ბიჭვინთა ქრისტიანობის ერთ-ერთი მძლავრი კერა იყო უძველესი დროიდანვე: აქ საეპისკოპოსო კათედრა (დიდი სამნავიანი ბაზილიკა) ჯერ კიდევ IV საუკუნის პირველ მეოთხედში არსებობდა. აქაური ეპისკოპოსი სტრატოფილე ნიკეის პირველი საეკლესიო კრების (325 წ.) მონაწილე იყო. აფხაზეთის სამეფოს შექმნის შემდეგ ბიჭვინთა აფხაზეთის კათოლიკოსის რეზიდენციად იქცა, ხოლო ერთიანი საქართველოს დაშლის შემდეგ (XV-XVI ს.ს.) აფხაზეთის სულიერი მოძღვარი, რომელიც კვლავ ბიჭვინთაში იჯდა, კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულს ატარებდა.
ბიჭვინთის სამნავიანი ბაზილიკის იატაკს ამკობდა V საუკუნის მოზაიკური მხატვრობა, რომელზეც ადრექრისტიანული სიმბოლურ-ალეგორიული გამოსახულებებია წარმოდგენილი. ბიჭვინთის მოზაიკა მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნების - სირიისა და პალესტინის მხატვრობას უახლოვდება.
ბიჭვინთის ცენტრში, ნაქალაქარიდან სამიოდე ასეული მეტრის დაშორებით, დგას X-XI საუკუნეებში აგებული სახელგანთქმული საეპისკოპოსო ტაძარი. იგი ღვთისმშობლის სახელობისაა და მისი მშენებლობა, გადმოცემით, ამ კუთხეში წმინდა ანდრია მოციქულის მოღვაწეობას უკავშირდება.
ტაძარი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა, ნაშენია ქვისა და აგურის რიგების მონაცვლეობით.
ეკლესიის მთავარი შესასვლელიდან მარჯვნივ მდებარე პატარა სამლოცველოში ჯერ კიდევ შემორჩა XIV-XV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები.
ბიჭვინთის ტაძრის სიწმინდეთა შორის ცნობილია "ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატი". ასევე მნიშვნელოვანია XVI საუკუნეში შედგენილი ქართული საეკლესიო სამართლის ძეგლი - "ბიჭვინთის იადგარი".
ანაკოფიის ისტორიულ ძეგლთაგან (გამაგრებათა მთელი სისტემა, ციტადელი ივერიის მთაზე, ბაზილიკა მის ფარგლებში და სხვა) ყურადღებას იპყრობს IX-X საუკუნეების სვიმონ კანანელის გუმბათოვანი ეკლესია, რომელსაც XIX საუკუნის საფუძვლიანი შეკეთება-აღდგენის შემდეგ ძლიერ შეეცვალა სახე. ქართული წყაროების თანახმად, აქ განისვენებს საქართველოში ქრისტიანობის ერთ-ერთი პირველი გამავრცელებელი სვიმონ კანანელი. "ქართლის ცხოვრება" გვაუწყებს: "სვიმონ კანანელის საფლავი არს ნიკოფს ქალაქში, რომელიც არის აფხაზეთს".
უფალი ჩვენი იესო ქრისტეს მოციქულმა სვიმონ კანანელმა წმინდა ანდრია პირველწოდებულთან ერთად იქადაგა ქრისტიანობა საქართველოში. წარმართთა მოსაქცევად მან მრავალი განსაცდელი და ტანჯვა-წამება დაითმინა. წარმართებმა იგი ქრისტეს დარად ჯვარზე გააკრეს და მერე იქვე, ათონში დაასაფლავეს. მოგვიანებით ამ ადგილას აიგო ეკლესია, რომელსაც სვიმონ კანანელის სახელი ეწოდა.
XIX საუკუნის II ნახევრიდან ანაკოფია ახალ ცხოვრებას იწყებს. 1875 წელს ძველი ანაკოფიის ნანგრევებთან რუსეთის საეკლესიო ხელისუფლებამ ააგო წმინდა პანტელეიმონის სახელობის რუსული მონასტერი - "ახალი ათონი" (ეს სახელი მთელ იმ ადგილს დაერქვა). მას საბერძნეთის ათონის რუსული მონასტრის ფილიალად მიიჩნევდნენ. 1877-1878 წლების ომის დამთავრებისა და ნახანძრალი მონასტრის აღდგენის შემდეგ ის შავი ზღვის უდიდეს საეკლესიო ცენტრად გადაიქცა.
