ჭეშმარიტი მართალნი, რომელთაც გული სიმდაბლით და ღვაწლით განიწმინდეს, ყოველთვის ფიქრობენ, რომ ისინი ღმერთის ღირსნი არ არიან. წუთისოფელი განსაკუთრებულად მტრობს ხოლმე ასეთებს, რადგან დიდად სძულს სიმდაბლე. ასეთთა ცხოვრება ლამის ქრისტეს სწორი ცხოვრებაა და მათი ღვაწლის ცოდნა - სიწმინდესთან გვხდის ხოლმე თანაზიარს."
თუ რამ ჭირი და სიავე გააჩნდა წუთისოფელს, თითქოს ყველაფერი გაიმეტა იღუმენია ელეონორა დადიანისათვის.
ათი შვილიდან მხოლოდ ორმა დაიტირა: ჯერ ალექსანდრე შეიწირა გასაბჭოებამ, შემდეგ - გრიგოლი და 26 წლის ქეთევანი.
ყრმობიდანვე ღვთისმოშიშმა დავითმა კი, რომელმაც უმაღლესი განათლება ოქსფორდში მიიღო, უსამშობლობა ვერ აიტანა, 1928 წელს საქართველომდე ჩამოაღწია, მალევე ბერად აღიკვეცა და მძიმედ სნეულმა დედის კალთაში დალია სული.
პაატა ქურდოვანიძე, თეკლათის დედათა მონასტრის იღუმენია ელეონორა დადიანის შთამომავალი: ,,გასაბჭოებულმა სამშობლომ დავითისთანებს აღარც ადგილი დაუტოვა და არც არჩევანი.
გაუსაძლისმა დროებამ მალე მთელი ოჯახის ემიგრირების აუცილებლობა მოიტანა, მაგრამ სქემიღუმენია ელეონორამ და საუკუნეს მიტანებულმა ბებია მაიამ (დედა ელეონორას დედამთილი, - მ. ტ.) აქაურობა არ დატოვეს, საბოლოოდ კი ოჯახის წევრთა უმრავლესობაც სამშობლოში დარჩა.
უკანასკნელ წუთს ემიგრაციაზე უარი თქვეს და ბათუმიდან ისევ უკან მობრუნდნენ.
ხორშში (სადაც იღუმენია ელეონორას ოჯახი ცხოვრობდა) დარჩა მისი უფროსი ვაჟი კოკი (გრიგოლი), რომელიც მძიმე შრომით არჩენდა წვრილშვილიან ოჯახს და არც 1924 წლის ცნობილ ამბოხებაში ჩარეულა, თუმცა, უბედურება მაინც არ ასცდა: ამ ამბოხის მონაწილე მისი სამი ძმა - გელა, კონსტანტინე და ლევანი ხელისუფლებამ რომ ვერ მოიხელთა, ჯავრი კოკიზე იყარა: აგვისტოს ერთ დღეს მოკიდა მასაც და მის სტუმარ ბიძაშვილსაც ხელი და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე იქვე მიახვრიტა...
ჭირისუფლებს მათი ქრისტიანულად დაკრძალვის ნებაც კი არ დართეს - ავაზაკებივით სახელდახელოდ დაასაფლავეს და ორიოდე მუჭა მიწა მიაყარეს...
გვიან ღამით კი კოკი დადიანის სიყრმის მეგობრებს, ხორშელ გლეხებს, ბეგო გაბიშაძეს და მიხა გოგიას ცხედარი მოუპარავთ, წესისამებრ გაუპატიოსნებიათ და სანამ ინათებდა, წმინდა გიორგის ტაძარში მოუსწრიათ დაკრძალვა... ამ ამბის მომსწრენი იგონებდნენ, რომ მიუხედავად თავსდატეხილი მწუხარებისა, იმის შიშით, რომ ცხედარი ხელმეორედ არ შეურაცხეყოთ, გამწარებული მეუღლე და ნათესავი ქალები მოთქმითაც ვერ ტიროდნენ.
გამთენიისას მიუყვანიათ შინ თავზარდაცემული და გონდაბინდული დედა, რომელიც თურმე აცრემლებული პირჯვარს იწერდა და ერთსა და იმავეს ჩურჩულებდა: - ყოველი ღვთის ნებააო.
