მოყვასს პირადი მაგალითით უნდა განუცხადო ქრისტეს გზა
როცა ადამიანი მონასტერში მიდის და საკუთარ ოჯახს, ხორციელ და-ძმას განერიდება
, ის უკვე სულიერ წინამძღვარს, დებს, ძმებს იძენს და ქრისტესმიერი სიყვარულით მათთან ერთად ყოვლითა გულითა, ყოვლითა გონებითა და ყოვლითა სულითა ადიდებს უფალს. მონასტრის წევრებს თავად უფალი ირჩევს თავისთან მისაყვანად. სხვადასხვა ხასიათის, ზნე-ჩვეულების მქონე ღვთის შვილები უფლის სიყვარულით ურთიერთსიმძიმის ზიდვით აღასრულებენ ქრისტეს სჯულს. მათი ღვთივსათნო ცხოვრების წესი კი ერში მყოფი თითოეული მრევლისთვის მისაბაძი და სანეტაროა.
***
ივერიის ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტერი თბილისის ზღვის მახლობლად, ივერთუბანში მდებარეობს. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით და ივერიის ღვთისმშობლისა და მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრების წინამძღვრის დეკანოზ ვახტანგ ასათიანის ძალისხმევით აქ რამდენიმე წლის წინ დედათა მონასტერი დაფუძნდა. წინამძღვარი გახლავთ დედა საბიანა. ამჟამად მონასტერში ხუთი მონაზონი და ორი ერის ადამიანი ცხოვრობს. დედა საბიანა თითოეული მათგანის მიმართ დედობრივ მზრუნველობას იჩენს და მონასტერში მისულ მრევლსაც დიდ ნუგეშს აძლევს.
- მონასტერი პირველ რიგში ღვთის სადიდებელი და სულის ჩამოსაყალიბებელი ადგილია. ერთადერთი ცოცხალი ადგილი, რომელიც სიყვარულს აფრქვევს და ნაყოფს იღებს, - გვიამბობს დედა საბიანა, - ამქვეყნად თითქოს ქრისტიანული და სულიერი სიყვარულის ნაკლებობა შეინიშნება. მონასტერში კი სიყვარული მარადიულია. ასე მგონია, ყველაფერი გამარტივდა, გაუფასურდა და მარტო ხორციელ ვნებებზე, ხორციელ დამოკიდებულებებზეა ხალხი გადასული. დედაშვილობის სიყვარული, რა თქმა უნდა, არასდროს მოკვდება. მადლობა ღმერთს, რომ მონასტერი არის ერთადერთი ცოცხალი ხე, სადაც შემორჩენილია სულიერი სიყვარული. სიყვარულით და ერთობით ვაკეთებთ ყველაფერს. ვცხოვრობთ ჩვეულებრივი მონასტრული ტიბიკონით. თავის დროზე ლოცვა გვაქვს, ვსაქმიანობთ, როგორც შეგვიძლია. პატარა ეზოც გვაქვს და ვამუშავებთ.
ღვთის რწმენა და სიყვარული ბებიამ ჩამინერგა. ბავშვობიდან დავყავდი ეკლესიაში. იტყოდა ხოლმე, - ჩვენს სახლში იკრიბებოდნენ სასულიერო პირები და ეპისკოპოსებიო. 12-15 წლისას უკვე მონასტრული ცხოვრება მინდოდა, მაგრამ ისეთი ბარიერები შემექმნა, რომ ღვთის გზაზე ნაბიჯი ვერ გადავდგი. დავოჯახდი. თუმცა გულში ღმერთს გავუმხილე ჩემი საიდუმლო და ვუთხარი, - 50 წლის რომ გავხდები, მაინც დავტოვებ საერო ცხოვრებას და წავალ მონასტერში-მეთქი. ცხოვრებამ მრავალი სასწაული დამანახვა და დავრწმუნდი, რომ ჩემი ადგილი მონასტერში იყო. ერში ეკლესიაში ვგალობდი, ვმედავითნეობდი და იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე. მამა ვახტანგი მაშინ სტუდენტი იყო. დაოჯახების შემდეგ გადაწყვიტა სასულიერო აკადემიაში სწავლის გაგრძელება. მამა ვახტანგი სასულიერო აკადემიაში ჩაბარებამდეც მოძღვარი იყო. უწმინდესმა შესთავაზა, სასულიერო პირი გამხდარიყო და 1981 წელს აკურთხეს კიდეც.
