სამონასტრე ადგილის მოპოვება რომ მირიანის დამსახურებად მიაჩნდათ, ამაზე მეტყველებს მირიან მეფის ფრესკა ჯვრის მონასტრის კედელზე, რომელიც ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში თავად ტიმოთე გაბაშვილს უნახავს.
სამონასტრო ადგილი რომ შემთხვევით არ შეირჩა, ამაზე კატაკომბებიც მოწმობს, რომელიც იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ზეთის ხილის ბაღშია და თარიღდება ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეებით. აღიარებულია, რომ იგი ქართველ მონაზონთა საძვალე იყო. კატაკომბებია თავად მონასტრის ქვეშ. როგორც ჩანს, მონასტრის ადგილას ან მის მახლობლად ქართველებს სამლოცველო ჰქონდათ, სადაც Vს.-ში შესანიშნავი ტაძარი აიგო.
გასულ წლებში მონასტერში სარესტავრაციო სამუშაოების დროს მოპოვებული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ "წმინდა ჯვრის ეკლესია IV საუკუნის ბოლოს ან V საუკუნის 20-იან წლებშია აგებული. ეკლესია თავიდან ღვთისმშობლის სახელობის იყო, შემდეგ მას რამდენჯერმე შეეცვალა სახელი. ერქვა: ხარების, კონსტანტინესა და ელენესი, ბოლოს წმინდა ჯვრისა.
ზაქარია ქართველის და იოანე რუფუსის თხზულებები მიგვანიშნებს, რომ ლეგენდა წმინდა ჯვრის ხეზე გვიანდელი წარმოშობისაა. პეტრე იბერს უფალი გამოეცხადა, რომელმაც წმინდანს მშენებარე ეკლესია დასრულებული სახით დაანახა. უფალი პეტრეს მიმართავს: "თუ იმიტომ ხარ დამწუხრებული, რომ გგონია, არ შეასრულე აღთქმა და დაპირებული ტაძარი არ ამიგე, როგორც გინდოდა, მაშინ აღაპყარ თვალები და იხილე!" პეტრემ აიხედა ზეცად, დაინახა საუცხოო ეკლესია და მოესმა ხმა: "აჰა, ეკლესია, რომლის აგებას შემპირდი! აჰა, აგრეთვე მგალობელნი! ნუღარ ხარ დამწუხრებული!"
პეტრე იბერის მიერ აგებული მონასტერი მცირე და კეთილმოწყობილი იქნებოდა. როდესაც მისმა მოწაფეებმა წლისთავზე მაიუმიდან ჯვრის მონასტერში პეტრეს გადასვენება განიზრახეს, მონასტერი გააფართოვეს, კეთილმოაწყვეს და ჩასასვენებელიც მოუმზადეს. მისი აქ დაკრძალვა დასტურდება აღმოჩენილი სამარხით, რომელიც IV-V საუკუნეებით თარიღდება. პეტრე იბერი, როგორც ჯვრის მონასტრის დამაარსებელი და იქვე დაკრძალული, ბერებმა ტაძრის კედელზე დახატეს. იქვე იყო ამ მონასტრის აღმდგენლის გიორგი-პროხორეს ფრესკა და მისი სამარხი, ლუსკუმა, რომელიც საკუთარი თვალით უნახავს ტიმოთე გაბაშვილს.
მონასტერი ბევრჯერ გადაურჩა განადგურებას. თავად ეკლესიამაც სერიოზული ცვლილება განიცადა. შეიცვალა მისი არქიტექტურა, ინტერიერი. მონასტერს დაპატრონებული ბერძენი ბერები გულმოდგინედ ცდილობდნენ ამ სავანის ქართული წარმოშობის და მასში ქართველთა მოღვაწეობის კვალის მიჩქმალვას.
ჯვრის მონასტერი შემდეგ იერუსალიმის საპატრიარქოს თანხმობით და მეფე ბაგრატ III-ის ფინანსური დახმარებით აღადგინა ათონის მთაზე მოღვაწე იბერიელმა ბერმა გიორგი-პროხორემ, რომელიც წარმოშობით შავშელი იყო.
ჯვრის წინამძღვარი მოგვიანებით "მამად" იწოდებოდა. პირველ ცნობილ მამად ანტონ ქართველი იხსენიება. მან მოზაიკით შეამკო ლაზთა მონასტერი. ეს მონასტერი დაარსების დღიდან გამოირჩეოდა მამათა სიმრავლით. ხოლო გიორგი-პროხორეს თავისი მემკვიდრე თვითონვე დაუდგენია - სახელით გიორგი - ლუკა მუხაისძე აბაშიძე. ლუკას დედას ქმრის გარდაცვალების შემდეგ შვილები საქართველოში დაუტოვებია, იერუსალიმს წასულა და მონაზვნად აღკვეცილა. ოცი წლის რომ შესრულებულა, ლუკაც იერუსალიმს წასულა წმინდა ადგილების მოსალოცად და დედის სანახავად. მაგრამ თვითონაც სამუდამოდ იქ დარჩენილა, ბერად აღკვეცილა და დიაკვნად უკურთხებიათ. ლუკამ ქრისტიანობის მტკიცედ დაცვას შესწირა თავი.
