"ხრამსა შინა არს კლდე აყვანილი, ვითარცა სვეტი, ფრიად მაღალი. მის კლდის თხემზე არს ეკლესია მცირე, არამედ ვერღარა აღვალს კაცი, არცა უწყიან ხელოვნება აღსვლისა", - წერს ვახუშტი ბატონიშვილი.
სალოცავების ასეთ ადგილებში აგებას მკვლევარები მესვეტეობას უკავშირებენ. განდეგილობის ეს ფორმა სირიაში წარმოიშვა და მთელს წინა აზიაში გავრცელდა, რომელთანაც საქართველოს მჭიდრო, სარწმუნოებრივი ურთიერთობა აკავშირებდა.
კაცხის სვეტის ზედა ბაქანზე აღუმართავთ ადგილობრივი ქვით უხეშად დამუშავებული, მშრალად ნაგები მცირე ეკლესია, კლდეში გამოკვეთილი აბსიდით, ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, ძეგლი V საუკუნისაა. მეორე სალოცავს კრიპტით (ქვედა სამარხით), რომელიც სახელდახელოდ დამუშავებული, ქვემოდან აზიდული კვადრატული ქვით უშენებიათ, მკლევარები VI-VII საუკუნეებს მიაკუთვნებენ.
კაცხის სვეტის და მისი არქიტექტურული მემკვიდრეობისადმი ყოველ ეპოქაში დიდი იყო ინტერესი, რადგან უკანასკნელი მესვეტის შემდეგ, აღარავის დაუდგამს ფეხი მის მწვერვალზე.
გარესამყაროსგან ასწლეულობით მოწყვეტილ ამ უკაცრიელ ადგილზე პირველად XX საუკუნეში ავიდა ქართველ მთამსვლელთა ჯგუფი ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით.
ძველად სვეტებას, იმავე სვეტიცხოვლობას, აღდგომის შემდგომ პირველ პარასკევს დღესასწაულობდნენ, ხოლო მას შემდეგ, რაც ამოქმედდა მამათა მონასტერი და ღირსი სვიმონ მესვეტის სახელობის ტაძარი, ტაძრის დღესასწაული წმინდანის ხსენების დღეს, 14 სექტემბერს აღინიშნება.
ვესაუბრებით მამათა მონასტრისა და სვიმონ მესვეტის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, იღუმენ ელიზბარს (ყურაშვილს):
- მამა ელიზბარ, რა ცნობები შემოგვინახა ისტორიამ კაცხის სვეტისა და აქ მოღვაწე მამების შესახებ?
- კაცხი სვანური სიტყვაა, მწვერვალს ნიშნავს. ნაპოვნი ქვის წარწერა გვამცნობს: "ქრისტე ღმერთო, მეოხებითა მშობელისა შენისათა და ძალისა ჯვარისა წმიდისათა და ზეცისა ძალისა და ყოველთა წმინდანთა შენთათა, შეიწყალე სული ფრიად ცოდვილისა გიორგისი, რომელმან აღაშენა სამნი ესე სახლი სადიდებლად, შეწევნად დაყუდებულთა შენთა, წმიდისა ძელისა ცხოვრებისა და განსასვენებლად მსახურთა მისთა". ამ წარწერიდან ჩანს, რომ ეს საცხოვრისები აშენდა აქ მოღვაწე რამდენიმე ბერისთვის, სამი სახლი ავაშენეო, - გვაუწყებს ვინმე გიორგი. შეიძლება აქ ტაძარიც იყოს ნაგულისხმები, ღვთის სადიდებლად და დაყუდებულთა შესაწევნელად. შესაძლებელია, სწორედ მაშინ აშენდა სვიმონ მესვეტის სახელობის ტაძარი სვეტზე და მონაზონთა საცხოვრებელი სენაკები. იმ დროისათვის რამდენიმე დაყუდებული მესვეტე ყოფილა, რადგან ქვაზე წერია დაყუდებულთა შესაწევნელადო. ალბათ, 2-3 ბერი მაინც იცხოვრებდა სვეტზე. მეცნიერებმა ეს ქვა, წარწერის მიხედვით, XIII საუკუნეს მიაკუთვნეს. ზოგიერთი არქეოლოგის აზრით, სვიმონ მესვეტის ტაძარი X-XI საუკუნეების