ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ, რომ ამ მადლიანი ადგილიდან თუნდაც ერთი ბერის ნათქვამი ლოცვა შეეწეოდა სრულიად საქართველოს
დავითგარეჯის - საქართველოსა და ზოგადად კავკასიის უმნიშვნელოვანესი სასულიერო ცენტრის ისტორია VI საუკუნის I ნახევრიდან იწყება, როდესაც წმინდა დავითი, ერთ-ერთ ცამეტ ასურელ მამათაგანი, თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად გარეჯის მრავალმთის ხრიოკ მიწაზე დაემკვიდრა და მონასტერი დააარსა. ეს მონასტერი წმინდა დავითის ლავრის სახელითაა ცნობილი. X საუკუნის ნუსხით ჩვენამდე მოღწეული ამ უდიდესი წმინდანის ცხოვრება მოგვითხრობს: დაარსებიდან გარკვეული ხნის შემდეგ ლავრაში ძმობა რიცხობრივად იმდენად გაიზარდა, რომ წმინდა დავითმა მის მოწაფესა და თანამოღვაწეს - დოდოს ახალი მონასტრის დაფუძნება დაავალა. ეს მონასტერი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე იკურთხა და დღეს დოდორქადაა ცნობილი. XIX საუკუნის რუსი მოგზაურის, ანდრეი მურავიოვის ცნობით, რომელიც ზეპირ წყაროს ეყრდნობა, ნათლისმცემლის მონასტერიც VI ს-შია დაარსებული წმინდა დავითის პირველი მოწაფის, წმინდა ლუკიანეს მიერ, თუმცა ამის შესახებ წმინდა დავითის ცხოვრებაში არაფერია ნათქვამი. წმინდა დავითის სიცოცხლეში, სავარაუდოდ, მხოლოდ ეს სამი მონასტერი მოქმედებდა. გარეჯში მოგვიანებით კიდევ რამდენიმე ახალი მონასტერი აღმოცენდა, თუმცა დანამდვილებით ცნობილი არ არის, დაარსდა თუ არა ახალი მონასტერი VII-VIII სს-ში, რადგან ამ პერიოდის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება. დავითგარეჯის სამონასტრო ცხოვრების მეორე აღმავლობა წმინდა ილარიონ ქართველის სახელს უკავშირდება (822-875წ.წ.). მან დააარსა წმინდა დავითის ლავრის ახალი ფილიალი, განავრცო და შეამკო ამავე მონასტრის ფერისცვალების ეკლესია, სადაც წმინდა დავითია დაკრძალული. XIX საუკუნეში ცნობილმა საეკლესიო მოღვაწემ, მიხეილ საბინინმა დოდორქის მონასტრის მცირე გუმბათიანი ეკლესიიდან ფერისცვალების ეკლესიაში გადაასვენა წმინდა დოდოს წმინდა ნაწილები. წმინდა დოდოს საფლავი ჩრდილოეთ ეკვდერშია. წარსულში ერთ-ერთი მეცნიერის მიერ დაშვებული და სხვათა მიერ განმეორებული შეცდომის გამო ეს სამარხი წმინდა ლუკიანეს საფლავთან იგივდებოდა. თავად წმინდა ლუკიანეს საფლავი ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, ღირსი მამა ლუკიანე განისვენებს თავისი მოძღვრის, მამა დავითის გვერდით.
წერილობითი წყაროებით, გარეჯის მრავალმთაში 12 მონასტერი ყოფილა. ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ გარეჯის მონასტრების მაკურთხეველი, ნინოწმინდელი ეპისკოპოსი "ათორმეტთა უდაბნოთა" მაკურთხევლად იწოდება. ამ მონასტერთა სახელები ჩამოთვლილი აქვს ისტორიკოს პლატონ იოსელიანს: გარეჯა, აღდგომისა წამებულნი, ბერთუბანი, დოდო, ნათლისმცემელი, ჩიჩხიტური, თეთრსენაკები, მაღაზანა ანუ მღვიმე, ქოლაგირი, მოხატული, ვერანგარეჯა, პირუკუღმართი (უნდა იყოს "პირუკუღმარი"). "გარეჯა" წმინდა დავითის ლავრაა, "აღდგომისა წამებულნი" - ე.წ. უდაბნოს მონასტერი. ნუსხაში მოხსენიებული დანარჩენი მონასტრებიდან "მოხატულისა" და "თეთრსენაკების" მდებარეობა არ იყო ცნობილი, - ამბობს ფონდ "უდაბნოს" თავჯდომარე, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი ლადო მირიანაშვილი.
