ვლადიკავკაზიდან გადმოსულმა გიორგი შიოლაშვილმა მეუღლის, ნატალიას გარდაცვალების შემდეგ მცხეთაში შეიძინა კარ-მიდამო. პაპისეულ სახლში შემდეგ შიოლაშვილები ცხოვრობდნენ.
სულ ოთხი ოთახია. კუთხის ოთახს ახლაც პატრიარქის ოთახი ჰქვია. მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორობის ჟამს სწორედ ამ სახლში ცხოვრობდა ჩვენი პატრიარქი.
ერთადერთი სარკმლიდან შუქი იღვრება. კედელზე მშობლების - ნატალიასა და გიორგის სურათებია, გვერდით - მათი ვაჟის, შოთა შიოლაშვილისა. პატრიარქის ძმა, შოთა, მეუღლესთან, მერისთან, და ოთხ შვილთან ერთად ამ სახლში ცხოვრობდა. ერთ-ერთი გახლავთ ბათუმისა და სხალთის მთავარეპისკოპოსი მეუფე დიმიტრი. ტყუპი და, ნატალია და რუსუდანი, მცხეთაში ცხოვრობს. გიორგი (გოგი) 45 წლისა გულის შეტევით უეცრად გარდაიცვალა. ისიც აქ ცხოვრობდა, უვლიდა წინაპრების კერას და ცალკე სახლის აშენებასაც ფიქრობდა - ეზოში საძირკველიც გაუთხრია, მაგრამ...
მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, უკვე რამდენიმე წელია, შიოლაშვილების ისტორიულ სახლში მონასტერი დაფუძნდა, ხოლო გოგი შიოლაშვილის მიერ გათხრილ საძირკველზე, პატრიარქისავე კურთხევით, ტაძრის მშენებლობა გადაწყდა. ტაძარი რამდენიმე დღეა დასრულდა და 14 სექტემბერს წმინდა გიორგის სახელზე ეკურთხა.
ნიჩბისის ქვით ნაგები ერთნავიანი მცირე ეკლესია მეუფე თეოდორემ (ჭუაძემ) აკურთხა. წირვის დასრულების შემდეგ მეუფემ იქადაგა: "სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ჩვენთან არს ღმერთი!.. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღე. დღეს აღესრულა პირველი წირვა-ლოცვა ახალნაკურთხ ტაძარში. ეს უდიდესი სიხარულია სრულიად საქართველოსთვის, რადგან მას კიდევ ერთი ტაძარი შეემატა, სადაც აღევლინება წირვა-ლოცვა ჩვენი ქვეყნის გასამთლიანებლად და ჩვენი ერის გასაძლიერებლად. გილოცავთ კიდევ ერთხელ ამ დღეს. განსაკუთრებით მივულოცავ მონასტრის ძმობას, რომელიც აქ უკვე რამდენიმე თვეა მოღვაწეობს. ისინი დიდი რუდუნებით ილოცებენ ჩვენი ერისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ვულოცავ დღევანდელ დღეს გოგის, რომელიც დღეს ცათა სასუფეველში ხარობს... ვულოცავ მისი ოჯახის ყველა წევრს. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და ღმერთმა გაგაძლიეროთ!.."
