იმ ქედზე, საიდანაც წმინდა ნინო მცხეთაში შემოვიდა, უნდა აღორძინდეს წმინდა გიორგის სახელობის მამათა და წმინდა დიმიტრი თესალონიკელის სახელობის დედათა მონასტრები
31.01.2013
საქართველოს უძველეს სატახტო ქალაქს, მცხეთას, შემთხვევით როდი უწოდებენ საქართველოს გულს
, იგი ხომ უფლის კვართს ინახავს თავის წიაღში. გარდა ამისა, მცხეთის სახელი საქართველოს განმანათლებლის, წმინდა ნინოს მოციქულებრივ ღვაწლს, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას, ჩვენს ქვეყანაში პირველი საეპისკოპოსოების შემოღებას, ქართველ მირონცხებულ მეფეთა და კათოლიკოს-პატრიარქთა კურთხევას უკავშირდება, რომ არაფერი ვთქვათ მცხეთის არქიტექტურულ, არქეოლოგიურ და ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც Gვენგან უდიდეს გაფრთხილებასა და მზრუნველობას მოითხოვს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, იმ ქედზე, საიდანაც წმინდა ნინო მცხეთაში შემოვიდა და სადაც ერთმანეთისაგან მოშორებით დგას შუა საუკუნეების მცირე ზომის ბაზილიკები, უნდა აღორძინდეს წმინდა გიორგის სახელობის მამათა და წმინდა დიმიტრი თესალონიკელის სახელობის დედათა მონასტრები.
ვესაუბრებით თბილისის იყალთოს გორაზე მდებარე ჯვართამაღლებისა და წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ თეოდორე გიგნაძეს. პატრიარქის კურთხევით, ამ მონასტრების აღდგენა სწორედ მამა თეოდორეს უშუალო მონაწილეობითა და მეთვალყურეობით უნდა წარიმართოს:
- მცხეთა საქართველოს სულიერი ცენტრია, რომელსაც მეორე იერუსალიმს უწოდებენ. ის მადლმოსილება, რომელიც ყოველთვის იყო მცხეთაში და დღესაც ვლინდება საეკლესიო და მონასტრულ ცხოვრებაში, შესწავლასა და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.
ცნობილი ისტორიული ხუროთმოძღვრული ძეგლების გარდა, მცხეთაში უამრავი პატარა სალოცავი და ბაზილიკა დგას, რომლებიც როგორც ლაშქარი და სულიერი მცველები, ისეა შეფენილი სვეტიცხოვლის გარშემო ფერდობებზე. ეტყობა, ოდესღაც იქ მონასტრული ცხოვრება ჩქეფდა. უწმინდესის სურვილია, მთელი სისავსით აღდგეს და ახალ მშენებლობებთან ერთად, უძველეს კერებშიც აღორძინდეს მონასტრული ცხოვრება.
საერთოდ, მატერიას აქვს უნარი საღვთო მადლის მიღებისა, განწმენდისა. როდესაც უფალი მდინარე იორდანეში ჩავიდა, ამით არა მხოლოდ წყლის სტიქიის, არამედ მთელი სამყაროს განწმენდას დაუდო სათავე და მას შემდეგ, წყალთან ერთად იკურთხება საზრდელი, ტაძრები, ხატები, შესამოსელი და ა.შ.
ხანგრძლივი ლოცვა, საეკლესიო მსახურება, ღვთის დიდება განაპირობებს იმას, რომ ტაძრები და მონასტრები, სადაც ოდესღაც დიდმა სამებამ ჩაუქრობელი კანდელები დაანთო, არა აქვს მნიშვნელობა - შიომღვიმე იქნება ეს თუ დავითგარეჯი, დღემდე იზიდავს ადამიანებს თავისი მადლმოსილებით. რა თქმა უნდა, სულიერ კანდელებს ვგულისხმობ. ცხადია, კაცი განწმენდს ადგილს ღვთის წინაშე თავის მსახურებით, ამ მადლით კი შემდეგ, სხვა ადგილებიც საზრდოობენ.
პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გადაწყდა, აღდგეს წმინდა დიმიტრი თესალონიკელის სახელობის დედათა და წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრები. ერთ-ერთი ბაზილიკა ზუსტად იმ ქედზე დგას, საიდანაც წმინდა ნინო მცხეთაში შემოვიდა. იქ ამჟამად ერთი ბერი ცხოვრობს, ქვემოთ, წინა ქრისტიანულ ხანაში წარმართული კერპები იდგა, ასე რომ, თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია.
სხვათა შორის, მამათა და დედათა მონასტრების აღდგენა მეუფე დიმიტრის იდეაა, მისი დიდი მონდომებითა და მეცადინეობით ბრძანა უწმიდესმა მათი აღდგენა. ეს ბაზილიკები 2-3 კილომეტრითაა დაცილებული ერთმანეთისგან. გაიცა ოდიკები ორივე ბაზილიკისთვის (ოდიკი არის სიწმინდე, რის გარეშეც წირვა-ლოცვა არ აღევლინება), ორივე ტაძარში განახლდა საკურთხეველი, უკვე სისტემურად მიმდინარეობს მსახურება. დიმიტრი თესალონიკელის დედათა მონასტრის გალავნის სამი მეოთხედი, ფაქტობრივად, დასრულებულია, უახლოეს მომავალში გათვალისწინებულია კარიბჭის, სატრაპეზოს, 6 სენაკისა და კოშკის მშენებლობა.
ამ ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები არ ჩატარებულა, მაგრამ სპეციალისტების ვარაუდით, ბაზილიკების კედლები XII ს-ში უნდა აშენებულიყო, ტაძრის საძირკველი კი V-VI საუკუნისაა.
- მამა თეოდორე, თუ არსებობს პროექტები, რა მასშტაბის მშენებლობები უნდა აწარმოოთ?
- რა თქმა უნდა, არსებობს. ეს უნდა იყოს ლამაზი, პრაქტიკული, ლანდშაფტს მორგებული, და არა პომპეზური შენობები. დედათა მონასტერში ქვა და ფერი მორგებულია რელიეფზე და არქაული იერი შენარჩუნებულია, ასევე, გვინდა იყოს მამათა მონასტერშიც, ჩვენ არ ვითხოვთ ძვირფას მასალას, მთავარია, მას პარქტიკული დანიშნულება ჰქონდეს, ანუ ის, რაც მონასტერს სჭირდება. ამ ეტაპზე ორივე მონასტრისათვის საპატრიარქოს 3 ათასი კვმ გადმოეცა. ცხადია, ამ ტერიტორიაზე მარტო ქვის გალავანი რომ გავაკეთოთ, იაფი არ დაჯდება, მაგრამ სამონასტრო მშენებლობა ალბათ დიდ ხარჯებს არ მოითხოვს.
- ცხადია, საპატრიარქო, ვერ შეძლებს მის დაფინანსებას. ამიტომ, იქნებ, ქველმოქმედებაზეც ვისაუბროთ. ეკლესია ხომ ძირითადად ქველმოქმედებაზე დგას. ჩვენი დიდი მეფეების ხალხისა და შეძლებულ დიდგვაროვანთა შემოწირულობით შენდებოდა ეკლესია-მონასტრები საქართველოშიც და წმინდა მიწაზეც, ყველაზე დიდი ქველმოქმედი კი, მოგეხსენებათ, თავად უფალია.
