2007 წლის 4 ოქტომბერი მეტად ღირსსახსოვარ თარიღად იქცა ბაზალეთის მკვიდრთათვის. ამ დღეს, ღვთის შეწევნით, კეთილად დაგვირგვინდა დიდი ხნის წინ დაწყებული საქმე - აღდგა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, განახლდა ღვთისმსახურება.
წირვა აღავლინა წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ზოსიმემ. წირვას უამრავი ხალხი დაესწრო - სოფლის მკვიდრთა დიდი ხნის ოცნებას შეესხა ხორცი. ტაძრის აღდგენით გამოწვეული სიხარული გაგვიზიარა ვაკის სამების სახელობის ტაძრის
მღვდელმსახურმა გიორგი დორეულმა.
- მამაო, ამ ისტორიულ სოფელთან განსაკუთრებით თბილი და მშობლიური გრძნობები გაკავშირებთ. ამიტომაც თქვენთვის უფრო სასიხარულოა ეს დღე. რამდენადაც ვიცი, რამდენიმე წლის წინ თქვენი გვარის წარმომადგენლებმა ნაწილობრივ აღადგინეს ეს ტაძარი და დანგრევას გადაარჩინეს. - ეს მართლაც გამორჩეული დღეა. ბაზალეთი ისტორიული სოფელია. სამწუხაროდ, საუკუნეების წინ აქ მოხდა სამარცხვინო ძმათამკვლელი ომი და ეს ტკივილი მოურჩენელ იარად აწევს ჩვენს ერს, მაგრამ ბაზალეთს საამაყოც ბევრი აქვს. მთამ და მთიელმა ხალხმა შემოუნახა საქართველოს რწმენის სიმტკიცე, სიწმინდე, სისპეტაკე, სიმამაცე - ღირსებები, რომელიც ამ კუთხის შვილებს ყოველთვის ამკობდა.
ბაზალეთში მდებარეობს X-XI საუკუნეების რიყის ქვით ნაგები ორი შესანიშნავი ტაძარი: ერთი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობისაა, მეორე კი - წმინდა გიორგის, რომლის აღდგენაზე ფიქრი და ზრუნვა დაახლოებით 10 წლის წინ დაიწყო. მაშინ სტიქაროსანი ვიყავი. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სტიქაროსნებს და დიაკვნებს გვითხრა: თქვენს სოფლებში, ვინ იცის, რამდენი ძველი ეკლესიაა, რომელსაც მიხედვა და პატრონობა სჭირდება, კარგი იქნება, იზრუნოთ მათ აღდგენაზეო. ეს იყო კურთხევა ჩვენი პატრიარქისა. რა თქმა უნდა, სასიხარულოა, რომ უამრავი ახალი ეკლესია შენდება და მე, მღვდელმსახურთა სახელით, მადლობას ვუხდი ყველა აღმშენებელს (ქტიტორს), მაგრამ, ჩემი აზრით, უფრო დიდი მადლია ძველი ტაძრების აღდგენა. იქ ჩვენი სულმნათი წინაპრების სულები საუბრობენ და გვლოცავენ, გვეწევიან ამა თუ იმ ტაძრის აღდგენაში. მადლობა ყველას, ვინც გვერდით დაგვიდგა ფიზიკურად თუ მორალურად, ვინც სახარებისეული ქვრივივით თუნდაც ორი მწვლილი შემოსწირა ტაძარს ან ერთი კენჭი მაინც გაიტანა ტაძრის ეზოდან და მის გაწმენდაში მოგვეხმარა. საკმაოდ დიდი სამუშაო ჩატარდა ტაძრის სრულად აღსადგენად. დიდი ენერგია და სოლიდური თანხები დასჭირდა ამ საქმეს, მაგრამ მადლობა უფალს, როგორც იტყვიან, "უფალი მეფობს" და იგი თავად განაგებს, თავად აღასრულებს ყველაფერს.
ამ ტაძრის აღდგენა უდიდესი მოვლენაა ყველა ბაზალეთელისთვის. ვფიქრობ, ის ძალიან დიდ როლს ითამაშებს მთიელი ხალხის გაერთიანებასა და კიდევ ბევრი ეკლესია-მონასტრის აღდგენის საქმეში.