ტრადიციულად გლოვობდნენ დაუტირებელ ვაჟკაცს. იმ წელს ქრისტეშობა ისე შემოსულა, რომ მის მეუღლეს არ გაუხსნილებია. სვეგამწარებულ დედას თავადვე გაუკითხავს მეზობლებში მეძუძური რძლისათვის ორიოდ ნაჭერი შაშხი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ახლომახლო კი არა, ნახევარ სოფელს, გლოვისა და პატივისცემის ნიშნად, ღორი არ დაუკლავს.
ასეც მომხდარა, კოკი ბატონიშვილის პატივისმცემელი, ვაჟკაცობით სახელგათქმული კუკუ ქაჯაია სთხოვს დედა ელეონორას: ლოცვა-კურთხევა მიბოძეთ და მის მკვლელებს გავუსწორდებიო, მაგრამ სქემიღუმენია შორს დაიჭერს: დედაშვილობას, ნუ შესცოდავ, უფალი მაღალია, უბრალო მოკვდავთ ვინ მოგვცა ნება, ცოდვილთ მოვკითხოთ შეცოდებანიო.
გლეხობას უყვარდა ეს ოჯახი. ძიძიშვილობა-მორდუობის, ნათლულ-გაზრდილობის ძირძველი ტრადიციები და ზნეობის საუკუნოვანი საფუძვლები, მიუხედავად საზოგადოებრივი ცხოვრების წეს-წყობილების ცვლილებებისა და ხელისუფლების დიდი მცდელობისა, ჯერ კიდევ არ იყო საფუძველმორყეული...
სახლი ვახსენე, მაგრამ იგი დიდი ხნის დაქცეული იყო, ისევე, როგორც წმინდა გიორგის ტაძარი, ოჯახს ყველაფერი ჩამოართვეს, ანტირელიგიურმა ფსიქოზმა კი ხორშში კიდევ სამი ეკლესია შეიწირა...
უფროსი ძმის დახვრეტის შემდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გადარჩენილ შეფიცულებთან ერთად სამშობლოდან სამუდამოდ წავიდა სიმამაცით განთქმული ლევან დადიანი...
პერიოდულად აპატიმრებდნენ და ასახლებდნენ კონსტანტინეს, გელას, სიძეებს: კონსტანტინე შერვაშიძეს და გაგი ძიძავას მეუღლეებითურთ...
გამზრდელებში დაიფანტნენ შვილიშვილები, რომლებსაც სწავლის უფლებას არ აძლევდნენ...
მსგავსი ამბები ხდებოდა სრულიად სანათესაოში. მამაკაცთაგან, ვინც 1924 წლის სისხლიან კალოს გადაურჩა, შემდგომი ათწლეული ვეღარ გადალახა...
როდესაც სქემიღუმენია ელეონორას შვილიშვილები გამოვლილ განსაცდელს იგონებდნენ, განსაკუთრებით აღნიშნავდნენ, რომ არასოდეს უნახავთ წონასწორობიდან გამოსული დიდი ბებია, რომელიც მუდამ ღვთისა და მოყვასის სიყვარულზე, სათნოებასა და სიკეთეზე ესაუბრებოდა.
- სქემიღუმენია ელეონორა, ნათლობით - ოლღა, ერში ციცუ (1865-1933) მიხეილის ასული დადიანი, ნოქალაქევში დამკვიდრებულ დადიანთა საგვარეულოს იმ შტოს ეკუთვნოდა, რომელიც სათავეს სამეგრელოს მთავრის - ბეჟან დადიანის ძმის, მანუჩარ ბატონიშვილის შთამომავლობიდან იღებდა.
XIX საუკუნის დასასრულისათვის ამ ოჯახს ბატონიშვილობა უკვე აღარ ჰქონდა პატივად და გაღარიბებულ თავადთა წრეს ეკუთვნოდა. ობლობაში დაიზარდნენ ოლღა და მისი და-ძმანი, - მალაქია (გუჯუ), პეტრე, მიხეილი, ნინო და პელაგია (პაშა).
სათნოებითა და სილამაზით განთქმული ციცუ გამორჩევით ჰყვარებია აღმზრდელ ბიძას - ელიზბარ დადიანს. ერთ დღეს სწორედ მის ოჯახში ნახა იგი სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ძმისწულმა გრიშა ბატონიშვილმა. ყმაწვილს თავდავიწყებით შეუყვარდა პირმშვენიერი ასული. რაინდულ ტრადიციებზე აღზრდილმა დიდგვაროვანმა სასიძომ შეძლო მოეხიბლა ქალიშვილი.