- რასაკვირველია... ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ღმერთი ადამიანად მოდის, ისაა, რომ გვაჩვენოს, რა საქმე უნდა აღვასრულოთ და როგორ ვიცხოვროთ. ღმერთი ადამიანად მოდის და ის, როგორც ადამიანი, საღვთო საქმესაც აღასრულებს ადამიანურად და რადგან ღვთის ხატნი ვართ და ქრისტე ჩვენთვის მოვიდა ადამიანად, იცხოვრა, დაგვენახვა, ჩვენ უნდა გვესმოდეს, როგორ ვიცხოვროთ. ქრისტემ თავისი ადამიანური ბუნებით ღმერთსა და ადამიანს შორის უფსკრული ამოავსო. ის საქმე აკეთა, რაც ღმერთთან მიგვიყვანდა, რისთვისაც საჭიროა ღვთაებრივი და ადამიანური ღვაწლის ღვთაებრივი და ადამიანური ნებელობის შერწყმა. ეს მან დაგვანახვა თავისი მიწიერი ცხოვრებით, პავლე მოციქული ამბობს, რომ ჩვენ თანამუშაკნი, თანამშრომელნი ვართ ქრისტესი. ქრისტეს დაწყებული საქმე უნდა გაგრძელებულიყო მისი მოწაფეების სახით, რაც ბევრი რამის მანიშნებელია. მისი მოწაფეები უბრალო მეთევზეები იყვნენ, მაგრამ ყველაფერი დატოვეს და არსებობდნენ სამოქალაქო ღვაწლის შედეგად მიღებული წყაროთი, ეს ხომ ჩვეულებრივი რამ იყო, ძველი აღთქმიდან გამომდინარეობდა და ასეა თითქმის ყველა რელიგიურ მიმდინარეობაში და არა მარტო რელიგიურში, ისინი ხომ არც მიწას ხნავენ და არც ფერმერები არიან? ადვოკატი ცხოვრობს იმით, რასაც მას ხალხი აძლევს ან სახელმწიფო უხდის. ასევეა პედაგოგებიც და სხვა, მრავალი პროფესიის ადამიანი. ასე ცხოვრობდნენ ძველი ფილოსოფოსებიც, რომლებიც საბერძნეთში სკოლებს ქმნიდნენ. ჯერ კიდევ კაცობრიობის გარიჟრაჟზე შრომა არის ის, რასაც ფიზიკურად აკეთებ და იმასაც შრომა ჰქვია, რასაც ინტელექტუალურად გასცემ. აქედან გამომდინარე, კაცობრიობის არსებობისა და განვითარებისთვის საჭიროა როგორც მატერიალური, ისე სულიერი და ინტელექტუალური შრომა. ამიტომ, უფალი ამბობს: "მეკალოე ხარს პირს ნუ აუკრავ და მუშაკი ღირსია თავისი სასყიდელისა". "ჩვენ ვაძლევთ სულიერს და რა დიდი ამბავია თქვენგან მიწიერი მივიღოთ?" - კითხულობს პავლე მოციქული. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში შესანიშნავად არის ნაჩვენები, თუ როგორ უნდა მოხდეს მატერიალური და სულიერი მოღვაწეობის შერწყმა და თანხვედრა, ამის შემდეგ მივიღეთ თამარის ეპოქა. ამიტომ ქველმოქმედება ცალმხრივ პროცესად არ უნდა გავიგოთ. ისევ გრიგოლ ხანძთელის პერიოდი რომ გავიხსენოთ, საერო ხელისუფლება ქველმოქმედებს მონასტრისთვის, სამაგიეროდ, მონასტერიც ქველმოქმედებს, იგი სულიერს აძლევს ხალხს, მათ სულზე ზრუნავს ისევე, როგორც მოციქულები გასცემდნენ სულიერს სისხლის დათხევამდე და საკუთარი თავის შეწირვამდე. ასე რომ, ქველმოქმედება ორმხრივად უნდა გვესმოდეს. ქველმოქმედების საპირისპირო ანგარებაა. ანგარებაც ორგვარია; სულიერი და ხორციელი, არსებობს სასულიერო პირი, რომელიც ანგარებიანად, მომხმარებლურად უყურებს მრევლს, მაგრამ ისიც ანგარებაა, როდესაც მრევლი უყურებს ანგარებიანად სასულიერო პირს.