- გამიგია, რომ ეს ტაძარი ძალიან მადლიანია...- ეს ბაზილიკის ტიპის ეკლესია მოცულობით საკმაოდ პატარაა, მაგრამ მართლაც ძალიან მადლიანი. ბავშვობიდან დავდიოდი აქ და არ მახსოვს, ტაძარში აღვლენილი ლოცვა ან სავედრებელი, უპირველეს ყოვლისა, ერისა და ეკლესიის კეთილდღეობისთვის, ეპარქიის შეწევნისთვის, გაჭირვებულთა ნუგეშისცემისთვის, ძალიან მალე არ ასრულებულიყო. ყველას გვახსოვს "ქართლის ცხოვრებიდან" წმინდა გიორგის მიერ აღსრულებული სასწაულები, თუნდაც დიდგორის ბრძოლაში როგორ მიუძღოდა წინ ლაშქარს და როგორ იბრძოდა ცხადლივ. წმინდა გიორგის მფარველობასა და მეოხებას ამ ტაძარში გულით მლოცველი ყველა ადამიანი იგრძნობს.
- ბაზალეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარიც რესტავრაციას საჭიროებს...- ეს ტაძარი დღესდღეობით უმოქმედოა, რადგან ძალიან დაბზარულია და შესაძლოა იოლად ჩამოინგრეს. მეუფე ზოსიმეს სანუკვარი ოცნებაა, გამოჩნდეს ადამიანი, ვინც ითავებს ამ ტაძრის აღდგენას. მას ხშირად უთქვამს, ამ ტაძრის აღდგენა მაცხოვნებელია ქტიტორისთვისაც და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მას გვერდით დაუდგებაო. წლების წინ აუხდენელ ოცნებად მეჩვენებოდა წმინდა გიორგის ტაძრის აღდგენა. უზომოდ გავიხარებ ასევე, როდესაც ბაზალეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი აღორძინდება. იმედი მაქვს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შემწეობით და მეუფე ზოსიმეს კურთხევით ასეც მოხდება.
დღეს ბაზალეთში სასტუმროების, კოტეჯების, გასართობი სახლების გამრავლებაზე ზრუნავენ. ზოგიერთს ჰგონია, მხოლოდ ტურიზმი გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას და არა სარწმუნოება. ამიტომაც დღეს განსაკუთრებით გვჭირდება ეკლესია-მონასტრების აღდგენა, რათა სიწმინდემ დაივანოს მეტადრე იქ, სადაც შეიძლება უწმინდურება მოგვეძალოს.
- ბაზალეთელთათვის ტაძრის ამოქმედება უდიდესი ნუგეშია.- ეს ადამიანები მოძღვრის რჩევას, ქადაგებას, წირვა-ლოცვის, მღვდელმსახურების მადლს მოკლებული იყვნენ. 4 ოქტომბრიდან ეს ჭრილობა მოშუშებულია. რაოდენ დიდი ნუგეშია მათთვის, რომ აღარ დასჭირდებათ შორიახლო მდებარე სოფლებიდან მოძღვრების ამოყვანა სახლის საკურთხებლად, თუ გნებავთ, მიცვალებულის გასაპატიოსნებლად (წესის ასაგებად). თვეში ერთხელ, მეუფე ზოსიმეს კურთხევით, ამ ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება.
ტაძრის კურთხევაზე მოსულნი მომზადებული იყვნენ ზიარების მისაღებად. სოფელში, სადაც არ მოქმედებდა ტაძარი, არ იყო მღვდელმსახური, თურმე უამრავი ადამიანი მარხულობდა, დუშეთში თუ სხვადასხვა სოფლის ტაძრებში ამბობდა აღსარებას. მათ შემხედვარეს დიდი სითბო ჩამეღვარა გულში. ასე რომ, კიდევ ერთხელ მწარედ ცდებიან ისინი, ვინც ჩვენს ქვეყანაზე ამბობს, "ეგ არის, ლომი კვდებაო".
მადლობა უფალს, მომეცა იმედი, რომ მთას დაუბრუნდება მთიელი კაცი მთელი თავისი შეგნებითა და შემართებით; ის სიმტკიცე, ღირსება, პატრიოტიზმი, რომელიც ყოველთვის მოსდგამდა ქართველ კაცს, კვლავ იმძლავრებს და თუ საქართველოს დასჭირდა, მამაც არაგველებს ისევ აჩუქებს ეს მადლიანი კუთხე.