მიჯნაზე უნდა აშენებულიყო, თუცა ამ საკითხზე, დღემდე არ არსებობს ერთიანი, შეთანხმებული პოზიცია. არც ის არის საბოლოოდ დადგენილი, რომელ საუკუნეში ავიდნენ ამ სვეტზე პირველი განდეგილი მამები. ზემოთ, დასავლეთის მხარეს, აღმოჩნდა გამოქვაბული. არ არის გამორიცხული, რომ კელიების აშენებამდე ამ გამოქვაბულებს იყენებდნენ თავშესაფრად, მესვეტეობას იმდენად მკაცრი მოღვაწეობის სახე აქვს, ვინ იცის, ზოგჯერ იქნებ ღია ცის ქვეშაც უხდებოდათ ცხოვრება სვეტზე დაყუდებულ მამებს და დროთა განმავლობაში გადაინაცვლეს თავშესაფრებში. მწვერვალის მოპირდაპირე მხარეს, ორმეტრიან გამოქვაბულში, კარგად ჩანს ნაშენი კედელი, იქვე იპოვეს ქვევრის ნამტვრევები და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, წერილობითი წყაროები შემორჩენილი არ არის, მაგრამ ვახუშტი ბატონიშვილის ამ მხარის აღწერილობის მიხედვით, კაცხის სვეტზე მრავალი საუკუნე აღარავის უცხოვრია. ვახუშტი ამბობს, ამ კლდეზე ვერავინ ადის, რადგან არცა უწყის ხელოვნება აღსვლისაო. ალექსანდრე ჯაფარიძის მეთაურობით ასულმა ალპინისტებმა გაწმინდეს ნახევრად დანგრეული ტაძარი. დასავლეთის მხარეს, როდესაც სარკოფაგის გაწმენდა დაიწყეს, წააწყდნენ ადამიანის ნეშტს, მუხის ფესვები ისე ყოფილა ძვლებზე გადაჭდობილი, ძლივს გამოიტანეს ამ სარკოფაგიდან. ალბათ, ეს უკანასკნელი მესვეტის ჩონჩხი იყო. გათხრებით დადგინდა, რომ დაახლოებით 35 წლის წინ აქ მდგარ ცაცხვს მეხი დაეცა. მის ქვემოთ, სარკოფაგში, დაყუდებული ბერების საძვალე იპოვეს. ურთხელის ხის ძირას აღმოჩნდა ექვსი პატარა ქვევრი, რომლებმაც ჩვენამდე დაზიანებული სახით მოაღწია. მკვლევართა ვარაუდით, ქვევრები XV საუკუნის უნდა იყოს. გათხრების შედეგად ნაპოვნია დასადგმელი ჯვრის ფეხი, საცეცხლური კი, ქვემოთ, სვეტის ძირში იპოვეს... როგორც ჩანს, ზოგიერთი მესვეტე მღვდელიც იყო. ბევრი ცნობა, ღვთის განგებით, ჯერაც დაფარულია ჩვენთვის. ალბათ იმიტომ, რომ მესვეტეობა ისეთი მაღალი სამოღვაწეო საფეხურია, რომელიც დაფარულად და უხმაუროდ აღესრულება ღვთის წინაშე.
- ძირითადად სად ტარდება წირვა-ლოცვა თქვენს მონასტერში და როდის ავდივართ იქ და აღვასრულებთ წირვას?
- ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი ხშირად მობრძანდება მონასტერში ჩვენს გასამხნევებლად და ბევრ სასარგებლო სულიერ რჩევასაც გვაძლევს. რამდენიმე წლის წინ აქ უწმინდესიც ბრძანდებოდა.
ყოველ 14 სექტემბერს აღინიშნება ჩვენი ტაძრის დღესასწაული, რადგან ამ დღეს ღირსი მამის, სვიმონ მესვეტის მოხსენიების დღეა, ჩვენი ტაძრები კი სვიმონ მესვეტის სახელზეა აშენებული.
აღდგომიდან მეშვიდე კვირის ყოველ ორშაბათს აქაური მოსახლეობა აღნიშნავს კოხინჯრობას. ამ დროს ბევრი ხალხი მოდის მონასტერში, ანთებენ სანთლებს, ტაძარში შესთხოვენ უფალს უხვი მოსავლის მიღებას, ოჯახურ ბედნიერებას, რაც ხალხური ტრადიციებიდან უფრო მოდის.
- დღეს, რამდენი ბერი მოღვაწეობთ მონასტერში?
