XV საუკუნეში კახეთი შედარებით მოღონიერდა და მტრის თარეშიც შემცირდა, გრემიც გაძლიერდა. ერთ-ერთი ცნობით, XVII საუკუნეში ალექსანდრე II-ის გამაჰმადიანებულმა ვაჟმა, კონსტანტინემ გაუგონარი ბოროტება ჩაიდინა - მოკლა მამა, ძმა და რუსთავის ეპისკოპოსი. კახელები აუჯანყდნენ კაენზე უარესს და გამარჯვება გრემში იზეიმეს.
შაჰ-აბასის მრავალგზისმა ლაშქრობამ ქართლ-კახეთი წელში გატეხა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს 1616 წლის ლაშქრობანი. გამძვინვარებულმა შაჰმა ქვეყანა გააპარტახა, ასი ათასზე მეტი ტყვე წაასხა და აყვავებული მხარე თითქმის გააუდაბურა. ყიზილბაშთა ცეცხლსა და მახვილს გრემი ნანგრევებად უქცევია და ფეხზე ვეღარ წამოდგა. მართალია, გრემი კახეთის დედაქალაქი ჯერ კიდევ იყო, მაგრამ ძველი დიდება უკვე აღარ გააჩნდა. როდესაც რამდენიმე ათეული წლის შემდეგ აქ როსტომ მეფეს გამოუვლია, მის მემატიანეს ასე ჩაუწერია: "იქ მრავალი კარგად ნაშენები სასახლენი დაქცეულ-დანგრეულ ვნახეთ, უკარო და უჭერო ნადირთ სადგომ ქმნილნი".
შემდგომ, როდესაც კახეთის სატახტო ქალაქი თელავი გახდა, გრემში თანდათანობით გაქრა ცხოვრება. ვახუშტი ბაგრატიონი წერს: "საბუე-გრემის... წყალზედ (იგულისხმება ახლანდელი მდ. ინწობა) არს გრემი, რომელი ქმნეს ქალაქად ქრისტესა ჩუივ და განდგომილებისა კახთ მეპატრონეთა და მყოფობდნენ მუნ. აწცა არს შენობა და ეკლესია შეუმუსრავი. ოდეს მოაოხრა შააბაზ, მიერით არს დაბა და არღარა ქალაქი. აქა არს ეკლესია გუმბათიანი, კეთილშენი, მთავარანგელოზთა და არს მეფე ლევან დაფლული მას შინა".
ტაძრის აგების ზუსტი თარიღი არ ვიცით, თუმცა ტაძარში მეფე ლევანის ფრესკის წარწერა გვაუწყებს: "მეფე ლეონ აღმშენებელი". მეფეს ხელში ეკლესიის მოდელი უჭირავს და მიმართულია ტახტზე მჯდარი ღვთისმშობლისადმი, რომელსაც მუხლზე ყრმა ქრისტე უზის. ვიგებთ, რომ ტაძრის მაშენებელია ლეონი, მაგრამ როდის მოხდა ეს, უცნობია. ტაძრის აგების თარიღის გასარკვევად გ. ჩუბინაშვილი იშველიებს რუსი ელჩების ცნობას: "ათანასე არქიმანდრიტმა თქვა, ოცდახუთი წელია, რაც ტაძარი ააგესო". არ არის გამორიცხული, რომ არქიმანდრიტს ზუსტად არ სცოდნოდა, აგებიდან რამდენი წელი იყო გასული (შესაძლოა, საუბარში წლები დამრგვალებულად ეთქვა), მაგრამ მშენებლობა რომ 60-იან წლებს ეკუთვნის, საეჭვო არ უნდა იყოს. რუსი ელჩები, რომლებიც კახეთის მეფეებს დიპლომატიური მისიით არაერთხელ სწვევიან, თავიანთ ჩანაწერებში ხშირად ახსენებენ მთავარანგელოზის ეკლესიას და მათ ცნობებს, როგორც პირველ წყაროებს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ერთ-ერთი ასეთი ჩანაწერის მიხედვით, ელჩები მოსულან გრემს 1637 წელს და გაჩერებულან მთავარანგელოზთა მონასტერში, რომელიც ციხეში იდგა. მეორე ცნობით, მთავარანგელოზთა მონასტერი ლევან მეფეს აუშენებია და უბრძანებია მისი იქ დაკრძალვა.
