ჯრუჭის მონასტრის ხსენებისას ანა კალანდაძის დიდებული ლექსი მახსენდება:
"ჩემო ჯრუჭულავ, ღვთაებრივ მთაზედ,
თოვლისფერ ფაფუკ ღრუბლებს რომ ერთვის,
ვარსკვლავი ბრწყინავს ასე საამოდ
თუ წმინდა მამებს უნთიათ ზეთი".
მეუფე დანიელის ლოცვა-კურთხევით, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ტრისტან მაჭარაშვილმა ახლახან გამოსცა ისტორიული ნარკვევი "ჯრუჭის მონასტერი", რომელშიც საფუძვლიანად არის წარმოჩენილი მონასტრის წარსულის ახალი, დღემდე უცნობი ფურცლები. უმჯობესია, თავად ავტორს გავესაუბროთ.
- ჯრუჭის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც X-XI საუკუნეებს მიეკუთვნება, 1991 წლის მიწისძვრამ დააქცია. მონასტერი საჩხერის რაიონშია, მდინარეების - ჯრუჭულას, წყალფენულასა და ფასკნარას შორის მოქცეულ უმშვენიერეს ადგილზე. გაღმით - ბზით დაფარული ბორცვია, მის თავზე - წყარო ჩამოდის. აღმართს აივლით თუ არა, მონასტრის ეზოში შედიხართ, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები. იქაურობას დაჰყურებს საწალიკეს, ბუჯიეთის, ნაურთების, ბერიულის, ჯახვლების, კვერეთის, ხამსნარის და ტეხრების მთები. ქვემოთ კი მიედინება სამი სხვადასხვა ფერის მდინარე - შავი ჯრუჭულა, თეთრი წყალფენილა და მოყვითალო ფასკნარა, რომლებშიც ასევე სამი ფერის კალმახი ბინადრობს.
ისტორიული საბუთებით ვიცით, რომ ჯრუჭი თავდაპირველად რაჭის ერისთავებს ეკუთვნოდათ. როგორც ჩანს, მალევე დაუკარგავთ და ფალავანდიშვილების ხელში გადასულა, რასაც ადასტურებს მონასტრის მთავარი ტაძრის დასავლეთ კარიბჭეზე წმინდა გიორგის რელიეფის გვერდით ამოღარული წარწერა, რომელშიც იხსენიებოდა აბაშ ფალავანდიშვილის ძე გიორგი.
1848 წელს ჯრუჭის მონასტერი უნახავს მარი ბროსეს. მას რატომღაც მხოლოდ იმ წარწერისთვის მიუქცევია ყურადღება, რომელშიც "აბაშ ფალავანდიშვილის ძე გიორგი" მოიხსენიება და მონასტერი ფალავანდიშვილების მიერ აგებულად მიუჩნევია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ XV საუკუნის ბოლოს ან XVI საუკუნის დასაწყისში სამცხიდან გამოხიზნულ ბერებს ჯრუჭში წმინდა გიორგის წმინდა ნაწილებთან ერთად 936 წელს გადაწერილი ჯრუჭის სახარება მოუტანიათ.
XVII საუკუნის II ნახევარში ჯრუჭის მონასტერი წერეთლების მფლობელობაშია. გარკვეული პერიოდის შემდეგ მონასტერი მიუტოვებიათ და გაპარტახებულა. ფაქტობრივად, მოიშალა წირვა-ლოცვა, შეწყდა კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობა, დაინგრა შენობების ნაწილი. ვახუშტი ბატონიშვილი ამ კუთხის აღწერისას არსებითად არაფერს ამბობს ჯრუჭის მონასტერზე. ომებში წერეთლები და რაჭის ერისთავები მონასტერს ციხესიმაგრედ იყენებდნენ.
- რა შეგიძლიათ გვითხრათ მონასტერში მოღვაწე მამების შესახებ?
- ჯრუჭის მონასტრის აღორძინებას XVIII საუკუნის II ნახევარში სათავე დაუდო იმერეთის გამორჩეულმა მეფემ სოლომონ პირველმა, რომელმაც იქ მამათა მონასტერი დააარსა და მატერიალურად უზრუნველყო. "უდაბნო ესე მხოლოდ სასაფლაოდ მიეცა მეფესა მას წერეთლისათვის და არღა საერისკაცოდ". ამ დროიდან ჯრუჭის მონასტერი წერეთლების ერთგვარ საგვარეულო სასაფლაოდ გადაიქცა.