- ჩვენ ექვსი ბერი გადმოგვიყვანეს მარტყოფის ღვთაების მონასტრიდან მას შემდეგ, რაც უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი გახდა. დღეს, სვიმონ მესვეტის მონასტერში ოთხი ბერი და სამი მორჩილი ვართ. აქედან მამა მაქსიმე (ქავთარაძე) წელიწად-ნახევარი იქნება, რაც ზედა კაცხის სვეტზე ცხოვრობს, რადგან ეს მესვეტეობის ადგილია, უწმინდესის კურთხევით, მოგვეცა იმის საშუალება, რომ შეძლებისდაგვარად შევინარჩუნოთ მესვეტეობა საქართველოში. მარტყოფის ღვთაების მონასტერშიც აღვადგინეთ ეს უძველესი ტრადიცია. მარტყოფისაგან განსხვავებით, ეს ბუნებრივი სვეტია, ამიტომ ბევრ ადამიანს იზიდავს.
- კაცხის სვეტის გარდა, კიდევ რომელი ცნობილი ეკლესია-მონასტერია ჭიათურაში?
- სოფელ კაცხში არის მაცხოვრის შობის დიდი ეკლესია. იგი XI საუკუნეში ლიპარიტ ბაღვაშმა ააგო. აქვს 12-წახნაგოვანი გუმბათის თავი და არქიტექტურული თვალსაზრისით, საინტერესო ნაგებობაა. მღვიმევის დედათა მონასტერი XI ს-ში აშენებული ეკლესიაა, ჯრუჭის მამათა მონასტერი, დიდი ხანი არ არის, დაიწყო წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მშენებლობა.
- მადლობას მოგახსენებთ, რომ გამონახეთ დრო ჩვენთან სასაუბროდ.
- მადლობა თქვენც, რომ ჩვენი მონასტერი მოინახულეთ.
აკაკი ბელიაშვილიც ასე მოიქცა.
ღრმა მოხუცი - შამშე ბუჭუხიშვილი კი, ცალფეხმორთხმული მომაღლოდ ჩამოჯდა და ხან ჩვენ შემოგვხედავს, ხან სვეტს.
სოკოსებრი ვეება კლდე-სვეტი აღმართულა ჩვენს წინაშე. წელში გამოყვანილ და მკერდში სისხლმოცემულ პიტალოს წახნაგები ჩამოლესია. უზარმაზარი ცერივით უკმეხად აღმა აშოტვილი დგას და პირქუშად სთვლემს.
ყოვლადმიუვალს, ხეების ჩრდილ-ფოთოლი თავზე ფაფანაკივით მოუგდია, ხოლო ფოთოლნარში შიგადაშიგ ადამიანის ხელით ნაშენი კედლები გამოჩანს.
არა, ეს ყოველივე ზმანება არ იყო, ნაშენი გარკვევით ჩანდა, ხოლო ჭოგრში - თლილი ქვაც ირკვეოდა.
მაშ იქ - სვეტის მიუწვდომელ თხემზე ჩვენი წინაპრები ყოფილან, უცხოვრიათ, უღვაწიათ, უშენებიათ.
თვალი მოვწყვიტე სვეტს და კაცხის ხეობას გავხედე.
მთა-გორაკებზე, ხეხილთ შორის ჩანდა სოფელი. სამხრეთ-დასავლეთით კაცხ-სალუთია, ჩრდილოეთით - დიდი კაცხი. აქედან მოვიდა შამშე. იგი ყველაზე უხუცესია სოფელში და ყველაზე უდიდესიც. აი, ახლაც თუთუნს დინჯად ახვევს. ჟამნანახ, შეყვითლებულ თითებს ნელი კანკალი შეჩვევიათ. სიტყვა კი მოკვეთილი და უყოყმანო იცის, ოდნავ ხრინწიანი ხმით გვითხრობს:
- არავის მოსწრებია აქ ამსვლელი, ვერც ვინ ავა, მსმენია პაპათაგან განმზრახველი დაბრმავებულა უმალ. ძლიერია სვეტი... საკვირველმოქმედია სვეტიცხოველი! სვიმონ მესვეტის ძალითაა შეუვალი! ვერც თქვენ ახვალთ, ფუჭი განზრახვაა, ხიფათს არ გადაეკიდოთ, შვილებო!
დავხუჭე თვალები, ვუსმენ მოხუცის თხრობას და გუმანში ვეთანხმები.
- აკაკი, ახლა მესმის შენი ჭაბუკობის დროინდელი ოცნება, კაცხის სვეტის საიდუმლოს ამოცნობის მწვავე სურვილი! მართლაცდა, ჩვენც ხომ ამ სურვილმა მოგვიზიდა აქ?