პროხორეს ბრძანებით, იოანე დვალმა და მისმა შვილმა მიქაელმა გადაწერეს და შეკაზმეს წმინდა ექვთიმე ათონელის მიერ ბერძნულიდან თარგმნილი "ცხოვრება". ძველქართულ ხელნაწერებზე ზრუნავდა ჯვრის მამა ბეჟან ჩოლოყაშვილი. ამ საქმეში მას შეეწეოდნენ ნაომი და სოფრონი. ჯვრის მონასტრის ხელნაწერებზე დიდად ზრუნავდა ილარიონ ოპიზარი. მნიშვნელოვანი იყო ბარნაბა თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ვლასი ურბნელის საგანმანათლებლო საქმიანობა ჯვრის მონასტერში. მათი ღვაწლით აღდგა მრავალი დაზიანებული ხელნაწერი. ბიბლიოთეკის განადგურება კარგა ხნის წინ იყო დაწყებული. ჯვრის მონასტრის ხელნაწერთა კოლექცია გადაიტანეს იერუსალიმის საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში.
ჯვრის მონასტერს ჰქონდა საკუთარი დღესასწაული - წმინდა ჯვრის ხის მოჭრის დღე, რომელიც იმართებოდა პასექის მეორე კვირას. მონასტერში ინახებოდა წმინდა ბარბარეს ხელი. ამის გამო ჯვრის მონასტერში ბარბარეს სიწმინდის დღესასწაულსაც აღნიშნავდნენ.
- წმინდა მიწაზე კვლევითი სამუშაოები XX ს.-ის 60-იან წლებში ირაკლი აბაშიძემ, გიორგი წერეთელმა და აკაკი შანიძემ დაიწყეს, - გვიამბობს ბატონი გიორგი, - მათი მიზანი იყო რუსთაველის ფრესკის გამოვლენა. ჩვენი ექსპედიციის მიზანი კი გახლდათ მთლიანად წმინდა მიწაზე არსებული სიძველეების კვლევა-ძიება. წერილობითი წყაროებიდან ვიცოდით, თუ რას ფლობდნენ ქართველები ამ მიწაზე. კვლევის პროცესში კიდევ ბევრმა სიახლემ იჩინა თავი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველაზე მეტი ლაპიდარული თუ ფრესკული წარწერა ჯვრის მონასტერშია დაცული. ახლანდელი ექსპედიციის პროექტის სათაური იყო "პეტრე იბერის კვალდაკვალ". ქართველმა სპეციალისტებმა ის ადგილები გამოიკვლიეს, სადაც პეტრე იბერი უკანასკნელ პერიოდში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
ჩვენი ექსპედიციის ხელმძღვანელი ებრაელი არქეოლოგი გახლდათ. აქ შევისწავლეთ პატარა ტერიტორია და ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი. შემდეგ ჯვრის მონასტრის გამოკვლევა დავიწყეთ. როგორც ცნობილია, რუსთაველის ფრესკა ვანდალურად შერყვნეს. მართალია, იმავე წელს აღადგინეს ადგილობრივმა რესტავრატორებმა, მაგრამ პროფესიონალური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, დაბალი დონისაა. რუსთაველის სახე წაიშალა, წარწერის ნაწილიც განადგურებულია. ამ ფაქტს ვერ შევიტყობდით, რომ არა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ისრაელში 2004 წელს. მონასტერში შესულ დელეგაციას ექსპედიციის წევრებიც შევყევით. ჩვენ აქ ვიხილეთ შოთა რუსთაველის მსგავსი ბერის გამოსახულება. ზემოდან შუშა ჰქონდა დაფარებული, თითქოს დასაცავად. მერე ჩამოხსნეს და აღადგინეს მხატვრობა.
ჯვრის მონასტერს დღეს უფრო მეტად ტურისტული დატვირთვა აქვს. რუსთაველის ფრესკის სანახავად მოდის ხალხი. აქ ღვთისმსახურება მხოლოდ ჯვართამაღლებას სრულდება. ქართველთა ექსპედიციის წევრებისთვის ჯვრის მონასტერში შესვლა და საფუძვლიანი სამუშაოების შესრულება კი კვლავ ჭირს...