მიუხედავად სამთავრო სახლის უფროსი თაობის უკმაყოფილებისა და განსაკუთრებით დედის - მაია დადიანის წინააღმდეგობისა, გრიშამ მიიღო მშობლისაგან ლოცვა-კურთხევა და ჯვარიც დაიწერა.
კნეინა მაიამ, მართალია, უფროს ვაჟს უმამობა არ აგრძნობინა და საკადრისი ქორწილიც გადაუხადა, მაგრამ ურჩობისათვის დასაჯა. უბრძანა, ცალკე დასახლებულიყო მისთვის განკუთვნილ ხორშის მამულში, საგამზრდელოში, თავად ჩიჩუათა სამოსახლოსთან ახლოს (იმ ადგილს დღესაც ,,დოხორეს" უწოდებენ).
მოგახსენეთ, ამ დროისათვის კონსტანტინე ბატონიშვილი გარდაცვლილი იყო. გრიშას მამა ნაბოლარა ვაჟი გახლდათ სამეგრელოს მთავარ ლევან V-ისა და დედოფალ მართა წერეთლისა. მას დროის შესაფერისი აღზრდა-განათლება ჰქონდა მიღებული. პენსიაზე გენერალ-ლეიტენანტის ჩინით გავიდა. კავკასიის ომების მონაწილე, დაჭრილიც არაერთხელ ყოფილა. ჰქონდა იმპერიის უმაღლესი ჯილდოები. მოვლილი ჰქონდა ევროპის ქვეყნები, პეტერბურგშიც ხშირად უხდებოდა ცხოვრება.
უფროსი ძმის, დავითის გარდაცვალების შემდეგ ბატონიშვილი კონსტანტინე მხარში ამოუდგა რძალს, ეკატერინეს. დედოფალიც დიდად ემადლიერებოდა უმცროს მაზლს.
კონსტანტინე დადიანს ახლო ნათესაობა აკავშირებდა ბაგრატიონთა სამეფო საგვარეულოსა და საქართველოს არისტოკრატიის უპირველეს სახლეულობებთან. მეგობრობდა არაერთ გამოჩენილ ქართველ თუ უცხოელ პიროვნებასთან. დ. ყიფიანთან, ნ. ბარათაშვილთან, კ. მამაცაშვილთან და სხვა მოღვაწეებთან ერთად, მის სახელს უკავშირდება თბილისში პირველი სახალხო ბიბლიოთეკის დაარსება. იგი ,,წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დამაარსებელთა დასის წევრი იყო.
შემორჩენილია სალომე დადიანი-მიურატისადმი 1877 წლის 12 იანვარს გრიგოლ ორბელიანის მიერ გაგზავნილი წერილი, სადაც მხცოვანი პოეტი სიყვარულით მოიკითხავს სალომეს ბიძას: ,,თუ ნახო ბიძაშენი კონსტანტინე, ჩემი საყვარელი, გულით მეგობარი, განუცხადეთ ჩემს გულში დანერგილი გრძნობა ძმობისა და მეგობრობისა მისადმი."
ლაღი, ნადირობის ტრფიალი, უბადლო მეომარი... ერთი სიტყვით, ქართველი რაინდი, რომელსაც ახალი დროების ეკონომიკისა არაფერი გაეგებოდა და არც გასჩენია მასში ჩაწვდომის სურვილი.
კონსტანტინე დადიანის ღირსეული თანამეცხედრე მაია (მარიამ) ბატონიშვილიც დადიანთა სამთავრო ოჯახის წევრი იყო. მეუღლისაგან განსხვავებით, მან მთელი სიცოცხლე ხიბულაში, საკუთარი გემოვნებით აგებულ სასახლეში გაატარა და იშვიათად ტოვებდა იქაობას.