დღესდღეობით ახალი ათონის წმინდა პანტელეიმონის ტაძარი, ფაქტობრივად, მიტაცებული აქვს რუსეთის საპატრიარქოს. აქ წლების წინათ საქართველოს საპატრიარქოს ნებართვის გარეშე ჩამოვიდნენ საბერძნეთის ათონის მონასტრის რუსი ბერები პეტრე პიგოლეს მეთაურობით, ღვთისმსახურება განაახლეს და დაჟინებით ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ვინაიდან ახალი ათონის სამონასტრო კომპლექსი რუსების აშენებულია, ის მათვე უნდა დაუბრუნდეს. მათ წმინდა სვიმონ კანანელის ტაძრის (IX ს.) მითვისებაც უნდათ, არადა იგი რუსეთის მიერ ქრისტიანობის მიღებამდე აშენდა...
ბედიის ტაძრის აგების შესახებ ასეთი გადმოცემა არსებობს: ერთიანი საქართველოს პირველი დიდი მეფე ბაგრატ III მხლებლებითურთ ოდიშის უღრან ტყეში ნადირობდა. დღევანდელი ბედიის სანახებში მონადირეებს გზა აებნათ. ბევრი ხეტიალის შემდეგ იმ ადგილას გამოვიდნენ, სადაც ახლა ტაძარია აღმართული. აქედან კოლხეთის დაბლობი და ზღვა მოჩანდა. ერთ-ერთმა დიდებულმა მიახარა თურმე მეფეს: ბედი გქონია, მეფევ ბატონო, გადავრჩითო!
მეფე კარგა ხანს მდგარა მდუმარედ. მერე უბრძანებია: "ჩვენი გადარჩენის აღსანიშნავად ამ ალაგს აიგოს დიდი ეკლესია და მას ბედია ეწოდოსო!"
სულ მალე აშენდა დიდი საკათედრო ტაძარი, ქართული არქიტექტურის მშვენება - ბედია. სამწუხაროდ, დღეს ძველებური ბრწყინვალება აღარ შერჩენია ამ მართლაც დიდებულ ტაძარს, გაპარტახებული და მოუვლელია იქაურობა. ჭურვისგან დაზიანდა ეკლესიის სამხრეთ ფასადები, სამხრეთ კედლის მოხატულობის ფრაგმენტები და ხუთსტროფიანი ასომთავრული წარწერა.
აილაგა-აბიყუს (აფხაზურად "დახლართულ კოშკს" ნიშნავს) ეს სახელი მოგვიანებით უწოდეს. მისი თავდაპირველი სახელწოდება უცნობია.
აილაგა-აბიყუს ეკლესია დღეს ნანგრევებად ქცეულა. ძეგლი სუროს დაუფარავს და გარს მცენარეების ხშირი საფარი აკრავს. ტაძარი უკვე რამდენიმე წელია, მოვლა-პატრონობის გარეშეა დარჩენილი.
ცნობილმა ფრანგმა ქართველოლოგმა მარი ბროსემ 1848 წელს ლიხნის ტაძრის სიძველენი აღწერა და კედლებიდან ძველი ქართული წარწერები გადმოიწერა. მათგან გამოირჩევა ასომთავრული წარწერა, რომელიც 1066 წელს კომეტის გამოჩენას იუწყება. ეს ცნობა მით უფრო საინტერესოა, რომ იმავე წელს ჰალეის კომეტის გამოჩენის თაობაზე ცნობები კიევის სამთავროს მატიანესა და ერთ-ერთ ჩინურ ქრონიკაშიც ყოფილა დაცული.
დღეს ლიხნის ეკლესია თვითმარქვია აფხაზეთის საეკლესიო ადმინისტრაციას, მისი ეგრეთ წოდებული სოხუმ-აფხაზეთის ეპარქიის საბჭოს აქვს მიტაცებული. ღვთისმსახურება არაკანონიზებულ აფხაზურ საეკლესიო ენაზე ტარდება.
მოქვი ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი კერა იყო. ტაძარს მდიდარი წიგნსაცავი ჰქონია, რასაც მოწმობს ჩვენამდე მოღწეული ქართული ხელნაწერები, რომლებიც მოქვის მოღვაწეთა სახელებს გვამცნობენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია დანიელ მოქველის თაოსნობით 1300 წელს გადაწერილი ოთხთავი. იგი მდიდრულად არის მოხატული, შემკულია ოსტატურად შესრულებული ორნამენტებით.