მეფემ მონასტრის აღდგენა და წინამძღვრობა ჯუმათელ მიტროპოლიტ სვიმონ აბაშიძეს დაავალა, რასაც ადასტურებს წარწერა, რომელიც მონასტრის სამხრეთის კედელში ქვაზე იყო ამოკვეთილი. წარწერის მიხედვით, მიტროპოლიტი სვიმონი ითხოვდა შენდობას საკუთარი საქმეების გამო. ამ წარწერის ქვევით სვიმონ მიტროპოლიტის საფლავი უნდა ყოფილიყო. სვიმონ აბაშიძის შემდეგ მონასტრის არქიმანდრიტი სვიმონ ქავთარაძე ყოფილა.
როცა სოლომონ მეორემ მონასტერი წერეთლებს სამემკვიდრეოდ გადასცა, მას შემდეგ ისინი ზრუნავდნენ ჯრუჭის განახლება-გაფართოებაზე. მნიშვნელოვანია, რომ აქ არიან დაკრძალულნი სარდლები - პაპუნა და ქაიხოსრო, სახლთუხუცესი ზურაბი, მიტროპოლიტი დავითი და სხვა წერეთლები, რომლებიც მონასტერს შემწეობასა და მფარველობას არ აკლებდნენ. მაგალითად, ზურაბ წერეთელმა მონასტერს შესწირა მახარებლებამოტვიფრული, ოქროთი დაფერილი ვერცხლისყდიანი რუსული სახარება.
განსაკუთრებით დიდი წვლილი მიუძღვის მონასტრის აღორძინებაში მიტროპოლიტ დავით წერეთელს - ზურაბ სახლთუხუცესის ვაჟს. მას ბავშვობიდანვე ამზადებდნენ საეკლესიო მოღვაწეობისათვის. ამიტომ გაგზავნეს გაენათის მონასტერში, თავის ნათესავ მიტროპოლიტ ექვთიმესთან, რომელიც გურიის ერისთავთა გვარიდან იყო. 18 წლისა მთავარდიაკვნად აკურთხეს, ერთი წლის შემდეგ მონაზვნად აღკვეცეს, რამდენიმე წელიწადში კი დაინიშნა წინამძღვრად და აღიყვანეს არქიმანდრიტის ხარისხში. 1805 წლიდან დავითი დამკვიდრდა თავის საგვარეულო ჯრუჭის მონასტერში, რომლის არქიმანდრიტი გახდა სვიმონ ქავთარაძის გარდაცვალების შემდეგ. როდესაც დავითი მონასტერში მივიდა, ყოველივე იყო დაძველებული და აოხრებული. ტაძრის გუმბათი დახურული ყოფილა ყავრით, საიდანაც თავისუფლად ჩადიოდა წყალი. იატაკი ყოფილა უბრალო ფიცრისა, ყველა საღვთისმსახურო ნივთი - მხოლოდ კალისა. მონასტერს არც გალავანი ჰქონია, დანგრეული ყოფილა ბერების კელიები. დავითმა განაახლა მონასტერი, ააგო მის მიდამოებში რამდენიმე სახლი, აღადგინა მეურნეობა, გაამრავლა საეკლესიო ყმები, შესაბამისად გაიზარდა მონასტრის წევრთა რაოდენობა.
მოგვიანებით მიტროპოლიტი დავითი ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად დაადგინეს, ხოლო როდესაც მთავარეპისკოპოსი სოფრონი გარდაიცვალა, დავითი დანიშნეს იმერეთის ეპარქიის მმართველად. რუსეთის მთავრობამ დაუნიშნა პენსია ათასი მანეთი ვერცხლით და დააჯილდოვა წმინდა ანას I ხარისხისა და წმინდა ვლადიმირის II ხარისხის ორდენებით. მიტროპოლიტი დავითი გარდაიცვალა 1853 წლის 14 თებერვალს. დაკრძალულია ჯრუჭის მონასტრის ეზოში. თუ მიტროპოლიტი დავითის ჯრუჭში მოღვაწეობის დასაწყისში მონასტრის ყმების რაოდენობა 105 კომლს აღწევდა, მისი გარდაცვალების შემდეგ მათი რაოდენობა ბევრად მეტი გახდა. ამ დროისათვის მონასტერი ფლობდა ვრცელ სახნავ-სათეს სავარგულებს, ვენახებსა და სხვა ქონებას.