მონასტერი ეკლესიის ერთ-ერთი აუცილებელი, განუყოფელი ნაწილია, სადაც მონასტერი არ არის, იქ, მართალმადიდებლობა კვდება, მონასტერი შეიძლება შევადაროთ ლოკომოტივს, რომელსაც მატარებლის მთელი შემადგენლობა მიჰყავს. ეკლესია არის ღმერთთან ურთიერთობის სკოლა, ხოლო ამ სკოლის აკადემია, ამ სკოლის სულის ჩამდგმელი, მონასტერია. როდესაც ეკლესია სულიერს გასცემს და მატერიალურს იღებს, ეს ერისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. რახან ქართველმა ერმა მართლმადიდებლობა მიიღო, ცხადია, ამით, ღვთის წყალობა გადმოვიდა მასზე, მაგრამ ამასთან უდიდესი პასუხისმგებლობაც, იმიტომ რომ შენ თუ დღეს ამ რწმენას უარყოფ, ფესვებს მოწყვეტილი ადამიანი ხარ და პასუხს აგებ ღვთის წინაშე იმაზე, რომ შენ მოგცეს სწორი სწავლება, და შენ არ გადაეცი ეს სხვას, არ განავითარე.
რა არის მართლმადიდებლობა? ეს არის ქრისტესთან ურთიერთობა, მოძღვრება, რომელიც მიგამსგავსებს ადამიანად მოსულ ღმერთს - ქრისტეს. ამიტომ ადამიანს ბუნებრივად უჩნდება ამის სურვილი. ზოგს ღმერთთან ურთიერთობის განსაკუთრებული ნიჭი აქვს და წინ მიდის ამ მიმართებით, ზოგი კი შემოქმედებითად ეძებს ღმერთს, ვთქვათ, მხატვრობაში, მუსიკაში და ა.შ. წმინდა სილუან ათონელის მოწაფე სოფრომი ამბობს: ლოცვა, ეს არის დაუსრულებელი შემოქმედებითი პროცესი, რასაც ნიჭი უნდა, ამ ნიჭს კი გაფრთხილება სჭირდება, ამიტომ ის ადამიანები, რომლებიც ამგვარ ნიჭს ფლობენ, გასაფრთხილებელნი არიან, ჩვენ უნდა მივცეთ მათ მუშაობის ასპარეზი, მაგრამ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენთვის ილოცონ. ბერის უპირველესი დანიშნულება, ღვთის ძიებასთან ერთად, ისედაც არის დანარჩენ კაცობრიობაზე, თავის სამშობლოსა და ახლობლებზე ზრუნვა, მაგრამ მარტო ეს ხომ არ არის? - მთავარია, რომ ის ღმერთთან ურთიერთობის სკოლას ქმნის და ავითარებს. იმ სკოლიდან მე, როგორც თეთრი სამღვდელოების წარმომადგენელმა, შენ ერის ადამიანმა, მან - ინჟინერმა, ექიმმა თუ პედაგოგმა, ვინც ქრისტიანულად ცხოვრობს, უნდა ვისწავლოთ. ადამიანის ცხოვრების საზრისი ცოცხალი ღმერთის ძიება და მასთან მიმსგავსებაა, რადგან ქართველმა ერმა თავის შეგნებაში ეს გაითავისა და მართლმადიდებელ ერად ვიწოდებით, სხვაგვარად წარმოუდგენელია, სხვაგვარად დავკარგავდით აზრსა და ფუნქციას. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართველობა მხოლოდ გენეტიკური ფენომენი არ იყო ქართველისთვის, თბილისის მფარველი აბო - არაბია, შუშანიკი - სომეხი, ასურელმა მამებმა ააღორძინეს მონასტრული ცხოვრება საქართველოში, ამიტომ ქართველი კაცი თვლის, თუ ის სულიერებას დაკარგავს, კარგავს თავის სახეს. რატომ არის რომ ახალგაზრდა, რომელიც მიდის ამერიკაში, ქართველი ჰყავს დედაც, მამაც, მაგრამ რამდენიმე წელში ვეღარ ლაპარაკობს ქართულად? როცა ქართველი მართლმადიდებლობას სწყდება, სწყდება ქართულ ცნობიერებასაც. სხვა ერებს ასეთი რამ ნაკლებად ემართებათ, ქართველები კი მომენტალურად იწყებენ გადაგვარებას, როგორც კი ფესვებს მოსწყდებიან. ეს ხომ საოცარია?
ადამიანი, არაეკლესიურიც რომ იყოს, თუკი თავისი სამშობლო უყვარს, მაინც სწორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ეკლესიისადმი.
