დღევანდელ ქართველს კი ფიზიკურ საფრთხეზე არანაკლებ საშიშროებას უქმნის ცივილიზაციით მოტანილი ფსევდოკულტურა, ფსევდოთავისუფლება. როგორც უწმინდესი ბრძანებს, დღეს ყოველი ადამიანის ირგვლივ სულიერი დიდგორია მოსაგები, რადგან უხილავი მტერი ეკლესიის წიაღს გარეთ მყოფ ადამიანზე ძლიერია. ადრე ცოდვას ცოდვა ერქვა და ღირსებისგან ადვილად გაირჩეოდა, თანამედროვე ღირებულებები კი ბოროტის მიერ ლამაზად შეფუთული ცოდვაა. მოზარდის თვალი და ყური უხამსობას შეეჩვია, თვისუფლება ვნებათა თარეშია, ცხოვრების წესი - უქმად გატარებული დრო. კიდევ ერთხელ გვმართებს გარდასულ გმირებთან კავშირის აღდგენა. ეს ცოცხალი სულიერი კავშირი გვკარნახობს, რომ საქართველოს "საკვირველ ძლევათა" საიდუმლო უფლისადმი ერთგულებაში, რწმენაშია.
დღევანდელობის, მომავლის იმედად ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ყოვლადწმინდა სამების ტახტია დაბრძანებული. მთელ ქვეყანას გალავანივით შემოერტყა ეკლესიები. თბილისის თითქმის ყველა უბანში აიგო ტაძარი. ქართველთა გულის გასახარად, თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში, სვანეთისუბანში ორი ეკლესია წმინდა მეფეთა, დემეტრე თავდადებულის, არჩილისა და ლუარსაბის სახელზეა აშენებული. ეს, ალბათ, ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან ამ მეფეთა ყველაზე დიდი "ხელმწიფური უნარი" სარწმუნოებისა და სამშობლოსთვის სიცოცხლის გაწირვა იყო. ეს ტაძრები კიდევ ერთხელ შეგვახსენებენ, რომ ქართველმა ერმა ქრისტიანულ მოძღვრებაში დაინახა თავისი სულის შესატყვისი შინაარსი და ძალა.
"გავსწირე თავი და არა მივეც განსარყვნელად, იავარსაქმნელად და შესაჭმელად სიწმინდენი", - ამბობს წმინდა ლუარსაბი სიკვდილის წინ. ეს სიტყვები ყველა ქართველისთვის მოწოდებად უნდა იქცეს, რადგან გლობალიზაციის, კოსმოპოლიტიზმის ეპოქაში ყველაზე მეტად გვჭირდება ეროვნულ ფასეულობათა სიწმინდის დაცვა.
სულ რამდენიმე თვეა, სვანეთისუბნის 26-ე საჯარო სკოლის ეზოში წმინდა არჩილისა და ლუარსაბის სახელობის ტაძრის მშენებლობა დასრულდა. ტაძარი უბნის მოსახლეობის შემოწირულობებით აიგო. მის მშენებლობაში იმ ადამიანებმაც მიიღეს მონაწილეობა, რომლებიც ცხოვრების უმეტეს ნაწილს ქუჩაში ატარებდნენ. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა - ისინი ეკლესიის მაშენებლებად იქცნენ. ტაძარი ხალხით გაივსო. საერთო საქმემ და რწმენამ მთელი უბანი გააერთიანა. ქართველთა საშური ერთობა ჩამოყალიბდა. ეს წმინდა არჩილ და ლუარსაბ მეფეთა ამქვეყნიური ლაშქარია, რომელმაც კარგად იცის, რომ წინაპართაგან ანდერძად რწმენისა და სამშობლოს მოვლა-პატრონობა გადმოეცა.
უბანში ყველას, ახალგაზრდასა და მოხუცს, სკოლის დირექტორსა თუ მოწაფეს, ერთი მოძღვარი ჰყავს. ეს ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ჩიქოვანი გახლავთ. "პატიოსან მღვდელთა" რიგს სულ ახლახან შეემატა მამა გიორგი. ისიც ტაძარივით ახალნაკურთხია. საბედნიეროდ, არც ისე მცირეა ახალგაზრდა ღვთისმსახურთა რიცხვი. ქვეყნის იმედად, ისინი ღირებულებაარეული თაობის მეორე მხარეს დგანან და თავიანთი არჩევანითა და ცხოვრების წესით ზნეობრივი მაგალითი ხდებიან ყველასთვის. ღვთისა და ხალხის წინაშე მათი ერთგულებით კი ისევ ინთება გულში საქართველოს გაბრწყინების იმედის ცეცხლი.