არსებობს ვარაუდი, რომ ტაძრის ადგილზე ადრე ეკლესია უნდა მდგარიყო და მისი ნაშთები უფრო ღრმად არის მიწაში ჩამალული. ივ. ჯავახიშვილს მოჰყავს "მატიანე ქართლისას" ერთი ცნობა, სადაც მოხსენიებულია "მთა მიქელ-გაბრიელთა". ეს მთა მოხსენიებულია მატიანეში კახეთის შემოსამტკიცებლად ბაგრატ IV-ის (1027-1072 წ.წ.) ბრძოლასთან დაკავშირებით, XI ს-ის III-IV ათასწლეულის მიჯნაზე. გ. ჩუბინაშვილი ვარაუდობს, რომ "მატიანეს" ცნობა შეიძლება გრემის მთავარანგელოზს გულისხმობს, რაც გვაფიქრებინებს ჯერ კიდევ XI ს-ში აქ მიქაელისა და გაბრიელის სახელობის ეკლესიის არსებობას. ბორცვის დიდი ნაწილი გვიანდელ ნაგებობებს აქვს დაკავებული და მისი გათხრით შემოწმება შეუძლებელია, მაგრამ ტაძრის ეზოს ჩრდილოეთ მხარეს ნაპოვნი მხატვრული კერამიკის ნატეხები თარიღდება XIII საუკუნის II ნახევრით და XIV საუკუნით. ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობდა 1939-1949 წლებში.
"მთავარანგელოზი" ანუ მთავარანგელოზთა სახელობის მონასტერი მდებარეობს ყვარლის რაიონის სოფ. გრემის აღმოსავლეთით ციტადელში, მაღალ გორაკზე. ტაძარი აგებულია 1565 წელს, კახთა მეფის, ლევანის მიერ. ეკლესიის მოხატვა დაუსრულებიათ 1577 წელს. ტაძრის სათოფურებიანი გალავანი ამავე დროს სიმაგრეც იყო. იგი ერეკლე II-ს შეუკეთებია. ტაძრის აგებამდე გორაკზე კოშკურა შენობა მდგარა, რომლის III სართულისთვის შემდგომ სამრეკლო დაუშენებიათ.
ის ცენტრიდან 7 კმ მოშორებით, ხირზენის კალთაზე, მაღლობზეა აგებული. გადმოცემის თანახმად, იმ ადგილას, სადაც ეკლესიაა აგებული, ციხე "წაჩხურის ჯიხა" ყოფილა. ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ კულტი დაემხო და იმ ადგილას ეკლესია აშენდა. გალავანში მოქცეული პატარა ეკლესია დაუშლიათ და ახალი, დიდი ტაძარი აუშენებიათ. აქ ყოფილა წაჩხურის მთავარანგელოზის ხატი, რომელსაც "მოსკე წაჩხურს" ეძახდნენ. "მოსკე" - მეძევეს, მეშვილეს, ხოლო "წაჩხურა" - წყალტივს, ე.ი. "მოსკე წაჩხური" ვაჟების მომცემს ნიშნავს. ამ ხატს ხალხი შვილოსნობას შესთხოვდა.
სოფლებიდან უშვილო ქალები ფეხშიშველი ადიოდნენ და დაჩოქილნი, ხატს შვილს შესთხოვდნენ. ხატს ოქროსა და ვერცხლის ნივთებს სწირავდნენ. იქ მოსკეს კულტი უძველესი დროიდან ყოფილა. მომლოცველებს მოჰქონდათ თავიანთი სიმაღლის ტოლი სანთელი, ვერცხლის ძაფი, სანთელ-საკმეველი, ფული და ლამაზად მორთული პატარა აკვნები. ტაძარს სამჯერ წრეს შემოუვლიდნენ და უფალს შეწევნას სთხოვდნენ.
