ანაგის მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარიანაგის ცივ-გომბორის მთების მხრიდან გადმოჰყურებს მთავარანგელოზის ეკლესია (XVII ს-ე), რომელთანაც მთავარანგელოზის ხევს მივყევართ.
ტაძარი სოფელთან საკმაოდ მოშორებით, მთის ტყიან ფერდობზე დგას და აშენებულია როგორც რიყის ქვით, ისე ქართული აგურით. აქ არსებული პირობები ხელსაყრელი იყო სამონასტრო ცხოვრების ასაღორძინებლად. ადგილ-მდებარეობის მიხედვით ამ ადგილს ნამდვილად, სტრატეგიული მნიშვნელობაც ჰქონდა. ძნელბედობის ჟამს ეკლესიის და მისი მიმდებარე ტერიტორიის სიმაგრედ გამოყენებაზე მეტყველებს მის მოპირდაპირე მხარეს, მარჯვნივ ციცაბო კლდეზე აღმოჩენილი ნანგრევები, რომელსაც მოსახლეობა ,,ნაქალაქარს" უწოდებს. ,,ნაქალაქარი" ე. წ. ,, სვავების კლდეზე" მდებარეობს.
სიტყვა ,,ანგელოზი" ამბის მახარობელს ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ მათი რიცხვი უსასრულოდ ბევრია. ისინი ქმნიან 9 დიდ დასს რომელთაც 9 მთავარანგელოზი მეთაურობს. წმინდა დიონისე არეოპაგელის მიხედვით ,,მთავარანგელოზების სახელებია: მიქაელი, გაბრიელი, რაფაელი, იეგუდიელი, ვარახიელი, სელაფიელი, იერომიელი და ტახნილი". მათგან უპირველესნი არიან მიქაელი და გაბრიელი. წმინდა დიონისე არეოპაგელმა მოგვცა ცნობა იმის შესახებაც, თუ რომელ მთავარანგელოზს რა კურთხევა აქვს მიცემული ღმერთისგან. სოფელს მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი გადმოჰყურებს და რადგან მისი მნიშვნელობაა ,,ვითარცა ღმერთი", როგორც მძლეველი ყველა მტრული ძალისა, იფარავს მას ყოველგვარი უბედურების, მწუხარების, ბოროტებისა და ცოდვისაგან. 21 ნოემბერს მთელი ქიზიყის (და არა მარტო ქიზიყის) მოსახლეობა მოემართემა ამ ტაძრისაკენ სალოცავად. მთავარანგელოზის ხევთან, ქუდურის უბანში, ე. წ. ,,კონსტანტინეს" წყაროსთან ახლოს ,,ყვავის საყდარია". უხუცესების გადმოცემით, ამ ტაძრიდან ყვავებს მოუპარავთ ხატი და ქუდურის ყველაზე მაღალ ადგილზე დაუსვენებიათ. ამით ნიშანი მისცეს, რომ აშენებულიყო ეკლესია. ამჟამად ,,ყვავის საყდრის" ნანგრევებიღაა შემორჩენილი.
მენჯის მთავარანგელოზიტაძარი აშენებულია მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელზე. იგი აგებულია ღირსი მამა -ალექსი ბერის (შუშანია) მიერ 1908 წელს, უხსოვარ დროში არსებული ამავე სახელობის ტაძრის ადგილზე. ამ სალოცავს უძველესი დროიდან მიაგებდნენ პატივს მორწმუნენი. სწამდათ, რომ აქ განსაკუთრებული ღვთის მადლი ტრიალებდა. ამავე ტაძრის ეზოში მდებარე მისივე სახელობის ეკლესიაში არის დაკრძალული წმინდა ბერი ალექსი, ამ სავანის აღმდგენელი და აღმშენებელი. ღირსი მამა ალექსი დაიბადა 1851 წლის 23 სექტემბერს (ძვ. სტილით) სოფელ ნოქალაქევში ღვთისმორწმუნე მშობელთა - ლევან შუშანიასა და ელენე შავდიას ოჯახში. მამის სიკვდილის შემდეგ 16 წლის ჭაბუკი გაემგზავრა სტამბოლში, სადაც მაშინ ცხოვრობდა და სავაჭრო საქმიანობას ეწეოდა მისი ბიძა ისლამ შუშანია. აქ მოხდა მკვეთრი გარდატეხა მის ცნობიერებაში. სასწაულებრივი ხილვის შემდეგ, სარწმუნეობრივი განწყობით გაჟღენთილი დაბრუნდა იგი სამშობლოში. ოჯახს ბერად შემდგომის ზრახვა გამოუცხადა. ერთხანს სალოსურ ცხოვრებასაც ეწეოდა, დადიოდა სოფლიდან სოფლად ფეხშიშველი, ეხმარებოდა ქვრივ-გაჭირვებულებს, ემსახურებოდა გადამდები სენით შეპყრობილ უჭირისუფლო ადამიანებს.