წირვის შემდეგ მეუფე თეოდორემ მისი უწმინდესობის მობრძანება გვამცნო. პატრიარქი საკუთარ სახლში მობრძანდა. მასპინძლობას ხალხი კი არა, პატრიარქი გვიწევდა. წმინდა გიორგის სახელზე პარაკლისი თავად მისმა უწმინდესობამ გადაიხადა. რამდენიმე ეპისკოპოსი - მეუფე თეოდორე, მეუფე დანიელი, მეუფე აბრაამი, მეუფე საბა, მეუფე პეტრე - და სხვა სასულიერო პირები მრევლთან ერთად პატრიარქის ლოცვას ესწრებოდნენ. მგალობლებთან ერთად "მრავალჟამიერი" მეუფეებმაც იმღერეს. პარაკლისის დროს უწმინდესმა მოიხსენია მიცვალებულები, თავისი ოჯახის წევრები, რომელთა ხსენებაზეც თვალს სევდის ცრემლი მოადგა (იმდენად პატარაა ტაძარი, რომ საკურთხეველში მდგარ პატრიარქს თვალებში ვუყურებდი). მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელ გალობას პატრიარქი ჩუმად აჰყვა... მისმა უწმინდესობამ ახალნაკურთხ ტაძარს შესწირა ღვთისმშობლის ხატი და ორი ვერცხლის ჭიქა ლანგრითურთ დედ-მამის სახელზე.
პარაკლისის შემდეგ პატრიარქის ქადაგების ჩაწერა მოვახერხე: "დიდი ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი. უფლის სახელით, უფლის განგებით, საქართველოს ეკლესიას შეემატა კიდევ ერთი ტაძარი, წმინდა გიორგის სახელობისა. ჩემთვის და ჩვენთვის ამას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, იმიტომ, რომ ეს იყო ჩემი სახლი, სადაც წლების მანძილზე ჩვენ ვცხოვრობდით, სადაც ცხოვრობდა, ლოცულობდა მამაჩემი, ნეტარხსენებული გიორგი შიოლაშვილი. აქედან დადიოდა ხშირად ფეხით სვეტიცხოველში, წირვის განმავლობაში იდგა ან ფეხზე, ან დაჩოქილი... და აი, უფალმა ინება, ეს სახლი მონასტერი ყოფილიყო. ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის. ეს არის დიდი წყალობა, დიდი მადლი ღვთისა. მადლობელი ვარ ჩვენი მოძღვრების, ჩვენი მეზობლების, ჩვენი ხალხის, რომლებმაც ააშენეს ამ ადგილას ეს შესანიშნავი ტაძარი წმინდა გიორგის სახელზე. წმინდა გიორგის ლოცვით ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ თქვენ და სრულიად საქართველო. ჩვენთან არს ღმერთი!.."
ტაძრის ეზოში, გალავნის ერთ მხარეს, წმინდა გიორგის დიდი ხატია დაბრძანებული. მის გვერდით რიყის ქვებზე წყალი გადმოდის. ტაძრის კედლებს ბოლნური ჯვრები ამშვენებს. კარის თავზე წმინდა გიორგის ბარელიეფია. ტაძარში სანთლები არ იყიდება. ასეთია მღვდელმონაზვნის ლუკას სურვილი. მამა ლუკას (ფალავანდიშვილს) ყველა აქაური სიყვარულით მოიხსენიებს. ტაძრის მშენებლობამ, რომ იტყვიან, მის მხრებზე გადაიარა. მას მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა აძლიერებდა.
ნატალიასა და რუსუდანს, მისი უწმინდესობის ძმისწულებს, ბებიების სახელები ჰქვიათ. ისინი ქალბატონმა ნუნუ მიდელაშვილმა გამაცნო. ქალბატონი ნუნუ მართლმადიდებელ ქალთა მცხეთის საზოგადოების ხელმძღვანელია. მისი საზოგადოება ქველმოქმედებას ეწევა, შემოწირულობებით ცდილობს შეეწიოს კეთილ საქმეს, ტაძრის მშენებლობა იქნება ეს, ხატის შეძენა რომელიმე ტაძრისათვის თუ სხვა. ბარძიმ-ფეშხუმი ამ ტაძარს მათ შესწირეს.
ქალბატონი ნუნუ პროფესიით ექიმი-პედიატრია, მცხეთაში მუშაობს. მისი თქმით, უფლის მადლი და მამა ლუკას დამსახურებაა, რომ ტაძარი ასე მალე აშენდა.