***
მამა ვახტანგს ვეუბნებოდი, შვილების დაოჯახების შემდეგ ჩვენც მონასტერში წავიდეთ-მეთქი. არ ჩქარობდა. შეეჩვია თავის სულიერ შვილებს, მეგობრებს, უწმინდესმა ტაძრის მშენებლობაც ჩააბარა. გადასასვლელ ხიდთან მდებარე ივერიის ღვთისმშობლის ძველი ტაძრის აღდგენა დაიწყო. მთავარანგელოზების ეკლესიაც იქვეა. მერე ეკლესიასთან არსებული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ააშენა. როცა მამა ვახტანგი სასულიერო აკადემიაში სწავლობდა, მე ქუთაისში მის მოხუც მშობლებს ვუვლიდი, თან საფიჩხიის წმინდა სამების ეკლესიის აღდგენაში ვმონაწილეობდი. ღვთის წყალობით და მეუფე კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით, შევძელი ქუთაისში, ოღასკურის სასაფლაოზე მდებარე მიწასთან გასწორებული წმინდა თეკლას ეკლესიის აღდგენა. მერე იქ წმინდა თეკლას სახელობის დედათა მონასტერი დავაარსეთ. ჩემი მეუღლის მშობლების გარდაცვალების შემდეგ თბილისში წამოვედი და ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ვმედავითნეობდი. ამასობაში 50 წელს ვუახლოვდებოდი და საკუთარი გულისთქმის აღსრულებას ველოდი - მონასტრისკენ მიმიწევდა გული. მამა ვახტანგს შევახსენე ჩემი გულისნადები. მახსოვს, ჩვენ რომ დავქორწინდით, ქუთაისში ამბობდნენ, მონაზონი ბერს გაჰყვა ცოლადო. იმდენად ეკლესიური ვიყავი, რომ მონაზონივით ვცხოვრობდი. არ მიყვარდა ხალხთან ამაო საუბარი. მუდამ სულიერ საკითხებზე ვფიქრობდი. მარტო ღმერთთან მინდოდა ვყოფილიყავი. ისე შევუჩნდი, მითხრა, კარგი, წადი მონასტერშიო. მისი სიტყვები ლოცვა-კურთხევად მივიღე. მამა ვახტანგი ნამდვილად ჩემი მფარველი ანგელოზი იყო ამ ქვეყანაზე, პირველ რიგში საუკეთესო მეგობარი. გვინდოდა, გვქონოდა მყარი ოჯახი და ქვეყნის საქმე გაგვეკეთებინა. ღვთის სადიდებლად ერთი კენჭიც რომ დაგვედო რომელიმე ეკლესიაზე, დიდი ღვთის მადლი იყო. ამგვარად ცხოვრობდა და დღემდე ასეა მამა ვახტანგი და მეც შეძლებისდაგვარად ასეთი მისწრაფება მქონდა. როცა მონასტრის გზა ავირჩიე, მამა ვახტანგს ტელეფონით ვაცნობე, - უწმინდესთან ვარ საპატრიარქოში-მეთქი. თვითონაც მოვიდა უწმინდესთან და უთხრა, - რა ვქნა, უწმინდესოო. უწმინდესმა - ის უკვე აღარ არის შენი ცოლი, ქრისტეს პატარძალიაო. მე კი გახარებულმა მითხრა, - ძალიან ჭკვიანური ნაბიჯი გადადგიო. ამის გაგონებაზე სიხარულით ცას ვეწიე. საპატრიარქოში დაახლოებით ერთი წელი ვცხოვრობდი. უწმინდესის სახით მართლაც წმინდანი დადის დედამიწაზე. ვინც მას დაუჯერებს და გაჰყვება, ნამდვილად საუკუნო სიცოცხლე ექნება მარადისობაში.
