ჩვენი დროის ბერ-მონაზვნები გულღიად გვიზიარებენ ხოლმე თავიანთი მონასტრული ცხოვრების დასაწყისს, მათ სულსა და გულში უფლის უზომო სიყვარულის დამკვიდრებას. თითქოსდა ყველა მათგანს ერთნაირი ცხოვრების გზა აქვს, მაგრამ სრულებით განსხვავებული იყო მათი ერული ყოფა. მერე ეს ადამიანები ერთად, გვერდიგვერდ იწყებენ მოღვაწეობას და ღვთის მორჩილებასა და დიდებაში ცხოვრობენ უკუნისამდე.
ურბნისის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში სქემმონაზონი ნინო (დაშნიანი) გავიცანი. დედა ნინოს უდიდესი სიყვარული აქვს და ყველას სიყვარულს უქადაგებსო, - მითხრეს. მას სიარული არ შეუძლია, ეტლსაა მიჯაჭვული. დედა ნინო უკვე 25 წელია უფალს მონაზვნური აღთქმით ემსახურება. მის სენაკში თბილ ღუმელთან გვერდით მივუჯექი და საუბარიც დავიწყეთ. ტკბილად იხსენებდა მონაზვნურ ცხოვრებას, მაგრამ ტკბილად ნამდვილად არ გახსენებია ის, რამაც გადააწყვეტინა ამ გზაზე შედგომა. შვილის ამ ქვეყნიდან წასვლამ აფიქრებინა მონაზვნობა, რათა მისი სულის ცხონებისთვის გამუდმებით ელოცა. გამჩენმა ღმერთმა არც ეს განსაცდელი აკმარა და მონაზვნად აღკვეცის შემდეგ, რამდენიმე ხანში მეორე ვაჟი გაიყვანა ამ ქვეყნიდან. ამ უდიდესმა განსაცდელებმა დედა ნინო იმდენად დააუძლურა ფიზიკურად, რომ ეტლზე მიაჯაჭვა. მისმა ნაუბარმა ბევრ რამეზე დამაფიქრა... მინდა ისიც გითხრათ, რომ მისი ერთ-ერთი ვაჟი ახლა უკვე ბერი ნეოფიტეა.
დედა ნინომ "კარიბჭესთან" საუბარი ასე დაიწყო:
- დავიბადე 1935 წელს, ახალგორის რაიონში. საშუალო სკოლაც აქ დავამთავრე. მალე გავთხოვდი. პირველი შვილი ნუკრი (ნიკოლოზი) 1953 წელს შემეძინა. დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი. სამწუხაროდ, 26 წლისა გარდაიცვალა. მის ვაჟს, პატარა ზურიკოს ვიღაცამ თვალში ჯოხი მოახვედრა და თვალისჩინი დაკარგა. ამაზე ინერვიულა... მეორე ვაჟი, ნუგზარი, დღეს ბერი ნეოფიტეა. ურბნისისა და რუისის ეპარქიაში, აბუხალოს მამათა მონასტერში მოღვაწეობს. როცა მონაზონი გავხდი, უფალმა განსაცდელი კვლავ გამომიგზავნა - კიდევ ერთი ვაჟი, 33 წლის დავითი წაიყვანა თავისთან. ჩემი შვილი, მამა ნეოფიტე მისი სულის ცხონებისთვის სალოცავად წავიდა მონასტერში. დავითი დავით გარეჯელის მოსახელე იყო და ამიტომ მამა ნეოფიტემ ამ წმინდანის სახელობის ტაძარი ააგო მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით.
თავიდან მეუფემ უთხრა, - ნეოფიტე, დავით გარეჯელის სახელობის ეკლესია ააშენეო. ეს მასაც უნდოდა. ერთ წელიწადში შემოწირულობებით ააშენა ტაძარი, რომელიც 27 ნოემბერს აკურთხეს. იქ დედებს არ მიუშვებენ. როგორც ათონის მთაზეა მარტო მამების მონასტრები, ისე იქნება ჩვენთან წმინდა დავით გარეჯელის მონასტერიც.
პირველი შვილი რომ გარდამეცვალა, ახლობლებმა მონასტერში წასვლა მირჩიეს. ეკლესიაში მაშინაც დავდიოდი, როცა მოუნათლავი ვიყავი. დედას და ბებიას დავყავდი ხოლმე. ახალგორში არის ტაძარი მაღლა ტყეში ჩაფლული. ამაღლების დღესასწაულზე მივდიოდით ყველანი მოსალოცად. ეკლესიასთან ურთიერთობა უცხო არ ყოფილა. ტრაგიკულმა შემთხვევამ კი მონასტრული ცხოვრება გადამაწყვეტინა. მეუღლეს და დანარჩენ სამ შვილს პატიება ვთხოვე და ჩემი გულისწადილი გავუზიარე. დავითი 14 წლის იყო და მითხრა, - მარტო ნუკრი გიყვარს, ჩვენ არ გიყვარვართო... მე რომ აქ დავრჩე, მოვკვდები-მეთქი... დედიკო, მაშინ წადიო... მეუღლემ და სამმა შვილმა სამთავროს დედათა მონასტერში, დედა ქეთევანთან წამიყვანეს. 25 წელი გავიდა, რაც მონასტერში ვცხოვრობ.