ნატალიამ სახლის ყველა კუთხე-კუნჭული დამათვალიერებინა. ცრემლნარევი სიხარულით მიამბობდა წარსულზე და თან პატრიარქის პირად ნივთებს მაჩვენებდა. "ეს იყო უწმინდესის და ჩვენი ოჯახი. მამა ადრე გარდაგვეცვალა. სულ ოთხი წლის ვიყავი. დედას ოთხი შვილი დარჩა გასაზრდელი. უფროსი გოგი იყო, მომდევნო - მეუფე დიმიტრი, მერე ჩვენ - ტყუპი და. ორ ოთახში ცხოვრობდა უწმინდესი, აქ გაატარა ახალგაზრდობის წლები, აქედან გადაიყვანეს ბათუმში.
როგორც მამა, ისე გვზრდიდა პატრიარქი. როდესაც სოხუმში გადაიყვანეს მთავარეპისკოპოსად, მერე ჩვენც, ფაქტობრივად, სოხუმში გავიზარდეთ.
მამაჩემს შოთა ერქვა, დედას - მერი, მარიამი. როცა დედა ძალიან დასნეულდა, სამთავროს დედათა მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა და გახდა დედა ანა. მცხეთის სახლში ბოლოს ჩემი ძმა, გოგი ცხოვრობდა.
დიდი მადლია, რომ გოგის მიერ გათხრილ სახლის საძირკველზე ტაძარი აშენდა. ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი მამაპაპისეული სახლის ეზოში ლამაზი ტაძარი იდგება.
როცა პატრიარქი მცხეთაში მობრძანდებოდა, ყველა კუთხე-კუნჭულს ათვალიერებდა. მისი აშენებული და გაკეთებულია ბევრი რამ. უწმინდესს ძალიან უყვარს ცხოველები. დედას მუდამ ეუბნებოდა, საქონელი ვიყოლიოთო. ძროხები გვყავდა. ისეთი ცხვრები, სულ ტყუპებს აჩენდნენ.
წინ, ეზოში, დიდი აუზი გვქონდა. უწმინდესმა იქ პატარა შადრევანი გააკეთებინა. ძალიან უნდოდა, ყველაფერი ლამაზი ყოფილიყო.
უწმინდესის საწერი მაგიდა და სხვა ნივთები ხელუხლებლადაა მის ოთახში. ეს უწმინდესის ნაქონი ტუმბოა, - მეუბნება ნატალია, - ეს პატარა მაგიდა მისი მოტანილია. სავარძელიც მისეულია, საბეჭდი მანქანაც".
- ბოლო დროს ერთად თუ იკრიბებით დედმამიშვილები?
- ბათუმში ახლაც ერთად ვიყავით. ოჯახურ საქმეებს ვარჩევთ ხოლმე. მეუფე დიმიტრი ყაზბეგში სახლს აშენებს. აქედან წაუღია ხატი, რომელიც უწმინდესმა ჩვენს მშობლებს ქორწინების დღეს აჩუქა. მეუფის სურვილია, ყაზბეგის მშენებარე სახლი მშობლების - შოთასა და მერის სახელზე აშენდეს. ხევიდან ვართ წამოსულები და არ გვინდა დავკარგოთ მთა.
- შიოლაშვილების უფროსი და უმცროსი თაობა ერთ ოჯახში ცხოვრობდით, ერთად სადილობდით, საუბრობდით...
- ბიძაშვილები სულ ერთად ვიზრდებოდით. შეიკრიბებოდნენ ხოლმე ჩვენი მშობლები, ნათესავები... სამზარეულოში ახლაც დგას დიდი მაგიდა, მრგვალ მაგიდას ვეძახით. მის გარშემო ვიკრიბებოდით. ძალიან დიდი სიყვარული იგრძნობოდა.
