წმინდა იოანე ოქროპირი ეკლესიას ლოცვის, გალობისა და ქადაგებისთვის განკუთვნილ ზეციურ ალაგს უწოდებდა, სადაც ყოველი ადამიანი მდუმარებითა და მყუდროებით უნდა ესწრაფოდეს ცოდვათა მონანიებას.
"აქ თვით მღვდელმთავრებიც დუმან და მხოლოდ მგალობლები გალობენ. თუ დუმილის უნარი არ შეგწევთ, უმჯობესია გახვიდეთ ეკლესიიდან, რათა სხვათა დაბრკოლების მიზეზი არ გახდეთ", - გვირჩევს წმინდა ეპისკოპოსი. მისი სწავლებით, როცა ტაძარში შევდივართ, უნდა დავუტევოთ ამა ქვეყნის ყოველ საზრუნავზე ფიქრი და განვთავისუფლდეთ მიწიერი პრობლემებისგან; ისე განვეწყოთ, თითქოს ზეცაში შევდიოდეთ არა ფიზიკურად, არამედ ძალითა და გონებით. მიუხედავად იმისა, რომ მიწაზე ვიმყოფებით, არსებით ზეცას უნდა ვეკუთვნოდეთ და ზეციურ სიკეთეს მიველტვოდეთ.
ამ რამდენიმე წლის წინ, როცა სოფელ ნორიოში კომუნისტებისგან მიწასთან გასწორებული ტაძრის აღდგენას ზეიმობდნენ, გორისა და სამთავისის
მთავარეპისკოპოსი ანდრია (გვაზავა) იქ შეკრებილ მრევლს არწმუნებდა, რომ ათეული წლების წინ, რეპრესიების დროს, განდევნილი ანგელოზი ტაძრის აღდგენისა და კურთხევის შემდეგ კვლავ დაუბრუნდა სოფელს. დღეიდან იგი წარმოუდგენლად დიდ სამსახურს გაუწევს თითოეულ თქვენგანსო. "ყოველი ტაძარი - ეს არის კავშირი ზეცასა და დედამიწას შორის. იგი ადამიანის ზეცად აღმყვანებელი ხიდია, რომელსაც საფუძველი დედამიწაზე აქვს, მისი გუმბათი კი ზეცას არის მიბჯენილი. ყოველი ტაძარი ზეცაში გაჭრილი სარკმელია, რომელსაც მორწმუნე ქრისტიანი ცათა სასუფეველში შეჰყავს", - ამბობდა მეუფე.
მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ მეორედ მოიპოვა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, დაიწყო ეკლესია-მონასტრების დიდი აღმშენებლობის პროცესი. ახალაშენებული და განახლებული ტაძრები, კარგა ხანია, ვეღარ იტევენ მოჭარბებულ მრევლს, რაც მისასალმებელია და, უდავოდ, ღვთის დიდ წყალობად უნდა მივიჩნიოთ, თუმცა ეს ფაქტი სრულებითაც არ გვათავისუფლებს იმ ვალდებულებისა და წეს-ჩვეულებებისგან, დედაეკლესიის წიაღში საუკუნეობით რომ ყალიბდებოდა. სამწუხაროდ, მორწმუნე საზოგადოებას, როგორც ჩანს, ჯერაც არ აქვს ბოლომდე გაცნობიერებული ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც მსოფლიო საეკლესიო კრებებზე წმინდა მამათა დადგენილი ნორმების შესრულებითა და პატივისცემით გამოიხატება. მამათა განმარტებით, ტაძარში ცოდვისგან განსაწმენდად შევდივართ და თუ აქაც ცოდვილ ფიქრთა და გულისთქმათა ტყვეობაში აღმოვჩნდით, უმჯობესია, საერთოდ შევიკავოთ თავი ტაძარში შესვლისგან. აქედან გამომდინარე, ჩვენს სულიერ მოძღვრებს მართებთ, მეტი დრო დაუთმონ სამოძღვრებო-განმარტებით საუბრებს ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე, რათა ტაძრიდან გამოსულებმა, მადლისა და წყალობის სანაცვლოდ, ღვთის რისხვა და სასჯელი არ დავიმსახუროთ.
