ძამის ხეობა-ბერმონაზონთა სავანეძამის ხეობისკენ მიმავალ გზას ბერმონაზონთა სავანეებისკენ მივყავართ.
ქარელის რაიონში მდებარე ეს ხეობა მართლაც რომ დახუნძლულია ეკლესია-მონასტრებით და ბერმონაზონთა სიმრავლით გამოირჩევა. ირგვლივ საოცარი მადლი იგრძნობა... ხეობაში ამ ეპარქიის მღვდელმთავრის, მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) ლოცვა-კურთხევით დაფუძნებულ მონასტრებში ბერმონაზვნები ტიპიკონის მიხედვით ერთდროულად აღავლენენ ღვთისმსახურებას და ასე ერთობით ადიდებენ უფალს.
როგორც კი სოფელ ორთუბანში შეხვალთ, ღვთისმშობელის შობის სახელობის უძველესი ეკლესია შეგხვდებათ. მეუფე იობის ლოცვა-კურთევით, აქ დედათა მონასტერია დაფუძნებული. მონასტრის წინამძღვარია, მონაზონი მარიამი (ჩხაიძე). სტუმარი რომ ღვთისაა, ეს მონასტერში კარგად იციან და ღვთის სახლის ზღურბლთან მისულებს ყველას სიყვარულით ეგებებიან. მონასტრის წინამძღვარს აქაურობა წალკოტად უქცევია...
წარსულს თუ გადავხედავთ, გავიგებთ, რომ ეს ულამაზესი ადგილი მზოვრეთის ციხე-დარბაზის კომპლექსია, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძართან ერთად. სახელწოდება "მზოვრეთი" წარმოსდგება სიტყვა "საზუერედან", რაც საბაჟოს ნიშნავს. X საუკუნეში ძამელი მთავრის ადარნასეს რეზიდენცია იყო. XIV საუკუნეში მას გამრეკელ კახას ძე და მისი მემკვიდრეები ფლობდნენ. XVI-XVII საუკუნეებში ფანასკერტელ-ციციშვილებმა სამწევრისიდნ თავიანთი რეზიდენცია აქ გადმოიტანეს და ზოვრეთი სათავადოს პოლიტიკურ ცენტრად აქციეს. XVIII საუკუნიდან ქალაქის სტატუსი ქვეითდება და იწოდება "მცირე ქალაქად". XIX საუკუნეში ციციშვილები ტოვებენ ამ ადგილს და ქალაქიც წყვეტს არსებობას. მის ნანგრევებზე ახალი სოფელი ორთუბანი გაშენდა. დღეს მოსახლეობისგან დაცარიელებულ სოფელს დედების მიერ აღვლენილი ლოცვა აძლიერებს.