მამა გიორგი ჩიქოვანი:
- ღმერთის იდუმალი შეგრძნება ბავშვობიდანვე მქონდა. ბაღის ასაკიდან ვდარდობდი, რომ არსებობს სიკვდილი და ჩემგან ოდესღაც აღარაფერი დარჩებოდა. შინაგან ხმასთან მუდამ ვსაუბრობდი. მაშინ ვერ ვხვდებოდი, რომ უფალს ვგრძნობდი ჩემში. რაღაცას ვეძიებდი და არ ვიცოდი, რომ ეს ჭეშმარიტების, უფლის ძიება იყო.
როცა წამოვიზარდე და ეკლესიის არსებობის შესახებ შევიტყვე, მაშინვე გამიჩნდა იქ მისვლის სურვილი. მამამ რუსთავის ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში მიმიყვანა. მეც და მამამაც მისვლის დღიდანვე დავიწყეთ მარხვა, წირვა-ლოცვებს არ ვაცდენდით.
მალე მამა მღვდელი გახდა. მე კი ძალიან პატარა ვიყავი და ჩემს წარმოსახვაში მღვდელიც ვიყავი და ეპისკოპოსიც. ახლაც, როცა მეკითხებიან, ძნელია მღვდლობაო, ვპასუხობ, ბავშვობიდან მღვდელი ვარ-მეთქი.
თერთმეტი წლის თუ ვიქნებოდი, როცა ღვთაების მონასტერში პირველად ვნახე ბერები და მორჩილები. მივხვდი, რომ ეს ის ადგილი იყო, სადაც ყველაზე მეტად მინდოდა ყოფნა. შინ დაბრუნებული შეუჩერებლად ვტიროდი...
დიდი თხოვნის შემდეგ მამამ მონასტერში დასარჩენად წამიყვანა. ბერობის სურვილი გამიჩნდა. სკოლიდან აკადემიური ავიღე და ერთი წელი დავრჩი ღვთაებაში. სემინარიაში ჩასაბარებლად ვემზადებოდი.
IV კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა უწმინდესთან მოვხვდი. მის მსახურებაში ორი წელი ვიყავი. ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები იყო, პატრიარქთან ურთიერთობა საუკეთესო სულიერი მაგალითია.
უფლის ხელს ბავშვობიდან ვგრძნობდი. როცა მას მიენდობი, სიყვარულისა და სულიერი სიხარულის სამყარო გეხსნება, რაც ჩემთვის უფალთან სიახლოვეში გამოიხატება.
ბავშვობის ნატვრა ამიხდა - მღვდლად მაკურთხეს და პატრიარქის კურთხევით სვანეთისუბნის ახალნაკურთხ ტაძარში დამადგინეს. ტაძარი გვირგვინოსანი წმინდანების, არჩილისა და ლუარსაბის სახლობისაა. ამ სახელების გახსენება დღეს დროულია, რადგან უბანში ბევრმა არც იცოდა ამ მეფეთა ღვაწლის შესახებ. მრევლმა წინაპართა ცხოვრებისეული, სულიერი გამოცდილება უნდა გაიზიაროს. ამით ეკლესიაც და ქვეყანაც გაძლიერდება. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი დასახლება წმინდა მეფეთა უბანი გახდა. აქ უბრალო, გულისხმიერი, შრომისმოყვარე და გულწრფელი ხალხი ცხოვრობს. მოსახლეობა ტაძრის მშენებლობამ და ეკლესიის წიაღმა გააერთიანა. სულიერად შევეწყვეთ ერთმანეთს და ერთ ოჯახად ვიქეცით. აქ პირველად ჩატარდა აღდგომის საზეიმო ლიტანიობა. ეს უდიდესი სიხარული იყო ჩემთვისაც და მრევლისთვისაც.
- რა არის თქვენთვის მღვდლობა? ძალიან ახალგაზრდა ხართ და რამდენად მძიმეა თქვენთვის ეს პასუხისმგებლობა?
