აქაურობა 2005 წელს დალოცა კათოლიკოს-პატრიარქმა, ჩატარდა პირველი პარაკლისიც. ერთი წლის თავზე კი მცირე ზომის ხის ტაძარი აშენდა. წმინდა საბა განწმენდილის სახელობის ეკლესია დედაქალაქში ერთადერთია.
ყველაფერი კი ასე დაიწყო: უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ოჯახებში დაბრძანდება. ხატი კრწანისში, ერთ-ერთ ოჯახშიც მიაბრძანეს. ღვთისმშობლის ხატით ის ადგილები მოილოცეს, სადაც ახლა წმინდა საბა განწმენდილის სახელობის მონასტერი დაფუძნდა. სწორედ მაშინ დაიბადა აზრი აქ სამონასტრო ცხოვრების დაწყებისა. მონასტრის წინამძღვრად არქიმანდრიტი საბა (კუჭავა) განაწესეს. მამა საბას ლოცვა-კურთხევით წმინდა საბას მონასტერში წირვა-ლოცვას მღვდელმონაზონი ექვთიმე (ციხისელი) აღავლენს. მასთან ერთად მახათას მთის მონასტრის ორი მორჩილი და ერთი ბერი მსახურობს. ტიპიკონის მიხედვით, მონასტრის წევრები ღამის სამის ნახევარზე დგებიან. სამ საათზე ლოცვები იწყება - შუაღამიანი, ცისკარი, პირველი ჟამნი, მერე მოდის წირვა, რომელსაც მამა ექვთიმე აღავლენს. "მონასტრული ცხოვრება ამა წლის 9 მაისს დავიწყეთ. ჯერჯერობით მრევლის შემოწირულ ვაგონებში ვცხოვრობთ. გვაქვს ხის მცირე ტაძარი. იმედი გვაქვს, მალე აქ დიდი მონასტერი დაფუძნდება", - ამბობს მამა ექვთიმე.
მონასტრის პროექტზე მუშაობს არქიტექტორი რეზო ჯანაშია. მისი თქმით, აქ აიგება სენაკები, სატრაპეზო, ღვთისმშობლის სახელობის დიდი ქვის ტაძარი, სამრეკლო. კომპლექსი გალავნით შემოიღობება. აქვე იქნება ექვსსართულიანი კოშკი, სადაც განთავსდება ბიბლიოთეკა და სხვა დამხმარე სათავსები. გზის და მახლობელი ტერიტორიის კეთილმოწყობაც არის დაგეგმილი. დიდი სურვილი გვაქვს, აქაურობა იერუსალიმის საბა განწმენდილის ლავრას დაემსგავსოს.
18 დეკემბერს წმინდა საბას მონასტერში აღინიშნა წმინდა საბა განწმენდილის ხსენების დღე. წირვა-ლოცვა მეუფე პეტრემ (ცაავა) აღავლინა. წირვის შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდა საბას სახელზე პარაკლისი გადაიხადა და მრევლს უქადაგა: "ბედნიერი ვართ, რომ დღეს ეკურთხა ახალი ტაძარი საბა განწმენდილისა. გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. უპირველეს ყოვლისა, ანგელოზის დღე მინდა მივულოცო მამა საბას და მთავარეპისკოპოს საბას. სახარებაში ვკითხულობთ: სადაც იქნება საუნჯე შენი, იქ იქნება გული შენი. ყოველი ადამიანი ატარებს საუნჯეს - ზოგი სულიერს, ზოგი - მატერიალურს. ზოგი მიწიერი საუნჯის მოპოვებას ელტვის და ამით შემოიფარგლება მისი სულიერება. ამიტომ ცივია, არ გააჩნია სიყვარული, სასოება. შემხვედრია ცოლ-ქმარი, მთელი სიცოცხლე ერთად ცხოვრობდნენ და სიბერის დროს, ჩემი თანდასწრებით არჩევდნენ, მორწმუნეები იყვნენ თუ არა. აი, ასე განვლეს ეს ცხოვრება. ის ადამიანი სულ სხვაა, რომელიც ცდილობს, სიკეთე აკეთოს, სიყვარული თესოს. ეს არის სულიერი საუნჯე და ის ადამიანს შველის არა მარტო მომავალ ცხოვრებაში, არამედ აქაც ეხმარება მას. უნდა გვახსოვდეს, რომ სამოთხე და ნეტარება იწყება აქ, დედამიწაზე. აქვე იწყება ჯოჯოხეთიც. მიწიერი ცხოვრებით იწყება ყველაფერი. მიწიერი ცხოვრება - ეს არის ჩვენი გამოცდა, განსაცდელი და ადამიანმა ის უნდა აიტანოს. ყველაფერში ეტყობა ადამიანს, რა საუნჯის პატრონია. მორწმუნის ოჯახში ხატებიცაა, კანდელიც, ნაკურთხი წყალიც, სეფისკვერიც, ყველაფერი ის, რაც აუცილებელია მორწმუნისათვის. ურწმუნო ადამიანის ოჯახი