სამონასტრო ცხოვრება სამება-ჯიხეთის დედათა მონასტერში 1988 წელს აღდგა. მისი წინამძღვარი დღემდე არქიმანდრიტი ანდრია კბილაშვილი გახლავთ. მამა ანდრიას თაოსნობით მონასტერში არაერთი მნიშვნელოვანი და საშვილიშვილო საქმე გაკეთდა. დღეს აქ ოცზე მეტი მონაზონი და მორჩილი მოღვაწეობს.
სამება-ჯიხეთის დედათა სავანემ დაარსებისთანავე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება, მაგრამ მის მეცნიერულ შესწავლას მე-20 საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს ჩაეყარა საფუძველი. ამ საქმის პიონერია აკადემიკოსი იური სიხარულიძე, რომელმაც მონასტრის წარსულის შესაცნობად დიდი გულმოდგინებით მოიძია და შეკრიბა საგულისხმო ისტორიული მასალები: დოკუმენტები, გადმოცემები... დედათა სავანის ისტორიას დიდი ინტერესით სწავლობს აგრეთვე ისტორიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების მეცნიერ თანამშრომელი - ცაცა ჩხარტიშვილი. გთავაზობთ ინტერვიუს ქალბატონ ცაცასთან.
- რამდენად მნიშვნელოვანია ქართული ეკლესია-მონასტრების სათანადო დონეზე შესწავლა ისტორიის, ხუროთმოძღვრების, მხატვრობის... თვალსაზრისით?
- ქართული ეკლესია-მონასტრები მაღალი ქართული სულიერების განუყოფელი ნაწილია. გაივლის კიდევ რამდენიმე საუკუნე, ბევრი რამ გადაფასდება და აღიგვება მიწისაგან, მაგრამ ქართული სულიერების ძეგლები, როგორც ქართული გენიის უჭკნობი და გაუხუნარი მემატიანე, დიდებას კვლავაც შეიმატებენ.
მალე დადგება დრო, როცა ქართული ისტორია, კულტურა და საუნჯე მსოფლიოს ყურადღების ქვეშ მოექცევა და ბოლოს და ბოლოს მისი სათანადო აღიარება მოხდება. მაგრამ ამას დიდი შრომა და ზრუნვა სჭირდება მეცნიერებისა და თაობებისაგან. ჯერ კიდევ გამოვლენილი და აღწერილი არაა ბევრი რამ, ბევრიც ზიანდება და ნადგურდება უყურადღებობითა და უცოდინარობით.
საქართველოში რამდენიმე ათასი კულტურის ძეგლია. მათი რიცხვი მეტი იქნებოდა, რომ არა 70-წლიანი კომუნისტური ხელისუფლება, რომლის დროსაც დაინგრა და დაიხურა, საწყობებად და აბანოებად გადაკეთდა 1500-ზე მეტი ეკლესია, ისტორიული ძეგლი, სამოქალაქო არქიტექტურის ბევრი დიდებული ნიმუში.
მომავალმა თაობამ კარგად უნდა უწყოდეს იმ დიდი ქართველების (და არაქართველების) გვარებიც, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ ძეგლების გამოვლენასა და აღწერაში. ესენი არიან: მიხეილ ბარათაშვილი, თეიმურაზ ბატონიშვილი, ილია ჭავჭავაძე, ალექსანდრე ხახანაშვილი, დიმიტრი ბაქრაძე, ალექსანდრე ცაგარელი, ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკო მარი, დ. გრიმი, ნ. კონდაკოვი, ა. პავლინოვი, ს. უვაროვა, სიმონ კლდიაშვილი, ლადო გუდიაშვილი, შალვა ამირანაშვილი, გიორგი ჩუბინაშვილი, ვახტანგ ბერიძე, პარმენ ზაქარაია, სიმონ კინწურაშვილი, ვახტანგ ცინცაძე, ირაკლი ციციშვილი და სხვები.