მღვდელი გიორგი რაზმაძე, თბილისის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი: "ყველა მოძღვარი ვალდებულია, სულიერ შვილებს გააცნოს ის ღვთივსულიერი დარიგებანი, რაც ჩვენი ეკლესიის მამებმა დაგვიტოვეს. ასეთი საუბრები განსაკუთრებით მაშინ არის საჭირო და სასარგებლო, როცა მორწმუნე იწყებს სულიერ ცხოვრებას და პირველად მოდის ტაძარში ღვთისმსახურებაზე დასასწრებად. მახსენდება ერთი კარგი მაგალითი წმინდა იოანე მოწყალის ცხოვრებიდან, რომელიც, მოგეხსენებათ, გამოირჩეოდა თავისი სულიერებით. როცა მისი მრევლიდან ზოგიერთი ვერ უძლებდა წირვა-ლოცვაზე დგომას და გამოდიოდა ტაძრიდან, ისიც გარეთ გამოჰყვებოდა და დაღონებული მათთან ერთად დგებოდა. თავიდან უკვირდა მის სამწყსოს, რატომ იქცეოდა ასე მათი სულიერი მამა და როცა შეეკითხნენ, ასეთი პასუხი მიიღეს: "სადაც არიან ცხოვარნი, იქ უნდა იყოს მათი მწყემსიცო". მოძღვარი რომ არ დაეღონებინათ, სულიერი შვილები შეეცადნენ, ღვთისმსახურების დროს არ გამოსულიყვნენ გარეთ და ასე დაძლიეს ეს მავნე ჩვევა.
დიდი სჯულისკანონი მიგვითითებს, ეკლესიის წევრს, რომელიც ბოლომდე არ დაესწრება ღვთისმსახურებას, აეკრძალოს წმინდა ზიარების მიღება, ამიტომ, ყოველმა მოძღვარმა ტაძარში მოსულ ადამიანებს საფუძვლიანად უნდა განუმარტოს, რამხელა მნიშვნელობა აქვს წირვა-ლოცვის ყურადღებითა და გულდასმით მოსმენას. მოვიყვან კიდევ ერთ მაგალითს. წმინდა ნიფონტიმ ასეთი რამ იხილა ღვთისმსაუხრების დროს: იმ ადამიანებს, რომლებიც კეთილგონიერად იდგნენ, თავიანთ ცოდვებს ნანობდნენ და შემწეობას სთხოვდნენ უფალს, ღვთისმშობელი დიდ წყალობასა და ნუგეშს აძლევდა, ხოლო მათზე, ვინც სხვა საქმით, ფიქრითა და საზრუნავით იყო დაკავებული და გონებაგაფანტული ისმენდა ლოცვას, ტიროდა დედა ღვთისა, რადგან მათ გვერდით ბოროტი სულები იდგნენ და ბილწავდნენ მათ სულებს, რაც სამაგალითო და დამაფიქრებელი უნდა იყოს ყოველი ჩვენგანისთვის".
ლოცვა ყველგან შესაძლებელია, მაგრამ როგორც გუნდის ხმა ჟღერს უფრო ძალუმად, ვიდრე ერთი კაცისა, ტაძარში ერთხმად, ერთიანი გულით აღვლენილი ლოცვაც უფრო სწრაფად აღწევს ღმერთამდე, - განმარტავენ წმინდა მამები და გვთავაზობენ ეკლესიისგან დადგენილ ტაძარში ქცევის წესებს. მათი რჩევით, ტაძარში წასასვლელად წინასწარ უნდა მოვემზადოთ და სათანადოდ განვეწყოთ - ღვთის სახლში შესულნი ზეციურ მოქალაქეობას უნდა განვიცდიდეთ. ტაძარში ხომ დიდი საიდუმლოებანი აღესრულება. მასში შემსვლელთ და გამომსვლელთ თვით ანგელოზები აღრიცხავენ. ვიდრე ღვთის სახლს ვეწვევით, უნდა ჩავიცვათ ზომიერად, სუფთად და არა მაცდურად და გამომწვევად. ქალები უნდა იყვნენ თავდაბურულნი, ტუჩსაცხის გარეშე, რათა არ შეურაცხყონ წმინდა ხატები და სხვა ეკლესიური სიწმინდეები. დიდი სჯულისკანონი დედაკაცს უკრძალავს მამაკაცის სამოსით სიარულს, მამაკაცს კი ეკრძალება ტაძარში ქუდის დახურვა.
