გურიის დედათა სავანეში მოღვაწეობდა ერთ-ერთი უსაჩინოესი დედა თეოდორა (მორჩილაძე).
ის მონასტერში 1951 წელს მივიდა. ეკლესიითა და სამონასტრო ცხოვრებით გატაცების დრო არ იდგა მის ახალგაზრდობაში, მაგრამ ღმერთის რჩეული მაინც უფალსა და მის ძალმოსილებაზე ოცნებობდა.
ეფრემ, რა ემართება ამ შენს ქალიშვილს, რომ სულ ცისკენ აქვს თვალები აპყრობილი და ამ საოცარ საამქვეყნიო დროს არც კი აქცევს ყურადღებასო, - ეკითხებოდნენ თეოდორას მამას მეზობლები.
- რა ვიცი, ღვთის სიყვარულმა წაიღო სულ, ასეთივე იყო სულკურთხეული დედაჩემიც და ეტყობა, მას გამოენაწილა.
- დედაშენი სხვა დროის შვილი იყო და თავისი დროის კვალად მოქმედებდა.Aამას კი რა სჭირს, თავის დროს რომ ზურგი შეაქცია და ბებიამისისას მისდევს?
- რა ვიცი, შენი ჭირიმე, ასე კი არის და... ისე, კაცმა არ იცის, მართლა ძველ დროს მისდევს თუ მომავლის მაცნეა, - თქვა ეფრემმა და გაჩუმდა.
გამოხდა ხანი. თეოდორა მონასტრის მკვიდრი გახდა. როგორი მონაზონი იყო, ეს იღუმენიად გამორჩევიდანაც კარგად ჩანს. როდის გამოარჩიეს, დასადგენია, მაგრამ 1963 წელს მონასტრის წინამძღვარია.
იღუმენია 1978 წლს გარდაიცვალა. დაკრძალულია ამავე მონასტერში.
მართა მონაზონი (სიხარულიძე) ჩოხატაურის რაიონის სოფელ გოგოლესუბანში დაიბადა და აღიზარდა. კეთილი, გონიერი ბავშვი ყოფილა მართა და ბავშვობიდანვე შეეთვისა ივანე ბაბუას, რომელიც გოგოლესუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის მამასახლისი ყოფილა და ეკლესიაშიც მასთან ხშირად იყო. ამ გარემოებამ დიდი როლი შეასრულა მის ცხოვრებაში, ღვთის სიყვარულმა მონასტრული ყოფა ადრევე შეაყვარა.
მართას მონასტერში წასვლა ბევრს არ გაჰკვირვებია. ღვთაებრივი სიყვარულით მიუღიათ მართა მონასტრის წევრებს. განსაკუთრებული სითბო გამოუჩენია იღუმენია ელენე მგალობლიშვილს. მონასტერში ყოფნისას მართას არ გაუწყვეტია კავშირი ოჯახთან და ახლობლებთან, მუდამ მათზე ზრუნავდა. ამ ზრუნვის ერთ-ერთი დადასტურება იყო მისი ბიძის - ილარიონ სიხარულიძის შვილების, ვერას და ესმას მონასტერში წაყვანა და იქაურ სამრევლო სკოლაში მიბარება. მრავალ ღვთაებრივ მადლს შორის, რაც ასე მოსდგამდა მართას, საოცარი მუსიკალური ნიჭიც იყო. ამის წყალობით ის ადრე დაეუფლა ქართულ საგალობლებს. მონასტერში გამოირჩეოდა დედათა სავანის მგალობელთა გუნდში.
მართა მონაზონმა XX საუკუნის 50-იანი წლების ბოლომდე იცოცხლა.
ელისაბედ მონაზონი (ხონელია) გურიის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების მონასტრის ერთ-ერთი რჩეული ღვთისმოსავი დედა იყო. ელისაბედის ქალიშვილობის გვარი დასადგენია, ხონელია ქმრისეულია. ელისაბედი სრულიად ახალგაზრდა გაუთხოვებიათ. მისი მეუღლე, ეგნატე ხონელია, სასულიერო წოდების იყო და ქორწინების შემდეგ მღვდლად აკურთხეს.
საოცრად ღვთისმოსავი მანდილოსანი მალე დაქვრივდა და შეუდგა ობოლი ვაჟის გაზრდას. მღვდლის ოჯახი არც ისე შეძლებული იყო, თუმცა ქვრივი როგორმე თავს გაიტანდა და შვილსაც გაზრდიდა, მაგრამ მისი იქ დარჩენა შეუძლებელი იყო მისი მეტისმეტი ახალგაზრდობის გამო. მის წინ ორი გზა იყო: ან მამისეულში უნდა დაბრუნებულიყო და მეორედ გათხოვებაზე ეზრუნა, ანდა სამონაზვნო ცხოვრებას შესდგომოდა.
ელისაბედმა მეორე ცხოვრება აირჩია და სასულიერო ცხოვრების ძნელ, მაგრამ წმინდა გზას დაადგა.