მამულს მაია განაგებდა. მის ფხიზელ თვალს არაფერი გამოეპარებოდა. ბრძენი, ქართული ტრადიციებით აღზრდილი, ღრმად მორწმუნე, სამშობლოს მოყვარე. გლეხობა პატივს სცემდა და ემადლიერებოდა დიდ ქალბატონს. მოწყალე ყოფილა, ამავ დროს ყაირათიანიც, მშრომელი კაცის დამფასებელი. მეუღლის ხელგაშლილი ცხოვრება და მუდმივი ქეიფები დიდად არ სიამოვნებდა და არც არასოდეს დაუმალავს ეს. შემდგომში, უცხოეთში გადახვეწილი მისი შვილიშვილი ლევან (ჯონჯი) დადიანი 1960 წლის 27 ივნისს ნეაპოლიდან გამოგზავნილ ერთ წერილში ასე იგონებს ბებიას: ,,ოქროს ბეჭედი" თანა მაქ, ველაპარაკები ხან ონისიმეს, ხან გიგიშას, ხან პლატონს (მაია დადიანის კარის მსახურნი, - პ.ქ.), ხან ჩემ საყვარელ დიდ ბების, რომელსაც ძალიან ვუყვარდი. იქ, მის ოთახში დამიჯენდა, მეტყოდა, უყურე ბებისო, ჩემისთანა ქალს მიდღემჩი ვერ ნახავო და კიდევაც მართალი იყო, მთელი ქვეყანა მოვიარე და მისი ტოლი ადამიანი არ მინახავს. არც ერთი დედოფალი, არც ძველი და არც ახალი მას ვერ შეედრება."
მაია ბატონიშვილის მამა, გიორგი დადიანი, სამეგრელოს სარდალ-მსაჯულთუხუცესისა და ფაქტობრივი მმართველის, ,,დიდი ნიკოს" უფროსი ვაჟი იყო. ის მამის სიცოცხლეშივე აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწეოდა.
ბედის ირონიით, თუ ნიკო დადიანი მთელი თავისი შეგნებული ცხოვრებით სამთავროს რუსეთთან დაახლოებას ემსახურა, თავადი გიორგი ანტირუსული განწყობილებით იყო ცნობილი. მამის გარდაცვალების შემდეგ სრულ ოპოზიციაში ჩაუდგა ლევან V-სა და დავითს. მას საკუთარი შეხედულებები ჰქონდა ქვეყნისა და მამულის მოწყობაზე. ეროვნული სულისკვეთებით გამსჭვალული, ძირძველი ტრადიციების მიმდევარი იმაზე ოცნებობდა, თუ როდის დაეხსნებოდა ,,რუსი" საქართველოს. კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რომ შვილებს სახელმწიფო სამსახურში ემსახურათ. მისმა ვაჟებმა - დავითმა და კოწიამ კიდეც გაითქვეს სახელი თავიანთი პოეტური შემოქმედებითა და პატრიოტული სულისკვეთებით.
გიორგი დადიანს მთელ კავკასიაში სცემდნენ პატივს, მის სიტყვას ყველგან ფასი ედო. თანამედროვენი ახასიათებენ, როგორც დროის კვალობაზე განათლებულ და განსწავლულ პიროვნებას, ლიტერატურისა და ისტორიის მოყვარულს.
დიდი მებატონე გლეხობის სიყვარულით სარგებლობდა.
თხრობის მთავარ ხაზს გადავუხვიეთ, მაგრამ გიორგი დადიანის ბიოგრაფიაზე ასე დაწვრილებით იმიტომ შევჩერდით, რომ გრიშა ბატონიშვილი დიდი ბაბუის მსოფლმხედველობას და ცხოვრებისეულ პრინციპებს სრულად იზიარებდა.
თანამედროვენი პატივისცემით მოიხსენიებენ მაია დადიანის დედასაც, სვანეთის სამთავრო სახლის შვილის, ისმაილ დადეშქელიანის ასულს ბარბარეს.
მაიას უფროსი და, ალექსანდრა აფხაზეთის მთავრის მეუღლე გახლდათ. მამიდები: ეკატერინე - გურიის სამთავრო ოჯახის წევრის დათა ვახტანგის ძე გურიელის მეუღლე იყო, კესარია - აბჟუის მფლობელ ალიბეგ შარვაშიძის ცოლი. მისი ქალიშვილი რუსუდან (ადილხან) შარვაშიძე სვანეთის უკანასკნელი მთავრის, მურზაყან დადეშქელიანის თანამეცხედრე გახლდათ.
ბიძები - პეტრე და ბესარიონი, უფროს ძმასთან გიორგისთან ერთად, ,,სამეგრელოს მუშკეტერებად" იწოდებოდნენ და დიდი გავლენით სარგებლობდნენ სამთავროში.