- მართალია, ეკლესიაში პატარა მივედი და ფაქტობრივად იქ გავიზარდე, მაგრამ ტრადიციული მშობლები ყოველთვის მკაცრად ითხოვდნენ ჩემგან სულიერ სისუფთავეს, ზნეობას. ეკლესიაში როცა მივედი, ჩემთვის ახალი მხოლოდ უფალთან რეალური შეხვედრა იყო, სხვა უცხო - არაფერი. ჩემი შინაგანი სამყარო დაემთხვა ქრისტიანულ მსოფლმხედველობას; რაც ჩემთვის ძვირფასი და ღირებული იყო, ეკლესიაშიც ის სწავლება მივიღე. თითქოს ახალი არაფერი მომხდარა. ცხოვრების წესი არ შემიცვლია, ისევე გავაგრძელე ცხოვრება, როგორც მღვდლობამდე. მღვდლობა ჩემი ცხოვრებაა. ისევე ორგანულია ჩემთვის, როგორც საკუთარი არსებობის შეგრძნება. ეკლესიაში უბრალოდ ფორმა მიეცა იმას, რასაც მუდმივად ვგრძნობდი, რისი მოთხოვნილებაც მქონდა. ეს ტვირთია, მაგრამ მსუბუქი, უღელია, მაგრამ ტკბილი. იმას ვაკეთებ, რაც გულს უნდა. გულს კი მაშინ უნდა, როცა უყვარს. მთელი ახალი აღთქმაც სიყვარულის ორ მცნებაზეა აგებული: გიყვარდეს ღმერთი შენი და მოყვასი შენი. მიმაჩნია, რომ მოძღვარიც ყველაზე მეტად ღმერთისა და მოყვასის სიყვარულში უნდა იყოს წარმატებული. "ესე ბრწყინავდნენ საქმენი თქვენნი წინაშე კაცთა, რათა იხილონ საქმენი თქვენნი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათასა", - ამბობს მაცხოვარი. ღვთისმსხურმა კი თავისი ცხოვრებით მაგალითი უნდა მისცეს მრევლს, როგორც უფალმა მოგვცა მტრის სიყვარულის, მოწყალების, მიმტევებლობის, სიწმინდის მაგალითი. მან ეს ყველაფერი ადამიანური ბუნებით აღასრულა და დაგვიმტკიცა, რომ შეუძლებელი არაფერია. რასაც გვასწავლიდა, იმასვე ახორციელებდა მაცხოვარი. ასევე უნდა იყოს მღვდელი. ღმერთმა შემაძლებინოს, რომ მეც სიყვარულისა და სიკეთის მაგალითი გავხდე მრევლისთვის.
- რა არის მთავარი ცხონების გზაზე?
- ღმერთს ყველა უყვარს და ყველას ცხონება უნდა, ყველას მოუწოდებს. მთავარია, ეს დაინახო, აღმოაჩინო, რომ ღმერთი გეძახის, გეფერება და შენც მოეფერო. ერთხელ თუ დაინახავ უფალს და მადლს იგრძნობ, მისკენ ლტოლვა არასოდეს გაგინელდება. ადამიანი ყოველთვის ერთნაირ სულიერ მდგომარეობაში არ არის, მაგრამ ღმერთთან ყოფნით მონიჭებული სიხარულისა და სიმშვიდის განცდის დაკარგვისთანავე მოენატრება იგი. ცხოვრება გაცილებით მარტივია, როცა თავისუფალი ხარ, თავისუფალი კი მაშინ ხარ, როცა წმინდა სულს, სინდისს ამეფებ, ვნებებს არ ემონები. სწორედ ეს არის საკუთარი თავის უარყოფა. მაშინ იოლად შეძლებ აიღო ჯვარი და შუდგე უფალს, თავისუფალი ნება უფლის სიყვარულთან სინერგიაში მოიყვანო. თავის უარყოფას სიმშვიდე მოაქვს - ეს ამქვეყნიური სასუფეველია. ვნებების მონობა კი გაფორიაქებს, ღმერთსაც გაკარგვინებს და სიმშვიდესაც. ეს სულის ჯოჯოხეთური მდგომარეობაა. ადამიანმა უფლის გზას არასოდეს არ უნდა გადაუხვიოს. ამ გზაზე შეიძლება დაეცეს კიდეც, მაგრამ სინანულით, აღსარებით ადგება და გაჰყვება უფალს, შეუნანებლობის შემთხვევაში კი სინდისს მიაძინებს, სულს შეირყვნის, უფალსაც დაშორდება და ცხონებისკენ მიმავალ გზასაც დაკარგავს.
გიგა გრიგალაშვილი: "ჩვენი ბავშვობა საქართველოში უსინათლობის, პურის რიგებისა და ომის პერიოდს დაემთხვა. არც გასართობი... არც სამსახური... ერთადერთი თავშესაქცევი ქუჩაში დგომა იყო. იქ ვუზიარებდით ერთმანეთს ტკივილსაც და სიხარულსაც. ეს საშინელი ჩვევა ძვალ-რბილში გაგვიჯდა. ზრდასრულებიც ქუჩაში ვაგრძელებდით ცხოვრებას, ვსვამდით... ახლანდელი გადასახედიდან ეს ფუჭად დაკარგული დრო ძალიან დასანანია. ჩვენი სულიერი მდგომარეობა უკან-უკან მიდიოდა. ასაკი გვემატებოდა და გაკეთებული არაფერი გვქონდა, არც საკუთარი თავის, არც ოჯახის, მით უმეტეს - ქვეყნის წინაშე.