ბილიკი, რომელმაც კაცხის სვეტის ტერფამდე მოგვიყვანა, მეხსიერების წიაღში მოულოდნელად პირუკუ გაიშალა და თითქოს სტრიქონში ჩაჯდა...
...მატარებელი. შორაპანი. ჭიათურა, მანქანა, იმერეთის მთა-გორაკები, ზეგნები და აჰა, კაცხურას ხეობა. შორით უკვე სვეტიც გამოჩნდა.
ვუახლოვდებით და იზრდება განცვიფრება. მივდივართ და იზრდება კითხვის ნიშანი.
ვიწრო ბილიკი აღმართს მისდევს. კაცხურა ქვევით ჩამოგვრჩა. აქა-იქ სიმინდის ყანები, ბუჩქნარი, ტყე-ღრე. ჩვენ პირდაპირ გამოფიტული კირქვის კლდეებია, უზარმაზარ კედლებად ამდგარი, მაგრამ ეს ყოველივე საკმაოდ მოშორებით, ხოლო წინა გორაკის თავზე, განმარტოებით როგორც ვეება სოკო, კლდე-სვეტია აღმართული. გვერდით ძირიდან ათასწლოვანი ცაცხვი, თითქოს გორაზედ შესტოლებია. თითქოს ნახევრამდე აჰყოლია, მერე კი ჩრდილით სუსხდაკრულს იმედი დაუკარგავს და გაცბუნებული წელში გახრილა, ახლა სვეტს მუხლმორთხმულ მავედრებლად და მლოცველად შესჩერებია.
ბილიკი ტყე-ბუჩქნარს მიჰყვება. აქ ყველგან სიძველის სურნელი სუფევს: ყორეები, რღვეული ბალავრები თითქოს ნაოფლარი. მომაღლოდ ბუჩქნარიც სხვაფერობს. ბზა გაჩნდა. სვეტის ირგვლივ ყველგან ბზა არის გამოფენილი. ბზა და ხანდაზმული ხეები. უშუალოდ კლდის ტერფთან აღმოსავლეთით მცირე ვაკე - მოედანი და იქვე ეკლესია მცირე, უგუმბათო კეთილ-ნაშენი.
ეკლესიის წინ დიდი ლოდია, მიწაში ჩაზრდილი. დღეობების დროს თურმე ამ ლოდზე, სვეტის წინაშე მღვდელმსახურებას აღასრულებდნენ. მის თხემამდე ეს უახლოესი მანძილია და შეუვალ ორმოც მეტრს უდრის, ხოლო ზოგან ას მეტრსაც აღემატება.
დიდხანს ვუთვალთვალეთ, გარს შემოვუარეთ არა ერთგზის, მოვვლეთ მიდამო, შევხედეთ, შევამოწმეთ ყოველმხრივ. ყველგან უკარება პიტალოა ძირებში ეხად გადმოსული, და არც არის შესავალი არსაიდან.
ვერ შევამჩნიეთ ვერავითარი ნასახი ძველი ასავლისა. ვერც ასვლის გეგმა დავსახეთ.
აი, ახლაც ალექსანდრე ჯაფარიძე განის გორაკიდან ჭოგრით ზვერავს კლდის აღნაგობას, ზარებს, ოდნავ შიბებს, ოდნავ წაშვერებს. ვახტანგ ცინცაძე უკვე ზომავს და გეგმავს სვეტის ფერდებს, ძირა ნაგებებს. მე და აკაკი ჯერ ისევ მრავალ თქმულებასა და ზეპირ გადმოცემებს ვიწერთ. სოფლიდან რამდენიმე მოხუცი დავიბარეთ, საერთოდ სვეტის ტაძარში გადმოვბარგდით. მოვიტანეთ კიბეები, თოკები, პალოები და სხვა ხელსაწყოები.
...კლდის სამხრეთ მხარეს, უვალ ადგილზე, ბზებს შორის ვიპოვე თიხის ორხელის ნატეხები, ვფიქრობ, ზევიდან არის ჩამოვარდნილი და ეს "უტყვი მოწმე" ზედ ავლის სურვილს უფრო მიმწვავებს.
