- მამა ადამ, რა პირობებში დააფუძნეთ შინდისში დედათა მონასტერი?
- რამდენიმე წლის წინ, მაშინდელმა გამგებელმა თემურ-გიორგი ფეიქრიშვილმა გადმოგვცა მიწის ნაკვეთი. მისივე ხელშეწყობით დავაფუძნეთ დედათა მონასტერი და მას შემდეგ აქაურობას თამარწმინდა დავარქვით. თავიდან დედებისთვის მცირე ზომის საცხოვრებლის აშენება დავიწყეთ. მშენებლობის დასრულებამდე კარავში ცხოვრობდნენ მონასტრის წევრები. 2007 წლის 5 ივლისს, მეუფე გერასიმეს კურთხევით, მონასტრის ეზოში მირქმა-მიგებების სახელობის ტაძრის მშენებლობას ჩაეყარა საძირკველი. მონასტერი ხომ ის ადგილია, სადაც რეგულარული ლოცვა მიმდინარეობს. მონასტრული ცხოვრება ჩემმა მრევლმა დაიწყო. დროთა განმავლობაში ისინი მონაზვნები გახდნენ...
- რატომ გაგიჩნდათ სურვილი მონასტერი დაგეფუძნებინათ?
- ბერი როგორ იცხოვრებს უმონასტროდ. ამიტომ დავიწყეთ სამონასტრო ადგილის ძებნა. მადლობა ღმერთს, რომ ჰექტარ-ნახევარი ტერიტორია გადმოგვცეს სამონასტრო კომპლექსის ასაშენებლად. დიდი სურვილი გვაქვს, მონასტერთან დავაარსოთ სოციალური ცენტრი. გვყავდეს მოწყალების დები და მოვაწყოთ მოხუცთა სახლი. ასევე გვქონდეს კულტურული ცენტრი. ღვთის შეწევნით, გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები და მალე ჩვენი სურვილი რეალური გახდება.
- მამაო, გარდა ლოცვისა, კიდევ რაა ბერმონაზვნის ტვირთი?
- საბოლოოდ, ეს ლოცვაა. იმიტომ, რომ ლოცვა ეს არ არის დგომა, ჯდომა ან დაჩოქება და ლოცვების ტექსტების შემცველი წიგნების კითხვა. ლოცვა, ეს არის ღმერთთან ურთიერთობა. ადამიანმა რომ მიაღწიოს ლოცვას, ამისთვის ძალიან ბევრი რამ სჭირდება. ეს არის მიზანი. მაგრამ ეს მიზანი ისე არ მიიღწევა, ზოგს რომ ჰგონია, ანუ მეტი კითხვით სხვაგვარი ცოდნის შეძენის საშუალება. თუმცა იქაც მარტო კითხვით ვერც მეცნიერი გახდები და ვერც ვერაფერი. ცხოვრება უნდა ნახო და შეისწავლო. ასე არის აქაც. ლოცვასთან ერთად აუცილებელია შინაგანი დისციპლინის, შინაგანი ცხოვრების წესის ჩამოყალიბება. ამას ასევე შრომა სჭირდება, იმ მორჩილების შესრულება, რომელიც მონასტერში გხვდება. როგორ აკეთებ, როგორია შენი დამოკიდებულება ამ შრომისადმი. წინამძღვარმა თავად უნდა გაუნაწილოს მონასტრის წევრებს მორჩილების საქმე. გარდა ამისა, ნებისმიერი დავალება უნდა შეასრულონ. თუ ამას არ აკეთებს მონაზონი, მას არაფერი ეშველება. ბაღნარად რომ აქციოს ირგვლივ ყველაფერი, ეს კი არ მოეკითხება, მოეკითხება ის, რომ თავის სამორჩილო საქმეზე უარი თქვა. შრომა და ლოცვა განუყოფელია.