ფონდი "უდაბნო", რომელიც 1995 წელს დაარსდა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მეცნიერული შესწავლით არის დაინტერესებული. ამავე დროს, რეკომენდაციებს აძლევს სპეციალისტებს კონკრეტული ძეგლის შემდგომი კონსერვაციისთვის. ფონდი ცნობილ ძეგლებსაც კი პირველწყაროებიდან სწავლობს. განსაკუთრებულ ყურადღებას კლდეში ნაკვეთ ძეგლებს უთმობენ. დღემდე შესწავლილი აქვს გარეჯის მრავალმთის უდაბნოს, ჩიჩხიტურის და დოდორქის მონასტრები, აგრეთვე პირღებულის მონასტერი ქვემო ქართლში.
1995 წლის 2-3 აგვისტოს ფონდ "უდაბნოს" მკვლევართა ჯგუფმა გარეჯის მრავალმთის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დაზვერვითი ექსპედიცია ჩაატარა ფონდის წევრის, თეიმურაზ ჯოჯუას მოსაზრების გადასამოწმებლად. თეიმურაზ ჯოჯუას ვარაუდით, აქ მდებარე მთის, "თეთრი უდაბნოს სერის" სახელი მასში ნაკვეთი მონასტრის არსებობის გამოძახილი უნდა ყოფილიყო. დაზვერვითი სამუშაოები წარმატებული გამოდგა, - განაგრძობს ბატონი ლადო, - ექსპედიციამ აქ მართლაც მიაკვლია სამეცნიერო წრეებისთვის მანამდე სრულიად უცნობ მონასტერს, რომელიც კლდის ქვაბების გარდა მძლავრი თავდაცვითი კედლით მოზღუდულ სტრუქტურასაც მოიცავდა. მონასტერში აღმოჩნდა მოხატული სამლოცველო და VIII-IX საუკუნეების გუმბათიანი ეკლესიები. ერთი მათგანი სრულიად უნიკალურია: გუმბათი სხვადასხვა რადიუსის მქონე, ერთმანეთზე შემოდგმული სამი ცილინდრის ერთობლიობას წარმოადგენს. გუმბათის ამგვარი გადაწყვეტის ანალოგი არა მხოლოდ საქართველოში, მის ფარგლებს გარეთაც არსად ჩანს. ექსპედიციის წევრებმა მიკვლეული მონასტერი თავდაპირველად "თეთრ სენაკებად" მიიჩნიეს. ოდნავ მოგვიანებით დაადგინეს, რომ ეს მონასტერი პლატონ იოსელიანის ნუსხაში არ შედიოდა და პირველაღმომჩენის უფლებით მას "მრავალწყარო" უწოდეს. 1996 წელს "მრავალწყაროს" ასაზომად და ფოტოფიქსაციისთვის მიმავალ მკვლევართა ჯგუფს ადგილობრივმა მწყემსმა ბახტიარ ნასიბოვმა ნახსენები მონასტრის ჩრდილოეთით მდებარე ქედში ნაკვეთი ეკლესია აჩვენა, რომლის საკურთხეველში უაღრესად საინტერესო ფრესკა აღმოჩნდა. ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწით ამოვსებული რამდენიმე ქვაბიც გამოვლინდა. დღეისათვის ეს კომპლექსი "თეთრი უდაბნოს" სახელით იწოდება. სწორედ ეს უნდა იყოს პლატონ იოსელიანისეული "თეთრი სენაკები".
ცნობილია, რომ საბჭოთა პერიოდში საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო ზოლმა მდინარე მტკვრიდან რამდენიმე კილომეტრით ჩრდილოეთით გადმოინაცვლა, რის გამოც დავითგარეჯის ქვაბოვანი მონასტრები - ბერთუბანი, უდაბნო და ნაწილობრივ ჩიჩხიტურაც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოექცა. არადა, იქ მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური ფრესკაა დაცული. ბოლო დროს ჩიჩხიტურის წმინდა იაკობის მოხატული სამლოცველო ფონდ "უდაბნოს" ექსპედიციამ შეისწავლა და მოხატულობის პროგრამის არასტანდარტულობას მიაქცია ყურადღება. მონუმენტური მხატვრობისთვის ჩვეული სიუჟეტების გარდა, სამლოცველოში მნიშვნელოვანია ორი სცენა, რომლებიც მხოლოდ მინიატურებიდან იყო ცნობილი. ერთ-ერთია წმინდა იაკობ დაჭრილის (იგივე წმინდა იაკობ სპარსის) წამება (XIIს-ის მიწურულის და XIII საუკუნის I მეოთხედის ფრესკა). ამ სიუჟეტის მონუმენტური გამოსახულება მსოფლიოში ორად ორია: საქართველოში - ჩიჩხიტურის მონასტერში და გერმანიაში - ფრაიზინგის (ბავარია) ყოფილ საეპისკოპოსო რეზიდენციაში, თანაც ეს უკანასკნელი ჩიჩხუტურის ფრესკაზე გვიანდელია და XV საუკუნით თარიღდება.
