დედა ქეთევანი: - გამიხარდა, რომ ტაძარი თქვენც მოგეწონათ... მეუფე თეოდორემ გვაჩვენა პირველად ეს ტაძარი. მაშინვე შემიყვარდა. მესხური ქვით არის ნაშენი და თითქოს იქაურ ტაძრებს ძალიან ჰგავს, მაგრამ განსხვავდება კიდეც, თან ასკეტურია, თან თბილი. ძალიან კონტრასტულ ბუნებაში აუშენებიათ ჩვენს წინაპრებს. ასპინძიდან ხუთიოდ კილომეტრზე, მდინარე ოთისწყლის ხეობაში დგას... ერთ მხარეს ტყე ხასხასებს, მეორე მხარეს მარტო პიტალო კლდეებია... უპატრონოდ იყო მიტოვებული, მეუფემ იქ მსახურებისთვის რომ გვაკურთხა... იმდენი რამ იყო საკეთებელი, ცოტა შეგვეშინდა, ვაითუ ვერ გავწვდეთ-მეთქი. ეკლესია ისედაც ძალიან ძველია - VII-VIII საუკუნეების, თანაც აწვიმდა და ნადგურდებოდა, მაგრამ ფრესკების კვალი კედლებზე მაინც ჩანს. ამ ეკლესიას მესხეთისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. 70-იან წლებში კომუნისტებმა, როგორც შეეძლოთ, ისე აღადგინეს და გადახურეს, მაგრამ ახლა წყალი ჩამოდის... მშენებლობის დროს ისეთი სიძნელეები გადავლახეთ, ხშირად ვამბობ - ამ მონასტერს თავად წმინდა გიორგი აშენებს-მეთქი. ერთი წელიწადია, რაც კელიების მშენებლობა დავიწყეთ. საოცარი სიყვარულით მუშაობენ ჩვენი მშენებლები. გვეუბნებიან, თუ რაიმე დაგჭირდეთ, დაგვავალეთ, არ მოგერიდოთო... დაუღალავად ადიან და ჩადიან ფეხით ასპინძაში. იქიდან დამხმარეებიც მოჰყავთ, მაგრამ ზოგჯერ იმდენი სამუშაოა, ოცი კაციც კი ვერ აუდის... ღვთის მადლით, ასპინძელების უმეტესობა ეკლესიის მრევლია. გასაოცრად გრძნობენ მონასტრის საჭიროებას, ეს მათთვის დიდი ნუგეშია... ბოლო დროს მესხეთ-ჯავახეთში ბევრი უნიკალური ეკლესიისა და მონასტრის აღდგენა-მშენებლობა დაიწყო. მართალია, ბერ-მონაზვნობა ბავშვივით ახლა იდგამს ფეხს, მაგრამ ხალხი რწმენაში რომ მტკიცდება, უკვე ყველაფერს ეტყობა...
- ძალიან გამახარეთ, დედაო. თორემ სულ ის გვესმის, როგორ ნადგურდება ქართული ეკლესიები მესხეთ-ჯავახეთშიო...
- ასე არ არის. მართალია, მართლმადიდებლობას ბევრი დაბრკოლება ხვდება, განსაკუთრებით ჯავახეთში, სადაც, სამწუხაროდ, ყოფილა შემთხვევები, როცა ბერ-მონაზვნობა ფიზიკურად იცავდა თავს, მაგრამ განა სულ ასე არ იყო! ქართველ კაცში კი იმ სიყვარულის მხურვალება, რომლითაც მან ქრისტე შეიყვარა, ყოველთვის იყო და იქნება. ეს გვეხმარება. იცით, ალბათ დღეს მშენებლობას რა სახსარი სჭირდება... ჩვენი მონასტრის აღდგენასაც იმდენი თანხა დასჭირდა, ვერ ვიშოვეთ. ხელები რომ ჩამოვუშვით და ვიფიქრეთ, მორჩა, ეს მონასტერი დიდხანს აღარ აშენდებაო, მაშინ მეუფე თეოდორემ წერილი მისწერა ჯანმრთელობის მინისტრს, ლადო ჭიპაშვილს და ერთიანი სახელმწიფო ფონდის დირექტორს, ზაზა სოფრომაძეს. დახმარება სთხოვა. როცა გაიგეს, უძველეს ტაძარს სჭირდებოდა შველა, ბატონი ზაზა თავად ჩამოვიდა ასპინძაში. ყველა გზა მონახა და მშენებლობა "დროებით დასაქმების პროგრამაში" ჩასვა... ახლა მონასტერი ამ პროგრამით შენდება...