- დედაო, აჭარაში თქვენს მოღვაწეობას თუ გაიხსენებთ?
- უწმინდესმა და მეუფე დანიელმა კურთხევა მომცეს - აჭარაში ობოლ ბავშვებთან უნდა გაგიშვათ, იქ მლოცველი დედა არ ჰყავთო. მონაზონი ვარ და თქვენი სიტყვა ყველაფერია ჩემთვის-მეთქი. წავედი ხულოში, სადაც ობოლი ბავშვები ცხოვრობდნენ. წელიწადნახევარი დავყავი იქ. რადგან მართლმადიდებლური ეკლესია არ გვქონდა, სხალთაში დავდიოდით წირვა-ლოცვაზე. იმ დროს იქ მღვდელმონაზონი ანდრია მსახურობდა. მამა ანდრია ჩემი მოძღვარი გახდა. მოკრძალებული ბერი იყო, იშვიათი თვისებებით გამორჩეული ადამიანი. მაშინ 24 წლის იყო. ახლობელივით მიმიღო. ვეუბნებოდი, - ჩემი შვილი ხარ-მეთქი. დიდი მლოცველი იყო. დიდთოვლობის გამო გზები რომ ჩაიკეტა, სულ ლოცვაში გაუტარებია ის დღეები. მითხრა - მარტო ვლოცულობდი და როგორც ფრთოსანი, ისე დავფრინავდიო. წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მონასტერი ჰქონდათ. ამ წმინდანის სახელობის პარაკლისს ვკითხულობდით ხოლმე. თავადაც გალობდა - ჩვენც ვყვებოდით გალობაში. ორი მორჩილი გვყავდა და ისინი დამყავდა მამაოსთან. მერე ერის ბავშვებიც შემოვიკრიბეთ. ხულოში სასულიერო სასწავლებელი გაიხსნა და ისინიც მეხვეწებოდნენ მამა ანდრიასთან წაყვანას.
ერთხელ სხალთაში წავედით ღამისთევაზე. მამა ანდრიამ ზურგით მოგვიტანა შეშა, - სიცივემ არ შეგაწუხოთო. ძალიან გულკეთილი იყო. ძალიან ცოტას ჭამდა. რასაც გავაკეთებდი, გამომკითხავდა მის შემადგენლობას. მერე რომ ჩავიდოდი, თავად დამახვედრებდა ასეთსავეს. თავისი მოწეული ლობიო და კარტოფილი თავადაც ჰყოფნიდა და სამასპინძლოდაც. ძალიან განვიცადე მისი დაღუპვა. ლამის ლოგინად ჩავვარდი.
- დედა ნინო, მერე სად გააგრძელეთ მსახურება?
- საფარაში სამი წელი დავრჩი. მერე მისი უწმინდესობის და მეუფე დანიელის ლოცვა-კურთხევით ბოდბის დედათა მონასტერში იღუმენიად მაკურთხეს. იქ ორი წელი ვმოღვაწეობდი. იქიდან, უწმინდესის კურთხევით, კვლავ სამთავროში, დედა ქეთევანთან გადმომიყვანეს.
მერე, მეუფე იობის თხოვნით, ურბნისისა და რუისის ეპარქიაში წამოვედი. თავიდან გადაწყვეტილიც არ მქონდა აქ დარჩენა, რადგან მძიმე ავადმყოფი გახლდით. ამიტომ მეუფემ უწმინდესს გამოსთხოვა კურთხევა. მას შემდეგ 11 წელი გავიდა. თავიდან 7 წელი ურბნისის მონასტრის წინამძღვარი გახლდით. მერე ავადმყოფობა გამიმძაფრდა, ფიზიკურად კიდევ უფრო დავმძიმდი და ვეღარ შევძელი წინამძღვრობა.
დედა ღვთისმშობელს ვევედრები, დამეხმაროს განკურნებაში. ძალიან მიყვარს ღვთისმშობელი, მწამს, შემეწევა და სიარულს დამაწყებინებს. ხუთი წელია, რაც სქემმონაზვნის ხარისხში ამიყვანეს. სქემმონაზვნის ლოცვა პირდაპირ ღმერთთან მიდის. მე ვლოცულობ მთელი საქართველოსთვის. ვლოცავ ყველა ახალგაზრდას და კეთილ ადამიანს.
- დედაო, თქვენს ოჯახს კიდევ ერთი ღვთისმსახური შეემატა - მამა ნეოფიტე. რა განცდა გეუფლებათ, როცა ღვიძლ შვილს ბერის სამოსში ხედავთ?