შინაგანად ყოველთვის მწამდა, რომ ცხოვრების ყველაზე სწორ გზას ეკლესიაში ვიპოვიდი. "ბირჟაზე" დგომისას მე და ჩემს მეგობრებს სურვილი გაგვიჩნდა, ისეთი საქმე გვეკეთებინა, რითაც გამოვისყიდიდით უქმად დაკარგულ წარსულს, ჩვენი სულისთვისაც სასარგებლო იქნებოდა და ქვეყნისთვისაც. გადავწყვიტეთ, ეკლესია აგვეშენებინა. ამით ქვეყნის წინაშე ვალს მოვიხდიდით, რადგან ტაძარი მხოლოდ დღევანდელობისთვის, ჩვენთვის არ შენდება, ის საუკუნეები უნდა იდგეს, იქ დატრიალებული მადლი კი მთელ ერზე გადავა.
სკოლის ეზოში რამდენიმე წლის წინ ეკლესიის საძირკველი გათხარეს და მიტოვებული იყო. არც ფული გვქონდა, არც საშენი მასალა. გადავწყვიტეთ, ოჯახებიდან გამოგვეტანა, ვისაც რისი შესაძლებლობა ექნებოდა. მთელი უბანი მხარში ამოგვიდგა. ფულს ვაგროვებდით. შესაწირის სია რომ ნახოთ, გული აგიჩუყდებათ. ბევრი ორმოცდაათი თეთრით შეეწია ამ დიდ საქმეს. ღვთის ნებით, გამოჩნდა ადამიანი, ვახო კახეთელიძე, რომელმაც უფრო მეტი სახსრები და საშენი მასალა მოიძია და სათავეში ჩაგვიდგა.
ღმერთმა ალბათ დაინახა ჩვენი მონდომება და ტაძარი გასაკვირად მალე აშენდა. ეკლესიამ ქუჩაში მყოფი ახალგაზრდები თავის წიაღში მოაქცია. ყველა მიხვდა, რომ გაჭირვებული თუ დალხენილი ღმერთთან უნდა იყოს. ახლა ქუჩაში მხოლოდ ეკლესიასთან ვდგავართ, იმისთვის, რომ გადავწყვიტოთ, რა შევმატოთ ტაძარს. გასაკეთებელი კიდევ ბევრია...
ეკლესია ერის სიძლიერეა. ის ღირსეულ შვილებს უზრდის მას. დღეს თუ დასჭირდა საქართველოს, ერთ დაძახებაზე მრევლად ქცეული მთელი უბანი უფლის სახელით დავუდგებით გვერდით".
26-ე სკოლის დირექტორი ლიდა ნოდია: "სკოლის ეზოში აშენებულმა ტაძარმა ბევრი რამ სასიკეთოდ შეცვალა სკოლის ცხოვრებაში. რადგან ტაძარი წამებულ მეფეთა სახელზეა აგებული, შეიძლება ითქვას, მას ორმაგი დატვირთვა აქვს: ერთი მხრივ, ის სულის გადარჩენის ადგილია, მეორე მხრივ კი - ბავშვებისთვის მამულისათვის თავგანწირვის, წინაპართა სიყვარულისა და მათთან მუდმივი კავშირის აუცილებლობის ცოცხალი გაკვეთილი. ტაძრის არსებობა უკეთ იძლევა საშუალებას, მოზარდებს ჩვენი ქვეყნის ისტორია შევახსენოთ, რომ ჩვენი წინაპრებისთვის სამშობლო და ქრისტე ერთი და იგივე ცნება იყო. ღმერთს იმიტომ შეეწირნენ, რომ სამშობლო მოეტანათ ჩვენამდე, სამშობლოს კი იმიტომ, რომ ქრისტიანობა შეენარჩუნებინათ.
მე, ყველა პედაგოგსა და მოწაფეს ერთი მოძღვარი გვყავს და ეს ერთმანეთის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობას გვიზრდის. ყველანი ღვთის წინაშე ვართ ვალდებულნი, ღირსეულად შევასრულოთ ჩვენი მოვალეობანი. ძალზე სასიხარულოა, როცა ყოველ კვირას ჩვენი სკოლის მოსწავლეები მამაოსთან ერთად ფუსფუსებენ - სტიქაროსნობენ. თითქმის მთელი სკოლა ტაძრის მრევლია და მჯერა, მათი სულიერი განვითარებისთვის ეს საუკეთესო საშუალებაა. მამა გიორგის რელიგიის საათებიც გამოვუყავით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის. მადლობა უფალს, პატრიარქის კურთხევა ოჯახის, ეკლესიისა და სკოლის თანამშრომლობის შესახებ ჩვენთან ბუნებრივად სრულდება".
ბელა ბარკალია