2003 წლის მაისში ქართულმა მხარემ აზერბაიჯანის ხელისუფლებას თხოვნით მიმართა, რომ დავითგარეჯის ეს ნაწილი გაერთიანდეს და შესაბამისი ოდენობის ტერიტორიის კომპენსაციის საფუძველზე მოექცეს საქართველოს საზღვრებში. სამწუხაროა, მაგრამ შეთანხმებას ამ საკითხზე დღემდე ვერ მიაღწიეს. ქართველი სპეციალისტებისთვის ამ მონასტრების მონახულება და სამეცნიერო შესწავლა კვლავ პრობლემად რჩება. ბატონი ლადოს თქმით, აზერბაიჯანის მხრიდან გარკვეული ძალები ბერთუბანს ალბანური კულტურის ნიმუშად "მიიჩნევენ".
აგერ უკვე რამდენიმე წელია, გარეჯის მრავალმთის წმინდა დავითის ლავრაში სამონასტრო ცხოვრება აღდგა და ღირსი მამის დასაკრძალავს არ აკლია მზრუნველობა. ამასთანავე წმინდანის ლუსკუმა, რომელიც მონასტრის მთავარ სალოცავში, ფერისცვალების ეკლესიაში მდებარეობს, ბეტონით იყო გადალესილი და საჭიროებდა განახლება-გამშვენებას.
საგანგებოდ დამზადდა საფლავის ქვა (არქიტექტორები თეიმურაზ და კონსტანტინე ბერიძეები, მხატვარი მამუკა მიქელაძე, ქვაზე ამოკვეთა მოქანდაკე პაატა გიგაურმა). უწმინდესისა და უნეტარესის რჩევითა და ლოცვა-კურთხევით ღირსი მამის დასაკრძალავი წმინდა დავითის ლავრის ძმობის ხელით მთლიანად გაიწმინდა, მონასტრის მაშინდელი წინამძღვრის არქიმანდრიტ ლუკას ხელმძღვანელობით.
ღირსი მამის ლუსკუმა რამდენიმეფენიანი აღმოჩნდა. ეტყობა, არაერთგზის განაახლეს. ნეშტს ზემოდან ეფარა ფილები, რომლებიც საგანგებო საფეხურს ეყრდნობოდა. ამ საბურველს ჰქონია ხვრელი ხელის ჩასაყოფად და წმინდა მტვრის ხელშესახებად. ნიშანდობლივია, რომ ეს გარემოება წყაროებშიცაა დადასტურებული. ღირსი მამის ნეშტი სრულად არის შემონახული. მარჯვენა მკლავსა და თავთან განირჩეოდა შესამოსლის მკრთალი კვალი - მიწადქცეული შავი კაბისა და კუნკულის ვიწრო ზოლი. წმინდა დავითის ლუსკუმა თავისი ხაზგასმული სისადავით სავსებით შეესაბამება ასკეტურ ტრადიციებს, რომლებიც ასე მკაფიოდ გამოარჩევდა ადრეული შუა საუკუნეების აღმოსავლურქრისტიანულ საბერმონაზვნო გარემოს. ამასთანავე, ცხადი გახდა ისიც, რომ წმინდა მამის დასაკრძალავმა ჩვენამდე პირველქმნილი სახით მოაღწია.
ფერისცვალების ეკლესიაშივეა დაკრძალული ღირსი მამა დავით გარეჯელის მოწაფე ლუკიანეც. გადმოცემის მიხედვით, ღირსი მამა ლუკიანეს ძვალთშესალაგად ითვლებოდა ფერისცვალების ეკლესიის დარბაზის ჩრდილო-აღმოსავლეთით, წმინდა დავითის ლუსკუმის მოპირდაპირე ლუსკუმა. პატრიარქის კურთხევით, გაიხსნა ლუსკუმა. ბეტონის ფენის აღების შემდეგ აღმოჩნდა კლდეში ამოკვეთილი მცირე ზომის სწორკუთხა ლარნაკი, რომელშიც ჩასვენებული იყო წმინდანის ნაწილი. ღირსი მამის, დოდო გარეჯელის წმინდა ნეშტი 1881 წელს გადმოასვენეს წმინდა დოდოს მონასტრიდან დავითის ლავრაში. სწორედ იმ დროს უნდა შეექმნათ ეს ლუსკუმა.
