ციხე მატიანეში პირველად X ს-ში იხსენიება. ამ დროისათვის იგი ჰერეთის უმნიშვნელოვანესი სიმაგრე იყო და მისი დაპყრობა მთელი ჰერეთის დამორჩილებას ნიშნავდა, ამიტომაც იყო, რომ კახეთის მთავარმა კვირიკე I-მა (893-918) ჰერეთის შემოსაერთებლად საშველად აფხაზთა მეფეს - კონსტანტის მოუხმო და გაერთიანებული ლაშქრით შემოადგა ვეჯინის ციხეს. ალყა დიდხანს გაგრძელდა. ჰერეთის მთავარმა ადარნასე პატრიკიოსმა ზავი ითხოვა და მტერს ისე დანებდა, რომ ვეჯინი არ დაუთმია. მისცა აფხაზთა მეფეს არიში და გავაზი, ხოლო კვირიკეს - ორჭობი.
შემდეგი მნიშვნელოვანი ისტორიული ცნობა უკვე XI საუკუნის მიწურულისაა. გიორგი II-მ თურქთა დახმარებით კახეთ-ჰერეთის შემოერთება გადაწყვიტა. ვეჯინი უკვე გაერთიანებული კახეთ-ჰერეთის გასაღებია. გიორგი II "ჟამსა სთვლისასა მოვიდეს კახეთად და მოადგეს ციხესა ვეჟინისასა და ვიდრე ბრძოდესღა, მოვიდა თოვლი". მეფე გიორგის გაახსენდა აჯამეთის ტყეში ნადირობა, არ დაელოდა ციხის აღებას და გადავიდა აფხაზეთში, ხოლო "კახეთი დაუტოვა საოხრად თურქთა". ამჯერად ციხე კახეთის მეფის - აღსართანის დიპლომატიურმა ნაბიჯმა იხსნა.
მხოლოდ დავით აღმაშენებელმა შეძლო კახეთ-ჰერეთის შემოერთება და ვეჯინის ციხეც საქართველოს ერთ-ერთი ციხეთაგანი გახდა, თუმცა თავისი მდებარეობის გამო მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად დარჩა. ამის დასტურია 1924 წელს აქ აღმოჩენილი ე.წ. "თამარის განძი" - თამარ მეფის მიერ მოჭრილი 22759 სპილენძის მონეტა. ციხის გადაღმა, ხეობაში დღემდეა შემორჩენილი საქარავნო გზის ნაწილი, რომელსაც თბილისამდე მივყავართ.
მივყვეთ სოფლიდან ამაღლებისკენ მიმავალ გზას. პირველი ტაძარი, რომელიც გვხვდება, "მოციქულის" სახელით ცნობილი პატარა საყდარია ციხის აღმოსავლეთით. რომელი მოციქულის, ძნელი სათქმელია, რადგან არავითარი ცნობა არ მოგვეპოვება, ვერც სოფლის მცხოვრებლებმა გვითხრეს რამე. აშენებულია რიყის ქვით და როგორც ჩანს, მრავალჯერ გადაკეთებულა.
მოციქულის ტაძრის ქვემოთ, სოფლის სასაფლაოზე ნანგრევებია. ვეჯინში ვერავინ გაიხსენა მისი სახელწოდება. იგი ქვითკირით არის ნაშენები და საკმაოდ ძველ ნაგებობას უნდა წარმოადგენდეს.
შემდეგი ტაძარი - ხეობაში მდებარეობდა მრგვალ კოშკთან. იგი გაუნადგურებიათ ზოგიერთი უგუნურის ბრძანებით და ქვები სახლის ასაშენებლად გამოუყენებიათ. ამ ტაძრის სახელწოდება ლომისა ყოფილა.
ცოტაოდენს თუ კიდევ გავივლით, გზიდან დასავლეთით ორმოციოდე მეტრში წმინდა გიორგის ეკლესიაა, სავარაუდოდ, ყველაზე ძველი ტაძარი სოფლის ტერიტორიაზე.
შემდეგი ტაძარი, რომელიც ამაღლებისკენ მიმავალ გზაზე გვხვდება, ერთადერთი გუმბათიანი ტაძარია ყველაწმინდა - ხეობის ნამდვილი მშვენება. ტაძარი მრავალჯერ გადაკეთებულია, სავარაუდოდ, გუმბათი მოგვიანებით დაუშენებიათ, XVII ს-ში, ხოლო თავდაპირველი ნაგებობა ძალიან ძველია და დათარიღებული არ არის.