- მადლობა ღმერთს... დედაო, ამ მხარეში თქვენც ხომ არ ჩავარდნილხართ განსაცდელში სარწმუნოების გამო?
- არა, თავად ასპინძაში ძირითადად მართლმადიდებლები ცხოვრობენ. მესხეთში, მართალია, ბევრი კათოლიკური (მაჰმადიანურიც) სოფელია, მაგრამ აგრესია არასოდეს ყოფილა, იქ ხომ ქართველები არიან... სულ მგონია, რომ ქართველს, ვინც არ უნდა იყოს, ყოველთვის ახსოვს, ქრისტე საუკუნეების წინ როგორი დაინახა და შეიყვარა. ბევრი მოიქცა კიდეც - ზოგს ბიძაშვილი ჰყავს მართლმადიდებელი, ზოგს - დეიდაშვილი. უსმენენ, აკვირდებიან და თავის ფესვებს პოულობენ. გაგრძნობინებენ, რომ უყვარხარ. ქუჩაში შეიძლება უცნობი მოგიახლოვდეს, - დედაო, დამლოცეო...
- სანამ მონასტერი ამოქმედდება, ღამეს სად ათევთ?
მორჩილი თამარი: - ასპინძაში. იქიდან ტაძარში მანქანით დავდივართ. ხეობა ცოტა ძნელად გასასვლელი კია, მაგრამ დედა ქეთევანს არ უჭირს... კარგი მძღოლია... საერთოდ, თუკი ვინმე ან რამე საზრუნავია, დედა ქეთევანი ზრუნავს, სამშენებლო მასალის მოძიებასა და ამოტანაზეც კი...
დედა ქეთევანი: - ისე მინდა, მონასტერი მალე აშენდეს, თავი არ მენანება... მართალია, თბილისში მანქანით სიარული ცოტა მეუხერხულება, ვინმე რაიმე ფიქრით არ დავაბრკოლო-მეთქი, მაგრამ მესხეთში მონასტრისთვის ეს ძალიან საჭიროა...
- დედაო, იქნებ რამე მიამბოთ თქვენს საერო ცხოვრებაზეც. ბოლოს და ბოლოს, მონაზვნობის ტვირთს და მადლს ხომ ამ საყრდენიდან შეუდექით...
- რატომაც არა... მაგრამ ჯერ იმას გეტყვით, რომ არასოდეს ვყოფილვარ ისეთი ბედნიერი, როგორიც მონაზვნად აღკვეცის დღეს ვიყავი. ვერ გეტყვით, მონაზვნობაზე ადრეც ვფიქრობდი-მეთქი... თუმცა პირველ სკოლაში ვსწავლობდი და იქიდან ხშირად გადავდიოდი ქაშვეთის ტაძარში. მიყვარდა ქაშვეთის ღვთისმშობლის წინ დგომა და ლაპარაკი. ალბათ აღსარებას ვეუბნებოდი დედა ღვთისას. საერო ცხოვრებაში უდიდესი წმინდანის, ნინოს სახელი მერქვა, მაგრამ წმინდა ქეთევანის განსაკუთრებულ მფარველობასაც ვგრძნობდი. მონაზვნად დედა ქეთევანის სახელით აღმკვეცეს.
- სად აღიკვეცეთ?
- ზემო ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერში. ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე ჩემი მოძღვარია. მანვე მაკურთხა ამ მონასტერში მსახურებისთვის. ეს ეკლესია საერო ცხოვრებაშიც მქონდა ნანახი. მახსოვს, რომ შევხედე, მისმა სილამაზემ გამაოგნა... აი, ესეც ისე მოხდა, რომ ის ჩემთვის ულამაზესი მონასტერი ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერების თანამონაწილე გახდა. ჩემი აღკვეცა 2003 წელს მოხდა, დიდმარხვაში, 40 სებასტიელი მოწამის ხსენების დღეს და ამ წმინდანების მფარველობასაც სულ ვგრძნობ.