დღეს ქართველი კაცი კვლავ აგრძელებს ეკლესია-მონასტრების მშენებლობას. ამ დიდი საქმის აღორძინება დაკავშირებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის სახელთან. მისი აღსაყდრების ჟამს, 1977 წელს, საქართველოში მხოლოდ 48 მოქმედი ეკლესია იყო 40 სასულიერო პირით. დღეს ეკლესია-მონასტრების რიცხვმა 900-ს მიაღწია, სასულიერო პირების რაოდენობამ კი 1200-ს. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აშენდა (1995-2004) და 2009 წლის ბოლოს ეკურთხა წმინდა სამების გრანდიოზული ტაძარი (სიმაღლე 85 მ) და ეკლესიათა კომპლექსი, როგორც ქართველი ერის ღვთისაკენ სინანულით მოქცევის სიმბოლო, შეიქმნა პატრიარქის საერთაშორისო ფონდი, რომელიც აფინანსებს ეროვნული მნიშვნელობის პროექტებს.
- ქართული ხუროთმოძღვრების დამახასიათებელი მონუმენტურობა, სილამაზე და გარემომცველ ბუნებასთან ერთიანობა ძველ ხუროთმოძღვრების ძეგლებს უნიკალურობას ანიჭებს და ქართულ ხასიათს კარგად გადმოსცემს. ამის ნათელი დადასტურებაა სამება-ჯიხეთის დედათა მონასტერი, რომლის ისტორიის შესწავლით თქვენც დაინტერესებული ხართ. ცოტა ხნის წინ საგანგებო მოხსენება მიუძღვენით ჯიხეთის მონასტრის ისტორიის საკითხებს. გვიამბეთ მის შესახებ...
- ჯიხეთის ეკლესია ქვით არის ნაგები. მის სამრევლოში შედიოდა 58 კომლი. ჯიხეთის ანუ ჯიხათის მთაზე, როგორც ჩანს, ერთ დროს ციხე იყო აღმართული. ამას თვით მთის სახელწოდება ჯიხათი გვაფიქრებინებს. "ჯიხა" ზანურად ციხეს ნიშნავს. ზანური სუფიქსი "-ათ" შეესატყვისება გეოგრაფიულ სახელთა მაწარმოებელ ქართულ "-ეთ"-ს. ზეპირ გადმოცემათა თანახმად, ჯიხეთის ეკლესია თამარის მეფობაში აუგიათ, თუმცა მე-19 საუკუნის ბოლოს აქ უკვე მისი ნაშთები მდგარა. გაუკაცრიელებულ და მიტოვებულ ჯიხეთში 1886 წელს ბინა დაიდო მონაზონმა ელენე მგალობლიშვილმა, რამდენიმე მონაზონთან ერთად. შემდეგ ეს ადგილები სთხოვეს მაჭუტაძეებს და მათაც ჯიხეთის მონასტერს შესწირეს. მოსაყდრეთა რიცხვის ზრდის გამო მათ ახალი ეკლესიის აშენება განიზრახეს. 1893 წელს წმინდა სინოდმა დედათა სავანის აგების ნება დართო. 1896 წელს ნაეკლესიარის გორის აღმოსავლეთით ააგეს კიდეც ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დიდი ეკლესია.
ლოცვა-ვედრებით დაუშლიათ ეკლესია, გადმოუტანიათ ქვები და ყველა სიწმინდე. მოკრძალებით და რუდუნებით უშენებიათ ახალი მონასტერი და უბედნიერესი ხანაც დასდგომიათ. შემდგარა პირველი წირვა. წირავდა ყოველმხრივ მომადლებული, ახალგაზრდა დეკანოზი ეპიფანე ხონელია. მონასტრის ახალი ადგილი უკურთხებია გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსს გრიგოლ დადიანს. ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ახალი ტაძარი აშენდა ხუროთმოძღვარ ილარიონ მენაბდის ხელმძღვანელობით. ტაძრის მშენებლობა 14 წელი გაგრძელებულა, 1896 წელს დასრულებულა. ტაძარი 1904 წელს აკურთხა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა დიმიტრი აბაშიძემ. მონასტრის განახლებაში განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის მონაზონ ელენე მგალობლიშვილს. სხვადასხვა დროს მონასტერს წინამძღვრობდნენ დედები: იღუმენია ანასტასია ლორთქიფანიძე, მარინე გოგეშვილი, ელისაბედ ჯანჯღავა, იღუმენია თეოდორა მორჩილაძე, სქემმონაზონი მარიამი, მონაზონი მართა სიხარულიძე, ელისაბედ ხონელია, იღუმენია თეოდორა თევზაძე, მონაზონი ბარბარე მახარაძე და სხვა.