XVIII ს-ის 50-იან წლებში ვახუშტი ბაგრატიონი წერს: "მოქვის დასავლეთით მოედინება კოდორი. იქ, სადღაც მთებში, დრანდაში დგას დიდი და მშვენიერი გუმბათიანი ეკლესია. იქ იჯდა ეპისკოპოსი, რომელიც კოდორსა და ანაკოფიას შორის მოქცეულ ქვეყანას მართავდა".
1637 წელს, თურქთა შემოსევის დროს, ტაძარში ხანძარი გაჩნდა და თაღი მთლიანად ჩამოინგრა. ფრესკების უმრავლესობა განადგურდა. მოგვიანებით ეკლესიას რესტავრაცია ჩაუტარდა და 1871 წელს დრანდის ტაძარში საეკლესიო მსახურება განახლდა. 1900 წელს ეკლესიის გუმბათი აამაღლეს.
დრანდის ეკლესიაში ყველაზე უკეთ შემონახულია თაღთან გამოსახული უფალი, მთავარანგელოზის სახება და ხარების ფრაგმენტი ღვთისმშობელთან ერთად.
ცნობილია, რომ ილორის წმინდა გიორგის ძველთაგანვე არა მარტო ქრისტიანები, არაქრისტიანებიც ეთაყვანებოდნენ. იგი ყოვლისშემძლედ და ყოვლად სამართლიანად ითვლებოდა და ითვლება დღესაც. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე აფხაზმა არც კი იცის, რომელი წმინდანის სახელზეა აგებული ილორის სალოცავი, სამურზაყანოს აფხაზეთში არც ერთ წმინდანს იმხელა პატივს არ მიაგებენ, როგორსაც ილორის ხატს.
ხალხის წარმოდგენით, ილორის წმინდა გიორგი მომრიგებელი იყო ყოველგვარი დავისა და გაუგებრობისა ადამიანთა შორის. ეს ჩანს ამ წმინდანის სახელთან დაკავშირებულ სასწაულშიც - დიდმოწამე ეხებოდა ოქროს სასწაულმოქმედ მართლმსაჯულების სასწორს, რომელიც ეკლესიის თაღიდან შუა ტაძრში ეშვებოდა. მორიგება ამ სასწორის მეშვეობით ხდებოდა. მოდავე მხარეები მის ქვეშ დგებოდნენ და ილორის ხატთან ლოცულობდნენ. მართალი ის იყო, ვის მხარესაც გადაიხრებოდა სასწორი.
ილორის წმინდა გიორგის ეკლესიაში უკანასკნელ დრომდე ინახებოდა წმინდა გიორგის ნაქონი სასწაულმოქმედი ნივთები - რკინის მშვილდი, რომლის სიგრძე 1 მეტრს აღწევდა, ბუკი და წმინდანისადმი შეწირული ბორბლები ანუ ორპირბოლოიანი ისრები.
ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის ფასადებზე შემორჩენილია ქართული ასომთავრულით შესრულებული ხუთი ლაპიდარული წარწერა, მეექვსე კი აღარ იკითხება.
აფხაზეთის ომის წინა წლებში კომანის ტაძარი აღადგინა, კეთილმოაწყო და აამოქმედა აფხაზმა მამულიშვილმა იური ანუამ. ომის დროს აფხაზმა სეპარატისტებმა იური ანუა და მასთან ერთად კომანის ეკლესიის ღვთისმსახურებიც დახვრიტეს...
მონასტერში ინახება წმინდა იოანე ოქროპირის სარკოფაგი და წმინდა ვასილისკოს საფლავი. საერთო ქრისტიანული ეკლესიის ამ წმინდათაწმინდა ადგილას უკანასკნელი წირვა აღავლინა და აქვე აღესრულა მართლმადიდებლობის მსოფლიო მნათობი, დიდი იოანე ოქროპირი; აქ გაბრწყინდა მოწამებრივი ღვაწლით წმინდა ვასილისკო და სწორედ აქ იპოვეს ქრისტიანობისთვის წამებული იოანე ნათლისმცემლის თავი.
სამწუხაროდ, დღეს აფხაზეთის ეკლესია-მონასტრების კუთვნილი ხატები და ძვირფასი საეკლესიო ნივთები რესტავრაციის მოტივით საზღვარგარეთ, ძირითადად რუსეთის ფედერაციაშია გატანილი.