ცივია. შეიძლება ძვირფასი ნივთებით არის სავსე, მაგრამ სულიერად ცივია. იქ არ ტრიალებს მადლი ღვთისა, რომელიც არის უძლურთა მკურნალი და მაკურნებელთა აღმავსებელი. და აი, ასეთი დიდი სულიერი საუნჯის მქონე იყო ღირსი მამა საბა განწმენდილი. ის ცხოვრობდა V საუკუნეში. მამამისი მდიდარი მხედართმთავარი იყო. ყველაფერი დატოვა ღირსმა მამა საბამ და შეუდგა სულიერი საუნჯის შეძენას. დღეს მისი სახელი ცნობილია მთელ მსოფლიოში. შევთხოვ უფალს, ღირსი მამა საბა შეეწიოს საქართველოს, მისი ლოცვით ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო. აი, ეს ადგილი უკვე ნაკურთხია, წმინდა ადგილია და ღირსი მამა საბა განწმენდილის ლოცვით აქ აშენდება დიდებული მონასტერი საბა განწმენდილის სახელობისა... მინდა მადლობა მოვახსენოთ ქალბატონ ნინო დემეტრაშვილს ამ დიდი ღვაწლისთვის. ღმერთმა შეგიწიროთ და ღმერთმა შეიწიროს ყოველი ადამიანის ღვაწლი. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ღმერთმა ღირსი მამა საბა განწმენდილის ლოცვით. ჩვენთან არს ღმერთი!"
ნატრაპეზევს მამა საბამ მრევლს წმინდა საბა განწმენდილის ხატები დაურიგა.
მამა საბას დამარტოხელება მოვახერხე და საუბარი ვთხოვე:
- უწმინდესის ლოცვით, მისი მადლით მრავლდება საქართველოში ეკლესია-მონასტრები. ჩვენ მცირე წვლილი გვაქვს ამ დიდ საქმეში. წმინდა საბა ჩემი ანგელოზია და ამიტომ სურვილი გამიჩნდა, მისი სახელობის მონასტერი დაარსებულიყო. კათოლიკოს-პატრიარქმა მომიწონა ეს აზრი. ადგილის შერჩევაში ივერიის ღვთისმშობელი შეგვეწია. მისი მობრძანებით გადაწყდა აქ მონასტრის დაფუძნება და ხის ჯვარი აღიმართა ნიშნად იმისა, რომ ჯვარმა დალოცოს მონასტერი, დედათბილისი და სრულიად საქართველო.
ეს დროებითი ხის ტაძარი ჩვენმა მამებმა და კრწანისელმა მორწმუნე ახალგაზრდებმა საკუთარი ხელით ააშენეს.
- მონასტრების აშენებით ხალხში უფრო მეტი რწმენა გაჩნდება.
- როდესაც საქართველოში ბერ-მონაზვნობა მრავლად იყო, მაშინ უფრო ძლიერი და გამთლიანებული გახლდათ ერი. ბერ-მონაზვნები არიან შუქურები, მანათობლები, რომლებიც დარაჯებად დგანან, საზღვარს იცავენ და ლოცულობენ ქვეყნისთვის. რაც უფრო მრავლად იქნება მონაზვნობა საქართველოში, უფრო გაძლიერდება და გამრავლდება ერი. ბერ-მონაზვნობა ძალიან დიდი მადლია, არის სიყვარული ღვთისა და სიყვარული მოყვასისა. უწმინდესმა ბრძანა, - ბერ-მონაზვნობა ხერხემალია ეკლესიისაო. იმედია, ეს მონასტერი ერთ-ერთი იქნება, რომელიც დიდ წვლილს შეიტანს ქართული ეკლესიის სულიერ ამაღლებასა და გაძლიერებაში, საქართველოს გადარჩენაში.
კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ამ დღეს საბა განწმენდილის მონასტრის ახალ ტაძარში საბეროთა კურთხევაც შედგა.
- მამა საბა, როგორც ცნობილია, საბა განწმენდილის ლავრაში ქართველი მამებიც მოღვაწეობდნენ...
- წმინდა საბა განწმენდილმა მრავალი მონასტერი დააარსა პალესტინაში და საქართველოშიც. მრავალი ქართველი ჩადიოდა პალესტინაში მის მონატერში მოღვაწეობისთვის. საბა განწმენდილის ცხოვრებაში დაცულია ცნობები, რომ მან ნება დართო ქართველებს, მის მონასტერში სახარება, ეპისტოლე და ფსალმუნები ქართულად წაეკითხათ, ხოლო V საუკუნიდან "საბაწმინდის" ლავრაში მძლავრი ქართული ლიტერატურული ცენტრი დაფუძნდა, სადაც მრავალი ღირსშესანიშნავი საღვთისმსახურო და საღვთისმეტყველო ძეგლი ქართულად ითარგმნა. მათ შორის "საბაწმინდურის" სახელით ცნობილი სახარება.