დედისგან ვიცი, რომ ჩვენი ბებია, ნატალია, ძალიან მოსიყვარულე ადამიანი ყოფილა. პაპა გიორგი ამ ოჯახში გარდაიცვალა. დედაჩემი უვლიდა. გიორგი პაპა მცხეთაშია დაკრძალული, ბებია - სნოში. დედა გვიამბობდა - მოსიყვარულე დედამთილ-მამამთილი მყავდა, ეს სიყვარული ჩვენზეც გადმოვიდა და ჩვენც ასე ვუნაწილებდითო ნათესავებს. გაგა პაპა - ასე ვეძახდით ხოლმე - ძალიან მორწმუნე იყო. სასულიერო პირი არ ყოფილა, მაგრამ ისე ასრულებდა ყველაფერს, როგორც მღვდელი და ბერი. უწმინდესი მცხეთის სასულიერო სემინარიიდან შინ რომ ბრუნდებოდა, ჩვენი მეზობელი მარო დეიდა და დედაჩემი თმას ვარდის წყლით უწმენდდნენ ხოლმე. ეს მოგონება ბავშვობიდან მომყვება. მეზობლებს ძალიან უყვარდათ ჩვენი ოჯახი. დღესაც, როგორც შეუძლიათ, ბერებს ისე ეხმარებიან.
წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის აგება დიდი სიხარულია. ეს ჩემი ძმის სულის დიდი საცხოვნებელია. ღმერთმა გააძლიეროს აქ მოღვაწე მამები, მამა ლუკა, რომელმაც დიდი წვლილი გაიღო მის აშენებაში.
მამა ლუკას მისმა სულიერმა შვილმა, "კვირის პალიტრის" საგამომცემლო სახლის გავრცელების სამსახურის უფროსმა დავით გიქუაშვილმა შემახვედრა. მოძღვარმა პატრიარქისეულ სახლში შეგვიპატიჟა. მორჩილმა გიორგიმ ( ახლა უკვე - ბერმა ესტატემ) მცირე ტრაპეზი შემოგვთავაზა. იქაური ეზოს ყურძენი და პატრიარქის ხელით დარგული მსხალიც ტკბილად მივირთვით.
უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, წმინდა გიორგის მამათა მონასტერი 2005 წლის 8 თებერვალს დაარსდა. მონასტრის წინამძღვრობა მამა ბართლომეს (ფირცხალაშვილს) დაევალა.
- მამა ბართლომემ მონასტერში სამი ბერი მოიყვანა - მამა ისე, მამა სერაპიონი და მამა აარონი. 29 მაისს უწმინდესის კურთხევით მამა ბართლომემ აქ მოღვაწე ბერები მარტყოფის მამათა მონასტერში გადაიყვანა, მე კი მარტყოფიდან მცხეთაში გადმომიყვანეს. უწმინდესმა სამთავროს დედათა მონასტერში საპატრიარქოს ფუტკრის მოვლაზე ლოცვა-კურთხევა მომცა, - გვიამბობს მამა ლუკა, - პატრიარქმა გვითხრა, გოგის გათხრილ საძირკველზე ტაძრის აშენება შეიძლებაო. მოვამზადეთ პროექტი, უწმინდესთან ერთად განვიხილეთ და ნოემბრის მიწურულს ცარიელი ხელებით დავიწყეთ მშენებლობა. ღვთის შემწეობით და წმინდა გიორგის მეოხებით აშენდა ეს ტაძარი. მართალია, ფინანსები არ გვქონია, მაგრამ ამის მიზეზით მშენებლობა წუთითაც არ შეჩერებულა. ეს დიდი სასწაულია...
14 სექტემბერს ტაძარი ვაკურთხეთ. 14 სექტემბერი შემთხვევით დაემთხვა, თუმცა შემთხვევით არაფერი ხდება. სამმაგი დღესასწაული იყო ჩვენთვის - ეს დღე ძველი სტილით 1 სექტემბერია, საეკლესიო ახალი წელი, სასულიერო სემინარია-აკადემიაში სწავლის დაწყება და ჩვენი ტაძრის კურთხევა. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის.
