ვარძიის მონასტერი დახმარებას ელის...
28.06.2007
ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ვარძია, დამერწმუნება, რომ მისი მოლოცვის სურვილი ისევ და ისევ გაუჩნდება. ამ წმინდა მიწაზე ფეხის დადგმისთანავე თვალწინ ჩვენი ქვეყნის წარსული წარმოგვიდგება.
საუკუნეებს გამოვლილი ვარძიის მონასტერი, კარგა ხანია, დახმარებას ელის...
შეგახსენებთ, რომ ვარძია ისტორიულ მესხეთში, ასპინძის რაიონიდან 30კმ-ის დაშორებით, მდინარე მტკვრის ხეობის ზემო წელზე, ერუშეთის მთის ფრიალო კლდეშია გამოკვეთილი. კომპლექსი განლაგებულია იარუსებად 100 მეტრის სიმაღლეზე. აქ დაახლოებით ცამეტამდე იარუსია. მასში 600-ზე მეტი სათავსოა - სატრაპეზოები, სენაკები, რამდენიმე მარანი თავისი ქვევრებით...
ისტორიკოს კობა მაჭარაშვილის განმარტებით, ვარძია სამ მონაკვეთად იყოფა. მისი პირველი, ცენტრალური ნაწილი მოიცავს ღვთისმშობლის მიძინების სახელზე აგებულ ტაძარს - სტოას და სამრეკლოს შორის ერთმანეთს მიწყობილი გამოქვაბულების მცირე ჯგუფს. სამრეკლოს ქვეშ საწნახელიანი გამოქვაბულია, ერთი სართულით დაბლა - სატრაპეზო.
მეორე მონაკვეთს წარმოადგენს ტაძრის ცენტრალური ნაწილის დასავლეთით მდებარე უფრო ადრინდელი ხანის (X-XIIს.ს.) ე.წ. კლდის სოფელი ანანური, სადაც შემორჩენილია კლდის ორსართულიანი სახლი, საბაღე და სავენახე ტერასები, X ს-ის პატარა დარბაზული ეკლესია XVI ს-ის კედლის მხატვრობით, სარწყავი არხის დიდი გვირაბი და სხვა მნიშვნელოვანი სათავსები.
მესამე მონაკვეთს მოიცავს გამოქვაბულები დაბლა ჩასასვლელი გვირაბით, "თამარის ოთახი", "სადარბაზო", "სალხინო" და "წამლის სასახლე" (აფთიაქი), მრავალი მარანი და რამდენიმე კარგად შენახული საცხოვრებელი გამოქვაბული.
ვარძია თავიდანვე სამეფო მონასტერი იყო. იგი 1185 წლის 15 აგვისტოს აკურთხეს ღვთისმშობლის მიძინების სახელზე. ვარძია თავდაცვის მიზნითაც გამოიყენებოდა. აქ, აღმოსავლეთით, ფარული გვირაბია.
ვარძიის კომპლექსში 15 ეკლესიაა. მათგან მთავარია ღვთისმშობლის მიძინებისა. აქ არის თამარ მეფის, გიორგი III-ის და რატი სურამელის პორტრეტები. მონასტერში დაცული იყო ვარძიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი. ბასიანის ბრძოლის წინ წმინდა მეფე თამარი ვარძიის ღვთისმშობელს ავედრებდა ქვეყანას და ქართველთა გამარჯვებას. ღვთისმშობლის შეწევნით, ამ ომში ქართველებმა გაანადგურეს მაჰმადიანთა ურიცხვი ლაშქარი. მემატიანე ამ ხატს "გამარჯვებულს" უწოდებს.
აქ მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი მოღვაწე წმინდა იოანე შავთელი, რომელმაც შექმნა "გალობანი ვარძიისა ღვთისმშობლისანი". შემორჩენილია ვარძიაში გადაწერილი ოთხთავის დასურათებული ხელნაწერი (XIIს.).
მონღოლთა ბატონობის დროს ვარძიის მონასტერი სამცხელი ფეოდალების ჯაყელთა გვარიდან გამოსული ათაბაგების გავლენაში მოექცა. 1238 წელს, აღდგომის წინა ღამეს, სამცხეში საშინელი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც ჩამოანგრია ვარძიის გამოქვაბულები, სენაკებში გასასვლელი გვირაბები. ვარძიამ ამის შემდეგ იცვალა სახე. დანგრეული გვირაბებისა და დახურული გადასასვლელების ნაცვლად შეიქმნა ღია ბილიკები. აიგო ტაძრის სტოა და ორსართულიანი სამრეკლო. ამ სამუშაოების ჩატარება ემთხვევა ბექა ჯაყელი-ციხისჯვარელის ათაბაგობას. კიდევ ერთი ნაგებობა - სატრაპეზო შეიქმნა ივანე ათაბაგის დროს.
