ზაჰესში, ერთ-ერთ გორაკზე შენდება დედათა მონასტერი. უწმინდესისა და ავჭალის წმინდა ქეთევან დედოფლის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მამა გიორგი რაზმაძის ლოცვა-კურთხევით, მონასტრის მშენებლობა ცოტა ხნის წინ დაიწყო. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ყოველთა დედოფლის "პანტანასას" სახელობის დედათა მონასტერში რვა მცირე და დიდი ზომის ტაძრის მშენებლობაა განზრახული. ღვთისმშობლის ტაძარი თითქმის დასრულებულია. ღვთის მადლით, მალე დაიწყება დედების სენაკების, სატრაპეზოს და სასტუმრო ოთახების მშენებლობა.
"პანტანასას" ღვთისმშობელი ცნობილია, როგორც ონკოლოგიურ ავადმყოფთა შემწე. მრევლის და ონკოლოგიურ დაავადებათა რესპუბლიკური ცენტრის ექიმებისა და პაციენტების თხოვნით, ათონის წმინდა მთაზე, ვათოპედის მონასტერში დაიწერა "პანტანასას" ხატი. მადლიანმა მამებმა ხატი საგანგებოდ შექმნეს ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრისთვის. ვათოპედის მონასტერში ყოველთა დედოფლის ხატის ორიგინალია დაბრძანებული. მისი მსგავსი კი საქართველოშია, წმინდა ქეთევანის ტაძარში. ტაძრის წინამძღვარი, მამა გიორგი შეჭირვებული ადამიანებისთვის კვირაში ორჯერ - ოთხშაბათს და პარასკევს ჯანმრთელობის პარაკლისებს იხდის. უსასყიდლოდ გაიცემა ღვთისმშობლის კანდელიდან ამოღებული სამკურნალო ზეთი. ხატთან დღემდე სასწაულები ხდება.
- მონასტრული ცხოვრება ფესვია ჩვენი ეკლესიისა. თუ ძლიერია ბერმონაზვნური ცხოვრება, ის ერიც ძლიერია შემართებით და სულიერი ცხოვრებით, - მიამბობს მამა გიორგი, - საქართველოს ისტორიაში მრავლადაა მაგალითები ბერმონაზვნური ცხოვრების შესახებ. ერთ დღეს ერთ მონასტერში მოღვაწე ექვსი ათასი ბერი ეწამა უფლისთვის და, წარმოიდგინეთ, როგორი ძლიერი იყო მაშინ საქართველოში სულიერი ცხოვრების ღვაწლი. მონასტერი მუდამ იყო საძირკველი სულიერი და საერო ცხოვრების შენებისა. სულიერი და საერო ცხოვრება ერთმანეთისგან არ განსხვავდება. ქრისტიანი ერისკაცი ეკლესიის წიაღში განუწყვეტლივ უნდა ტრიალებდეს. ადამიანი ყოველთვის უნდა აცნობიერებდეს ღვთის ძალას და შეწევნას საკუთარ თავზე. მონასტერში ამას განსაკუთრებით ბერ-მონაზვნები გრძნობენ, რომლებიც ცდილობენ განმარტოებულ ცხოვრებას და უფალთან სიახლოვეს.
დღეს ურწმუნო ადამიანებისგან ხშირად ვისმენთ - რა სარგებელი მოაქვს მონასტერში მყოფს ერისთვის, ის არც მრავლდებაო. ლოცვაზეა დამყარებული წუთისოფელი. წმინდა მამა ეფრემი ამბობს: თუ ლოცვა შეწყდება, დედამიწა აღარ იარსებებს - თუ ადამიანი სულიერი თვალით შეხედავს და გააცნობიერებს, რა შეუძლია მონაზვნის ლოცვას წუთისოფლისთვის, მაშინ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართება. ჩვენც უნდა მივხვდეთ იმას, რომ ჩვენი ცხოვრების წესით მოვუმზადოთ ნიადაგი მომავალ თაობას, რათა დაუბრუნდნენ მონასტრულ ცხოვრებას. ბოლშევიკების ბატონობა ურთულესი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. მრავალი ეკლესია-მონასტერი დაიხურა და მონასტრიდან გამოძევებული მრავალი ბერი დახვრიტეს. გაწყდა ჯაჭვი... ღვთის წყალობით, ყველაფერი აღდგა და მრავალი ეკლესია-მონასტერი გაიხსნა. ბევრი ცდილობს, წინაპრების სულიერ ფესვებს დაუბრუნდეს. სხვაგვარად ერი ვერ გადარჩება და ეკლესიაც ვერ იქნება ძლიერი.