- მამაო, ტაძრის კურთხევისას ტრაპეზის ქვაში, ტრადიციულად, წმინდა ნაწილებს დებენ. ამ ტაძარში ვისი სიწმინდეა დაცული? საერთოდ, როგორ ხდება ტაძრის კურთხევა?
- ტრაპეზზე პატარა ჭრილი კეთდება, სადაც წმინდა ნაწილი დაბრძანდება. ტრაპეზის ოთხსავე კიდეზე ამოჭრილია ჯვრები, რომლებშიც ისხმება დანამასტიკი. შემდეგ მთელი ტრაპეზი ჯერ წითელი ღვინით, მერე კი ვარდის წყლით იწმინდება. ნაკურთხი წყლის სხურების შემდეგ იკითხება ტრაპეზის კურთხევის ლოცვა. ტრაპეზს სამ ადგილას სიმბოლურად წაეცხება მირონი, რომელიც სულიწმინდის მადლის გარდამოსვლას განასახიერებს. ამას მოჰყვება ტაძრის კურთხევის ლოცვა და ტაძრის ოთხივე კედელს ჯვრის სახედ მირონს სცხებენ. ესხურება ნაკურთხი წყალი და იკითხება საბოლოო მუხლმოდრეკის ლოცვები, კვერექსები, რის შემდეგაც ტაძარი ნაკურთხია.
ჩვენი ტაძრის ტრაპეზში დავითგარეჯში წამებული 6 ათასი მოწამე ბერის წმინდა ნაწილები ჩაიდო. როცა წმინდა ნაწილი იდება, ფურცელზე იწერება, თუ ვისი პატრიარქობის ჟამს ეკურთხა ტაძარი, ვინ აკურთხა და ვის სახელზე. ეს ფურცელი წმინდა ნაწილზეა გადახვეული, ტრაპეზში იდება და ზედ დანამასტიკი ესხმება.
- მამაო, რამდენი წევრია მონასტერში?
- ჩვენთან ერთი ბერი - მამა ესტატე და ერთი კაბიანი მორჩილი მოღვაწეობენ. ისე, მონასტერში ბევრი სტუმარი გვყავს. მშენებლობის დასრულების შემდეგ გვინდა უფრო მკაცრი წესით ვიცხოვროთ. უწმინდესისგან ამაზე მითითებებს და ლოცვა-კურთხევას ავიღებთ.
ტაძრის აშენებამდე ლოცვას სახლში აღვავლენდით. ამ ოთახში წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველო კუთხეა მოწყობილი, სადაც მხოლოდ მონასტრის წევრები ვლოცულობდით. ტაძრის მშენებლობაში ჩემმა ხორციელმა ძმებმაც მიიღეს მონაწილეობა. ოთხი ძმა ვართ. ორი სულ ჩემთან არის. ერთი ცოლშვილიანია და ისიც ხშირად ჩამოდის. გვყავს სხვა სტუმრებიც, რომლებიც მონასტრული ცხოვრების დაწყებას ფიქრობენ.
- მამა ლუკა, თქვენს ტაძარში სანთლები არ იყიდება...
- ტაძარში სანთლებს არ ვყიდით. რომელ მონასტერშიც ვყოფილვარ, არსად არ გამიყიდია სანთელი. იმიტომ კი არა, რომ ცოდვაა, უბრალოდ, არ მიყვარს... სანთლებს ჩვენი ძმობის წევრები ვქნით. ჯერ ჩვენთვის ვქნიდით, შემდეგ გადავწყვიტეთ, სხვა ტაძრები და ეპარქიებიც მოგვემარაგებინა. სხვათა შორის, დიდი წვლილი შეიტანა ჩვენმა სანთლებმა ტაძრის მშენებლობაში - მთავარი შემოსავალი ეს იყო.