მამათა სწავლებით, ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე, სასურველია, გულში წარმოვთქვათ თავმდაბალი მეზვერის ლოცვა: "ღმერთო, მილხინე მე, ცოდვილსა ამას, და შემიწყალე". ტაძარში შესვლისთანავე უნდა ვეძიოთ სრული სიმშვიდე, განწმენდა და დაამება, რადგან უფალი მოგვიწოდებს: "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენოთ თქვენ". ტაძარში შესვლამდე, კარგი იქნება, შევჩერდეთ კართან, ქედი მოვიდრიკოთ და პირჯვარი გარდავისახოთ. როგორც წესი, პირველ რიგში უნდა ვემთხვიოთ შუაში, ანალოღიაზე დაბრძანებულ ხატს, შემდეგ - სხვა ხატებს, კანკელის ხატების გარდა. ეს აუცილებლად ლოცვის დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს; ღვთისმსაუხრების დროს ჩვენი ყოველი მოძრაობა დაარღვევს იმ ადამიანთა მყუდროებას, რომლებიც მშვიდად დგანან და მთელი გულით არიან ჩართულნი ლოცვაში. დაუშვებელია ვინმესთვის შეკითვის დასმა ან გამოლაპარაკება, მოსახსენიებლის, სეფისკვერის ან სანთლის გადაწოდება, რადგან ამით ლოცვის დროს ჩვენც გვაკლდება გულისყური და სხვასაც ვუფანტავთ ყურადღებას. ასევე მიუღებელია ეკლესიის რომელიმე წევრის თვალიერება, მის მიმართ ზედმეტი ყურადღებისა და ცნობისმოყვარეობის გამოჩენა.
პავლე მოციქული დედაკაცებს ურჩევს, "კდემითა და უმანკოებით იმკობდნენ თავს, როგორც შეშვენით ქალებს, რომელთაც ღვთისმსახურებას მიუძღვნეს თავი, და არა თმაწნულობით, ოქროთი, თვალ-მარგალიტითა და ძვირფასი სამოსით".
წმინდა მამათა დარიგებით, ღვთის მადლის მოსაპოვებლად მეტანია და პირჯვრის გადაწერა მოწიწებით, მშვიდად და აუღელვებლად უნდა შევასრულოთ, ხალხმრავლობისას კი უმჯობესია თავი შევიკავოთ მუხლმოდრეკისა და მეტანიისგან. წმინდა იოანე ოქროპირის სწავლებით, "პირჯვარი არა მარტო თითებით უნდა გარდავისახოთ, არამედ რწმენითა და გულის კეთილგანწყობით". წმინდა სახარებას, ჯვარსა და ხატებს მოწიწებით უნდა მივეახლოთ. საკურთხეველთან მიახლოებისას კრძალვით უნდა შევჩერდეთ, მდაბლად დავხაროთ თავი თაყვანისცემის გამოსახატავად და შემდეგ გადავიწეროთ პირჯვარი, რადგან ყოველი ღვთისმსახურების დროს საკურთხეველზე უხილავად თვით მაცხოვარი და უფალი ჩვენი იესო ქრისტეა დაბრძანებული წმინდა ანგელოსთა დასის თანხლებით.