ეკლესია და სახელმწიფო გაყოფილია ერთმანეთისაგან, მაგრამ თუ ერის სურვილი არ იქნება, ეკლესიამ თავისი როლი შეასრულოს აღმზრდელობით საქმიანობაში, ქრისტეს სიტყვა მიიტანოს სკოლაში, ჯარსა თუ ციხეში (ვიღაცას ეს შეიძლება ხმამაღალ ნათქვამად მოეჩვენოს), მაშინ ჩვენი შინაგანი, შემდეგ კი გარეგანი მდგომარეობის დაკნინება მოხდება.
ბუნებრივია, როცა ქველმოქმედებაზე ვსაუბრობთ, ყველა ეკლესია თუ მონასტერი, დაწყებული დიდი სამებით და პატარა სამლოცველოებით დამთავრებული, შემოწირულობით არსებობს, ისინი, ვინც თავიანთ საქმიანობას ღვთის სამსახურს უძღვნიან - სამღვდელოება, ბერ-მონაზვნობა, ყველა სასულიერო პირი, შემოწირულობით ცხოვრობენ. ადვოკატები, პედაგოგები და ექიმები ვახსენე, რომლებიც ასევე შემოწირულობით არჩენენ ოჯახებს, ბოლოს და ბოლოს, სახელმწიფოს ბიუჯეტიც ხომ ძირითადად ხალხის შემოწირულობით იქმნება?
სასულიერო პირებსაც შეიძლება ჩვენ ექიმები ვუწოდოთ, ოღონდ ისინი ადამიანის ხორციელი სნეულების მკურნალნი კი არ არიან, არამედ იმისა, რაც ყველაზე მთავარია, მათ უნდა დააძლევინონ ადამიანებს ღმერთთანმყოფობის უუნარობა, რაც მეტად მძიმე დაავადებაა.
ქრისტიანობაში ასეა, ღმერთი თავის საკეთებელს აკეთებს, შენ შენს საკეთებელს გიტოვებს, აქ ხომ ორი ნების, ორი ენერგიის შერწყმა ხდება. ჩვენ რომ სწორად გავიაზროთ, რა არის ჩვენი გასაკეთებელი, ეს მონასტერმა ჯერ თვითონ უნდა გაარკვიოს და შეისწავლოს და მერე ჩვენ გვასწავლოს, რა გავაკეთოთ. მე ერთი ტალანტი რომ მომცა უფალმა, დანარჩენი 2 ან 3 როგორ დავამატო ან გავამრავლო, ეს უნდა ვისწავლო. მონასტერი არის სკოლა ლოცვისა, სკოლა ღმერთთან ურთიერთობისა, რომლის სწავლებაც მთელ ეკლესიასა და ერზე ვრცელდება. ამიტომ მცხეთის დიმიტრი თესალონიკელისა და წმინდა გიორგის სახელობის დედათა და მამათა მონასტრებში, წმინდა მამებზე დაყრდნობით და იმ გამოცდილებით, რაც საყოველთაოდ არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიაში, უნდა შეიქმნას სასწავლო მისიონერული ცენტრი, რომელიც მოამზადებს მომავალ მისიონერებს, უპირატესად, ალბათ სასულიერო პირებს. მაგრამ არა მხოლოდ მათ, რადგან მისიონერი შეიძლება ერისკაციც იყოს. რა თქმა უნდა, აქ უამრავი ობიექტური თუ სუბექტური პრობლემა იქნება მოსაგვარებელი, მაგრამ გვაქვს იდეა მცხეთაში იყოს ასეთი ლოცვითი სკოლა, და რაც მთავარია, აქცენტები გადატანილი იყოს ღვთისმსახურებაზე. ამასთან ერთად, შეიქმნას სასწავლო-მისიონერული ცენტრი. ვფიქრობ, ვინც ამ 2 ან 3-წლიანი სწავლების კურსს გაივლის, როგორც მისიონერს, როგორც ღვთის მსახურს და როგორც უბრალოდ ღმერთის მაძიებელ ადამიანს, სწორი ხედვა ჩამოუყალიბდება ქრისტიანობაზე. ჩვენ ასე ვფიქრობთ და დანარჩენს ალბათ, უფალი გამოაჩენს.
