღმერთს, რომ აქ ვარ და მინდა, ბოლომდე აქ ვიმსახურო. მინდა ამ ტაძრის ახლოს დამასაფლაონ. ოთხი წელი ძალიან ტკბილ ურთიერთობაში ვიყავი ჩემს მაკურთხეველთან, მეუფე კონსტანტინესთან. 1998 წელს ჩვენი ეპარქია გაიყო. მეუფე უძღვებოდა მარგვეთის ეპარქიას. ჩვენ დავრჩით ჭიათურა-საჩხერის ეპარქიაში. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ჭიათურა-საჩხერის ეპარქიას უძღვებოდა მეუფე აბრაამი (გარმელია). ოთხი წელი იმსახურა მეუფემ ჩვენს ეპარქიაში, ახლა ცხუმ-აფხაზეთისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) გახლავთ.
თავიდან ტაძარში ოთხი მოხუცი რუსი ქალი დამხვდა და რამდენიმე ახალგაზრდა. დროთა განმავლობაში ტაძარში გამრავლდა მრევლი. ყოველ დღესასწაულზე მეტი და მეტი ადამიანი ეზიარება ქრისტეს სისხლსა და ხორცს. მღვიმევის ტაძარში ამჟამად სამი მღვდელი ვმსახურობთ - მე, მამა გაბრიელი და მამა გიორგი. სამივეს ოთხ-ოთხი შვილი გვყავს, მე - ოთხი შვილიშვილიც.
მღვიმევში არის სამი ტაძარი - აღდგომის, ღვთისმშობლის შობის და წმინდა ეკატერინეს სახელობისა. წმინდა ეკატერინეს ვემსახურები რამდენი წელია და მან ღირსი გამხადა ჩავსულიყავი სინა-რაითის ეპარქიაში. იქაურმა პატრიარქმა დიდი სიყვარულით მიგვიღო. ჩვენს უწმინდესს დიდ პატივს მიაგებენ. მოვილოცეთ წმინდა ეკატერინეს წმინდა ნაწილები. ასევე გაგვიხსნეს ბიბლიოთეკა, რომელიც რამდენიმე წელიწადში ერთხელ იღება. უფალმა ღირსი გამხადა, რომ იერუსალიმიდან მაცხოვრის საფლავიდან გადმოსული სასწაულმოქმედი ცეცხლი ჩამომეტანა დასავლეთ საქართველოში.
- რა არის ადამიანისთვის აუცილებელი?
- ეკლესიური ცხოვრება მოთმინებას მოითხოვს. მოთმენა არ უნდა იყოს ამპარტავნულად, თავმდაბლურად უნდა გამოიხატებოდეს. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ თუ ჩვენ შეურაცხგვყოფენ, უნდა დავითმინოთ. გავიხსენოთ, რა გაუკეთეს მაცხოვარს.
- რა სულიერ რჩევას მისცემთ ხალხს?
- ჩემთვის ღვთის წყალობა იყო გამოცდილი მოძღვრის ნახვა. გამოცდილებას მაინც ასაკი იძლევა. როცა შეარჩევ, მერე უნდა გამოიკითხო, ვინ არის ამ მოძღვრის მოძღვარი, როგორი აქტიურია ეკლესიური წესების დაცვაში. მართლმადიდებლობის დამცველია თუ ცოტა გულგრილია. შეურჩევლად, პირდაპირ მიხვიდე და შენი ძვირფასი სული ჩააბარო, ეკლესია არ გვირჩევს. წირვა-ლოცვის ჩატარება ყველა მღვდელს შეუძლია, მაგრამ თუ მას გამოცდილება არ აქვს, აღსარებებს იღებს, რჩევებს იძლევა და ემოციებით აკეთებს ამას და თანაც განმკითხველია, ასეთი მღვდელი სულიერად ვერ დაგაპურებს. მოძღვრის შერჩევის შემდეგ ადამიანი აუცილებლად უნდა შეეჩვიოს ლოცვას, მარხვას. მერე ოჯახური კეთილდღეობაც მოვა.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.
მამა გაბრიელ ვაშაძე: - ჩემზე დიდი გავლენა იქონია მამიდაშვილმა, ახლა უკვე დედა ანთიამ. მასთან ერთად სამი გოგონა იყო. მათი მშობლები ნაკლებად უშვებდნენ გოგონებს შინიდან, მაგრამ მე მანდობდნენ და მე ვიყავი მათი ფარი. დაახლოებით სამი წელი დავდიოდი ასე ტაძარში. აღსარებას არ ვამბობდი და ზიარებასაც არ ვიღებდი. 1987 წლის აღდგომას ვთქვი პირველი აღსარება თბილისში, წმინდა მიხეილ ტვერელის სახელობის ტაძარში და იმ დღესვე ვეზიარე. 1987 წლიდან მღვიმევის დედათა მონასტერში ვმსახურობ. მორაგბე ვიყავი. მე და ჩემი მეგობრები მონასტრის გახსნამდე მის რესტავრაციაში ვმონაწილეობდით. თავიდან აქ მხოლოდ ერთი მოხუცი მანდილოსანი ცხოვრობდა. 1992 წელს უკვე დედები ჩამოვიდნენ და აღდგა სამონასტრო ცხოვრება. მაშინ ჩვენს ეპარქიას მეუფე კონსტანტინე უძღვებოდა. მართლაც უბრწყინვალესი ადამიანი იყო, მზრუნველი თავისი სამწყსოსი. მისი ლოცვა-კურთხევით მოხდა ჩემი და მამა თადეოზის მღვდლად კურთხევა. 1996 წლის 16 მარტს დიაკვნად მაკურთხა. 1997 წელს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე კი მღვდლად დამასხეს ხელი. დღემდე ვემსახურები მღვიმევის მონასტერს.
განსაკუთრებით იმიტომ მიყვარს მღვიმევის მონასტერი, რომ აქ ჩემი წინაპრები, ვაშაძეების გვარისშვილები მსახურობდნენ. ბოლო მღვდელი, ბესარიონ ვაშაძე, კომუნისტებმა 1937 წელს დახვრიტეს. ერთ-ერთის, მამა სპირიდონ ვაშაძის საფლავი ტაძრის ეზოშია. ვაშაძეების შტოა - არქიმანდრიტი სიმონ ვაშაძე, მამა გრიგოლ ვაშაძე, მამა ბესარიონ ვაშაძე. მამა ბესარიონს ძალიან დიდი ღვაწლი მიუძღვის ჭიათურა-საჩხერის და საერთოდ იმერეთის სულიერ აღორძინებაში. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა პირველი სამრევლო სკოლა, აშენდა ბევრი ტაძარი. ერთ-ერთი - სოფელ დილიკაურის ტაძარია. მღვიმევში მრევლი თითებზე ჩამოსათვლელი იყო. ტაძარში რუსულად აღესრულებოდა ღვთისმსახურება. შემდეგ იმატა მრევლმა. საკვირაო წირვას ღვთისმშობლის შობის ტაძარში აღვავლენთ ხოლმე. ღვთის წყალობით, ვცდილობთ, მრევლი შემოვიკრიბოთ. მეხუთე წელია, მონასტერში ღამისთევის წირვას მონაცვლეობით ვატარებთ მე და მამა თადეოზი.
- როგორი უნდა იყოს ქრისტიანის ცხოვრების წესი?
- თუ სწორად ცხოვრობს ადამიანი, ქრისტიანის ცხოვრების წესი რთული არ არის. უფალი შეეწევა კეთილი საქმის აღსრულებაში. ეკლესიაში უნდა დადიოდეს, ამბობდეს აღსარებას და ხშირად ეზიარებოდეს. თუ ქრისტიანი არ ასრულებს ამ წესებს, ფაქტობრივად, ასეთი ქრისტიანის ცხოვრება მკვდარია. ზიარება არის გვირგვინი ქრისტიანული ცხოვრებისა. ადამიანი ამის გარეშე ვერ ცხონდება. ვთხოვ ყველას, ვისაც უნდა ცხონება, იყოს ეკლესიის წიაღში. შეუძლებელი არაფერია, მთავარია სურვილი იყოს.
ჩვენს ეპარქიას 2002 წლიდან მეუფე დანიელი წინამძღვრობს. ძალიან ზრუნავს ეპარქიის გასაძლიერებლად. მისი დახმარებით და ლოცვა-კურთხევით, მრავალი ტაძარი აიგო, მრავალი მღვდელმსახური ეკურთხა, რამაც ხელი შეუწყო ჩვენს ეპარქიაში მრევლის გამრავლებას. მეუფეს სურვილია, ყველა სოფელში იყოს მოქმედი ტაძარი და ყველა ტაძარში მოძღვარი მსახურობდეს. მისი ლოცვა-კურთხევით, რამდენიმე ხნის წინ ჩვენს ეპარქიაში უწმინდესი ჩამობრძანდა. ეს ძალიან დიდი ზეიმი იყო თითოეული ჩვენგანისთვის. მაშინ ჩაეყარა საფუძველი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობას. ეს ყველაფერი მეუფის დამსახურებაა და მადლობა მას ასეთი მზრუნველობისთვის.
ღმერთმა გაგაძლიეროთ.