ჯიხეთის დედათა მონასტრის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის იმდროინდელი ქართული პრესა. აი, რას წერს გაზეთი "ცნობის ფურცელი" დედათა სავანის შესახებ: "ჯიხეთის დედათა მონასტერი განაახლა მონაზონმა ელენემ 8-ოდე წლის წინ. იგი დღეს განაგებს დედათა სავანეს. მისი წყალობით დღეს ამ ადგილიდან ღვთის სადიდებელი ქება-დიდება გაისმის. გურიის სხვადასხვა კუთხეებიდან აქ თავი შეაფარა 30-მდე დამ. ერთი სვანი თავადის ასული აქ რამდენიმე წლის წინ მოვიდა და შემდეგ მონაზვნად შედგა. იგი ცნობილი ლოტბარის, დათა გუგუნავას მეუღლე ესმა აფაქიძის ასული გახლდათ.
ამ დღეებში მომხდარა ჯიხეთის დედათა სავანის დათვალიერება და სწორედ სასიამოვნო გავლენა იქონია ჩემზე, - წერს ავტორი, - ჯერ ავედი ძველი სავანის ადგილზედ. აქ ნაძვსა და ურთხელებში კოპწიად სდგას ძველი ქვიტკირის ეკლესია, მის გარშემო პატარ-პატარა ქოხები დებისათვის, აქვე სწავლობენ პატარა ქალები. მათი რიცხვი 30-მდე ადის. ორი წელიწადია, რაც ეს სკოლა დაუარსებიათ".
გაზეთი "ცნობის ფურცელი" გვაუწყებს ზემოთ ხსენებული სკოლის შესახებ შემდეგს: "1895 წელს აკურთხეს მთავარდიაკვნად ჯიხეთის მონასტერში სიმონ ჩიჩუა, რომელმაც პირველი ყურადღება მიიქცია აქ. უფასო სკოლის დაარსებას და დიდის ხანგრძლივი მეცადინეობის შემდეგ მოგვცეს ნება ერთკლასიანი საქალებო უფასო სკოლის დაარსებაზე და გაიხსნა კიდეც 1 იანვარს 1896 წელს. წელიწადნახევარი სიმონ ჩიჩუამ საზოგადოების დახმარებით შეინახა ეს სკოლა და ეხლა კი იმდენს ეცადა, რომ ყოველ წლიურად სკოლას დაენიშნა 300 მანეთი და 600 მანეთი შენობის ფული მოგვცეს. მადლი ამ სასარგებლო საქმის თაობისა სიმონ ჩიჩუას ერგება, მაგრამ ჩვენი უბედურება, ძმაო, ის არის, რომ სხვის ნამოქმედარზე დიდი გული გვაქვს. მაგრამ მას ეს დამსახურება არ დაუფასეს და როცა გამოიკითხეს, სკოლა ვინ ააგოო, ჩიჩუა არც გახსენებიათ".
მაგრამ არაერთი საქებარი სიტყვა იბეჭდებოდა გაზეთ "ცნობის ფურცელში" სიმონ ჩიჩუას შესახებ. აქვეა ინფორმაცია პედაგოგი ქალის შესახებ: "ბატონმა სიმონ ჩიჩუამ მშვენივრად გაართვა თავი ერთკლასიან საქალებო სასწავლებელს, რომელიც 3 წლის წინ დაარსდა. მასწავლებლად დანიშნეს ქალი მარიამ სურგულაძე, რომელსაც შეგნებული აქვს თავისი მოვალეობა და კეთილსინდისიერად ემსახურება თავის დანიშნულებას და თუ პირველ წლებში მოსწავლე ქალების რაოდენობა 15-ს არ აღემატებოდა, დღეს 45-ს აღემატება, რომლებიც გულმოდგინედ სწავლობენ. რომ ერთი გარემოება არ უშლიდეს ხელს - მღვდელი ხონელია ხუთი ვერსის მანძილზედ არის სასწავლებლიდან... ამას ისიც ემატება, რომ მამა ხონელია, რომელსაც აბარია სამების ეკლესია და რომელიც ასწავლის საღმრთო სჯულს ამავე სამებისავე ეკლესიის სამრევლო სასწავლებელში, ამავე დროს დანიშნულია ოზურგეთის სასულიერო სკოლის დეპუტატადაც, სადაც თითო კვირაობით ხშირად მოუწევს დაყოვნება სხვადასხვა კრებებისა და საქმეების გამო. აგრეთვე ითვლება ბლაღოჩინის კანდიდატად, რომელიც ბევრ დროს თხოულობს, რადგანაც ბლაღოჩინის არყოფნის დროს მან უნდა აღასრულოს მისი მოვალეობა. აი, ეს არის მიზეზი, რომ ჯიხეთის დედათა მონასტრის სასწავლებელი მოკლებულია საღმრთო სჯულის სწავლებას, ნახევარჯერ მაინც... ერთი კაცი როგორ უნდა გაწვდეს ამდენს", - წერს წერილის ავტორი გულისტკივილით.