სეფიეთის მთავარანგელოზთა ეკლესია მდინარე აბაშის მარცხენა სანაპიროზეა აშენებული, ასწლიანი ცაცხვის ხეებით დაბურულ ეზოში, მას ორი დამოუკიდებელი ნაგებობის წაგრძელებული ფორმა აქვს, რადგან ერთმანეთსაა მიშენებული და ტიპურ სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს. ეკლესია წარსულში მოხატული ყოფილა, ამჟამად კედლები სარესტავრაციო სამუშაოებს მოითხოვს.
სოფლის სახელწოდება, აქაურთა თქმით, მოდის ვინმე თავადის ქალ სეფე ოჩიგავას სახელიდან, რომელიც მკურნალი და მენელსაცხებლე ყოფილა. მის პატივსაცემად აქაურობისთვის შეურქმევიათ სეფე-ეთი. სეფიეთის ეკლესიამ საშინელი დღეები გადაიტანა გასაბჭოების შემდეგ. რომ არა ამ სოფლის მკვიდრის, ისტორიკოს სერგი მაკალათიას უდიდესი ძალისხმევა, ეკლესიას მიწის პირისაგან აღგვას უქადდნენ ბოლშევიკები. ბატონი სერგი თურმე ფულს უხდიდა მის მიერ დაქირავებულ მომვლელ ქალს. ამ ეკლესიაში 1996 წელს აღდგა წირვა-ლოცვა.
სამწევრისის მთავარანგელოზთა დედათა მონასტერი
მთავარანგელოზთა დედათა მონასტერი ქარელის რაიონის სოფელ სამწევრისში თითქოს დარაჯად უდგას ამ ხეობას. გალავანზე აღმართული დიდი ჯვარი გადმოჰყურებს მიდამოს, როცა ირგვლივ წყვდიადი დაისადგურებს, განათებული ჯვარი იცავს ერს და ბერს.
მონასტერი თარიღდება ფეოდალური ხანით. კომპლექსში შედის: დიდი კოშკი, ეკლესია, გალავანი, აგრეთვე სასახლის და სხვადასხვა ნაგებობის ფრაგმენტები. აქ მდგარა დიდი კოშკი, ცოტა მოგვიანებით მას მიაშენეს გალავანი და ეკლესია. ქვედა გალავანი და იქ მდგარი ნაგებობები, გარდა ეკლესიისა, გვიანდელია. განახლება და მშენებლობა, სავარაუდოდ, დაკავშირებულია ფანასკერტელ-ციციშვილების გვარის წარმომადგენლის, მერაბ ციციშვილის მოღვაწეობასთან.
დედათა მონასტრის წინამძღვარია სქემიღუმენია ალექსანდრა (ძაგნიძე).
21 ნოემბერს მთელი ქიზიყის (და არა მარტო ქიზიყის) მოსახლეობა მიემართემა ამ ტაძრისაკენ სალოცავად. მთავარანგელოზის ხევთან, ქუდურის უბანში, ე. წ. კონსტანტინეს წყაროსთან "ყვავის საყდარია". უხუცესების გადმოცემით, ამ ტაძრიდან ყვავებს მოუპარავთ ხატი და ქუდურის ყველაზე მაღალ ადგილზე დაუსვენებიათ. ამით ნიშანი მისცეს, რომ აშენებულიყო ეკლესია. ამჟამად "ყვავის საყდრის" ნანგრევებიღაა შემორჩენილი.
ხოტევის მთავარანგელოზის ტაძარი რაჭველი თავადების, წულუკიძეების რეზიდენცია სოფელი ხოტევი იყო. აქვე გახლდათ მათი კარის ეკლესია და საგვარეულო სასაფლაო. მათ ადგილსამყოფელი ჰქონდათ აგრეთვე მიქარწმიდაში და ბუგეულს. ხოტევში არის აგრეთვე XIX ს-ის შუა ხანებში აგებული მთავარანგელოზის გუმბათიანი ტაძარი და სამრეკლო.
თანღილის მთავარანგელოზის სახელობის მამათა მონასტერი
ეკლესია განსხვავებულია სვანეთის ტაძრებისგან. ეკლესია მოხატულია XIII ს-ში ორი ოსტატის მიერ.
მონატრის წინამძღვარია სქემიღუმენი ეგნატე (კურტანიძე).
შეგვეწიოს მთავარანგელოზთა მადლი.