ძალიან უჭირდა შვილის მიტოვება, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო, უფალი თავისკენ უხმობდა. უფლის ნებას წინ ვინ აღუდგებოდა და 1865 წელს ქმრის ოჯახი დატოვა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. მისი ერთადერთი ვაჟი ეპიფანე წამოიზარდა, სკოლაც დაამთავრა, მასწავლებლობაც დაიწყო და ოჯახსაც მოეკიდა. მონაზონი დიდი გულისყურით ადევნებდა თვალს შვილის ცხოვრებას და ღმერთს შესთხოვდა მის ლოცვა-მფარველობას.
ოჯახის ტრადიციამ ეპიფანეზეც იმოქმედა და ახალგაზრდა მასწავლებელი სასულიერო ცხოვრებას გაჰყვა.Eეპიფანე მღვდელი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიის დედათა მონასტერსაც დაუკავშირდა და მშობელი დედაც იქ გადაიყვანა. იმ დროს, როდესაც ელისაბედ მონაზონი მშვიდობაძისეულზე მიიყვანა ამავე მონასტრის მწირველმა ეპიფანე ხონელიამ, მაშინ არც ისე მრავლად იყვნენ დედები. დიდი სიყვარულით მიიღეს დედებმა ელისაბედ მონაზონი და ეს პატივი არც მოჰკლებია სიკვდილამდე. დედა ელისაბედი 1900 წელს, 51 წლისა გარდაიცვალა.
იღუმენია თეონა (თეკლე) თევზაძეს ბავშვობა არ ჰქონდა რითიმე გამორჩეული და იზრდებოდა ისე, როგორც ბევრი მისნაირი გოგოლესუბანში. გათხოვების შემდეგაც აღარ გაუმართლა. ჯერ უშვილობას განიცდიდა, შემდეგ კი - ქმრის ნაადრევად დაკარგვას. მამისეულ ოჯახში დაბრუნდა. კარგა ხანს დარჩა იქ, მაგრამ ადგილს ვერ პოულობდა. თანდათან რწმუნდებოდა, რომ მისი ნამდვილი სამყოფელი მონასტერი იყო. მამისთვის ამის გამხელა უჭირდა. როცა გაბედა, მშობელმა მკაცრად უთხრა: - რის მონასტერი, რა მონასტერი, სად მყავს დასაკარგი შვილი. ჯერ ახალგაზრდა ხარ, დღეს იქნება თუ ხვალ, გათხოვდები და ბედს ეწევი. მონასტერი და შემონაზვნება არ გამაგონოო.
იღუმენია თეკლეს მოგონებებში ვკითხულობთ: "მივხვდი, მამას ვერ დავიყოლიებდი და წადილის ასრულების ერთადერთ გზად გაპარვა მრჩებოდა. მაგრამ არც ის გზა იყო უხიფათო, რადგან თითქმის მთელი ოჯახი მადევნებდა თვალს.Aასეთ ვითარებაში აჩქარება წამგებიანად ჩავთვალე და ნელ-ნელა ვადუნებდი ჩემიანების ყურადღებას. არც მონასტერს ვახსენებდი, არც ვიმჩნევდი.Aასე მისდევდნენ დღეები დღეებს, თვეები თვეებს და მართლაც მივაღწიე დასახულ მიზანს. ღმერთო, დაილოცოს შენი სამართალი, რა ძალა გქონია! ვის შეუძლია აღწეროს ის სიხარული, რაც მონასტრის ეკლესიის დანახვამ გამოიწვია ჩემში. რა მომხიბლავად ჩანდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეს დიდებული ტაძარი. შეხება და მუხლებზე დაცემა ერთი იყო. თავი მიწამდე დავხარე და ჩემს ბაგეებს მაშინვე საუფლო ლოცვა აღმოხდა. მონასტრის წევრები ცისკრის ლოცვისთვის ემზადებოდნენ. დამინახეს თუ არა, ჩემსკენ გამოიქცნენ. ვინაობა და მისვლის მიზეზი მკითხეს, მერე მომეფერნენ და თბილად შემიფარეს".
მრავალმხრივ მომადლებული თეონა მონაზონი არა მარტო მონასტრის სული და გული იყო, არამედ მიმსვლელ-მომსვლელებსაც დიდ სითბოს უნაწილებდა.
მონაზვნის დიდი ღირსება ისიც იყო, რომ თავის მრევლს დღენიადაგ უქადაგებდა რწმენის ძალას, ღვთის სიყვარულს. "აღიღეთ რწმენის ფარი, რომლითაც შეძლებთ ბოროტის გავარვარებული ისრების ჩაქრობას".
მაშინ გურიაში ეკლესია-მონასტრებში დაბრძანებულ ხატებს ცეცხლში ყრიდნენ და მორწმუნეებს შეურაცხყოფდნენ. სწორედ ამ დროს მიიღეს ათონიდან ეს ძვირფასი საჩუქარი, რომელმაც გურიის დედები სულიერად უფრო გააძლიერა.
ღვთის მადლით, დღესაც დიდი მადლი სუფევს გურიის ეკლესია-მონასტრებში და იქ მისულ მორწმუნეებს წყალობას არ აკლებს.