- თუ მოხდება ამ სასწავლებელში რელიგიისა და მეცნიერების დაახლოება, დავითის დროინდელი გელათის მამათა მონასტერთან არსებული სასულიერო აკადემიის ტრადიციების გათვალისწინებით?
- მეცნიერება სამყაროს ჭეშმარიტების ძიებაა სხვადასხვა კუთხით და როდესაც ჩვენ გვაქვს ჭეშმარიტების ეტალონი, მაშინ მეცნიერებაც ადვილად ვითარდება. მაგალითად, როდესაც ბერძნული ფილოსოფია ჭეშმარიტებას ეძიებდა, ნეოპლატონიზმი, რომელიც ერთგვარი მწვერვალი იყო ბერძნული ფილოსოფიისა, უცებ გაიყინა. ისე მოხდა, რომ მაშინდელი ფილოსოფოსები თითქოსდა ზემოდან უყურებდნენ ნაციონალურ, წარმავალ რელიგიებს და სამართლიანადაც, რადგან მათ არ ჰქონდათ აბსოლუტური ჭეშმარიტების უმაღლესი იდეის ცოდნა და მაინც შეზღუდულნი იყვნენ იმ ტრადიციებით, რომელიც მათ ნაციონალურ რელიგიაში ეძლეოდათ, ისინი ვერა და ვერ მივიდნენ იმ ჭეშმარიტებასთან, ვიდრე საბერძნეთში ქრისტიანული ფილოსოფია არ გაჩნდა, ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მეცნიერების განსავითარებლად. როდესაც ცოცხალ ღმერთთან ამყარებ ურთიერთობას და იცი, რომ ეს სამყარო მისი შექმნილია, უკვე მეცნიერებასაც სხვა ასპარეზი ეძლევა. როდესაც ვიცით ჭეშამრიტების უმაღლესი საზომი, მერე ყველაფერი იოლი და მიზანმიმართული ხდება, მით უმეტეს, მეცნიერების არსებობის აუცილებლობა და საჭიროება წმინდა წერილითაც დადასტურებულია, პავლე მოციქული ამბობს, - ხილული სამყაროს შემეცნებით ვახერხებთ ამ სამყაროს შემოქმედის შემეცნებას, რადგან ყველგან ღმერთის კვალიაო. ეს პირდაპირ კურთხევად უნდა მივიღოთ, ოღონდ, რა განსხვავებაა მეცნიერებასა და რელიგიას შორის? თუ ჭეშმარიტების შემეცნებაზე ვსაუბრობთ, ალბათ ეს კითხვაც ლოგიკური იქნება რომ დავსვათ. ფიზიკოსები ისე შორს წავიდნენ, თითქოს ღმერთამდე მივიდნენ. არის ერთი სერიოზული განსხვავება: მეცნიერებას ამ შემთხვევაში მისიონერული ფუნქცია აკისრია ანუ მეცნიერი, შეიძლება ითქვას, პედაგოგია, რომელიც ყველგან ღმერთის კვალს ეძებს და ბოლოს, იქამდეც მიდის; რელიგია კი, ნაკლებად ეძებს ამ კვალს, რადგან მას, უფრო სხვა ფუნქცია აქვს, არც ღმერთზე საუბრობს ამ სიტყვის პირდაპირი და ნამდვილი გაგებით უბრალოდ, რელიგია ღმერთთან საუბრობს. აი, ეს არის განსხვავება, მეცნიერება ღმერთის კვალს ხედავს, ჭვრეტს და ეძებს, ამას ვერ მოახერხებს, თუ მატერია არ გამოიკვლია, რელიგიას კი აქვს საშუალება, უშუალოდ მასთან ჰქონდეს პიროვნული ურთიერთობა - ღმერთთან, ვინც ეს სამყარო შექმნა.
- გმადლობთ საუბრისთვის და გისურვებთ წარმატებას.
- შეგვეწიოს უფალი.