მონასტრის წარსული
სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტერი ერთ-ერთი უმთავრესი სავანეა, სადაც საქართველოში მენელსაცხებლე დედათა ცხოვრების დასაბამია. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიერ ნაკურთხი ჯვარი ვაზისა აქ, `მაყვლოვანში~ აღმართა წმიდა ნინომ (IV ს.) და სამოციქულო ღვაწლს მისცა დასაბამი. მცხეთის სამთავრო V საუკუნიდან ქართლის მთავარეპისკოპოსთა კათედრა იყო, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებამდე (1811 წლამდე). სამთავროში დაკრძალულია ერისმთავრები და ეპისკოპოსები. ცნობილია, რომ ქართლის მთავარეპისკოპოსს კათოლიკოსთან ერთად აჰყავდა მეფე ამბიონზე.
ვარაუდით, ტაძრის სახელწოდება `სამთავროც~ აქედან წარმოდგება. მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი საუკუნეების განმავლობაში ბევრჯერ განახლდა და გადაკეთდა. სამთავროს სამონასტრო კომპლექსიდან დღეს შემორჩენილია მთავარი, ფერისცვალების ტაძარი, ტაძრის კანკელი, ფრესკები. მიქაელ მთავარანგელოზის ეგვტერი (ეკვდერი) _ ტაძრის ერთ მხარეს ორი სამლოცველოა: წმიდა იოანე ნათლისმცემლის და წმიდა იოანე ოქროპირის სახელობის, ასევე წმიდა მეფე-დედოფლის მირიანისა და ნანას სამლოცველო. სამთავროს კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილია წმიდა ნინოს მცირე ეკლესია (IV ს); კომპლექსში შემავალი კოშკი აგებულია XIII საუკუნეში, ხოლო სამრეკლო _ XV საუკუნეშია განახლებული; შემორჩენილია, `მირიანის ბუხრის~ კედლის ნანგრევი (IV ს.).
მონასტერში მრავალი სიწმინდეა, მათ შორის: სვეტიცხოვლის მირონმდინარე სვეტის წმიდა ნაწილი, სამთავროს ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, რომელიც 1912 წელს, ათონის ივერთა მონასტერში დაიწერა მღვდელმონაზონ პავლე ჯაფარიძის თხოვნით. აქვეა დაბრძანებული წმიდა ნინოს სასწაულთმოქმედი ხატი, 21 წმიდა ნაწილით შემკული. ეს ხატი შემოსწირეს საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის შვილიშვილებმა (1870 წელს). მონასტერში განისვენებენ პირველი ქრისტიანი გვირგვინოსნები, წმიდა მოციქულთასწორი მეფე მირიანი და დედოფალი ნანა. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, გამშვენდა მათი საფლავები ქვის ოსტატის გიორგი ლალიაშვილის ხელით. საკურთხევლის ტრაპეზის ქვეშ დაკრძალულია წმიდა მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელი. ფერისცვალების ტაძარში ღირსი მამა გაბრიელის სულიერი შვილის, არქიმანდრიტ კირიონის მიერ გაკეთდა წმიდა მამის ლუსკუმა, ჩასაბრძანებელი. ძალიან ბევრი მომლოცველი მოდის ღირსი მამა გაბრიელის წმიდა ნაწილებთან, სადაც უამრავი სასწაული და კურნებები აღევლინება.
მაყვლოვანში განისვენებენ ახალკანონიზირებული წმიდანები: მონასტრის განმაახლებელი ღირსი ნინო (ამილახვარი) და ღირსი იღუმენია ნინო (ამილახვარი).
უწმიდესის ცხოვრება და მოღვაწეობა დაკავშირებულია სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტერთან. ბავშვობისა და ყრმობის წლებში მას ხშირად უწევდა მონასტერში ყოფნა. უწმიდესმა ერთ-ერთი ქადაგებისას აღნიშნა, რომ მომავალი ცხოვრებისა და მოღვაწეობის დალოცვა ღვთისაგან გამოცხადებით მიიღო სამთავროში მსახურებისას და რომ არსად ისეთი მადლი არ მიუღია, როგორც სამთავროში.
იღუმენია ქეთევანის ლოცვა-კურთხევით, მონასტრის წევრები ლოცვასთან ერთად სხვადასხვა მორჩილებას აღასრულებენ _ ტაძარში, მუზეუმში, სატრაპეზოში. დედები სხვადასხვა ხელსაქმესთან ერთად აკეთებენ სკვნილებს, ქარგავენ. ლიტანიობის დროს ძველი და თანამედროვე დედების მოქარგულ ბაირაღებს გამოაბრძანებენ. მონასტერი საგამომცემლო საქმიანობითაც არის დაკავებული. უწმიდესის ლოცვა-კურთხევით, 2010 წლიდან პერიოდულად გამოსცემენ ჟურნალს `სამთავროს მაყვლოვანი~. ასევე გამოსცემენ ბუკლეტებსა და წიგნებს. მონასტერში ლოცვა და შრომა ერთმანეთშია შეზავებული.
სამთავრო ძალიან დიდი მონასტერია, 60-მდე მონასტრის წევრი ცხოვრობს. ოდითგანვე დედა- მონასტრად ითვლებოდა. უწმიდესს სამთავროში სტუმრობისას დედებისთვის უთქვამს, _ წმიდა ნინოს ნატერფალზე ფეხაკრეფით უნდა დადიოდეთ და ჩურჩულებდეთო... ყური დაუგდეთ, რა დიადია სიჩუმეო...
სამეფო ბაღი...
სამთავროს მონასტერი წინათ სამეფო ბაღი ყოფილა... შესაბამისად, დედები ცდილობენ, მოწესრიგებული ჰქონდეთ მონასტრის ეზო და ამით შექმნან მყუდრო გარემო. დედა იღუმენია ყველაზე მეტს შრომობს.
სამთავროს ბაღი დღეს ასეთი გამშვენებული რომ არის, ამაში უდიდესი წვლილი ბატონ თამაზ შარიქაძეს მიუძღვის. მონასტერს თავისი პროფესიონალი მებაღე ჰყავს _ ვასიკო ალიბეგაშვილი, იგი ყოველდღიურად ზრუნავს თითოეულ მცენარეზე და მნახველებს ესთეტიკურ სილამაზეს ანიჭებს. მებაღის რჩევებს საერთო მორჩილების დროს დედები ზედმიწევნით ასრულებენ. სხვადასხვა სახეობის ხე-ბუჩქთან ერთად ბაღს უცხოური სოჭის ხეები ამშვენებს. გარემოს განსაკუთრებულ სილამაზეს ანიჭებენ: ნეკერჩხლები, ბრაზილიური შინდები, უთხოვრები, კოწახურები, კანადური ნაძვები. ვარდების ხეივნის სურნელს მოჩითული ფოტინიები ენაცვლება.
იღუმენია ქეთევანის ლოცვა-კურთხევითა და ძალისხმევით მონასტერი დღითიდღე მშვენდება და ძლიერდება.