ვარძიის მონასტერი სპარსელებმა დაანგრიეს. ვარძიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, ოქროსა და ფოლადის კარები მტერმა გაიტაცა. შემდეგ სამცხე თურქეთმა დაიპყრო, მართლმადიდებლური ეკლესიები შეავიწროვა. რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ მესხეთის ნაწილი, ვარძიითურთ, კვლავ საქართველოს შემოუერთდა, მაგრამ ვარძია ისევ უყურადღებოდ რჩებოდა. 1854 წელს ბერძენმა მღვდელმა გიორგი პოპონდოპულომ დაიწყო ტაძრის გაწმენდა. შეაკეთა გზა, გამართა ხის უბრალო კანკელი. ვარძია 1857 წელს ხელახლა აკურთხეს. შემდეგ მსახურებაც აღადგინეს. საბჭოთა პერიოდში წირვა-ლოცვა აღარ აღევლინებოდა. იქ ჯერ ტურიზმის ბაზა, შემდეგ კი მუზეუმი დაარსდა. 1989 წლიდან, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ვარძიაში კვლავ გაისმის "გალობანი ვარძიისა ღვთისმშობლისანი", მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი ანტონი (მაჭარაშვილი). მამა ანტონი და მონასტრის წევრები სამონასტრო ცხოვრებასთან ერთად ყველანაირად ცდილობენ, მზრუნველობა არ მოაკლონ ვარძიას...
"ვარძიის გადარჩენაზე ზრუნვა მას შემდეგ დაიწყო, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვა სახელმწიფო საქმედ იქცა, - გვიამბობს არქიტექტორ-რესტავრატორი თამარ ნემსაძე, - 1938 წელს შეიქმნა ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალიც. სამწუხაროდ, კარგა ხანია, ვარძიაში გამაგრებითი სამუშაოები აღარ მიმდინარეობს, ამიტომ ინტენსიურად იფიტება და იშლება კლდის ზედაპირი.
1998 წელს, კლდიდან მოწყვეტილი მასივის ჩამოვარდნით, მნიშვნელოვნად დაზიანდა ძეგლის ცენტრალური უბანი. იმავე წელს ჰოლანდიიდან მიღებული თანხით შესაძლებელი გახდა სალიკვიდაციო და ნაწილობრივ საკონსერვაციო-გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია.
XIII ს-ში ძლიერი მიწისძვრის შედეგად ვარძიის მასივს მოსწყდა კლდის ფენა, რომელშიც ანსამბლის დიდი ნაწილიც მოექცა. წარმოიქმნა ნაპრალები და მნიშვნელოვნად შეირყა მისი მდგომარეობა. ხდება როგორც მცირე ზომის ქვების ცვენა, ასევე ლოდებისა და შრეების ჩამოშლა, ბოლოს ეს მოხდა 1998 წელს - ვარძიის ცენტრალურ უბანში და 2001 წელს - ანსამბლის დასავლეთით. სოფელ ანანურის სამეურნეო ტერიტორიაზე პროცესი გრძელდება. მსგავსი მოვლენები კვლავ არის მოსალოდნელი.
თუკი სახელმწიფო დააფინანსებს, შესაძლებელია ძეგლის გამაგრება-შენარჩუნება და მისი ტერიტორიის კეთილმოწყობა. სამრეკლოს დასავლეთით, სადაც განთავსებულია გამოქვაბულთა ჯგუფები, "ლიტანიის ეკლესია" და ორსართულიან გამოქვაბულთა ჯგუფი "საპატარძლო", ჩახერგილია ჩამონაშალი ქვა-ღორღით. მათი არქეოლოგიური გაწმენდა გამოავლენს "საპატარძლოს" ქვედა სართულს, შესაძლებლობას მოგვცემს ბილიკებითა და გადასასვლელებით დავაკავშიროთ ეს ორი ობიექტი ერთმანეთთან და კეთილმოვაწყოთ. "საპატარძლომდე" გზა ფეხით მოსიარულეთათვის ფიქლის ფილებითაა მოფენილი. ეს მოუხერხებელია სასიარულოდ და უცხო მასალაა ვარძიისთვის, თან საფეხურებიც დაზიანებულია. ამიტომ საჭიროა მისი განახლება და ფიქლის შეცვლა ვარძიისთვის შესაფერისი მასალით. საჭიროა ანსამბლის ელექტრო და რადიოფიცირება. უვარგისი სადენების ახლით შეცვლა. მტკვრის ადიდებისას წყალი რეცხავს მუზეუმის ტერიტორიას, ძირს უთხრის საყრდენ კედელს... ამ უნიკალური ძეგლი-ქალაქის გადასარჩენად აუცილებელია მასზე გამუდმებული მზრუნველობა და სამუშაოების დაწყება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ნელ-ნელა განადგურდება".