...ღამე გვინდა სვეტქვეშ ვათიოთ, რომ დილით ადრე განვაგრძოთ შრომა, მაგრამ წვიმა და ქარი ხელს გვიშლის, სოფლელებიც გვეპატიჟებიან. არც კარვები გვაქვს წამოღებული. გადავწყვიტეთ ქვევით ჩასვლა. იქ წისქვილია, იქ დავრჩებით ან დიდ კაცხში გავალთ. ისიც ახლოა, მე წისქვილისკენ ვიწევ.
ღამე სკოლაში გავათიეთ.
გვიან გამოიდარა.
ღამე მთვარიანი იყო და მის შუქზე, გაღმა, მიუწვდომელ სივრცეში, ზვიადად აშოლტილი, იდუმალებით მოცული სვეტი მოჩანდა.
სვეტი ბუნებისა და ადამიანის მიერ ტაბუდადებული და შეუვალი.
...მეორე დილით ადრე ავდექით.
...გამოიდარა. მზემ ააშრო სვეტის სისველე და იგი ახლა ჩვენ წინაშე ტანგაბანილი და მშრალი დგას და ზვიადობს.
უკანასკნელ მომზადებას ვამთავრებთ.
...კიბე მყარადაა თოკ-პალოებით მიმაგრებული კლდეზე, მაგრამ ალექსანდრეს მაინც ვიცავ. აქ სიფთხილეს არამც თუ თავი, ფრჩხილიც არ უნდა სტკიოდეს.
კიბის თავზე ავიდა ალექსანდრე, თავისი თოკი მაღლა გუშინვე დამაგრებულ პალოებში ჩასხლიტა და ფრთხილად კლდეზე აცოცდა, ხელების ლოლიავით ნაბზარი მოხელა და პალო მოუმარჯვა.
კლდის თავზე ჩაქუჩის ხმა როყიოდ გაისმა.
სვეტთან გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყო.
...ოციოდ მეტრის ქვემოთ, სვეტის ტერფთან მოშვავებულ კლდის ნამსხვრევებს ვამჩნევ, რატომღაც ერთ პირალესილ ქვას ვხედავ ყველაზე მკაფიოდ. კიბის თავიდან კი, მისი დრეკადობის თუ ჩემი სიმძიმის გამო კვლავ ქვები ცვივა.
მათი ხმა დოლის ბაგაბუგივით ისმის ქვევიდან.
- ჰე-ჰეი, მანდ არავინ იყოს!
- არა, იარე - მესმის ვახტანგის ხმა. ახლა იგი დგას კიბის ძირში ჩემს დასაცავად.
...ახლა მორიგ პალოს აჭედებს ალექსანდრე.
კლდეს ყურს მივადებ და თითქოს მესმის მის ხროადის ნაწიბურებში როგორ იჭრება რკინის ზოლი, მაშ, მყარად მოდგება პალო. სანუგეშოა, რადგან ხიფათი მატულობს თავისთავად. შვეულად მაღლა ადის მეწინავე. უფრო გრძელდება თოკი, იღლება კუნთი, მძიმდება ხერხემალი, უფრო ჩლუნგდება ნებისყოფა და ყურადღება.
საათს დავხედე, როცა ალექსანდრე კლდეზე გადავიდა, ორის ნახევარი იყო. ახლა უკვე სამი საათია.
დავიღალე, სისხლის მიმოდენა შემიფერხდა სანახევროდ ჩამოკიდებულ მდგომარეობაში მყოფს. ღლიავებში ჩამეჭიდა თოკის არტახები, მაგრამ ვიცი, რომ ალექსანდრეს, როგორც წინმავალს, ბევრად უმძიმესი და ურთულესი ამოცანა აქვს, ტიტანური დაძაბულობა და ნების სიმტკიცე ჰმართებს და კიდევაც ახლავს.
არა, საათს აღარ ვუმზერ, არც ვიცი, რამდენი დრო გავიდა, არ ვიცი, რა ხდება ზევით. ჩემი ფიქრი მხოლოდ თოკია, თოკი უშუალოდ ფიქრის გაგრძელება თუა და პირდაპირ გულის სიღრმეში თუ გამოება.
უეცრად ზემოდან ქვების ხრიალი მოისმა. სვეტის აღმოსავლეთ ფრიალოს მცირე ნაშვავი ჩამოეფარცხა და ქვემოდან მის გრიალს ხალხის დაგუბული გმინვა მოჰყვა.
თოკი შევამოკლე, შევეგულისხმე თოკს.
- არა, არ არის სამარცხვინო!
- ცოტაც! ცოტაც! - გაისმის აკაკის ხმა.