ცნობილია, რომ ეს წრე დავით დადიანის გარდაცვალების შემდეგ ეკატერინე ჭავჭავაძის "მთავრინობას" ვერ ეგუებოდა. ძველი კოლხური არისტოკრატიის ტრადიციებით მცხოვრებნი, სამეგრელოში არავის უთმობდნენ პირველობას. სამთავრო სახლის მიერ დანერგილი ევროპული ეტიკეტი პრინციპულად მიუღებელი იყო მათთვის.
ოჯახის ნებიერა მაია ბატონიშვილი ეკატერინე დედოფლის ამალაში არ კადრულობდა ყოფნას და ახალგაზრდა, სათნო ციცუს, როგორც ტოლფერს რომ არ შეხვდებოდა, საკვირველი არ უნდა ყოფილიყო.
სულ მალე შეიცნობს მაია რძლის კეთილშობილ ბუნებას, ქრისტიანული რწმენის ძლიერებას, თანდაყოლილ სიბრძნესა და ოჯახისათვის თავდადებას. შეიცნობს და დააფასებს, მაგრამ იშვიათად თუ აგრძნობინებს (ბევრი რამ შეიძლება ითქვას მაია დადიანის პიროვნებაზე, დაინტერესებულ მკითხველს შევახსენებთ, კიდევ ერთხელ გადახედოს ფუცუ დგებუაძე-ფულარიას რომანს ,,ოქროს ბეჭედი", სადაც დაწვრილებითაა აღწერილი ფეოდალური საქართველოს ამ ერთ-ერთი უკანასკნელი და გამორჩეული ქალბატონის ცხოვრება).
გრიშას დედა ოჯახის შექმნამდეც განაწყენებული ჰყავდა, რადგან მამისა და უმცროსი ძმისაგან განსხვავებით, გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, სწავლის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. არც სამხედრო სამსახურში ისურვა ყოფნა (მამულს მივხედავო, დაჰპირდა, მაგრამ მეურნეობის გაძღოლას რომ არ აპირებდა, მაიამ შესანიშნავად იცოდა).
თავისუფალი კაცი იყო, მოსწონდა ყველაფერი ტრადიციული, მამაპაპური. ღირსებით ატარებდა მთავრის შვილიშვილობის პატივს. ლაღობა, ქეიფი, მუნასიბი, პოეტური გაბაასება მისთვის უცხო არ იყო. ბოჰემურ ცხოვრებას აყოლილი, არაერთგზის გაკიცხა დედამ, მაგრამ შვილი იმპერატორის ოფიციალურ სამსახურში ჩადგომაზე ვერა და ვერ დაითანხმა.
მოქალაქეობრივი მრწამსით, კულტურულ-პოლიტიკური შეხედულებებით, ცხოვრების სტილით, განათლებით იგი იმ წრის ღვიძლი შვილი იყო, რომელსაც ეკუთვნოდნენ მისი უახლოესი ნათესავები და მეგობრები: გიორგი და გრიგოლ შარვაშიძეები, მამია, ტელემაქე, ჯამბაკურ და ვახტანგ გურიელები, თათარხან დადეშქელიანი, კოწია ერისთავი, დავით და კოწია დადიანები, კონსტანტინე და ნიკო ბაგრატიონ-მუხრანელები. ამ წრის პოლიტიკური შეხედულებები და პატრიოტული სულისკვეთება არაერთგზისაა განხილული ქართველ მკვლევართა მიერ.
უფროს ბიძაშვილთან, ნიკო მინგრელსკისთან ერთად გრიშამაც გარკვეული წვლილი შეიტანა სასულიერო მთავრობის რუსიფიკატორული განზრახვის - სამეგრელოს სამრევლო სკოლებიდან ქართული ენის განდევნისა და მის მაგიერ მეგრულის შემოღების - ჩაშლაში.
როგორც ვთქვით, ის არ მიელტვოდა უმაღლეს ოფიციალურ წრეებთან ურთიერთობას და ამრეზითაც უყურებდა ყოველივე იმ "სიკეთეს", რომელიც რუსეთის ტახტის სამსახურიდან გამომდინარეობდა. მაგრამ ერთხელ მასაც მოუწია იძულებით დათმობაზე წასვლა. პეტერბურგიდან საგანგებო მისიით ჩამოსულმა უმცროსმა ძმამ, უჩამ იმპერატორ ნიკოლოზ II-ის სურვილი ამცნო: მისი უდიდებულესობა კმაყოფილი დარჩებოდა, თუ გრიშა ბატონიშვილი ზუგდიდის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლობას ივალდებულებდა. ბატონიშვილი იმპერატორის წინადადებას დათანხმდა.