- მშობლები როგორ შეხვდნენ ამას?
- დედა ძალიან მშვიდად შეხვდა. ის ყოველთვის ეკლესიურად ცხოვრობდა. პირველი უძველესი ხატები კი მამამ ჩამომიტანა მოსკოვიდან... მერე ბევრი რამ ვისწავლე... მონასტერში ცხოვრება არ იყო ადვილი, ვერ ვიტყვი, არ გამიჭირდა-მეთქი, მაგრამ არასოდეს მიფიქრია, რომ მონასტრის გზა მშვიდი და ვარდისფერი იქნებოდა. კი არის ბევრი სიმშვიდე და სათნოება, მაგრამ ეს ტვირთიცაა. მონასტრის დებს უფალი გვშველის. ერთმანეთის ტვირთს ვინაწილებთ, ერთმანეთს ვეხმარებით - ეს არის ჩვენი დობა. ახლა კი თამარზეც გეტყვით: ჯერჯერობით ჩვენ ორნი ვცხოვრობთ მონასტერში. ღვთის წყალობაა, რომ თამარს ხატების წერის ნიჭი აქვს... ეს რომ შევამჩნიე, ძალიან ვთხოვე, ხატწერა შეისწავლე-მეთქი. დამთანხმდა. მასწავლებელი გაოცებული იყო, - განსაკუთრებული ნიჭი აქვსო. მონასტრის დები ყველანი ვქარგავთ, მაგრამ თამარის ნაქარგი სხვანაირია... პროფესიით ინჟინერია. შეიძლება ესეც ეხმარება... როცა მონასტერი ამოქმედდება, ვაპირებთ, რომ ჩვენი ძირითადი საქმიანობა ხატწერა იყოს. ვფიქრობთ, ფუტკარიც გვეყოლება - მესხეთ-ჯავახეთში თითქმის ყველა მონასტერს აქვს სკები - და ჩვენი თაფლი და სანთელიც გვექნება - არ არის კარგი, მონასტერი მარტო შემოწირულობით რომ ცხოვრობს... წმინდა მამები ამბობენ, ზოგჯერ მორჩილება და შრომა ლოცვაზე აღმატებულიაო...
- დედაო, მხოლოდ ორი მონაზონი მთაში მარტონი როგორ იქნებით. იქ ხომ ნადირია...
- მაგის ცოტა ჩვენც გვეშინია. მგლები ახლოდანაც გვინახავს - ძაღლებს ჰგვანან. ვარძიაში ხბოც კი შეგვიჭამა. ალბათ ძაღლი გვეყოლება. საერთოდ კი წმინდა გიორგი ყველა განსაცდელისაგან დაგვიცავს. განსაცდელს კი ღმერთი იმაზე მეტს არ მოუვლენს ადამიანს, ატანა რომ ვერ შეძლოს. განსაცდელი უნდა იყოს. წმინდა მამებს განსაცდელი დიდხანს რომ არ მოევლინებოდათ, ეშინოდათ კიდეც - ღმერთმა ხომ არ მიგვატოვაო.
- დედაო, რახან ადამიანები იმდენად სუსტები ვართ, რომ უფლის ყველა მცნების დაცვა არ შეგვიძლია, იქნებ მათ შორის ყველაზე მთავარი მითხრათ...
- უფლის და მოყვასის სიყვარული - "იყვარებოდით ურთიერთარს"... ადამიანი ისეთი უნდა გიყვარდეს, როგორიც არის. ყველას თავისი ჯვარი აქვს და ერთმანეთს ამ ჯვრის ტარებაში უნდა მივეხმაროთ... მაშინ ცხოვრება ასეთი მძიმე აღარ იქნება... აღარც ამდენი სასოწარკვეთილი და დატანჯული სახე შეგვხვდება, როცა რწმენა განმტკიცდება...
- დედაო, მითხარით, რომ უცნობები ლოცვაში მოხსენიებას გთხოვენ. შეიძლება, მეც მომიხსენიოთ?
- რა თქმა უნდა. ღმერთმა მოგიხსენიოთ.
- გმადლობთ.
ეთერ ერაძე