სანთლის დამზადებას ლოცვა და სიმშვიდე სჭირდება - ის ხომ ადამიანმა ტაძარში უნდა დაანთოს და უფალს ლოცვა აღუვლინოს. იმასაც მნიშვნელობა აქვს, სად და ვის მიერ არის სანთელი დამზადებული. კარგია, როცა მონასტერში მორჩილები და ბერები ამზადებენ სანთლებს.
- მამა ლუკა, პატრიარქის შემოწირულ ვერცხლის ჭიქებს შეინახავთ თუ საეკლესიო მსახურებაში გამოიყენებთ?
- დედ-მამის სახელზე შემოწირულ ჭიქებზე პატრიარქმა წარწერის გაკეთება გვთხოვა. შემდეგ მათ ტაძარში მსახურების დროს გამოვიყენებთ.
- ხომ არ აპირებთ, მომავალში რაიმე შემატოთ მონასტერს?
- ძალიან ბევრი რამის გაკეთება გვინდა. უწმინდესმა გვაკურთხა, გალავანი ავაშენოთ, შემდეგ სენაკების აშენებასაც დავიწყებთ, ხოლო სახლს, სადაც დღეს მონასტერია, უწმინდესს დავუთმობთ. აქ იქნება პატრიარქის რეზიდენცია. ეს რომ ვუთხარით, უწმინდესს ძალიან გაუხარდა და სურვილი გამოთქვა, მცხეთაში დარჩეს ხოლმე.
ასაშენებელი გვაქვს სამრეკლოც. ტაძარი შიგნიდან გვაქვს მოსაწყობი. ღვთის შეწევნით, ხატწერის დამფინანსებელიც გამოჩნდა. მალე ტაძრის მოხატვასაც დავიწყებთ. ხატწერას მამა ალექსანდრე გალდავა შეასრულებს. ტაძარში ხატები ბატონმა თეოდორე ჯაფარიძემ დაწერა. რამდენიმე ხატი პატრიარქის დროინდელია.
- ამ სახლში პატრიარქის უამრავი ნივთია, ყოველდღიურად გიწევთ მათთან შეხება...
- უდიდესი სიხარულია, რომ ღმერთმა ღირსი გაგვხადა ამ სახლში ცხოვრებისა. ამას ყველაფერს მოვლა და გაფრთხილება სჭირდება.
- მამა ლუკა, პატრიარქს თუ მოეწონა აქაურობა? რა გითხრათ სტუმრობის დროს?
- პატრიარქს მოეწონა აქაურობა, მადლობა გადაუხადა ამისთვის მამა ბართლომეს, რომლის სულიერი მხარდაჭერით აშენდა ტაძარი. უწმინდესმა ქადაგებაში აღნიშნა, რომ ეს განსაკუთრებული ადგილია. ამ სახლში ცხოვრობდა პატრიარქი. ამ სახლში გარდაიცვალა პატრიარქის მამა - გიორგი, რომელიც ღრმად მორწმუნე ადამიანი ყოფილა. რა თქმა უნდა, მისი ლოცვაც შეგვეწია ტაძრის მშენებლობაში.
- მამაო, როცა პირველად ჩაიცვით სამორჩილე კაბა, დედამ რა გითხრათ?
- საჩხერის სასულიერო სემინარიის პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა ნინოობას მამა ბართლომემ კაბა მოიტანა ტაძარში და მითხრა, წირვის შემდეგ უნდა ჩაგაცვაო. ამის სურვილი მქონდა, მაგრამ თავს ვიკავებდი - არ მინდოდა, დედას ენერვიულა. ჩემი კურსელები, ბიძინა და დავითი მივუგზავნე (ერთი კაბიანი მორჩილი იყო, მეორე - უკაბო). ლილი დეიდა, ზვიადს მონასტერში წასვლა და ბერობა უნდა, მაგრამ თქვენს გამო კაბას არ იცვამს, რომ არ ინერვიულოთო - უთქვამთ ბიჭებს. როგორ შეიძლება, ჩემს შვილს ღვთის სამსახური უნდოდეს და გზა გადავუღობოო? - მიუგია დედას. შვილო, როგორც შენ გაგიხარდება, ისე მოიქეციო, მითხრა მერე. 2000 წლის 1 ივნისს, ნინოობას, მორჩილი ზაბულონი გავხდი. მამა ბართლომესთან ვცხოვრობდი საჩხერის საეპისკოპოსო რეზიდენციაში. რვა თვე ვიყავი მორჩილი. 3 თებერვალს მამა ბართლომემ მეუფე აბრაამის ლოცვა-კურთხევით ბერად აღმკვეცა.
