11.08.2006
თბილისის ფერისცვალების დედათა მონასტერი ფეოდალური ხანის თბილისის განუყოფელი ნაწილი გახლდათ.
გადმოცემით, მეტეხის თხემზე ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალს აუგია ციხე, სასახლე და ეკლესია. თამარ მეფის დიდებული სასახლეც ისანში მდგარა.
მხოლოდ მეტეხის ეკლესია გადაურჩა ჟამთა სიავეს... სასახლე მონღოლებმა დაარბიეს, მეტეხის ციხის ნანგრევებზე კი რუსეთის მთავრობამ საპყრობილის კორპუსები აღმართა. ამ საპყრობილეში თავისუფლებისმოყვარე მრავალი ადამიანი იტანჯებოდა. აქ მოკლეს ჟანდარმებმა ცნობილი რევოლუციონერი ლადო კეცხოველი 1903 წელს. აღარც ეს კორპუსი დარჩა...
1967 წელს, ვახტანგ გორგასლის ძეგლის აღმართვისას, მეტეხის ტერიტორია გაიწმინდა. ამის შემდეგ კიდევ უფრო ნათლად გამოიკვეთა მეტეხის გვერდით მდებარე დარეჯან დედოფლის სასახლის "საჩინოს" ხედი.
დარეჯანის სასახლის აივანი მერცხლის ბუდესავით ამშვენებს ისანში აღმართული ციხე-გალავნის ერთ-ერთ ბურჯს. დარეჯანის სასახლე ქალაქის სხვადასხვა ადგილიდან ჩანს. ის 1776 წელს აშენდა. იმავე პერიოდშია აგებული სასახლის კარის ეკლესიაც.
სასახლე (საზაფხულო რეზიდენცია) და კარის ეკლესია ერეკლე მეფის მეუღლემ დარეჯან დედოფალმა ააგო (ეკლესია მაშინ წმინდა ირაკლისა და წმინდა დარიას (დარეჯანის) სახელზე იკურთხა), მანვე აღადგინა აღა-მაჰმად ხანის ურდოების მიერ ნანგრევებად ქცეული შენობა და პეტერბურგში გადასახლების წინ ცხოვრობდა კიდეც იქ.
დარეჯან დედოფალი 1907 წელს გარდაიცვალა პეტერბურგში. მოგვიანებით მონასტერი საქართველოს ეგზარქოსმა თეოფილაქტემ შეიძინა და იქ წარჩინებულთა სასულიერო და სამრევლო სკოლა დააარსა. მიტროპოლიტმა იონამ ტაძარი 1824 წლის 29 ოქტომბერს ჩვენთვის უცნობი მიზეზით ფერისცვალების სახელზე აკურთხა. აქ ქვათახევის მონასტრის გაუქმების შემდეგ ინახებოდა ღვთისმშობლის ძვირფასი ხატი, რომელიც ქართლის მეფის გიორგი XI-ის მეუღლის ხორეშანის ბრძანებით მოიჭედა 1696 წელს.
უფრო გვიან ნაგებობა კერძო პირებმა დაისაკუთრეს და ბევრი რამ მიაშენეს კიდეც.
თუმცა სასახლემ და ეკლესიამ ჩვენამდე ძლიერ სახეშეცვლილმა მოაღწია, მათ მაინც არ დაუკარგავთ თბილისის გვიანფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი თავისებურებანი, განსაკუთრებით - კლდეს აყოლებული მრავალი ბურჯი ლამაზი აივნით, რომელიც ძველთბილისურ კოლორიტს ქმნის.
XIX საუკუნის 20-იან წლებში იქ მამათა მონასტერი იყო, შემდეგ - სამრევლო სასწავლებელი, ბოლოს, რესტავრაციის შემდეგ, შენობა ერთი მსახიობის თეატრს ეკავა.
დარეჯანის სასახლეში რამდენიმე წელია განახლდა სამონასტრო ცხოვრება. დედათა მონასტრის წინამძღვარია დედა მარიამი (მიქელაძე). დედების მთავარი საქმიანობა ქარგვა, ქსოვა, მონასტრის ეზოს მოვლა-პატრონობაა. მონასტერთან არსებობს მოწყალების დების სახლი, სადაც დედები ავადმყოფებს სულიერად შეეწევიან.
მონასტერში დაცული იყო რაჟდენ პირველმოწამის წმინდა ნაწილები, რომლებიც ამჟამად სიონის ტაძარშია დაბრძანებული. დღევანდელი სახით მონასტერი წარმოადგენს XIX საუკუნის ბაზილიკას მინაშენი სამრეკლოთი.
მონასტრის ტერიტორიაზე 1999 წლიდან არქიტექტორების თეიმურაზ ბერიძისა და ზაზა ციციშვილის პროექტის მიხედვით სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო, რის შედეგადაც ტაძარი გადაურჩა დანგრევას და აღდგა ძველი ქართული ბაზილიკის ფორმით.
აქ ყველა რელიგიურ დღესასწაულს დიდი სიყვარულით აღნიშნავენ, ფერისცვალების მიმართ კი განსაკუთრებული სასოება აქვთ.