***
მაშინ მეუფე იობი ქორეპისკოპოსი იყო და მთხოვა, მის ეპარქიაში წავსულიყავი. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით წავედი. მოვილოცეთ ყინწვისის მონასტერი, სურამის ამაღლება. ძალიან მომეწონა ის ეპარქია. უწმინდესთან ყოფნას რა სჯობდა, მაგრამ მე უფრო სიმკაცრე მინდოდა ჩემი თავისთვის, სულისთვის და უფალთან მისაახლოებლად მონასტერში დარჩენა გადავწყვიტე. მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, ყინწვისში ერთი თვე ვცხოვრობდი. მაშინ იქ დედათა მონასტერი იყო, რომელსაც დედა თეკლა წინამძღვრობდა. 7-8 მონაზონი და 4 მორჩილი ვცხოვრობდით. მერე მეუფემ სამონაზვნედ მაკურთხა და დედა ბარბარე დამარქვა. მონასტრული ცხოვრება იქ განვიცადე. ისე გვიყვარდა დობის წევრებს ერთმანეთი, რომ უერთმანეთოდ ვერც წარმოგვედგინა ცხოვრება.
მონაზონი მაინც მარტოსული უნდა იყოს, უფალთან შეერთებული. მას მეგობარი და ამხანაგი არ სჭირდება, მაგრამ ყველა უნდა უყვარდეს. უწმინდესი ხშირად ამბობს ხოლმე, რომ სიყვარული ღვთისა არის ზემოდან ქვემოთ და სიყვარული მოყვასისა არის ვერტიკალური, რაც შეადგენს ჯვარს. ჯერ უნდა გიყვარდეს ღმერთი, მერე - მოყვასი. მონაზონს ყველა უყვარს, მით უმეტეს, მის გვერდით მდგომნი.
***
მონაზვნები ჯარისკაცებივით ვართ. სადაც გვიბრძანებენ, იქ უნდა წავიდეთ. მხედართმთავარმა იცის, ვინ სად გამოდგება. ჩვენ არ გვაქვს შეწინააღმდეგების უფლება. მონაზვნები შესამოსელს არ ვიხდით, ლეჩაქით და კაბით ვიძინებთ. ჩვენ არ ვიცით, უფალი თავისთან როდის გვიხმობს.
მაცხოვარი ბრძანებს, ერთ ადამიანსაც თუ დაეხმარები ჩემი სახელით, შენი სული უკვე ჩემთან იქნებაო. ბუნებითაც უნდა იყო მიმტევებელი, შემწყნარებელი, თორემ ამას ვერ ისწავლი. ყველგან შეიძლება ადამიანმა თავი იცხოვნოს. სადაც ხარ და რაც გავალია, ის უნდა შეასრულო პირნათლად. ცუდ საქმეში არ უნდა გაერიო, ცუდი საქმე რომ დაგავალონ, არ უნდა გააკეთო. დაე, გაწამონ. შოთა ნიშნიანიძე ერთი ლექსში ამბობს: დილას წავედი სამსახურში. ქუჩაში უთვალისჩინო დედაბერი შემხვდა, შემეცოდა და მეორე მხარეს გადავიყვანე. სამსახურში მისული კარგ გუნებაზე ვიყავი და ყველა გაკვირვებით მეუბნებოდა, რა გიხარიაო. მე ვერ გავაცნობიერე, რა მოხდა და საღამოს რომ დავფიქრდი, მართლა რა მიხაროდა, გამახსენდა - ქუჩაზე ქალი როგორ გადავიყვანე. მიხაროდა, იმ დღეს ერთი სიკეთე რომ გავაკეთეო. იმდენად დიდია სიხარული, რომ მისი მფარველი ანგელოზი მას არ განშორებია. როცა მფარველი ანგელოზი ახლოსაა და ეშმაკი - შორს, მუდამ კარგად ხარ და ყველაფერი გიხარია. ერთი მცირედი სიკეთის გაკეთებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს და დიდ სიკეთეს ხომ უფრო დიდი სიხარული მოჰყვება და მთელი ცხოვრება დიდხანს გაგყვება. ეს არის ღვთის მადლი. ღვთის მადლი, რა თქმა უნდა, მოდის და მერე ისევ მიდის, მაგრამ როცა მიდის, უნდა დაფიქრდე, რაიმე ცუდი ხომ არ ჩაიდინე. ამ დროს მფარველი ანგელოზი შორსაა შენგან და ბოროტი გებრძვის. უნდა შეეცადო, დაუახლოვდე უფალს, მფარველ ანგელოზს და არა - ბოროტ ძალას და სიბნელეს.
