დღეისათვის გარეჯის მრავალმთის ტერიტორიაზე 20-მდე მონასტერია მიკვლეული: წმინდა დავითის ლავრა, უდაბნო, ნათლისმცემელი, დიდოს რქა, ჩიჩხიტური, თეთრი სენაკები, შავი სენაკები, თეთრი უდაბნო, წამებული, ვერან-გარეჯა, საბერეები, ბერების სერი, პირუკუღმართი, ქოლაგირი, დიდი ქვაბები, პატარა ქვაბები, მრავალწყარო, კოწახურა, ბერთუბანი და სხვ. (ბერთუბანი ამჟამად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს).
ჩრდილოეთ კედელთან, საკურთხევლის ახლოს, დავითის მოწაფეების - დოდოსა და ლუკიანეს საფლავები მდებარეობს.
კომპლექსის შუა ნაწილში დგას წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, ბერების სენაკები და სათვალთვალო კოშკი, რომლიც გვირაბით უკავშირდებოდა მონასტრის ზედა ეზოს. თავად კოშკებით შემოსაზღვრული ზედა ეზო, ალექსანდრე მეფის კოშკი, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, წმინდა მარინეს ეკლესია და მიმდებარე სენაკები, მოქმედი მამათა მონასტრის ნაწილს წარმოადგენს და მნახველთათვის მიუწვდომელია. თუმცა, უდაბნოსკენ მიმავალი ბილიკიდან ხელისგულივით მოჩანს შიდა ეზოც და კოშკებიც. ყველა ძეგლი XVI-XVII საუკუნეებშია აგებული.
ლავრის მონასტრის ქვემო ეზოს მიმდებარე ტერტორიაზე ტერასები, ხეხილის ბაღები და ბოსტნები იყო გაშენებული. წვიმის დაგროვილი წყალი მათ მოსარწყავად გამოიყენებოდა. წმინდა წყარო "დავითის ცრემლები", ლავრის მონასტრის ზემოთ, გამოქვაბულში მოედინება.
ღვთისმშობლის სახელობის კლდეში გამოკვეთილი მთავარი ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი მთლიანად ჩამონგრეულია და მოხატულობა ნანგრევებში აღმოჩნდა. ორსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა გვაუწყებს, რომ კედლის მხატვრობა შესრულებულია 983 წელს. ჩრდილოეთ კედელზე ორ ჯგუფად საერო და სასულიერო პირები არიან გამოსახულნი.
მთავარი ეკლესიის მახლობლად მდებრეობს უდაბნოს სატრაპეზო. სატრაპეზოში ქვის მაგიდები ორ რიგად კლდეშია გამოკვეთილი. აქ ბერები დაჩოქილნი ტრაპეზობდნენ. მამა დავითის ყველაზე ადრეული ხანის გამოსახულება სწორედ უდაბნოს მონასტრის სატრაპეზოს კედლის მხატვრობაში გვხვდება. სატრაპეზოში ორი სხვადასხვა პერიოდის მხატვრობაა დაცული. თავდაპირველი X საუკუნის II ნახევარს განეკუთვნება, მეორე პერიოდის მოხატულობა კი XIII საუკუნეს. სატრაპეზოდან მარანში გასასვლელია, სადაც დღესაც შემონახულია დიდი ზომის ქვევრები. აქვე კლდეში გამოკვეთილია რეზერვუარი სასმელი წყლის შესანახად. წყალი გარედან თიხის მილებით შემოედინება.
უდაბნოს მონასტერი
კომპლექსის სხვა ძეგლებიდან აღსანიშნავია ღვთისმშობლის, წმინდა გიორგისა და წმინდა ნიკოლოზის ეკლესიები. მათი მოხატულობა XII-XIII საუკუნეებით თარიღდება. კომპლექსის გვიანი პერიოდის სამლოცველოებიდან განსაკუთრებით საინტერესოა მეფე დემეტრე თავდადებულის ეკლესია, სადაც მეფის პორტრეტია გამოსახული.