წმინდა საბა სულიერად ახლოს არის ჩვენს ერთან. იგი ხომ წარმოშობით კაბადოკიელი იყო. არსებობს არცთუ უსაფუძვლო აზრი, რომ კაბადოკიელები ქართველური ტომები იყვნენ. წმინდა საბას უდიდეს პატივს მიაგებდნენ საქართველოში ყველა დროის საეკლესიო მოღვაწენი.
საბა განწმენდილმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.
საბა განწმენდილი (439-532) ცნობილი მოღვაწეა. მისი ბიოგრაფის - კირილე სკვითოპოლელის (VII) ცნობით, საბა კაბადოკიელი იყო. ადრევე შეიყვარა ღვთისმსახურება და შეუდგა ბერთა სადგომების დაარსებას. მისი სათნოებით აღმოცენდა რამდენიმე ლავრა (დიდი ლავრა, ახალი ლავრა, შვიდპირი) და მონასტერი (კასტელი, ქუაბი, სქოლარი, ზანოი). საბას ძირითადი სადგომი იყო დიდი ლავრა, რომელმაც დამაარსებლის სახელი მიიღო. საბამ იქვე დააარსა ქსენადუქი (სასტუმრო) და სასნეულო.
დიდი ლავრა ან საბას ლავრა 483-484 წლებში დაარსდა უფსკრულებით და საშიში ნაპრალებით დაღარულ უდაბნოში. ბერ-მონაზვნობა სწორედ ასეთ ადგილებს ეტანებოდა და საბას სავანეშიც მომრავლდნენ ბერები, რომლებიც ქვაბებში ცხოვრობდნენ და აგებდნენ ეკლესიებს.
საბას ლავრაში მოღვაწეობდნენ ბერძნები, სირიელები, ქართველები, სომხები... 532 წლისთვის ქართველები ისე მომრავლდნენ საბაწმინდაში, რომ თავიანთი ეკლესია ჰქონდათ და ზოგიერთ საეკლესიო წიგნს დედაენაზე კითხულობდნენ. ბევრი ქართველი იქ ხანგრძლივად ცხოვრობდა და შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდა. IX საუკუნეში საბაწმინდაში რამდენიმე წელი ცხოვრობდა ცნობილი საეკლესიო მოღვაწე ილარიონ ქართველი. XI საუკუნეში ამ სავანეს მიაშურა გიორგი პროხორემ, ჯვრის მონასტრის მაშენებელმა. ქართველთა პილიგრიმობა საბაწმინდაში კარგა ხანს გაგრძელდა.
ქართულ ენაზე ადრევე შემუშავდა ოთხთავის საბაწმინდური რედაქცია. საბაწმინდის ქართულ სამწერლობო კერაში მოღვაწეობდა მრავალი ქართველი მწიგნობარი (მარტვირი საბაწმინდელი, სეითი, მაკარი ლეთეთელი, პიმენ კახი, ამონა, ბასილი საბაწმინდელი, გიორგი თბილელი, არსენი, იოანე-ზოსიმე, სვიმეონ მგალობელი, მიქაელ ჩიხუარელი და სხვები).
იოანე-ზოსიმეს საბაწმინდაში დაუმზადებია რამდენიმე ძვირფასი ხელნაწერი, რომელთა ძირითადი ნაწილი სინას მთაზეა, ხოლო ფრაგმენტები - ლენინგრადსა და ლაიფციგში. შეიქმნა "იადგარი საწელიწდო". აღსანიშნავია იოანე-ზოსიმეს "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი", საბაწმინდაშივე გადაწერა იოანემ სხვა ძეგლებიც.
XI საუკუნეში საბას ლავრაში მღვდელმა იოანემ გადაწერა "წიგნი საგალობელი წმიდათა მარხვათა", რომელშიც იოანე მინჩხის საგალობლებიცაა შეტანილი. აღნიშნული ხელნაწერი დამზადებულია იოანე გოლგოთელის თაოსნობით. შეუმოსავს იგი ნისთერეონს. ეს ხელნაწერი მოძღვარმა ჩიხოარელმა (ჩიხუარელმა) გიორგი მორკნეველს გადასცა, ამ უკანასკნელმა კი საბაწმინდის მონასტერს შესწირა. საბას ლავრაში დაიწერა და ითარგმნა მრავალი თხზულება, დამზადდა არაერთი ხელნაწერი. არაბულიდან ითარგმნა ბასილი საბაწმინდელის ცნობილი ნაწარმოები "წამება მიქაელ საბაწმინდელისა". შესაძლებელია, საბაწმინდაში იყოს დამზადებული ჭილ-ეტრატის იადგარი, რომელიც საბას ლავრიდან წამოიღო პავლე უსპენსკიმ და ახლა საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება.
წმინდა საბა განწმენდილი 532 წლის 5 დეკემბერს გარდაიცვალა.