და აი, თვითონ ციხეც - ძლიერი გალავნით, ციხე-კოშკებით და ბუნებრივი ზღუდეებით. მასში შემორჩენილია სამი ტაძარი - ამაღლების, აღდგომის და ღვთისმშობლის, ასევე ორსართულიანი სამრეკლო.
ღვთისმშობლის ეკლესია ძალზე დაზიანებულია. შიგნიდან ჩადის გვირაბი, რომელიც ხეობაში მდებარე სადარაჯო კოშკს უკავშირდება: "თითქმის ნახევარი ვერსი უნდა იაროს კაცმა დედამიწის ქვეშ, რომ ჩავიდეს ხევამდე, ხევში, გვირაბის გასავალ კარებზედ აშენებულია ბურჯი", - წერდა "ივერია".
ძლიერ დაზიანებულია აღდგომის ტაძარიც. მასზე სამხრეთის მხარეს მიშენებულია ორსართულიანი სამრეკლო, რომელზეც ადიოდნენ ტაძრის შიდა კიბით. სამრეკლოს კახეთში ერთ-ერთ უძველესად მიიჩნევენ.
ციხის გალავანში მდებარეობს ამაღლების ტაძარიც, რომელიც, როგორც სავარაუდოა, ყველაზე მნიშვნელოვანი ტაძარი იყო, რადგან მთელ კომპლექსს ამაღლებას ეძახიან.
ტაძარი აშენებულია XII ს-ზე ადრე, მაგრამ რამდენჯერმეა გადაკეთებული და ზუსტი თარიღის დადგენა ძნელდება. ჩრდილოეთით მთელ სიგრძეზე მიშენებული აქვს ორნაწილიანი ეკვდერი. ტაძარში შემორჩენილი ფრესკები ძალიან დაზიანებულია, თუმცა აქა-იქ ჯერ კიდევ შეიძლება რაიმეს გარჩევა. საინტერესოა, რა მდგომარეობაში იყო ტაძარი XIX ს-ის ბოლოს. კვლავ "ივერიას" დავესესხებით: "ეკლესია დიდი არ არის, მაგრამ შესანიშნავია მხატვრობით, რომელიც ბერძნების ხელობას უნდა ეკუთვნოდეს. გამაკვირვა ზოგიერთმა ნახატმა. მაგალითად, საკურთხეველში, ტრაპეზის პირდაპირ, დახატულია ექვსი მამამთავარი. ზედ ბერძნული წარწერებია, იქვე არის დახატული სილოამის წყარო, გვერდით არის მაცხოვარი მოციქულებითურთ. იმის დაბლა დახატულია სამარიტელი თავის კოკით ჭასთან, მაცხოვარს ელაპარაკება და უკან მოციქულები დგანან. სამწუხაროდ, მაცხოვარი არ სჩანს, რადგან ზედ გაჯი წაუსვამთ".
XIX ს-ს დასაწყისში აქ ჯერ კიდევ მოქმედებდა მამათა მონასტერი. მისი წინამძღვარი იყო არქიმანდრიტი იოსტოსი (ანდრონიკაშვილი).
ვეჯინელები ამბობენ, რომ XIX ს-ში თუ ვინმე კახეთის დიდი თავადი ბრძოლებში მოკვდებოდა, ვეჯინში მოასვენებდნენო. ამის დასტურია ციხის შიგნით არსებული უამრავი საფლავი. მაგალითად, გენერალ-მაიორ ანდრონიკაშვილისა, გენერალ შალიკაშვილისა, გენერალ ზაქარია ანდრონიკაშვილისა, პორუჩიკ ვაჩნაძისა.
ალბათ, ამაღლების მონასტრის ბერების დაუღალავი ლოცვაც შეეწეოდა კახეთს მტრის შემოსევების დროს.
დასანანია, რომ დღეს აქ სულიერი ცხოვრება ჩამკვდარია, მხოლოდ წელიწადში ერთხელ, ამაღლების დღესასწაულზე, რომელსაც მთელი სოფელი ზეიმობს, ირღვევა მყუდროება.
ირინე იაკობიშვილმა