მიტროპოლიტი დავითის გარდაცვალების შემდეგ ჯრუჭის მონასტერი ერთხანს კვლავ რჩებოდა ერთ-ერთ უმთავრეს სამონასტრო ცენტრად ზემო იმერეთში.
ჯრუჭის მონასტერში არც XX საუკუნის დასაწყისში შეწყვეტილა მღვდელმსახურება, მაგრამ საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ, ისევე როგორც უამრავ ეკლესია-მონასტერში, წირვა-ლოცვა შეწყდა. ეს მოხდა 30-იან წლებში, როცა მიიცვალა უკანასკნელი ბერი დიმიტრი, რომელიც თავდადებით იცავდა და უვლიდა მონასტერს. გადმოცემით, სამრეკლოზე სიმებივით აწყობილი 9 ზარი ეკიდა. როცა ზარის რეკვა დაიწყებოდა, მისი გუგუნი ახლომახლო სოფლებს სწვდებოდა და მის მოსმენას არაფერი სჯობდა. მერე ეს ზარები უგუნურმა ადამიანებმა ჩამოხსნეს და მიმოფანტეს. ყველა ზარს ლამაზი, ხელით ამოკაწრული წარწერა ამშვენებდა.
XX საუკუნის 50-იან წლებამდე მონასტრის დამხმარე ნაგებობებში რვაწლიანი სკოლა ყოფილა განთავსებული, მასწავლებლებიც იქვე ცხოვრობდნენ, მაგრამ მალე სკოლა დაიხურა და მონასტერი თითქმის ყველამ მიივიწყა. 60-იან წლებში მონასტერი სახელმწიფოს ნახევრად შეუკეთებია. მერე ის მიწისძვრამ მთლიანად დაანგრია. 90-იანი წლების ბოლოს დანგრეული ჯრუჭის მონასტერთან ბერმა ლუკამ (ფალავანდიშვილი) მოაწყო პატარა სამლოცველო და უფლის შემწეობით აცოცხლებდა მიტოვებულ სავანეს. მამა ლუკას თაოსნობით გაიწმინდა მონასტრის სამრეკლო და სხვა ადგილები. გადაარჩიეს და ცალკე დააწყვეს წმინდანთა გამოსახულებანი, წარწერებიანი და ჩუქურთმიანი ქვები. მამა ლუკას (ახლა უკვე ბარსელონის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის იღუმენის) წამოსვლის შემდეგ ჯრუჭში კვლავ სიჩუმემ დაისადგურა.
- რა სიწმინდეებს ფლობდა ჯრუჭის მონასტერი?
- მონასტერში დაცულ სიწმინდეთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია წმინდა გიორგის წმინდა ნაწილები, რომლებიც XV საუკუნის დასაწყისში სამხრეთ საქართველოდან ლტოლვილ ბერებს მოუტანიათ. არის სხვა სიწმინდეებიც: სანაწილე ხატი ძელიჭეშმარიტის ნაწილებითა და წმინდა დიმიტრის მინანქროვანი გამოსახულებით, რომელიც მოგვიანებით ოქროს ჩარჩოში ჩაუსვამთ; ღვთისმშობლის ჭედური ხატი-სანაწილე კი, წარწერის მიხედვით, მონასტრისთვის შეუწირავს სახლთუხუცეს ზურაბ წერეთლის ძეს, გრიგოლს; ღვთისმშობლის ოქროთი და ვერცხლით ნაჭედი ხატი, გიორგი ბატონიშვილის (შემდეგში მეფე გიორგი XII) წარწერით; დიდი ვერცხლის ბარძიმის, კანდელისა და სხვა სიწმინდეების შესახებ ცნობებს ჩვენამდე არ მოუღწევია.