აღსანიშნავია, რომ ახლახან ფერისცვალების ტაძარში 1615 წელს შაჰ-აბას I-ის მიერ მოწყვეტილი ბერების წმინდა ნაწილების დასაბრძანებლად რუსთავის ქალთა საზოგადოების დახმარებით საგანგებოდ შეამკეს კედლის ნიში. წმინდა ნაწილები თავიდან დავითგარეჯის უდაბნოს მონასტერში იყო დასვენებული. 2006 წლის ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, მოწამეთა ხსენების დღეს, ამ ნიშში გადმოასვენეს და ახლა ყველა მლოცველს შეუძლია მიეახლოს და თაყვანი სცეს ამ სიწმინდეს.
ვისაც უნახავს და ვისაც მოულოცია ეს დიდებული წმინდა ადგილი, დამეთანხმება, რომ იქ უდიდესი სულიერება ტრიალებს. წმინდა მამა დავით გარეჯელს შემთხვევით არ ამოურჩევია ეს უდაბური ადგილი, ციცაბო მთები, რომელიც ლოცვის საუკეთესო განწყობას გიქმნის და ღმერთთან გაახლოებს. ჭეშმარიტად არის ნათქვამი, დავითგარეჯის სამჯერ მოლოცვა იერუსალიმის წმინდა მიწის ერთხელ მოლოცვის ტოლფასიაო. ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ, რომ ამ მადლიანი ადგილიდან თუნდაც ერთი ბერის ნათქვამი ლოცვა შეეწეოდა სრულიად საქართველოს. დრო გადის... იცვლებიან ადამიანები, მაგრამ არასგზით არ უნდა შეიცვალოს ჩვენი სარწმუნოება, მართლმადიდებლობა, ეკლესიური აზროვნება. მერე რა პასუხს გავცემთ უფალს და მამებს, რომლებმაც სისხლით შემოგვინახეს სარწმუნოებასთან ერთად ეს დიდებული სალოცავები... ისინი ხომ ჩვენთვის და მომავალი თაობებისთვის დააფუძნეს ღირსმა მამებმა.
დავითგარეჯის ლავრაში სამონასტრო ცხოვრება, მადლობა ღმერთს, კვლავ გრძელდება. მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ილარიონი (ჭიღლაძე) ორი წელია, რაც ამ წმინდა ადგილას მოღვაწეობს. მონასტერში რამდენიმე ბერი და სამი მღვდელმონაზონი მსახურობს.
მამა ილარიონი მონასტრის შესახებ გვესაუბრება:
- 80-იანი წლების ბოლოს დავითგარეჯში სამონასტრო ცხოვრება კვლავ განახლდა. ამჟამინდელი მეუფე დავითი, ამბა ალავერდელი (ირაკლი მახარაძე), არქიტექტორი იყო, პროფესიული საქმის შესრულების შემდეგ იქ დარჩა და სამღვდელო ხარისხში გააგრძელა მსახურება. ფაქტობრივად, მის დროს აღორძინდა დავითგარეჯში სამონასტრო ცხოვრება. მეუფე დავითის მერე რამდენიმე წინამძღვარი გამოიცვალა მონასტერმა, ზოგიერთი მღვდელმთავრად ეკურთხა: მეუფე ანდრია, მეუფე ლუკა... მე ორი წელია, აქ ვმსახურობ.
- როგორია დღევანდელი დავითგარეჯის სამონასტრო ცხოვრება?- უდაბნოა და ამიტომ ბევრს უჭირს აქ ცხოვრება. მონასტერში სულ რვა წევრია. სამი მღვდელმონაზონი ვმოღვაწეობთ. მე, მღვდელმონაზონი ანთიმოზი (ბიჩინაშვილი), მამა საბა (სულუხია), ახალაღკვეცილი ბერი დავითი. ორი კაბოსანი მორჩილი გვყავს და რამდენიმე ერისკაცი. ტიბიკონის მიხედვით, დიდმარხვაში ვცდილობთ შევასრულოთ ყველა წესი, დანარჩენ დროს ცისკრისა და მწუხრის ლოცვებს დღეში ორჯერ ვასრულებთ - დილით და საღამოს. დილა მონასტერში ცისკრის ლოცვით იწყება. დიდმარხვაში უფრო ადრე ვიწყებთ. გვაქვს სხვადასხვა მორჩილებისთვის განკუთვნილი დრო. მორჩილებები მორიგეობით იცვლება. ზოგს ფერმაში საქონლის მოვლა ევალება, ზოგს - ხალხის მიღება-გასტუმრება, ნაწილი სატრაპეზოში მორიგეობს, ნაწილი მცირე ნაკვეთს უვლის. ამ ყველაფერს მონასტრის იკონომოსი უძღვება. ძველი მონასტრების წესდების მიხედვით, მოსულ სტუმარს სამი დღით ვმასპინძლობთ.