- მამა ნეოფიტეს ძალიან უხარია ჩემთან მოსვლა. შეხვედრისთანავე მეტყვის: - დედაო, დამლოცეო. მერე მე ვიღებ მისგან ლოცვა-კურთხევას. ვფიქრობ, ჩემი ლოცვა შეეწია და ბერი გახადა. მეუფე იობმა მითხრა, ხუცურს თუ კარგად ისწავლის, მღვდელიც გახდება და სქემმონაზონიცო. უფალმა ინებოს.
ბერმონაზვნობა ამქვეყნიური სიკვდილია, მიწიერის უარყოფა და ყველაფერზე მეტად ღმერთის სიყვარულის გამოხატვა. ჩემთვის უდიდესი საჩუქარი მონაზვნობაა. ძნელია, მაგრამ ის ხომ ტკბილი ცხოვრების საწინდარია.
- დედაო, ამ ხნის განმავლობაში მონაზვნური ცხოვრების დიდი გამოცდილება შეიძინეთ, კარგი იქნება, მცირედს თუ გაგვიზიარებთ.
- მე ყველა მიყვარს და მგონია, რომ მათაც ვუყვარვარ. სიყვარული აუცილებელია. მრისხანება კი ძალზე ცუდი თვისებაა. წმინდა მამებს უთქვამთ, ვინც წინამძღვარს არ შეიყვარებს და წინამძღვარზე საუბრობს, მისი გაკეთებული ნებისმიერი საქმე ფუჭად ჩავლილი შრომააო. ახლა დედა გლაფირაა ჩვენი მონასტრის წინამძღვარი, ახალგაზრდა მონაზონია. მე რა უნდა დამავალოს, ავადმყოფი ვარ, მაგრამ არ შევეპასუხები... დედაშვილურად მიყვარს ყველანი. უფალი გვეუბნება: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც შენი თავიო. თუ მოყვასს შევიყვარებთ, თავადაც სიყვარულით მოგვექცევა.
უფალს ვთხოვ უწმინდესისა და უნეტარესის ჯანმრთელობას. ღმერთმა მისი ლოცვა-კურთხევა არ მოგვაკლოს. მშვიდობა იყოს საქართველოში.
- წმინდა მამები ამბობენ, დედამიწა ბერმონაზვნობის ლოცვით სულდგმულობსო. რაც მეტი ღირსეული მლოცველი დედა და მამა გვეყოლება, ჩვენი სამშობლოც უფრო მყარად იქნება. ბერ-მონაზონი, რომელიც თავისი ღირსეული მოღვაწეობით ცხონდება, შვიდ თაობას აცხონებსო. მონაზონი სრულიად უნდა განსხვავდებოდეს თავისი მოღვაწეობით და ღვთის სათნო ცხოვრებით. ერში ყოფნის დროს მივხვდი, რომ მონაზვნობა აღმატებულია სხვა საქმეთა შორის, რასაც შეიძლება ამ ქვეყანაზე ემსახურო. ვიფიქრე, მონასტერში ყოფნით, ლოცვით ჩემს ახლობლებს დავეხმარებოდი. ეს ღვთისგან ხდება. როცა ღმერთი მოგიწოდებს, ყველაფრის დატოვებას ეგუები და მასთან მიდიხარ. ადამიანი სულიერ სიხარულს როცა შეიგრძნობს, ერში ვეღარ გაჩერდება. მონასტერში სიხარულით უნდა წამოხვიდე. თუ სიხარული არ ექნება ადამიანს, იქ ვერ გაჩერდება. ამქვეყნიური სიხარულისთვის უნდა მოკვდე, მაგრამ უნდა დაიბადო სულიერი სიხარულისთვის.
- დედაო, ერში როგორ ცხოვრობდით?
- განსაცდელები ყოველთვის მქონდა. მონასტერში მოსვლის შემდეგ მივხვდი, რომ მთელი ცხოვრება ღმერთი ამ გზისთვის მამზადებდა. ერში, რომ იტყვიან, არაფერი მაკლდა, რაც შეიძლება ერის ადამიანს ჰქონდეს, მაგრამ ღმერთის მოწოდების შემდეგ ეს ყველაფერი უაზრობად და უსიცოცხლოდ გეჩვენება. მეც ასეთი შეგრძნება დამეუფლა და მონასტრული ცხოვრება ავირჩიე. ჯერ ბოდბეში წავედი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ფოკას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნისთვის, ორი წელი ფოკაში ვიცხოვრე. ურბნისისა და რუისის ეპარქიაში სტუმრად ჩამოვედი. ბერმონაზვნობის სიმრავლემ და ერთმანეთის უდიდესმა სიყვარულმა და ერთობამ გადამაწყვეტინა ამ ეპარქიაში დარჩენა. ღმერთს მადლობას ვწირავ ყველაფრისთვის.
რა თქმა უნდა, ტკივილი ბევრია მონასტრულ ცხოვრებაშიც, მაგრამ უფალი ამბობს: უღელი ჩემი ტკბილია და მსუბუქიო. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.