როგორც ხედავთ, მრევლის ტაძარში დგომისა და წირვა-ლოცვაზე ქცევის წესების გამომუშავება ყოველი მოძღვრისგან დაუღალავ შრომას, ძალისხმევასა და დიდ სულიერ ენერგიას მოითხოვს.
მამა გიორგი: "ტაძარში დგომის კულტურა ყოველმა ადამიანმა უნდა გამოიმუშაოს. განსაკუთრებით ეს დედაკაცებს ეხებათ, რომლებიც არაფერში უდებენ ტოლს მამაკაცებს და ზოგჯერ უსწრებენ კიდეც მათ.
დიდ სჯულისკანონში მორწმუნეთა ჩაცმულობას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. როცა ტაძრის მოვდივართ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავაცნობიეროთ ყველაზე მთავარი - რომ აქ უფალს უნდა შევხვდეთ და ჩვენი სიხარული და მწუხარება გავუზიაროთ. სწორედ იმ შემთხვევაში მივიღებთ უფლისგან შენდობასა და კურნებას, თუ გამომწვევი ქცევითა და ჩაცმულობით არ დავაბრკოლებთ ჩვენს გვერდით მყოფ ადამიანებს. გავიხსენოთ უფლის გაფრთხილება: "თუ ერთი რომელიმე თქვენგანი ღვთისკენ მიმავალ გზაზე სხვას დააბრკოლებს, მისთვის უმჯობესი იქნება, წისქვილის ქვა მოიბას კისერზე და წყალში შთაიფლოს თავი".
VI საეკლესიო კრებაზე მიღებული 75-ე კანონის თანახმად, ეკლესიაში ლოცვისა და გალობისთვის შეკრებილ მრევლს სჯულისკანონი უკრძალავს უწესო ხმაურს, ხმამაღლა საუბარს, რაც ქრისტიანისთვის შეუფერებელ საქციელად ითვლება და მოუწოდებს, მოკრძალებულად და ლმობიერად იდგნენ ღვთისმსახურებაზე, რათა ერთობლივად აღვლენილი ლოცვა კეთილად შეიწირებოდეს ღვთისადმი, რომელიც ჩვენი ფარული საქმეების ზედამხედველია. დიდი სჯულისკანონში ერთი მეტად საგულისხმო პუნქტიც ამოვიკითხე: ეპისკოპოსს, მღვდელსა თუ ეკლესიის წევრს, რომელიც შეეცდება სჯულისკანონის დაცვას, უფალი მშვიდ ცხოვრებას ჰპირდება როგორც წუთისოფელში, ისე მომავალ სამარადისო ცხოვრებაში. შევთხოვოთ მაღალ ღმერთს, შეგვეწიოს ამ საქმეში, მოგვცეს ძალა მის განსადიდებლად, სულიწმინდის მადლის მოსახვეჭად, რაც აუცილებელია სულის ცხონებისთვის".
დაბოლოს: ტრადიციულად, მამაკაცები წირვა-ლოცვის დროს მაცხოვრის ხატის მხარეს, მარჯვნივ დგებოდნენ, დედაკაცები - მარცხნივ, ღვთისმშობლის ხატის გასწვრივ. ეს ტრადიცია დღეს მხოლოდ რამდენიმე ტაძარშია დაცული.
როცა ბავშვები მსახურებაზე დასასწრებად მოდიან, მშობლებმა წინასწარ უნდა განუმარტონ ტაძარში მოქცევის წესები, რადგან ყოველ მათ ნამოქმედარზე პასუხს უფროსები აგებენ ღვთის წინაშე.
"დაიცავი გულში სიმშვიდე, ილოცე, გაიხსენე შენი ცოდვები და ლოცვებში ისინიც მოიხსენიე, ვინც გაწყენინა და შესცოდა შენ წინაშე", - გვასწავლიან ღვთივგანბრძნობილი მამები. ამ წერილის მომზადებისას სწორედ მათი რჩევებით ვხელმძღვანელობდით, რომელთა გათვალისწინებაც ყოველი ქრისტიანის ვალია.