ძნელად თუ გაბედავდა ვინმე ლომისკარელთან ტყულის თქმას და დაფიცებას
17.09.2016
მთაგორიანი სოფელი შუასურები მდინარე სუფსის ხეობაში მდებარეობს. აქვე ,,ზახტოურას" გორაზე წინათ პატარა წმიდა გიორგის სახელობაზე ნაკურთხი ტაძარი ყოფილა.
ჩოხატაურის მუზეუმის დირექტორის, ნათია კალანდაძის თქმით, აღნიშნული ტაძარი, სოფელ ქვემოსურების ,,გადაღმა დობიროს" მოსახლეობამ იყიდა ეკლესიად (1889 წელს), რადგან გადაწყვეტილი იყო ზახტოურას გორაზე ზომით დიდი ტაძრის აშენება. მართლაც, 1893 წელს აშენდა ძალიან ლამაზი ხის ეკლესია შესაფერისი კოხტა სამრეკლოთი. ტაძრისა და აქ დაბრძანებული წმიდა გიორგის ხატის ისტორია შემორჩენილია ,,ლომისკარელის" სახელით. წმინდა გიორგის ეკლესია ლომიკარელად იწოდებოდა. მის სამრევლოში 24 კომლი შედიოდა. დავით შარვაშიძემ და მისმა ძმამ, ზაალმა წმინდა ლომისკარელის სამწყსო უბოძა ტრაპაიძეებს. ანიზდარ ტრაპაიძეს მოუჭედინებია და განუახლებია ლომისკარელის ჯვარი. ლომისკარელში ინახებოდა წმინდა გიორგის ხატი, რომელიც მთელს გურიაში სახელგანთქმული იყო. თუ ვინმე დაკარგავდა რაიმეს, მომპარავს ხატზე გადასცემდა. ,"იგი უეჭველად აყვირებს ქურდს. ესე იგი ავად გახდის ვიდრე ნაქურდალს პატრონს არ დაუბრუნებს ან დააფიცებენ ლომისკარელზე საეჭვო ადამიანებს და რაც უნდა სულით დაცემული იყოს ადამიანი, სიცრუის დაფიცებას ვერ გაბედავს".
ხატისადმი პატივისცემა თავიდანვე დამკვიდრებულა მოსახლეობაში, ოქროსვარაყიან, ძვირფასი ქვებით მოჭედილ ჩარჩოში ჩაუსვამთ. სოფელი ზემო გურიაში შემოსავლის სიუხვით გამოირჩეოდა, ამიტომაც ოქრო-ვერცხლის სამკაულებს ადგილობრივი მოსახლეობა უშურველად წირავდა წმინდა გიორგის, მომლოცველებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოჰქონდათ დიდძალი შესაწირი, მოჰყავდათ საკლავი, დიდ პატივს სცემდნენ ლომისკარელის წმინდა გიორგის. ძნელად თუ გაბედავდა ვინმე ლომისკარელთან ტყულის თქმას და დაფიცებას. რიდი და სიყვარულიც დიდი იყო და ვერც შეჰკადრებდნენ. ხატთან დაკავშირებული გადმოცემები სასწაულების შესახებ ხალხში გადადიოდა და მრავლდებოდა. ერთ-ერთი გადმოცემით, გვალვიანი გაზაფხული დადგა, აპრილი იწურებოდა, მოსახლეობა ვერ ახერხებდა მიწის დამუშავებას, სოფლის რამდენიმე თავკაცი შეიკრიბა, მივიდნენ ეკლესიაში და ითხოვეს ხატის ჩაბრძანება მდინარესთან- "შეისმენს ჩვენს გასაჭირს და გაწვიმდებაო", ჩააბრძანეს ხატი მდინარის ნაპირთან, მღვდელმა წაიკითხა ლოცვები და ხატი მდინარის წყლით დაასველეს. წმინდა გიორგის მადლითა და ძლიერებით, სასწაული მოხდა, ღამით გაწვიმდა.