მაღალი ზნეობისა და სხვა არაერთ ღირსებათა გამო გრიშა დადიანს საზოგადოება ემადლიერებოდა. უყვარდა გლეხობასაც. ძნელად აღსასრულებელ და საკუთარი კეთილდღეობისათვის არასახარბიელო გზაზე დამდგარს გამორჩეული პატივით ექცეოდა ბიძაშვილი, ანტირუსული განწყობილებით ცნობილი პრინცესა სალომე მიურატი.
ხორშის სასახლე იმდროინდელი სამეგრელოს ერთგვარ კულტურულ ცენტრად იქცა. სამშობლოს ისტორიაზე მსჯელობა, პოლიტიკური საკითხების განხილვა, წიგნის სიყვარული, შაირმთქმელობა.. იქ, არცთუ ისე იშვიათი იყო.
შედარებით ხელმოკლე ოჯახს ხარჯი და გასავალი არ აკლდა. ხშირი იყო სტუმრიანობა. ამავე დროს უამრავი მორდუ-ძიძიშვილი, ნათლული და გაზრდილი ირეოდა მუდამ. საქმე ყველას ჰქონდა მიჩენილი, უსაქმურობა და უხამსობა წარმოუდგენელი იყო ,,დოხორეში". ქცევისა და ზრდილობის ძველებური ტრადიციების დაცვა ყველასათვის ერთნაირად იყო სავალდებულო.
შვილებისათვის შინასაოჯახო სწავლების ტრადიციებში საღვთო წერილის, ,,ვეფხისტყაოსნის", ძველ და ახალ ქართველ პოეტთა შემოქმედების ცოდნასთან ერთად, ვაჟები - ცხენოსნობასა და იარაღის სრულყოფილად ფლობაში იწრთობოდნენ, ხოლო ქალები ნაირგვარ ხელსაქმეში ოსტატდებოდნენ.
მფარველ-შემწყნარებლად და ყველას დამცველად ზნეკეთილი დიასახლისი იდგა. მისი ბრძნული რჩევა უსასოო ადამიანს შვებას ჰგვრიდა და იმედს ჩაუსახავდა, ხოლო ბედისაგან გალაღებულს განსაცდელისა და საფრთხისაგან დაიხსნიდა.
თურმე იმდენად აღმერთებდა გრიშა ბატონიშვილი მეუღლეს, რომ თუ ქალბატონი ლოცვად იდგა, რაგინდ ნაღვინევი ყოფილიყო, ფეხს არ შედგამდა საწოლ ოთახში. ხანდახან კი ხუმრობანარევი ღიმილით იტყოდა ხოლმე: ციცუს ოჯახში მხოლოდ ჩემი სიცოცხლე აჩერებს, თორემ როგორც კი მოვკვდები, იმ დღესვე აღიკვეცებაო...
ხორშის სასახლეში დასახლების დღიდან ბებიამ სულიერ მოძღვრად მღვდელი ხარიტონ ძიძავა აირჩია, შემდეგ კი აწ წმინდანად შერაცხული ალექსი შუშანია.
1913 წელს 47 წლის საღ-სალამათი გრიგოლ დადიანი უეცრად მიიცვალა. გლოვის შემდეგ ბებია თეკლათის მონასტერში აღიკვეცა მონაზვნად.
1917 წელს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, აწ წმინდანად შერაცხულმა ამბროსი ხელაიამ კი თეკლათელი დედების თხოვნით, იღუმენიად დაადგინა დედა ელეონორა, რომელმაც ჯერ არ იცოდა, რომ შუათანა ვაჟი, ალექსანდრე მოსკოვის კადეტთა კორპუსის სტუდენტი, გასაბჭოებამ შეიწირა...
მოგვიანებით, 1943 წელს, აქტიუბინსკის ციხეში დაასრულა სიცოცხლე მისმა კიდევ ერთმა ვაჟმა, კომუნისტთაგან განაწამებმა კონსტანტინემაც...
უბედურება თითქოს ფეხდაფეხ დაჰყვებოდა დედა ელეონორას, მაგრამ ავბედით ამბებს, როგორც არაერთგზის მსმენია, უდიდესი სულიერი სიმშვიდით ხვდებოდა და ღვთისადმი მადლობის გარდა არაფერი დასცდენია...