მონასტრის ძმობა რამდენჯერმე დაიშალა. მღვდელმთავრად ნაკურთხ წინამძღვარს მთელი საძმო მიჰყვება. ამიტომ რამდენჯერმე მოუწია მონასტერს ცხოვრების თავიდან დაწყება. საძმო ნელ-ნელა იკრიბება.
მეუფე ლუკას დროს მონასტერში გარკვეული აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა. აღდგა რამდენიმე საცხოვრებელი, წინამძღვრის სახლი, კარიბჭის თავზე სახლი და ბანები. მნიშვნელოვანი სამუშაოები დღეს არ ტარდება, აღსადგენი და გასაკეთებელი კიდევ ბევრია. აღსადგენია და გასამაგრებელია კოშკები, კოშკების საძირკვლის ქანები ადვილად იფიტება და ძალიან დასუსტებულია. მათი აღდგენა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ჯერჯერობით სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება.
- მამაო ილარიონ, დავითგარეჯში უფრო მეტი ლოცვითი განწყობაა...- დიახ. ეს დიდი ლავრაა და უძველესი ტრადიციების მქონე მონასტერი. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ისეთი სულიერება, როგორიც ეკადრება დავითგარეჯში მოღვაწე ბერების სახელს და ხსოვნას, თორემ წესით და რიგით ყველაფერი შეძლებისდაგვარად მიდის. ვისაც ლოცვა უნდა, ლოცვისთვისაც აქვს დრო, ვისაც - შრომა, შრომობს. ხელი არ ეშლებათ სულიერ ცხოვრებაში. ლოცვა განსაკუთრებული მსახურებაა. ეს შინაგანი ერთობაა ღმერთთან. ამას სწავლა უნდა, წლების განმავლობაში მეცადინეობა და ხელმძღვანელი სჭირდება, ისეთი, ვინც მლოცველია და ლოცვის ნიჭი აქვს.
ბერ-მონაზვნები უფრო მეტად არიან ამ საქმისთვის, თორემ ლოცვა ყველა ადამიანისთვის აუცილებელია. ყველა მოწოდებულია ცხონებისთვის და გადარჩენისთვის.
- მამაო, მანამდე სად მსახურობდით?- ცოტა ხნით - მანგლისის ეპარქიაში, მერე გარდაბანში ვიყავი, ბათუმის ეპარქიაში - სხალთის მამათა მონასტერში დაახლოებით შვიდი წელი დავყავი. ამას მოჰყვა ქობულეთში, შემდეგ ყაზბეგში მსახურება. პატრიარქის კურთხევით, იქ გიმნაზიის რექტორად სამი წელი ვიყავი. მცირე ხნით მომიწია საზღვარგარეთ, დიდ ბრიტანეთში ყოფნა. იქიდან დაბრუნების შემდეგ პატრიარქმა დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვრად მაკურთხა.
- მამაო, თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს მოძღვარი, ბერი?- პავლე მოციქული ბრძანებს: "მობაძავ ჩემდა იყვენით, ვითარცა მე ქრისტესი". მოძღვარი უნდა იყოს მობაძავი მოციქულისა.
ბერად აღკვეცა კი ჯერ არ ნიშნავს ბერობას. ბერობა მრავალწლიანი გამოცდილების შედეგია. ასე რომ, ჯერ ჩემს თავს არ ვთვლი ბერად. აღკვეცილი ვარ, აღთქმა მაქვს დადებული, მაგრამ ბერობა სხვა რამეა, ბერობის ნიჭი და ძალა მრავალწლიანი მონაზვნური გამოცდილების შემდეგ მოდის.
- მრევლს რა სულისთვის სასარგებლო რჩევას მისცემთ?- ყველას ვურჩევ, მოუსმინოს პატრიარქს, თავიანთ მღვდელმთავრებს და მათი ლოცვა-კურთხევა ყველას შეეწევა.