კარგად მახსოვს, ხის სკამზე ვისხედით და მამა ნიკოლოზის აღსარებასავით ნათქვამ გულწრფელ საუბარს ვისმენდი... მაშინვე ჩემს გულთან მოვიდა მამა ნიკოლოზი.
ინტერვიუს გამოქვეყნებიდან ("კარიბჭე" #20, 2007 წ.) ორი წელი გავიდა. მამა ნიკოლოზი ვეღარ მოვიკითხე და ახლა გულწრფელად ვნანობ, რადგან წარსულში მიწევს მასზე საუბარი. მისი უეცარი გარდაცვალებაც შემთხვევით გავიგე. არცთუ ისე დიდი ხნის წინ ძამის ხეობაში ტბეთის მთავარანგელოზთა სახელობის მონასტერი მოვილოცეთ სქემიღუმენ სვიმეონის დახმარებით. წირვის შემდეგ გავიგეთ მამა ნიკოლოზის ამბავი. მაშინვე ბორჯომში წავედი ხაშურის წმინდა მარინეს სახელობის ტაძართან არსებული დედათა მონასტრის დედებთან ერთად. ვნახეთ მამა ნიკოლოზის ნატანჯი სხეული. ალბათ არც ის არის შემთხვევითი, რომ მოულოდნელად აღმოვჩნდი იმავე მონასტერში, რომელშიც მამა ნიკოლოზი მსახურობდა. ხაშურის წმინდა მარინეს სახელობის დედათა მონასტერში სტუმრობამ გამახსენა სწორედ მამა ნიკოლოზი და ალბათ უფლის ნებით შევეცდები, "კარიბჭის" ფურცლებზე გავაცოცხლო. თუკი ისე ღირსეულად ვერ შევძელი, მამაო, თქვენი მადლიანი პიროვნების გახსენება, პატიებას ვითხოვ თქვენი პატიოსანი სულის წინაშე. ერთი კი მინდა გულწრფელად ვთქვა: ძალიან დამენანეთ, მამაო. თქვენი ცხოვრების წესით კიდევ ბევრს გააკეთილშობილებდით და ოჯახსა და ეპარქიას გააძლიერებდით. რადგან ღვთის ნებაა ყველაფერი, ჩვენც ღვთის ნებით მივიღეთ მომხდარი. დაგვლოცეთ, მამა ნიკოლოზ.
- თითქმის რვა წელი ვიყავი მამა ბასილ მკალავიშვილის სულიერი შვილი. ვცხოვრობდი გორის რაიონის სოფელ მარანში. იქიდან ჩამოვდიოდი მოძღვრის სანახავად. მეგონა, სწორ გზას ვადექი, მაგრამ როცა საეკლესიო ლიტერატურას გავეცანი, სინდისის ხმამ არ მომასვენა. ვფიქრობდი, რომ ჩემი ცხოვრება არასწორად მიემართებოდა. ამიტომ სხვა ტაძრებში დავიწყე სიარული. აღმოვჩნდი მამა შიოსთან (ხარძეიშვილი). მას გადავუშალე გული და მონასტრული ცხოვრების სურვილიც გავუმხილე, რის შემდეგაც მამა შიომ სურამში, ამაღლების სახელობის დედათა მონასტერში გამიშვა დედა თამართან. მონასტერში წამოსვლამდე მეუღლისგან ავიღე კურთხევა. ცოტა არ იყოს, განრისხებულმა მომცა კურთხევა. როცა მონასტერს ვახსენებდი, სულ მრისხანებაში ვარდებოდა. ეშინოდა, არ დამეტოვებინა. ისე მოხდა, რომ ჩემი მეუღლე ცუდად გახდა. მეუფე იობმა და მამა შიომ შინ დაბურნების კურთხევა მომცეს. ექვსი წელი გაურკვევლად ვიყავი. უფრო მეტ დროს მონასტერში ვატარებდი. ბოლოს მეუფემ მითხრა, - გადაწყვიტე, ან ერთი გზა უნდა აირჩიო, ან მეორეო. ჩემი ცხოვრება მონასტერს დავუკავშირე.