- ბერული მოღვაწეობა რომელი მონასტრიდან დაიწყეთ?
- ჯრუჭის მონასტრიდან. ჩემამდე იქ ბერი მაქსიმე იყო. ათონზე წასვლის შემდეგ მე გამამწესეს. 60 წელი ეს სამონასტრო კომპლექსი ცარიელი იყო, ერთ დროს კი იქ 300 ბერი მოღვაწეობდა. კომუნისტებმა ყველაფერი დაანგრიეს, ზარები ჩამოყარეს, ზოგი ბერი მოკლეს, ზოგი გადაასახლეს. ერთი ბერიღა დარჩენილა, ვინმე თოდუა.
მონასტრისთვის ეკალბარდებს გადაევლო. ასვლისთანავე მისი გასუფთავება დავიწყე. მესამე დღეს დავბარე და ბოსტნეული დავთესე. სიმინდი, ლობიო, კარტოფილი ბლომად მომყავდა. დილიდან საღამომდე მზეზე ვმუშაობდი და მსიამოვნებდა ამის კეთება. ჯრუჭის მონასტერში სხვანაირი მადლი ტრიალებდა, იქ მოღვაწე ბერების მადლი. ტაძრის ეზოს გათხრის შემდეგ ბერების საძვალე აღმოაჩინეს.
ორი წელიწადი დავყავი ჯრუჭის მონასტერში. საოცარი ადგილია. მთის ძირას სამი მდინარე უერთდება ერთმანეთს, მთის მწვერვალზე კი მონასტერია. ახლომახლო მოსახლეობა არ არის. ერთი ქართული ნაგაზი მყავდა და ასე ვცხოვრობდი თითქმის ორი წელიწადი. გაუთვალისწინებელი შემთხვევა რომ არ მომხდარიყო, ალბათ ახლაც იქ ვიქნებოდი.
2004 წლის 31 იანვარს მონასტრის საქმეზე ვიყავი გასული. გარშემო ტყე და კლდეებია. ბილიკზე ფეხი გამიცურდა და კლდიდან გადავვარდი. ღვთის ძალით, წამოვდექი და სოფლამდე სამი კილომეტრი ვიარე... სამი თვე ფეხზე არ ავმდგარვარ. ხერხემლის სამი მალისა და გულმკერდის მოტეხილობა მქონდა. ღმერთმა დამიფარა, რომ ზურგის ტვინი არ დამიზიანდა. უწმინდესის კურთხევით თბილისში გადმომიყვანეს. მერე მონასტერში წოლითი რეჟიმი დამიწესეს. მდგომარეობა იმდენად რთული იყო, რომ ოპერაციის გაკეთებაც კი მირჩიეს. მამა ბართლომე სულ ზეთს მცხებდა და, პატრიარქის კურთხევით, ხშირად მაზიარებდა. ორი კვირის მერე გადავიღე სურათი და სასწაული მოხდა - ოპერაციას გადავურჩი. სამ თვეში ფეხზე წამომაყენეს. მას შემდეგ ორი წელი გავიდა. დაშავებული ადგილები მაწუხებს მაშინ, როცა ფეხზე დიდხანს ვდგავარ. მუშაობის დროს ტკივილს ვერ ვგრძნობ.