შინაგანი ლოცვა საწინდარია სულიერი ცხოვრების დასაბამისა. მონაზვნის ცხოვრება განმარტოებაა. როცა ადამიანი განმარტოვდება და საკუთარ თავთან რჩება, სულიერი პრობლემები წამოიწევს ხოლმე და უფლისგან შენდობას ითხოვს. მახსენდება პახუმი დიდის ცხოვრება, როცა მას ანგელოზი გამოეცხადა და ღვთის განგებით უბრძანა, როგორ შეექმნათ საერთო საცხოვრებელი. პირველი ასეთი საერთო საცხოვრებელი, რომელსაც კინოვიალური ცხოვრების წესი ჰქვია, პახუმი დიდის პერიოდიდან მომდინარეობს. ანგელოზის ბრძანებით იქნა მიღებული მონასტრული ტიპიკონი. მთავარი ყურადღება მაინც ლოცვაზე იყო მიპყრობილი. ეს გახლდათ პირადი ლოცვები, საერთო ლოცვები, რომელიც ანგელოზმა განუცხადა პახუმი დიდს. ათონელი მამები დღესაც ცდილობენ ამ ტიპიკონით იხელმძღვანელონ. თუმცა არიან ისეთი მამები, რომლებიც სკიტებში მოღვაწეობენ.
გერონდა ეფრემის ლოცვა-კურთხევით და რჩევით ჩემი სულიერი შვილები გავუშვით პელეპონესის ნახევარკუნძულზე, მთავარანგელოზთა დედათა მონასტერში. ისინი ცდილობენ შეისწავლონ მონაზვნური ცხოვრება. ხუთი წელი დარჩებიან იქ, იქაური დედების გამოცდილებას შეითვისებენ და შეეცდებიან, საქართველოში სხვებსაც გაუზიარონ ცოდნა.
მონასტრის ტიპიკონი ასეთია: დაახლოებით 5 საათზე იწყება შუაღამიანის მსახურება, რომელსაც მოსდევს ცისკარი, შემდეგ არის მცირე ტრაპეზი და მორჩილებები. გარკვეული პერიოდის განმავლობაში პირადი კანონების ხარჯზე თავიანთ სენაკებში მარტოვდებიან. იქ ასრულებენ კანონებს - იესოს ლოცვას, ის დღის განმავლობაში დაახლოებით სამი ათასამდეა. შემდეგ ასრულებენ 80 დიდ მეტანიას. მცირე ხნით ისვენებენ, რასაც კვლავ მოსდევს მორჩილებები. ქართველებს ასწავლიან ხატწერას, ქარგვას და კერვას. გარდა ამისა, მონასტერში მრავალი მორჩილებაა. ბოლოს, ისევ იწყება ლოცვა - მწუხრის მსახურება. მერე ტრაპეზი და ზარის რეკვის ხმა სერობის ლოცვას ამცნობთ. ამ ლოცვას მონასტრის ყველა წევრი ესწრება, რის შემდეგაც ერთმანეთს შენდობას სთხოვენ. რამდენიმე წუთში ირეკება ზარი და მონასტერში მდუმარება ისადგურებს - განმარტოვდებიან თავიანთ სენაკებში და ისევ იწყება კანონების შესრულება და მზადება მეორე დღის შუაღამიანის ლოცვისა. მთელი დღეები ასე ლოცვაში გადის...
ბერ-მონაზვნებს განსაკუთრებული ღვაწლი აქვთ აღებული ღვთის წინაშე. ნათქვამია, რომ მონაზონი ყველაზე ადრე უნდა იღვიძებდეს და ყველაზე ადრე ადიდებდეს უფალს. ამიტომაა, რომ შუაღამიანით იწყება ღვთის დიდება. როცა მონაზვნები ამთავრებენ ლოცვას, მერე იღვიძებენ ტყეში ჩიტები. დავით მეფსალმუნე როცა ამბობს, "ყოველი სული აქებდით უფალსა", ზუსტად ფრინველები ამით ადიდებენ ღმერთს. ადამიანი იმიტომ არის გონიერი არსება, რომ მან, უპირველესად, ღმერთი უნდა განადიდოს საკუთარი სულიერი ცხოვრებით. ღამისთევის ლოცვები, ყოველდღიური ბრძოლა ვნებებთან ადამიანს ძალიან დიდ სულიერ გამოცდილებას აძლევს.
მონასტრული ცხოვრების წესით ადამიანებს ენიჭებათ სულიერი გამოცდილება. ათონის მთაზე ახალნაკურთხ მღვდელმონაზონს პირველად არ აძლევენ ჯვარს, არც აღსარების უფლებას. როცა ჯვრით მოსიარულე მოძღვარს დაინახავენ, ეს იმას ნიშნავს, რომ მოძღვარი გამოცდილია და უკვე აღსარების, სხვა საიდუმლოებების აღსრულების და სულიერი რჩევის უფლება აქვს.
ღმერთი შეგვეწიოს ამ მონასტრის მშენებლობაში. მომავალ დედებს, მონაზვნებს შეეწიოს უფალი. ღმერთმა ასწილად მიაგოს იმ ბერ-მონაზონს და სულიერ ადამიანს, რომლებმაც დაუტევეს ყოველივე ღვთის, მოყვასის სიყვარულისთვის და ლოცულობენ მთელი მსოფლიოსთვის.