შარშან 18 ივლისს აღმკვეცა მეუფემ მონაზვნად. არ მახსოვს ასეთი ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში. ყოველ წუთს ვმადლობ უფალს, რომ თავისთვის გამომარჩია, გამომიყვანა ერიდან.
ჩემთან ერთადაა მონაზონი დედა მართა. ძალიან თბილი და კარგი ადამიანია. ძალ-ღონეს არ იშურებს, ყველანაირად გვერდით მიდგას.
მეუფე იობმა პირდაპირ მონაზვნად აღმკვეცა. ფაქტობრივად, მეუფის თვალწინ გავიზარდე. მხედავდა ტაძარში მოსიარულეს. ერში ყოფნის დროს ექვსი წელი მონასტრულად ვცხოვრობდი და ალბათ ეს ჩამითვალა მორჩილებაში. ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი ღვაწლი მიუძღვის მამა შიოს, მერე - მამა სვიმეონს. მამა შიო უდიდესი ნუგეში გახლდათ, ძალიან დიდ შეწევნას ვგრძნობდი. ძალიან მატკინა გული მისმა ტრაგიკულმა დაღუპვამ. მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ მოვხვდი მამა შიოს საფლავზე. ვთხოვე დახმარება, შეწევნა, რომ მოეცა საშუალება, მშვიდად დავმჯდარიყავი და მის საფლავთან ჩამებარებინა აღსარება. მამა შიოს შემდეგ ჩემი სული მამა სვიმეონს ჩავაბარე. როცა მეუფემ მამა სვიმეონი ყინწვისის მონასტრის წინამძღვრად აკურთხა, მივხვდი, რომ ჩემი თხოვნა აღსრულდა. ხშირად დავდიოდი ყინწვისში, რამაც უდიდესი სიხარული, ნუგეში და ბედნიერება მარგუნა. ორივე მოძღვარს ერთად ვნახულობდი - მამა შიოს და მამა სვიმეონს.
ბედნიერი ვარ, რომ ურბნისისა და რუისის ეპარქიაში ვმსახურობ. ეს უდიდესი სიხარული და მადლია...
უფლის მსახურებაში უფრო ვგრძნობთ უფლის სიახლოვეს. უფალი ჩემშია და მე მასში ვარ. ღმერთმა შემაძლებინოს იმდენი, რომ ღვისთვის სათნოდ ვიცხოვრო. უფალს მუდამ ვევედრები, ისე მაცხოვროს, მასწავლოს ის სიყვარული, რაც უფალმა ჩემს მიმართ გამოიჩინა. მართალია, ჩვენ ამას ვერ შევძლებთ, მაგრამ მცირედი სიყვარული რომ მოგვანიჭოს, მადლობელი ვიქნები.
ხაშურის წმინდა მარინეს სახელობის მონასტერში რომ გადმოვედი, მწირველ მოძღვრად დამხვდა მამა ნიკოლოზი. ძალიან კარგი, თბილი, ერთგული და გულისხმიერი ადამიანი გახლდათ. არ შემიძლია აუღელვებლად ვისაუბრო მამა ნიკოლოზზე. დღეს მართლაც იშვიათობაა ასეთი ადამიანების არსებობა. ერთი მამა შიოზე დამწყდა ძალიან გული და მეორე - მამა ნიკოლოზზე. ყველაფერში გვერდით მედგა მამა ნიკოლოზი. თუკი რამე გაკეთდა მონასტერში, მისი უდიდესი ღვაწლის შედეგია.