მე-19 საუკუნის სამოცდაათიან წლებში მღვდელმონაზონ ბენედიქტე ბარკალაიასთან ერთად გაემგზავრა ათონის მთაზე, სადაც რამდენიმე თვე დაჰყო. მისი გავლენით მონაზვნად შედგა მთელი ოჯახი: ძმა, დები და დედა. თავად ალექსი ბერი მღვდელმონაზვნად ხელდასმულია 1881 წელს. 1992 წლის ივნისში, ღვთაებრივი გამოცხადებების შემდეგ, რამდენიმე მოსწავლესთან ერთად ალექსი ბერი დაემკვიდრა მთავარანგელოზთა კუნძულზე, როგორც უწოდებდნენ იმ ადგილს. ძველი ეკლესია თავისი ხარჯებით გადახურა, კედლები მოაშენა და მოაწყო საძირკვლად. ცხოვრობდა პირადი შრომით. შემდგომ დაიწყო ახალი ქვითკირის ეკლესიის მშენებლობა. 1898 წლიდან იგი სრულიად ჩაიკეტა თავის სავანეში და სიკვდილამდე ეწეოდა საეკლესიო დაყუდებულ ცხოვრებას. გარეშე მნახველს იღებდა მხოლოდ შაბათ-კვარაობით. დროს ლოცვასა და სამწერლობოო მუშაობაში ატარებდა. განმარტოებული მონაზვნური ცხოვრების მიუხედავად, ალექსი ბერი უაღრესად საზოგადოებრივი პიროვნება იყო. ხშირად მის სენაკში საინტერესო საუბრები და კამათი იმართებოდა სარწმუნეობრივ-საზოგადოებრივ საკითხებზე. ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას, მისი ნაშრომები ცალკე წიგნებად გამოდიოდა. 1903 წელს ალექსი ბერი თავისი ხის დიდი ჯვრით გზაში შეხვდა რუსიფიკატორული პოლიტიკის გამტარებელ ეგზარქოს ალექსის ცნობილ ვოსტორგოვთან ერთად, რომლებიც ცდილობდნენ სამეგრელოს სკოლებიდან ქართული ენის სწავლების ამოღებას. მან საპროტესტო წერილი გადასცა ეგზარქოსს. დიდი პატივისცემით მოსილი ბერის საჯარო პროტესტმა დააფიქრა იგი, იქვე დაამშვიდა და აღუთქვა, ეს ჭორია, არ მოხდებაო. ცხოვრების უკანასკნელ წლებში ალექსი ბერი მძიმედ დაავადდა და 1923 წლის 31 იანვარს 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 1995 წელს იგი წმინდანად შერაცხა და ხსენების დღედ 31 იანვარი დააწესა. კომუნისტური მმართველობის პერიოდში შუშანიების სავანე შრომით, რუდუნებით, განსაცდელითა და გმირული დათმენით შეინარჩუნეს ალექსი ბერის ბიძაშვილებმა: იღუმენია ფავსტომ და სქიმონაზონმა აკეფსიმამ. შემდგომ პერიოდში კი მონაზონთა გაზრდილმა დებმა - ზოია და ნინა შუშანიებმა, რომლებიც დღესაც იქ მოღვაწეობენ. 1981 წლის ნოემბრიდან მენჯის სავანის წინამძღვარმი არქიმანდრიტი მელქისედეკი (მიქავა). ტაძრის დღესასწაულია 21 ნოემბერი.