მაღალი, ცისფერთვალება, სევდიანი, სათნოებისა და სიკეთის განსახიერება, ადრე გაჭაღარავებული, ჩუმი და აუღელვებელი, მტკიცე და ჭირთამთმენი, ბოლომდე წელგამართული... ასეთი ახსოვდათ ციცუ ბები მის ჭარმაგ შვილიშვილებს.
აი, რა მიამბო ბაბო დადიანმა: ,,არაერთხელ შევხვედრივარ სქემიღუმენია ელეონორას. თუ თბილისში ჩამობრძანდებოდა, სიონში წირვა-ლოცვას არ დააკლდებოდა. ღვთისმშობლის ხატთან უყვარდა დგომა... სიტყვა არ მყოფნის ცრემლმდინარე მლოცველის სულიერი თუ ხორციელი სილამაზის აღსაწერად.
20-იან წლებში ტაძარში წირვაზე მხოლოდ სარწმუნოებისათვის თავდადებულნი თუ დავდიოდით, ყველგან ჩეკას მზირნი გვითვალთვალებდნენ, შიშით დაზაფრული ხალხი ეკლესიას ვერ ეკარებოდა. წარმოიდგინე უწმინდესი ამბროსი, უკვე დაუძლურებული, მაგრამ რწმენით ძალმიცემული, ან ჩემთვის განსაკუთრებულად მოსაგონარი კალისტრატე ცინცაძე, მაშინ მიტროპოლიტი, როგორი გრძნობითა და სულიერი აღმაფრენით აღავლენდნენ ღვთის სადიდებელს და ამ დროს საკათედრო ტაძარში კანტიკუნტად მდგარი მრევლი...
წუთისოფლის გაუტანლობისგან გულნატკენი, მაგრამ გულგანწმენდილი და საოცრად მშვიდი იღუმენია მორჩილად ელოდა ამ ქვეყნიდან განსვლის ჟამს... მხოლოდ სახეზე მომრავლებული ნაოჭები და თვალთა უძირო სევდა თუ მიგანიშნებდა ნეტარხსენებულის უღრმეს ტკივილებზე"...
თამარ დადიანი-კეშელავა კი მას ასე იგონებდა: ,,ჯერ კიდევ ბავშვი რა ბედნიერი მივყვებოდი ბებიას სიონში, როდესაც იგი პატიმრობიდან გათავისუფლებულ კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის ეახლა. მე მათ საუბარს ვინ დამასწრებდა, მაგრამ დღემდე თვალწინ მიდგას მისი საოცრად შთამაგონებელი და, ამავე დროს, ნამტირალევი სახე, უწმინდესის ოთახიდან რომ გამოვიდა. გვერდით მივყვებოდი სიონიდან ფეხით წამოსულს და მთელი ქუჩა ჩვენ გვიყურებდა... საწინამძღვრო ჯვრით დამშვენებულს, ხელში კვერთხით მდუმარედ მომავალს, უნებურად გზას უთმობდნენ შემხვედრნი და სულისა და გარეგნული მშვენებით შემკულს აღფრთოვანებით მოადევნებდნენ თვალს...
ბებია გრძნობდა ამ ჩუმ თაყვანისცემას და შინაგანად შეწუხებული ფეხაჩქარებით ცდილობდა, განრიდებოდა ქუჩის ორომტრიალს."
ვეღარ გაუძლო ამდენ გასაჭირს, ფიზიკურად დაძაბუნდა და გატყდა. 1933 წლის შემოდგომაზე უკანასკნელი ძალა მოიკრიბა, ხორშში მეუღლის, უფროსი ვაჟისა და შვილიშვილების სამარეები მოინახულა და უეცრად რძლის ხელში დალია სული...
თეკლათის მონასტრის ტერიტორიაზე არსებული მებოცვრეობის მეურნეობის იმდროინდელ უფროსს, წარმოშობით ებრაელს, გვარად შვარცს, ხელისუფლებამ მკაცრად აუკრძალა ჭიშკრის გადაღმა გარდაცვლილი მონაზვნის დასაფლავებაზე ნებართვის გაცემა, მაგრამ ამ პატიოსანმა კაცმა დიპლომატიურად ორი დღით დატოვა იქაურობა და მონასტრის დასს და ნათესავებს საშუალება მისცა, მონასტრის წიაღში დაეკრძალათ დიდი ქალბატონი...