გაზეთი "ცნობის ფურცელი" სასკოლო მშენებლობის შესახებ გვაუწყებს შემდეგს: "წელს მთავრობამ ინება და შენობის ასაშენებელი ფული გადმორიცხა, მასწავლებლებს ჯამაგირიც დაუნიშნა. რადგან ეს ადგილი პატარა გამოდგა, ამისავე ახლოს შეუძენიათ მშვენიერი ადგილი და ზოგი მოლაზონი იქ არის დაბინავებული და დროებით ხის ეკლესიაც აქვთ. ამ ახალ ადგილზე შენდება მშვენიერი თლილი ქვის ტაძარი, რომლის ასაშენებელ ფულებსაც აგროვებენ როგორც ჩიჩუა, აგრეთვე დანი სავანისანი, რომელთაც სვანეთიც კი დაუვლიათ და ძლიერ მადლობლები არიან სვანეთის და აჭარა-ლეჩხუმის სასულიერო პირების, თავადაზნაურობისა, რომლებიც ფრიად დაეხმარნენ ნივთიერ-სულიერად. ამავე მონასტრის მღვდლად არის დეკანოზი ივანე წეროძე, მას ეკლესია შეუკეთებია თავისი ხარჯით და მიწაც შეუწირავს. იმედია აქაური სკოლა სათნოებით სავსე ქალებს გამოზრდის".
ბევრი ღირსეული მოღვაწე ჰყავდა სამება-ჯიხეთის მონასტერს: დეკანოზი ივანე წეროძე, დეკანოზი ეპიფანე ხონელია, იღუმენი დავით ჯინჭარაძე, მღვდელმონაზონი მელქისედეკ მიქავა, ნიკოლოზ ღლონტი, არქიმანდრიტი კონსტანტინე. გასაოცარი მგალობელი ყოფილა მონაზონი მართა. ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის დედათა მონასტრის ერთ-ერთი მღვდლის ცოლს - ელენეს. ღვთისმსახური კომუნისტებს გაუპარსავთ. ელენეს პროტესტის ნიშნად ოჯახი დაუტოვებია და მონასტერს შეფარებია. დედათა უმრავლესობა ღმრთის სადიდებელი ლოცვა-ვედრებით მონასტერშივე დაშორებია წუთისოფელს და მათგან რამდენიმე ტაძრის ეზოშივეა დაკრძალული.
სამება-ჯიხეთის მონასტერს გულისხმიერება არასდროს მოჰკლებია ღმრთით კურთხეული მღვდელმთავრებისაგან, რომელთაგან პირველი იყო გურია-ოდიშის ყოვლადსამღვდელო ეპისკოპოსი გრიგოლი (დადიანი), მეუფე ალექსანდრე (ოქროპირიძე), მღვდელმთავარი დიმიტრი (აბაშიძე) და სხვანი.
ისტორიული წყაროებიდან ვგებულობთ, რომ დედებს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონიათ ათონის სახელგანთქმულ იოანე მახარებლის მონასტერთან. 1905 წელს იოანე მახარებლის წინამძღვარმა მღვდელმონაზონმა იონამ სამება-ჯიხეთის დედათა მონასტერს ათონიდან ღვთისმშობლის ხატი გამოუგზავნა.