საავადმყოფოდან თბილისის ფერისცვალების მამათა მონასტერში გადმოვედი. შემდეგ უწმინდესმა მარტყოფის ყოველთა წმინდათა სახელობის მამათა მონასტერში გამიშვა. იქიდან კი მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში მოვედი.
- ბერობა რთული გზა რომ იყო, ადრე იცოდით?
- მორჩილების პერიოდში ბერობა მინდოდა. ახლაც რომ ვუკვირდები - მორჩილება სულ სხვაა და ბერობა სხვა. მორჩილებაში მყოფი ბევრ რამეს არ უფიქრდება. ნახევრად ერისკაცია და ნებისმიერ დროს შეუძლია კაბის გახდა. ბერს უკან დასახევი გზა აღარ აქვს. აღთქმა აქვს დადებული და მას ვერავინ გადაათქმევინებს. უკვე უფალს ეკუთვნის და უფლის სამსახურშია. ბერი თუ ძლიერია, ერის სულიერი მდგომარეობაც მაღალ დონეზე იქნება.
- რთულია ალბათ, ცხოვრობდე ერში ეკლესიურად და ირგვლივ სულ სხვა გარემო იყოს.
- ძალიან რთულია. ფარისევლები და მწიგნობრები მიმართავენ მაცხოვარს - როგორ უნდა მოვიქცეთო? ისე, როგორც რჯულში წერიაო. ჯარისკაცები ეკითხებიან - როგორ მოვიქცეთო? ისე, როგორც უფროსები გიბრძანებენო. მებაჟეებს ეუბნება - აკეთეთ ის, რაც გავალიათ, ნუ აიღებთ იმაზე მეტს, რაც უნდა აიღოთო. ერისკაცი უნდა ცდილობდეს, რომ არა ადამიანური კაცთმოთნეობის გამო, არამედ უფლის სიყვარულის გამო აკეთოს ის, რაც თითოეული ქრისტიანის ვალია. ერთმა ახალგაზრდამ მაცხოვარს ჰკითხა: უფალო, რა გავაკეთო სულის საცხოვნებლადო? ათი მცნება დაიცავიო, მიუგო მაცხოვარმა. ბავშვობიდან ვიცავო. მაშინ ერთი რამე გაკლია, - უთხრა იესომ, - დატოვე ყველაფერი და მე შემომიდექიო. მდიდარმა თავი ჩაღუნა და უკან გაბრუნდა. სამწუხაროდ, ვერცხლისმოყვარეობის საშინელი ცოდვა სუფევს დღესაც. ვემსახურებით არა უფალს, არამედ სიმდიდრეს. თუმცა შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს სიმდიდრე, მაგრამ არავითარი ცოდვა არ აწვეს. როგორც იოანე ოქროპირი ბრძანებს: მეორედ მოსვლის ჟამს განიკითხებიან არა მდიდრები, არამედ ისინი, ვინც სიმდიდრეს ემსახურებოდა. შეიძლება, გქონდეს სიმდიდრე, მაგრამ არ ემსახურო მას და სიკეთისთვის გამოიყენო.
- ერის ხალხმა როგორ ვიცხოვროთ?
- უფლის მცნებათა მიხედვით, ექვსი დღე უქმობდე, მეშვიდე დღე კი უფალს მიუძღვენი. ეკლესიური ცხოვრება, წირვა-ლოცვაზე დასწრება, ზიარება, აღსარების თქმა აუცილებელია. ეკლესია ხომ ის ხომალდია, რომლითაც სასუფეველში უნდა შევიდეთ. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი არასდროს იქნება მამა. ხსნა და გადარჩენა მხოლოდ ეკლესიაშია.
- დაგვლოცეთ, მამა ლუკა...
- ღმერთმა დალოცოს და გაახაროს ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი, ღმერთმა დალოცოს და გაახაროს ყველა, ვინც გულით და სულით ცდილობს გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც შეუძლია ჩვენი ერისთვის, უფლის სამსახურისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და უღრმესი მადლობა თანადგომისთვის.