ღირსი მამა ალექსი დაიბადა 1851 წლის 23 სექტემბერს (ძვ. სტ.) სოფელ ნოქალაქევში, ღვთისმორწმუნე მშობელთა - ლევან შუშანიასა და ელენე შავდიას ოჯახში. მამის სიკვდილის შემდეგ 16 წლის ჭაბუკი ბიძასთან, ისლამ შუშანიასთან გაემგზავრა სტამბოლში. აქ მოხდა მკვეთრი გარდატეხა მის ცნობიერებაში. სასწაულებრივი ხილვის შემდეგ სარწმუნოებრივი განწყობით გაჟღენთილი დაბრუნდა სამშობლოში და ოჯახს ბერად შედგომის ზრახვა გამოუცხადა. ერთხანს სალოსურ ცხოვრებასაც ეწეოდა, დადიოდა სოფლიდან სოფლად ფეხშიშველი, ეხმარებოდა ქვრივ-გაჭირვებულებს, უვლიდა გადამდები სენით შეპყრობილ უჭირისუფლოთ. მე-19 საუკუნის 70-იან წლებში მღვდელმონაზონ ბენედიქტე ბარკალაიასთან ერთად გაემგზავრა ათონის მთაზე, სადაც რამდენიმე თვე დაჰყო. მისი გავლენით მონაზვნად შედგა მთელი ოჯახი: ძმა, დები და დედა. თავად ალექსი ბერს მღვდელმონაზვნად ხელი დაასხეს 1881 წელს. 1992 წლის ივნისში, ღვთაებრივი გამოცხადებების შემდეგ, რამდენიმე მოწაფესთან ერთად დაემკვიდრა მთავარანგელოზთა კუნძულზე. ძველი ეკლესია თავისი ხარჯით გადახურა, კედლები ამოაშენა. ცხოვრობდა პირადი შრომით. შემდგომ დაიწყო ახალი ქვითკირის ეკლესიის მშენებლობა. 1898 წლიდან იგი სრულიად ჩაიკეტა თავის სავანეში და სიკვდილამდე ეწეოდა დაყუდებულ ცხოვრებას. გარეშე მნახველს იღებდა მხოლოდ შაბათ-კვარაობით. დროს ლოცვასა და სამწერლობო მუშაობაში ატარებდა. განმარტოებული მონაზვნური ცხოვრების მიუხედავად, ალექსი ბერი უაღრესად საზოგადოებრივი პიროვნება იყო. ხშირად მის სენაკში საინტერესო საუბრები და კამათი იმართებოდა სარწმუნეობრივ-საზოგადოებრივ საკითხებზე. ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას, მისი ნაშრომები ცალკე წიგნებად გამოდიოდა. 1903 წელს ალექსი ბერი, თავისი ხის დიდი ჯვრით, გზაში დახვდა რუსიფიკატორული პოლიტიკის გამტარებელ ეგზარქოს ალექსის ცნობილ ვოსტორგოვთან ერთად, რომლებიც ცდილობდნენ სამეგრელოს სკოლებიდან ქართული ენის სწავლების ამოღებას. მან საპროტესტო წერილი გადასცა ეგზარქოსს. დიდად პატივცემული ბერის საჯარო პროტესტმა დააფიქრა იგი, დაამშვიდა და აღუთქვა, - ეს არ მოხდებაო. ცხოვრების უკანასკნელ წლებში ალექსი ბერი მძიმედ დაავადდა და 1923 წლის 31 იანვარს 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 1995 წელს იგი წმინდანად შერაცხა და ხსენების დღედ 31 იანვარი დააწესა. კომუნისტური მმართველობის პერიოდში შუშანიების სავანე შრომით, რუდუნებით, განსაცდელითა და გმირული დათმენით შეინარჩუნეს ალექსი ბერის ბიძაშვილებმა: იღუმენია ფავსტომ და სქემმონაზონმა აკეფსიმამ. შემდგომ კი მონაზონთა გაზრდილმა დებმა - ზოია და ნინო შუშანიებმა, რომლებიც დღესაც იქ მოღვაწეობენ. 1981 წლის ნოემბრიდან მენჯის სავანის წინამძღვარია არქიმანდრიტი მელქისედეკი (მიქავა). ტაძრის დღესასწაულია 21 ნოემბერი.