წაჩხურის მთავარანგელოზის ეკლესიამთავარანგელოზის სახელობის ეკლესია მარტვილის რაიონის ულამაზეს სოფელ სალხინოში მდებარეობს. ცენტრიდან 7 კილომეტრის მოშორებით, ხირზენის კალთაზე, მაღლობზეა აგებული. გადმოცემის თანახმად, იმ ადგილას, სადაც ეკლესიაა აგებული, ციხე "წაჩხურის ჯიხა" ყოფილა. ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ, კულტი დაემხო და იმ ადგილას ეკლესია აშენდა. ციხის კედლები და გალავანი დაცულია. გალავანში მოქცეული პატარა ეკლესია დაუშლიათ და ახალი, დიდი ეკლესია აუშენებიათ. აქ ყოფილა წაჩხურუს მთავარანგელოზის ხატი, რომელსაც "მოსკე წაჩხურს" ეძახდნენ. "მოსკე" - მეძევეს, მეშვილეს, ხოლო "წაჩხურა" - წყალტივს, ე.ი. "მოსკე წაჩხური" ვაჟების მომცემს ნიშნავს. ამ ხატს ხალხი შვილოსნობას შესთხოვდა. სოფლებიდან უშვილო ქალები ფეხშიშველი ადიოდნენ და დაჩოქილნი, ხატს შვილს შესთხოვდნენ. ხატს ოქროსა და ვერცხლის ნივთებს სწირავდნენ. წყაროებიდან ცნობილია, რომ უძველესი დროიდან ყოფილა იქ მოსკეს კულტი. სალოცავად მოსულებს თურმე მოჰქონდათ თავიანთი სიმაღლის ტოლი სანთელი, ვერცხლის ძაფი, სანთელ-საკმეველი, ფული და ლამაზად მორთული, პატარა აკვნები. ტაძარს სამჯერ წრეს შემოუვლიდნენ და უფალს შეწევნას თხოვდნენ.
სამწევრისის მთავარანგელოზთა დედათა მონასტერი მთავარანგელოზთა დედათა მონასტერი ქარელის რაიონის სოფელ სამწევრისში მდებარეობს. თითქოს დარაჯად უდგას ამ ხეობას. გალავანზე აღმართული დიდი ჯვარი გადმოჰყურებს მიდამოს, როცა ირგვლივ წყვდიადი დაისადგურებს, განათებული ჯვარი იცავს ერს და ბერს.
მონასტერი მდებარეობს სოფლის დას-ით, შემაღლებულ ადგილზე. თარიღდება ფეოდალური ხნით. კომლექსში შედის: დიდი კოშკი, ეკლესია, გალავანი, აგრეთვე სასახლის და სხვადასხვა ნაგებობის ფრაგმენტები. აქ მდგარა დიდი კოშკი, ცოტა მოგვიანებით მას მიაშენეს გალავანი და ეკლესია. ქვედა გალავანი და იქ მდგარი ნაგებობები გარდა ეკლესიისა, გვიანდელი განახლება და მშენებლობა, სავარაუდოა, დაკავშირებულია ფანასკერტელ - ციციშვილების გვარის წარმომადგენელთან, მერაბ ციციშვილის მოღვაწეობასთან.
ხოტევის მთავარანგელოზის ტაძარირაჭის თავადების, წულუკიძეების რეზიდენცია სოფელი ხოტევი იყო. აქვე გახლდათ მათი კარის ეკლესია და საგვარეულო სასაფლაო. მათ ადგილსამყოფელი ჰქონდათ აგრეთვე მიქარწმიდაში და ბუგეულს. ხოტევში არის აგრეთვე XIX საუკუნის შუახანებში აგებული მთავარანგელოზის გუმბათიანი ტაძარი თავის სამრეკლოსთან ერთად.
თანღილის მთავარანგელოზის სახელობის მამათა მონასტერიზემო სვანეთში, სოფელ ლახუშდიდან ოდნავ მოშორებით, მთაზე, შუა ტყეში თანღილ_თარინგზელის (მთის მთავარანგელოზის) პატარა ეკლესიაა. ეს მთა წმინდა ადგილად ითვლებოდა და აქ სვანი ხეს არ ჭრიდა. საოცარ ადგილზე მდებარეობს ეს მონასტერი. მცირე სეფისკვერის ფორმის ტაძარს გარშემო პატარ_პატარა სენაკები აქვს. ეკლესია განსხვავებულია სვანეთის სხვა ტაძრებისგან. ეკლესია მოხატულია XIII საუკუნეში ორი ოსტატის მიერ.
შეგვეწიოს მთავარანგელოზთა მადლი.