საკუთარი ნება ადამიანს სულ თან დაჰყვება. მთავარია, ეს ნება ღვთის ნებას არ ეწინააღმდეგებოდეს. საკუთარი ნება მუდამ უნდა ჰქონდეს. მაგრამ რა არის მისი ნება? მისი ნებაა, ილოცოს, სამორჩილო საქმე გააკეთოს, ცხონდეს. მისი ნება უნდა იყოს, მოუაროს გაჭირვებულს და ასე შემდეგ. ნების უარყოფა კი არ ჰქვია ამას, არამედ ნების დამორჩილება და ქრისტეს მსახურებაში ჩადგომა. როდესაც ვიწყებთ ბერმონაზვნურ ცხოვრებას, სახურავიდან მშენებლობა არ უნდა დავიწყოთ. ჯერ საძირკველი უნდა ჩავყაროთ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ადამიანად ჩამოყალიბებაა. სამონასტრო ცხოვრებამ ადამიანი უნდა ჩამოაყალიბოს. ადამიანობას ვერ მისცემს ბერმონაზონს ვერც დამშვენებული ჯვარი, ვერც ვერანაირი ლამაზი წოდება. ვერც ბერმონაზონთა რაოდენობა. საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს და გაიგოს, რა არის ქრისტიანობა. დღეს თუ რაიმე გვიჭირს, ეს არის, გავიგოთ რა არის ქრისტიანობა. უფრო ხშირად ჩვენ ვხვდებით ყველაფერს ფსევდოს. ფსევდომონასტრული ცხოვრება, ფსევდოქრისტიანობა, ფსევდობერმონაზვნობა, ფსევდომორჩილება, ამიტომაც ხდება ღირებულებათა აღრევა. ამას ცხოვრების წლები სჭირდება, ეკლესიური ცხოვრების წლები და შემდეგ ბერმონაზვნური ცხოვრების წლები. ყოველგვარი გამოცდილების შეძენას დრო სჭირდება. ბერმონაზვნებისგან ხალხი განსაკუთრებულს ითხოვს. სურთ, რომ წმინდანებს ხედავდნენ მათში. დღეს წმინდანები ძალიან ძნელი აღსაზრდელები არიან. თქვენ წარმოიდგინეთ, წმინდანებს აღზრდა სჭირდებათ.
მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს სამრევლო და მონასტრული ცხოვრება. ვინც იცის, სამრევლო ცხოვრება არ ნიშნავს იმას, რომ მას შეუძლია ორიოდე კარგი აზრი მოგვაწოდოს მონასტრულ ცხოვრებაზე. წიგნებით მონასტრული ცხოვრება არ ისწავლება, მონასტრული ცხოვრება პირადი გამოცდილებითა და იმ ცოდნით ისწავლება, რომელიც მხოლოდ მემკვიდრეობით გადმოგვეცემა იმ ადამიანებისგან, რომელნიც ამ საიდუმლოს ფლობენ. სამრევლო და საეკლესიო ცხოვრება მკვეთრად განირჩევა ერთმანეთისგან. არის ჩვეულებრივი სამრევლო ცხოვრება, სადაც ადამიანები აკეთებენ იმდენს, რამდენიც ძალუძთ. ეს არის ეკლესიაში სიარული, დილა-საღამოს ლოცვების კითხვა, მარხვის დაცვა და ზიარება, აღსარება. მთელი მრევლი, ასობით, ათასობით ადამიანი თუ ამას აკეთებს, ეს ძალიან კარგია. ერის ადამიანებს არ ევალებათ მთელი თავისი არსებით ჩაერთონ სულიერ ცხოვრებაში. მათ ჰყავთ ოჯახები, მეუღლეები, შვილები, აქვთ სამსახური და ასე შემდეგ. ანუ ის, რომ ადამიანი გახდა ქრისტიანი, მორწმუნე, ეკლესიური, სრულებით არ ნიშნავს, განსაკუთრებული ღვაწლი იტვირთოს. რასაც ის აკეთებს, უკვე ღვაწლია. მონასტრული საზომით არ უნდა მივუდგეთ მრავალსართულიან კორპუსთა შორის აშენებულ პატარა ეკლესიის შენობას. იქ არაფერი მონასტრული არ უნდა იყოს. იქ ადამიანებმა უნდა შეძლონ მისვლა, სანთლის დანთება, წირვა-ლოცვის მოსმენა, ბავშვების, მოხუცების ზიარება. საშუალება უნდა ჰქონდეთ, შეასრულონ მინიმუმი. მაქსიმუმის შესრულებას ყველას ნუ მოვთხოვთ. ღმერთს ვთხოვ, სრულიად საქართველოს შეეწიოს წმინდა მეფე თამარის მადლი. მისი მფარველობა არ მოგვკლებოდეს.