კომპლექსის ყველაზე მაღალ წერტილზე აღდგომის ეკლესია მდებარეობს. გადმოცემის თანახმად, აღდგომის ეკლესიის სამჯერ მონახულება იერუსალიმში ერთხელ ჩასვლის ტოლფასად იყო მოჩნეული.
მონასტრის დასავლეთით, კლდეში გამოკვეთილი ეკლესია - წამებული მდებარეობს. ჩრდილო კედლის მთელ სიგრძეზე 130-140 სმ სიმაღლის კედელია, რომელიც სარკოფაგის შთაბეჭდილებას ტოვებს და საძვალეს წარმოადგენს, სადაც შაჰ-აბას I-ის მეომრების მიერ დახოცილი ბერების ძვლებია დაცული. ფრესკებში კი აღწერილია მათი მოწამებრივი აღსასრული.
დღესდღეობით ბერთუბნის მონასტერი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს.
თეთრი სენაკების მახლობლად აღმოჩენილია კრამიტის გროვა, რომელიც III-IV სს-ით თარიღდება. სავარაუდოდ, ადამიანს ამ მიდამოში მამა დავითის მოსვლამდე დიდი ხნით ადრე უცხოვრია. კრამიტი შემაღლებულ ადგილზე აღმოჩნდა, სავარაუდოდ, იგი საკულტო ნაგებობის ან სათვალთვალო კოშკის ნაწილია.
თავად გამოქვაბულები ერთმანეთისგან 50-100 მ-ის სიშორეზეა განლაგებული. დღესდღებით 10 გამოქვაბულია მიკვლეული. მათი უმრავლესობა მიწითაა ამოვსებული. კედლის მხატვრობა მხოლოდ ერთმა ეკლესიამ შემოინახა. ნახევრად ჩამოშლილ ფრესკებზე წმინდანთა, საერო პირისა და ღვთისმშობლის გამოსახულებები გაირჩევა. შემორჩენილია ნუსხური წარწერები და უაღრესად საინტერესო დეკორატიული მოტივები.
თეთრი სენაკების ერთ-ერთ გამოქვაბულში დიდი რაოდენობით კერამიკული ნივთების ნამსხვრევებია აღმოჩენილი. თავად ძეგლი და კერამიკაც IX-XIII სს-ით თარიღდება.
შავი სენაკები თეთრ სენაკებთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. ამ კომპლექსში ეკლესია არ აღმოჩნდა. სავარაუდოდ, ბერები თეთრი სენაკების ეკლესიით სარგებლობდნენ. ძეგლი IX-XIII საუკუნით თარიღდება.
ბერების სერი VI-VIII სს-ის გამოქვაბული კომპლექსია და ივრის ნაპირას მდებარეობს. ბერთა სერის სავანეში დაცულია გუმბათიანი, ბაზილიკის ტიპისა და დარბაზული ეკლესიები. ბერთა განცალკევებული სენაკები განლაგებულია ერთ ან მრავალსართულიან კომპლექსებად. კლდეში გამოკვეთილი ქვაბულების მორთულობაში ვხვდებით ჯვრების გამოსახულებებსა და ჩუქურთმებს. ასევე შემორჩენილია ქართული წარწერები და ფრესკული მხატვრობის ფრაგმენტები.
მონასტერში შემორჩენილია სრულიად უნიკალური ფრესკული მოხატულობა. ამჟამად მონასტრის ტერიტორია, ბერთუბნისა და უდაბნოს მონასტერთან ერთად, სადავოა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის.
წერილობით წყაროებში მონასტერი არ მოიხსენიება. სახელი შერჩეულია ექსპედიციის მიერ, იმის გამო, რომ მცირეწყლიან მდინარესა და წყაროებთან ახლოსაა გამოკვეთილი. სავარაუდოდ, მრავალწყაროს მონასტერი IX საუკუნეში დაუარსებიათ, XIII საუკუნეში კი მას არსებობა შეუწყვეტია.
მონასტერში აღმოჩენილია გუმბათის საკმაოდ ეგზოტიკური ფორმა. შემორჩენილია IX საუკუნის ფრესკები და 65-ზე მეტი ნაკაწრი წარწერა, რომელთა შორის უძველესი, 851 წლით თარიღდება.