***
მოყვასს პირადი მაგალითი უნდა უჩვენო და ამით განუცხადო ქრისტეს ჭეშმარიტი გზა. პირველ რიგში ნდობა უნდა მოიპოვო, როგორც მოციქულები გვეუბნებიან, შენი "ჰო" "ჰო" უნდა იყოს, "არა" - "არაო". ყველას კი არ უნდა უმტკიცო, რომ მთელი ცხოვრება პატიოსნებაში გაატარე. არამედ ცხოვრების წესით უნდა უჩვენო ყოველივე. როცა ძალიან ახლო მეგობარი შეგნიშნავს, რომ შენი "ჰო" უკვე "ჰო" აღარ არის და რაღაცის გამო შენ "ჰოს" მაგივრად "არას" ამბობ ან პირიქით, უკვე ისიც აღარ გენდობა და კარგავ მეგობარს. უმჯობესია სიმართლის თქმა და კეთილი საქმის კეთება, ვიდრე წლების უსინდისოდ გალევა. არიან ისეთი მეგობრებიც, ვისთან ერთადაც ცუდი საქმე აქვთ გაკეთებული და ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებენ, მაგრამ ისინი სინამდვილეში მეგობრები კი არ არიან, არამედ ეშმაკისეული მეგობრები და ეშმაკი ჩაძირავთ მათ ჯოჯოხეთში. მეგობარი უნდა იყოს კეთილი, პატიოსანი, წესიერი, სანდო და ქრისტესმიერი სიყვარულით უნდა უყვარდეთ ერთმანეთი. რაც არ უნდა უმტკიცო ადამიანს, რომ ქრისტიანობა ჯობია, ვერ დაარწმუნებ, თუ შეგნიშნა უარყოფითი თვისებები, შენს მიმართაც დაკარგავს ნდობას და ეკლესიისაც. ამით შენ ქრისტესაც უკარგავ შვილს. უფალი ამბობს, რომელმაც ერთი სული მაინც მოიყვანოს ჩემამდე და გადაარჩინოს, მისი სულიც ცხონებულიაო. რა თქმა უნდა, ადამიანი ძალაუნებურად ცოდვაში ვარდება, რაც ეშმაკის ძალია. მონანული მეგობარი არ უნდა დაკარგო, გვერდით უნდა ამოუდგე და გაამხნევო. ღმერთს ყველაზე მეტად სძულს სასოწარკვეთილი, რადგან ღვთის სასოება და იმედი დაკარგა. არადა ღვთის იმედი არასდროს უნდა დაკარგო. უფალი ისე გამოგიყვანს ყველანაირი მდგომარეობიდან, რომ გაგიკვირდება კიდეც. რამდენჯერაც დაეცემი, იმდენჯერ უნდა ადგე. გმირობად ჩაგეთვლება, დაცემული რომ წამოდგომას შეძლებ. სული, რომელიც უფალმა მოგცა, გაბრწყინებული უნდა მიართვა თავად უფალს. სულის განწმენდას მარტო ადამიანი ვერ შეძლებს, ის ვიღაცამ ანუ უფალმა უნდა განწმინდოს მოძღვრის ხელით. ჩვენი სული ყოველდღიურად იბინდება ცოდვით და რაც უფრო ხშირად მოვინანიებთ, უფრო განვსპეტაკდებით. უფალი ბრძანებს: ისე ნუ ჩავა მზე, რომ შენდობა არ სთხოვო შენს ირგვლივ მყოფ ადამიანებსო. მონასტერში ასეა და ჩვენც ერთმანეთს სერობის შემდეგ ვთხოვთ შენდობას და შევდივართ ჩვენს სენაკებში. მერე ერთმანეთთან ურთიერთობა დილამდე არ გვაქვს.
***
ამჟამად მონასტერში ცხოვრობენ: დედა სალომე, დედა მელანია, დედა თებრონია და დედა ნანა. ორი ერის ადამიანია. სტუმრიანობა ხშირი გვაქვს. აქედან რომ მიდიან, ამბობენ, დიდი სულიერი ნუგეში მივიღეთო. მადლობა ღმერთს ამისათვის.
ეკლესიის გარეშე აზრს კარგავს ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება. უფალი ამბობს, ადამიანის საყრდენი ღმერთი, სარწმუნოება, მადლი და იმედიაო.
ღმერთმა მადლი და ნუგეში არ მოგაკლოთ.