ჯრუჭი შუა საუკუნეებში დიდი კულტურულ-საგანმანათლებლო კერაც იყო, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მას დიდი წიგნსაცავი ჰქონდა. XIX საუკუნის ბოლოს მონასტერში 80-ზე მეტი წიგნი კიდევ ყოფილა შემორჩენილი. სამონასტრო წიგნსაცავის სიძველესა და მნიშვნელობაზე ნათლად მეტყველებს ის ორი ხელნაწერი, რომლებიც ჯრუჭის I და II ოთხთავის სახელითაა ცნობილი. ჯრუჭის ოთხთავის სახელით დღეისთვის ორი ხელნაწერია ცნობილი, ორივე მოხატულია. ერთი 936 წელსაა გადაწერილი, მეორე - XII საუკუნის II ნახევრითაა დათარიღებული. ეს უკანასკნელი გიორგი მთაწმინდელის რედაქციითაა და მრავალ მინიატიურას შეიცავს. რადგან ორივე უკანასკნელად დაცული იყო ჯრუჭის მონასტერში, ამიტომ ორივე ჯრუჭის ოთხთავის სახელითაა ცნობილი, ერთმანეთისგან გასარჩევად უწოდებენ - I ჯრუჭისა და II ჯრუჭისა.
ჯრუჭის I ოთხთავი 936 წელსაა გადაწერილი შატბერდის მონასტერში. იგი შედგება 297 ფურცლისგან, ჩასმულია ტყავგადაკრულ ხის ყდაში, რომელიც მხატვრულად არის გაფორმებული. წინა მხარე შემკული ყოფილა ხუთი ჯვრით, რომელთაგან ერთი დიდია და ოთხი - პატარა. დიდი შუაშია, პატარები კი კუთხეებში. ნაწერია ეტრატზე ორ სვეტად, შავი მელნით, გარდა სათაურებისა და ზოგიერთი ინიციალისა, რომლებიც წითლად არის ნაწერი. წითლადაა შესრულებული მახარებელთა სახელების ინიციალები. ხელნაწერს აქვს მინაწერი ანდერძი, საიდანაც ვგებულობთ, რომ ტექსტი გადაუწერია მღვდელ გაბრიელს გრიგოლ მირდატის ძის დაკვეთით. მას გადაწერაში დახმარებიან სხვა გაბრიელი და გიორგი.
ჯრუჭის I ოთხთავის მხატვრობა ერთი იმათგანია, რომლის ავტორიც ცნობილია. ეს არის თევდორე, "კამართა მწერალი", რომელსაც დახატვის ქორონიკონიც აღუნიშნავს და თავისი სახელიც ჩაუწერია ჯვრიან გვერდზე.
ჯრუჭის მეორე ოთხთავის უძველესი მინაწერი თარიღდება XVI-XVII საუკუნეებით. მასში მოიხსენიება მოქვის კანდელაკი (საეკლესიო საჭურჭლის მცველი) მარკოზ ჭყონია, დეკანოზი ჯგერგეშკოჩი, იოანე პატარიძე და კათალიკოსი გრიგოლი. ხოლო 1821 წლის წარწერა გვამცნობს, რომ ოთხთავი ჯრუჭის მონასტრისთვის შეუწირავს ზურაბ წერეთლის მეუღლეს თამარ დადიანს.
მონასტრის წიგნსაცავში აგრეთვე დაცული ყოფილა სხვა ხელნაწერებიც. მათგან აღსანიშნავია წმინდა იოანე ოქროპირის ცხოვრება, რომელიც 1040 წელს პალავრაში, წმინდა ხარიტონის ქართველთა მონასტერში გადაუწერიათ (იგი მონასტერს 1875 წელს შესწირა კათალიკოსმა იოსებმა), სვინაქსარი, რომელიც გოლგოთის ქართველთა მონასტერში ყოფილა გადაწერილი 1156 წელს, ჭედურყდიანი ტრაპეზის სახარება, სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის ერთ-ერთი ნუსხა და სხვა.
ჯრუჭის მონასტერში გადაუწერიათ და იქვე ინახება "წმინდა იოანე ოქროპირის სწავლანი", რომელიც გადაუწერია დიაკონ-მონაზონ გერასიმეს 1785 წელს, "სათნოებათა ყვავილი", "მამათა სწავლებანი", "წმინდა იოანე კლემაქსის სწავლანი", რომლებიც იოანე ზაქარიას ძე გაბაშვილს გადაუწერია XVIII საუკუნის ბოლოს.
ეს სიწმინდეები დღეს მიმოფანტულია. ჯრუჭის მონასტერი კი კვლავ დახმარების მოლოდინშია.