იღუმენია თამარი (პაპუნაშვილი): - ერში მამა ადამის მრევლი ვიყავი. როცა მონასტრული ცხოვრება გადავწყვიტე, მამა ადამს გვერდიდან აღარ მოვშორებივარ. როცა მონასტრის მშენებლობა დაიწყო, მშენებლებს ტრაპეზს ვუმზადებდით. ერთხელაც, ერთი კვირა რომ გავიდა და შინ არ მივედი, ოჯახის წევრებმა - რატომ არ მოდიხარო. მე მონასტერში დარჩენა მქონდა გადაწყვეტილი. თავიდან ოჯახის წინააღმდეგობა შემხვდა. მერე შეურიგდნენ ჩემს მდგომარეობას. ახლა კი ამაყობენ კიდეც. 2009 წელს შვიდი დედა აღვიკვეცეთ მონაზვნად. შვიდიდან ოთხი ვიყავით მონაზონი და სამი - სამონაზვნე. მამა ადამს მონასტრის წევრები ერიდან მოვყვებით. მადლობა უფალს, უწმინდესს, მამა ადამს, რომ ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. სულ სხვანაირი გზით მივდიოდი. მონასტერზე კი სულ ვოცნებობდი, მაგრამ თუ მონაზონი გავხდებოდი, ვერ წარმომედგინა. ვფიქრობდი, ამის ღირსი არ ვიქნებოდი. ერში ოჯახი მყავდა, კარგი შვილები მყავს, შვილიშვილები... როცა ეკლესიური ცხოვრება დავიწყე, მაშინ ჩემი მოძღვარი იყო მამა ზაქარია (ძინძიბაძე). მისი ლოცვა-კურთხევით გადავედი მამა ადამთან. მადლობა ღმერთს, რომ ღირსი გამხადა მონასტერში ცხოვრებისა. თავიდან აქ არაფერი დაგვხვედრია, მონასტერი ჩვენ თვალწინ შენდებოდა, კარავში ვცხოვრობდით. მერე აშენდა სენაკები, სამლოცველო. თავიდან აქ მუდმივად ცხოვრობდნენ დედა ანასტასია და დედა ნინო. ჩვენ ვმორიგეობდით. ამჟამად მონასტერში 12-ნი ვართ. ექვსი მონაზონი გვყავს და ოთხი სამონაზვნე. მონასტრის წინამძღვარია მამა ადამი. მორჩილი არ გვყავს.
მონასტრის ტიპიკონი: დილის ხუთის ნაზევარზე მოხმობის ზარი ირეკება. 5 საათზე ლოცვა იწყება. ლოცვაზე დაახლოებით 9 საათამდე ვართ. მერე გავდივართ ყველა ჩვენს მორჩილებებს. სამი მონაზონი ვუვლით პირუტყვს - მე, დედა ეფემია და იოანა. ტრაპეზში ორი დედა მორიგეობს, დედა ანასტასია უვლის ხატებსა და სამლოცველოს. ყველას ჩვენი მორჩილება გვაქვს. მონასტერს საკუთარი მეურნეობა აქვს. შრომას და ლოცვას ერთმანეთს ვუხამებთ...
- რა მიგაჩნიათ მონაზვნური ცხოვრების მიზნად?
- მონაზვნური ცხოვრება უფლისკენ მიმავალი გზაა. მონასტერი ის ადგილია, სადაც უფალთან ახლოს ვართ, მუდამ უფალზე ვფიქრობთ და ვლოცულობთ. ვლოცულობთ სამშობლოსთვის, ქართველი ერისთვის. ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ წინამძღვარი ვიქნებოდი, იმიტომ, რომ ჩემზე მცოდნეები და გამოცდილებიც არიან. მონასტრის წევრები ძალიან ხმაშეწყობილად ვცხოვრობთ. ურთიერთსიყვარული გვაქვს. ლოცვა და სიყვარული, აი, ეს არის ძირითადად. სკვნილი მუდამ ხელთ გვაქვს და ვლოცულობთ უწმინდესისთვის, მამა ადამისთვის, საქართველოსთვის.