- ცოტაც, ცოტაც! - იმეორებს ჩემს ქვემოთ ვახტანგი.
- ცოტაც! ცოტაც! - მეც ვიმეორებ ჩუმად ჩემთვის ჩურჩულით... და უეცრივ ქვემოდან საერთო ძახილმა დაიქუხა. ტაში შემოჰკრეს, საყვირი და დოლი აახმიანეს.
ტაშის ცემა მტრედის გუნდის გაფრენასავით შემოფარფატდა ჩემთან. გულზე მომეშვა. მაშ ასულა!
...აბა, მოვდივარ! - ავძახე ზემოთ და თოკი მოვსინჯე. ალექსანდრეს მყარი ხელი ვიგრძენ. ლავგარდანის ვიწრო შიბზე რომ შევხოხდი, სვეტს ლავაშივით გავეკარი და სული მოვითქვი. მეტად სახიფათო ადგილია, მაგრამ აქ ისე დაძაბული ხარ, არც ხიფათი და არც სიცოცხლე არ გახსოვს. სახე კლდისაკენ მაქვს. ასე რომ, რუხი კირქვის მეტს ამ სამყაროში ვეღარას ვხედავ.
ქვემოდან მესმის ათასწლოვანი ცაცხვის შრიალი, უფრო ქვევით, სადაც ხალხი იყო, წეღან ჟრიამულობდა, ხმიანობდა, ახლა აღარ ისმის მისი ხმა და სამყაროში თითქოს მარტო მე და სვეტი ვართ. ვეება სვეტი და მე, მის შუატანზე მიტმასნილი, ჩრდილად ჩაკრული, ერთი ციცქნა, ხიწვის ნაწილი. თითქოს ოდნავ ტაატობს სვეტი.
არ ვიცი, რამდენ ხანს ვისვენებდი, იქნებ ეს რამდენიმე წამი იყო, იქნებ - საუკუნე, უეცრივ კი გამოვფხიზლდი. ჩემს თავთან, სულ ახლოს ხვლიკმა გადაირბინა, შვეულ ნაწრევზე შეხოხდა, ნაწიბურს ამოეფარა, თავდაღმა მყოფს მუქ-რუხ-მწვანე კუდი ქვემოთ ჩამოჰკიდებია და ასე აძაგრული ავად მიმზერს, თავის სამყაროში შემოჭრას თუ მედავება.
აქ ყოველივე უცნაურად ჩანს და აი, ხვლიკიც თითქოს უბრალო ხვლიკი არ არის, არამედ რაღაც სხვა, გაცილებით მნიშვნელოვანი, საბედისწერო და მავნე უკუღმართობა.
... - აჰა, მოდიხარ?
- მოვდივარ! ...მესამე პალოს რომ მივაღწიე, წელში გადავიზნიქე და ზეავხედე, ალექსანდრე დავინახე, სვეტის თავზე. კლდეზე გადმომდგარიყო, ჩემი თოკი მხარზე გადაეშვა. ჩემს დასაზვერად ქვემოთ მიმინოსავით იხედებოდა. მისი კისერი, რატომღაც მეტად გრძელი მომეჩვენა და ვგრძნობ კისრის ძარღვებიც დაჭიმული ჰქონდა.
თოკზე დავეკიდე და ახლა ქვემოთ ჩავიხედე. ქვედა საყდარი ქვაყუთივით მოჩანდა, განზე ბორცვებზე ჯგუფ-ჯგუფად იდგა ხალხი - ალბათ დიდ-პატარა, მე კი აქედან ყველანი პატარებად მეჩვენებიან, მაგრამ ჰოი, უცნაურობავ, ამ პატარებს" - დიდი, ვეება, გაფართოებული თვალები უჩანდათ და თითქოს მხოლოდ მათ თვალებს ვხედავ ზემოდან. ცოტა შევკრთი, თავი ვიბრუნე და უკანასკნელ ნაკვეთზე ასვლა განვაგრძე. ალექსანდრემ თოკი მოიმოკლა.
- მანდ არ ენდოთ, ქვა იშლება, პალო კი მყარად არის, თოკს ენდე! - და ვხედავ, ალექსანდრეს უკან უკვე შენობის კედელი ჩანს, ხეებიც, მუხის ფოთლებსაც ვარჩევ... ხოლო მათ უკან ოქროვარაყიანი ნასამხრალი მზე ადამიანისა და სვეტის ზევით მეფურად მზეობს.