თავად წმინდა მარინეს ტაძარი, როგორც ვიცი, ძალიან ძველი უნდა იყოს. მამა ნიკოლოზის გადმოცემით, ტაძრის აღდგენა ხაშურის წმინდა იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ ალექსის დაუწყია. მერე კვირაცხოვლის ტაძრის მოძღვარმა მამა ლუკამ გააგრძელა. ბოლოს მამა ნიკოლოზმა მოაწყო და გაალამაზა აქაურობა. შემოიკრიბა ახალგაზრდობა და ჩართო ტაძრის აღდგენაში. მადლობა ღმერთს, ეს ახალგაზრდები მოექცნენ ღვთისკენ და ყველამ ეკლესიური ცხოვრება დაიწყო. დღემდე არ მიუტოვებიათ წმინდა მარინეს ტაძარი და მონასტერს მზრუნველობას არ აკლებენ. გარდაცვალების წინა დღეს მამა ნიკოლოზს ახალგაზრდებისთვის უთქვამს, - აბა, თქვენ იცით, დედა მარინე არ მიატოვოთ, გვერდით დაუდექითო. მოძღვრის ლოცვა-კურთხევას ასრულებენ კიდეც და ძალიან მადლიერი ვარ მათი. უფლის შეწევნით, ისეთი ადამიანიც გამოჩნდა, რომელიც მონასტერს შემოწირულობებით ეხმარება. ვინაობის გაცხადებაზეც კი უარს ამბობს. მინდა დავლოცო ეს ადამიანი, ღმერთმა გაახაროს თავის ოჯახთან ერთად.
მამა ნიკოლოზს ისე უხაროდა შემომწირველების გამოჩენა, რომ უფალს ევედრებოდა, ტაძრის მოხატვისთვისაც გაეღოთ შემოწირულობა. ცოტა ხნის შემდეგ ამ კეთილშობილმა ადამიანმა ტაძრის მოხატვაც გადაწყვიტა. ამჟამად მონასტრის სატრაპეზოსა და გალავნის მშენებლობის დაწყებას ვფიქრობთ. მერე ტაძრის მოხატვაზე გადავალთ.
ღვთის მადლით, ძალიან მალე აშენდა და კეთილმოეწყო ჩვენი მონასტერი. მადლობა უფალს ყველაფრისთვის.
მონასტერში ყოველდღიურად აღესრულება წირვა-ლოცვა. მორიგეობით მსახურობენ მამები - მამა ალექსი, მამა ნიკოლოზი და მამა იოსები. მოვა დრო და მეუფე ტაძრის წინამძღვარსაც გამოგვიგზავნის...
ერული ცხოვრებიდან რამეზე მწყდება გული-მეთქი, ვერ გეტყვით. თითქოს ჩემთვის ცხოვრება არც ყოფილა. მადლობა ღმერთს, რომ ჩემი შვილების მამაც, მამა ნეოფიტე, მონასტერში წამოვიდა და ბერობისთვის ემზადება. ისიც მამა სვიმეონის სულიერი შვილია და მასთან ერთად ცხოვრობს მონასტერში. მამა ბერი და დედა მონაზონი დიდი ნუგეში იქნება ჩვენი შვილებისთვის.
ჩვეულებრივი მონასტრული ტიპიკონით ვცხოვრობთ. მონასტრის შენობაში წმინდა მარინეს სახელობის მცირე სამლოცველო გვაქვს მოწყობლი. დღის 3 საათზე წმინდა მარინეს პარაკლისს ვატარებთ, ღამის 4 საათზე - ღვთისმშობლის პარაკლისს. დილით ტაძარში წირვას ვესწრებით, საღამოს სერობას ვატარებთ. ღვთის შეწევნით, ლოცვასთან ერთად მონასტრის მშენებლობასაც ვახერხებთ.
ვოცნებობდი, მონასტერში თუ წავიდოდი, ხეობაში მეცხოვრა. გული მაინც ხალხისგან მოშორებით ცხოვრებას მთხოვს. მართალია, ვერც ვგრძნობთ ქალაქში ყოფნას, ისეთ მყუდრო ადგილასაა ჩვენი მონასტერი, მაგრამ სურვილი ჩემი სულ სხვაა. ძალიან მიყვარს ბუნება და მუდამ ვცდილობ, მონასტრის გარემო მცენარეებით გავავსო.
მინდა ყველას ვთხოვო, ღვთის გზით იარონ და ისე იცხოვრონ, როგორც უფალს გაუხარდება და ღვთისთვის იქნება სათნო. დადგა დრო მსახურებად უფლისა.