თავმდაბლობა, მორჩილება და სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანია. თავმდაბალი თუ არ არის ადამიანი და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს, იგი დაიღუპება. ვცდილობ, ვიყო თავმდაბალი, როგორ გამომდის, არ ვიცი.
უფალს ვევედრები, მამყოფოს კარგად და მაშრომოს. რაც შეიძლება მეტი სიკეთე მაკეთებინოს. შევეცადოთ ერთმანეთს გავუგოთ და ერთმანეთის ტვირთი ვზიდოთ, ერთმანეთი გვიყვარდეს.
მონაზონი ეფემია (გეგეშიძე): - ერში როცა ოჯახი მქონდა და მეუღლეც ცოცხალი მყავდა, სულ მონასტრულ ცხოვრებაზე ვფიქრობდი და ვოცნებობდი. ყოველთვის მაქსიმალისტი ვიყავი. როცა აღმსარებელი გავხდი და ვკითხულობდი წმინდანთა ცხოვრებას, სურვილი გამიჩნდა, მეც მათსავით მეცხოვრა, მონასტერში ვყოფილიყავი. ბუნებრივია, ამ სურვილს ოჯახი მიშლიდა და ყოველივე ოცნებად მრჩებოდა. თავიდან მამა ზაქარიას (ძინძიბაძის) აღმსარებელი ვიყავი. როცა მამა ზაქარია პენსიაზე გავიდა ჯანმრთელობის გამო, ჩვენ მამა ადამთან აღმოვჩნდით... მეუღლე გარდამეცვალა, მერე დედაც... ლაზარეს შაბათი იყო, რომ მამა ადამი ტელეფონით დამიკავშირდა. მთხოვა, სამორჩილედ თუ წამოხვალო. სულ ვფიქრობდი, რომ უფლის ნება თუ იქნებოდა, ჩემს ცხოვრებას უფალს დავუკავშირებდი. მეშინოდა უარის თქმაც, იმიტომ, რომ უფალი ყოველთვის არ უხმობს ადამიანებს. ვთქვი, იყოს უფლის ნება-მეთქი. მამა ადამმა მკითხა, შენი ნება რა არისო. ვუპასუხე, თქვენ როგორც მაკურთხებთ-მეთქი. მაშინ უწმინდესთან წავიდეთო. უწმინდესს ბზობას, საღამო ხანს ვეახელით, პატრიარქმა მონაზვნებად აკურთხა მონასტერში მცხოვრებნი, ხოლო ერიდან მისულნი - სამონაზვნედ. დედა თამარი სამი-ოთხი თვე შინდისში, მონასტერში ცხოვრობდა. იმის მაგივრად, რომ ძალიან გამხარებოდა, ფაქტის წინაშე რომ დავდექი, მივხვდი, ძნელი ყოფილა. ძალიან დამიმძიმდა ჯვარი და გამიჭირდა. გამიჭირდა ოჯახის დატოვება. მესამე დღეს სამონაზვნედ აღმკვეცეს...
დადგება დრო და ჩვენი მონასტერი დიდ ლავრად იქცევა. დედები ვშრომობთ, ვლოცულობთ, დრო არ გვაქვს იმისა, რომ უქმად ვიყოთ. ერთმანეთის ჯვარს ვტვირთულობთ. ინებოს უფალმა, რომ გვეტვირთოს და ასე შევწეოდეთ ერთმანეთს.
მამა ადამი გვმოძღვრავს, გვასწავლის, როგორნი უნდა ვიყოთ. მის თითოეულ სიტყვას იმხელა ძალა აქვს, რომ სიხარულითა და სიყვარულით გვავსებს. მჯერა, დედა ღვთისმშობლისა და წმინდა თამარის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნება.