ცოტამ თუ იცის, რომ სოფელ რუისში, მაღალყოვლადუსამღვდელოესი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის იობის ლოცვა-კურთხევით, წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი შენდება.
ამ მადლიან ეპარქიაში, სადაც წმინდა მეფე გაიზარდა და მოღვაწეობდა, დღემდე მისი სახელობის ტაძარი არ ყოფილა. თუკი ერთობლივი ძალით შევძლებთ შევეწიოთ ამ დიდებული მეფის სახელობის ტაძრის მშენებლობას, მალე ტაძარი სრულყოფილ იერსახეს მიიღებს.
მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით ტაძრის მშენებლობას მამა დემეტრე მურვანიძე უძღვება.
რუისის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მშენებარე ტაძრის წინამძღვარი, მამა დემეტრე მურვანიძე:
-შარშან, მეუფე იობის კურთხევით დავიწყეთ ბაზილიკური სტილის ტაძრის მშენებლობა. ღვთის მადლითა და მეოხებით ვაშენებთ ამ დიდებულ ტაძარს. მადლობა უფალს, რომ არსებობენ კეთილი ადამიანები. იმედი მაქვს, რომ მეუფის კურთხევით და ჩვენი მამულიშვილების წყალობით, ტაძარი დაიდგამს ჯვარს და აგუგუნდება ზარები, სადაც აღევლინება წირვა-ლოცვა, მოიხსენიება ჩვენი სამშობლო და მოხდება უსისხლო მსხვერპლშეწირვა. ტაძრის მშენებლობაში სოფლის მოსახლეობაც არის ჩართული, დასახმარებლად სხადასხვა კუთხიდან ჩამოდიან. ფიზიკურად გვერდით გვიდგანან ჯარისკაცები. თავდაუზოგავად შრომობენ და იღებენ ამ დიდებული ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობას. ამ ეტაპზე გუმბათებამდე ვართ მისული. ტაძრის მშენებლობა ბოლომდე რომ დავასრულოთ ფინანსებთან ერთად საჭიროა ლოცვა და შრომა. გვესაჭიროვება დახმარება. იმედია, გამოჩნდებიან კეთილისმსურველი ადამიანები და შეგვეწევა ამ დიდებულ საქმის აღსრულებაში. ტაძარი სულიერი საავადმყოფოა, ჩვენი წინაპრები ტაძრებს აშენედნენ და ამით გვედგა სული, დღემდე აქამდე მოვედით. ეს არის სწორედ ჩვენი დიდი წინაპრების დიდი დამსახურება.
***
წმინდა მეფე დავითი რუისში გაიზარდა. მოგეხსენებათ, რომ დავითი მამაცაშვილებმა გაზარდეს. ასეთი თქმულებაც არის, რომ დავითი რუისში მოინათლაო, გალავნის ფერისცვალების სახელობის უძველეს ტაძარში. ძალიან ვგრძნობთ დავით აღმაშენებლის შეწევნას. მეუფის კურთხევით, თითქმის შიშველი ხელებით დავიწყეთ ტაძრის მშენებლობა, გვერდით არავინ მედგა, მაგრამ კეთილი ადამიანების შემწეობით და გვერდით დგომით, ნელ-ნელა დასასრულისკენ მივდივართ.
აი, რას წერს ვახტანგ ორბელიანი მამაცაშვილებზე: ,,ბატონებო! კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი... არ არის მამაცაშვილების გვარში პირველი, რომელმაც არ დაზოგა ღვაწლი და შრომა და შესწირა თავისი სიმთელე თვის მემამულეს ძეთ. მამაცაშვილების გვარი არის დიდად ძველი და ისტორიული გვარი. ამ გრძელს ჩემს ცხოვრებაში მიცვნია, ვინც ყოფილან მამაცაშვილები და ზოგნი მათგანი მიცვნია ახლოდ - ყველანი ყოფილან სიქველის და კეთილშობილურის გრძნობით აღსავსენი და თუ მოვიგონებთ ძველთა დროთ და ძველთა საუკუნეთ, მაშინ თვალწინ წარმოგვიდგება მამაცაშვილების გვარში დიდი ისტორიული ფაქტი როდესაც ორასი წლის არაბთ მფლობელობის ქვეშ საქართველო იყო დანგრეული და უკანასკნელს განწირულებაში, მაშინ რუისში, მამაცაშვილების უბრალო ქოხში, არაბთაგან უცნობად, მიმალულად იზრდებოდა ერთი ბალღი;
მამაცაშვილებმა გაზარდეს ის ბალღი, შთაუბეჭდეს თავიანთი მხურვალე სიყვარული მამულისა და ქრისტეს სარწმუნოების გრძნობა, თავიანთი მამაცობა და ქველობა, რაკი სიჭაბუკეში შევიდა, ის ბალღი გაიყვანეს ჩერქეზეთში, გარს შემოახვიეს მთელი ჩერქეზნი, ოსნი და მთლად შუა კავკაზის ხალხნი, იმ დიდის ლაშქრით და მამაცაშვილების წინამძღოლობით მომართა იმ ჭაბუკმა საქართველოს, დაეცა არაბებს, დაამარცხა პირველს ბრძოლაშივე. მამაცაშვილებმა აღძრეს მთელი საქართველო, ჭაბუკი მიესია არაბებს, განდევნა იგინი საქართველოდამ და საქართველო გაათავისუფლა, ახლად აღადგინა. ის ბალღი, რომელიც გაზარდეს მამაცაშვილებმა თავის ქოხში, იყო დიდი დავით აღმაშენებელი. ღვთის მადლი იყო, რომ არაბებმა ვერ შეიტყვეს, ვისა ზრდიდნენ მამაცაშვილები თავის ქოხში; თუ შეეტყოთ, აღარ იქნებოდნენ აღარც აღმაშენებელი და არც მამაცაშვილები".
გთხოვთ შეეწიოთ რუისის წმინდა დავით მეფის სახელობის ტაძრის მშენებლობას:
TBCBGE 22
GE75TB7521936080100003
ტელ.: 599 18 19 62დალოცოს ყველა ვინც ამ დიდებულ საქმეში მიიღო და მომავალშიც მიიღებს მონაწილეობას. ეს არის დიდი და წმინდა საქმე. ასმაგად მიეგება ყველას ამ დიდებული საქმის დასრულება. ღმერთმა გაგახაროთ და ღმერთმა შეგიწიროთ. ღმერთმა ინებოს, რომ ეს ტაძარი დასრულდეს და რუისიდან მოგვეხსენებიოს მთელი საქართველო. იხარეთ და ცხონდით.