რთული პერიოდი დაუდგათ მონასტრის დედებს, ყველაზე მძიმე კი რევოლუციის შემდგომი პერიოდი იყო. იშვიათად იღებოდა ტაძრის კარები, ლოცვა-ვედრებას ღამით აღავლენდნენ, დღისით კი ტაძრის კარებს ფიცრებით ხერგავდნენ, თუმცა სხვადასხვა დროს მონასტერს დახმარებას უწევდნენ რაიკომის მდივნები.
მონასტრის ქალთა ერთკლასიან სამრევლო სკოლაში 8-9 წლის გოგონებს ასწავლიდნენ წერა-კითხვას, გალობას, ჭრა-კერვას. ამ სკოლის ფოტოსურათი დღესაც ამშვენებს მონასტრის მუზეუმს, რომელიც 2004 წელს გაიხსნა.
მღვდელმონაზონი თეოდორე ჩიხლაძე, რომელიც 1984 წელს, კომუნისტური რეჟიმის დროს დახვრიტეს, სოფელ სამების მკვიდრი იყო. არქიმანდრიტი ნიკოლოზ ღლონტი დაკრძალულია მონასტრის ეზოში. აქვეა დაკრძალული იღუმენი დავით ჯინჭარაძე, რომელიც დეკანოზ რაჟდენ ხუნდაძეს 12 საუფლო მგალობლად ჰყავს მოხსენიებული.
მონასტრის უმთავრეს სიწმინდეს წარმოადგენს ივერონიდან შემოწირული ორი დიდებული ხატი: ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი (მობრძანებული 1905 წელს) და ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებისა (1915).
- ჯიხეთის მონასტრის აღორძინების საქმეს თვალსაჩინო ღვაწლი დასდო არქიმანდრიტმა ანდრია კბილაშვილმა, რომელიც 1988 წლიდან წინამძღვრობს დედათა სავანეს. როგორ ცხოვრობს მონასტერი დღეს?
- არქიმანდრიტ ანდრიას დამსახურებით მონასტრის ტაძარს მიუშენდა სამრეკლო. 1989 წელს აიგო წმინდა გიორგის ბაზილიკური ტაძარი, 2002 წელს კი - წმინდა იოანე ნათლისმცემლის მუცლადღების პატარა ეკლესია. აქვე მოეწყო სანათლავი და განსაბანი ემბაზი, რომელშიც ჩაედინება წყაროს წყალი და აღესრულება ნათლობის საიდუმლო. ამ წყალს სამკურნალო თვისებები აქვს. მას "იორდანიის წყალსაც" უწოდებენ. აქ განბანის შემდეგ ბევრი უშვილო წყვილი ნათლისმცემლის მეოხებით განიკურნა ბერწობისაგან.
მონასტერში ამჟამად ოცამდე მონაზონი და მორჩილია. მონასტერი შემოქმედის ეპარქიაში შედის. მე-15 საუკუნიდან 1827 წლამდე, ვიდრე საეპისკოპოსო გაუქმდებოდა, იგი ჯუმათის საეპისკოპოსოში შედიოდა. დღეს შემოქმედის ეპარქიას ხელმძღვანელობს მიტროპოლიტი იოსებ კიკვაძე.
ჯიხეთის მონასტერში ყოველი წლის 4 დეკემბერს, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს განსაკუთრებით აღინიშნება ტაძრის დღესასწაული.
მამა ანდრიას დამსახურებაა ის, რომ მან გავერანების პირას მდგარი კომპლექსი წალკოტად აქცია და თავისი მრავალრიცხოვანი სულიერი შვილისა და მთელი გურიის მოსახლეობის დიდი პატივისცემა დაიმსახურა. მამა ანდრიას სიყვარულით ყველა გურიის "გრიგოლ ხანძთელს" უწოდებს. მისი დამსახურებაა ჯუმათის მამათა და უდაბნოს მონასტრების აღდგენა. უფალმა არ მოშალოს გურიაში და მთელ საქართველოში შიში და სიყვარული სარწმუნოებისა და ამ ღვთიურ გზაზე მავალ ქართველობას ფარავდეს ღვთისმშობლის საფარველი.