- შენი ცხოვრებით გვარცხვენ, - სტუმრების თანდასწრებით ამუნათებდნენ ახლობლები.
- ჩემო ძვირფასებო, ყველანი ძალიან მიყვარხართ, მაგრამ არ შემიძლია უფლის გარეშე ცხოვრება, ჩემმა სულმა დიდი ხანია შეიყვარა უფალი, - პასუხობდა დარია.
ბევრს ითმენდა დარია, ბევრს ტიროდა, არ მოსწონდა ახლობლებთან ცხოვრება - ვერ უგებდნენ ერთმანეთს. შინ სულ ხმაური და მხიარულობა იყო.
15 წლის დარიას საქმროს ურჩევდნენ ახლობლები, მას კი ქრისტეს გარდა არაფერი აინტერესებდა. უცდიდა ხელსაყრელ დროს, რომ შინიდან გაქცეულიყო. ადვილი არ იყო ამის გაკეთება. სადაც წავიდოდა, ყველგან აწუხებდა აზრი, როგორ მივატოვო ხნიერი მშობლებიო, მაგრამ იქვე ახსენდებოდა სახარებიდან: "ყოველმან რომელმან დაუტევოს გინა დედა, გინა მამა, გინა და, გინა ძმა სახელისა ჩემისათვის, ასწილად მიიღოს და ცხოვრება საუკუნო დაიმკვიდროს".
დარიამ მონასტერში წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ სად? რომელ მონასტერში? ბებიასთან მიაგნებდნენ. მას მხოლოდ სიმშვიდე უნდოდა.
გაახსენდა წმინდანი ქალები, რომლებიც გადაცმულნი მივიდნენ მამათა მონასტერში და ასე ემსახურებოდნენ უფალს. იცოდა, დედათა მონასტერში ადვილად მიაგნებდნენ და შინ დააბრუნებდნენ. ნუთუ მეყოფა, უფალო, ამის ძალა? ნუთუ ვერ შემაძლებინებს შენი სიყვარული ყოველივეს აღსრულებას? - ფიქრობდა დარია.
ერთ დილას ადრე ადგნენ დები და დარიას სთხოვეს, - ყოველთვის გაგვირბი, იქნებ ახლა მაინც წამოგვყვე ტყეშიო. პასუხად უარს ელოდნენ, მაგრამ დარია დაუფიქრებლად დასთანხმდა დებს...
ტყეში გაზაფხულის სითბო იგრძნობოდა. ნაძვის ტოტები ერთმანეთს გადახლართვოდნენ. ცა იყო ლურჯი და მოწმენდილი. დარია მიდიოდა და ევედრებოდა უფალს. იხსენებდა ბებიას კელიას და მონასტრულ ცხოვრებას, რა სიყვარულით ეხვეოდნენ დედები, ეფერებოდნენ და ესალმებოდნენ: ,,გამარჯობა, ჩვენო პატარა მმარხველო". რა კარგი იყო მონასტერში ცხოვრება. დარიას სწყუროდა იქაურობა, მაგრამ აქ? უჭირდა ერში ცხოვრება. მის სულს ლოცვა სწყუროდა.
მიიხედ-მოიხედა. ირგვლივ არავინ იყო, დები გაფანტულიყვნენ. შორიდან ეხმიანებოდნენ ერთმანეთს. ,,ნუთუ ახლა? - ფიქრობდა, - რა თქმა უნდა, ახლა... ვერავინ დამინახავს, ჩქარა! ჯვარი ფართოდ გადაისახა და გადაწყვიტა გაგქცევა, მტკიცე ნაბიჯებით გაემართა წინ. დებმა ვერ შეამჩნიეს დარია, ეძებდნენ და ტიროდნენ. სთხოვდნენ შინ დაბრუნებას. დარია პირუჩუმრად გარბოდა. უკვე ძალიან შორს იყო, დების ხმები მიწყდა. ,,მშვიდობით, ოჯახო, ილოცეთ და გადარჩით. მეც ვილოცებ თქვენთვის. არ მეძებოთ. მე უკვე მე აღარ ვარ თქვენთვის და ამა სოფლისთვის. დარია აღარასოდეს დაბრუნდება!"
სიხარულით დაბრუნდა დარია მოსკოვში და გაემგზავრა ამაღლების მონასტერში. შევიდა ტაძარში და დაინახა ბებია. მშვიდად ლოცულობდა მონაზონი პორფირია ღვთისმშობლის ხატთან. დაინახა მონასტრის დები, როგორ შესცვლოდათ სახე ამ ექვსი წლის განმავლობაში. ,,ბედნიერები! - გაიფიქრა დარიამ, - თამამად მიუძღვენით სიცოცხლე უფალს, მე იძულებული ვარ, დავიმალო და მოვითმინო".
უნდოდა, მისულიყო საყვარელ ბებიასთან, მოეთხრო ყველაფერი და ეთხოვა მონაზვნად აღკვეცა, მაგრამ გაიფიქრა, - საამისოდ ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ, აქ მშობლები მომაგნებენო.
ბევრი არ უფიქრია, გავიდა მონასტრიდან, შეიჭრა თმა, იყიდა ბაზარში მამაკაცის მართლმადიდებლური სამოსი და გადაცმული გაემგზავრა სამების - სერგის ლავრაში.
ძნელი ამოსაცნობი იყო დარია როგორც გოგო, მკრთალი, გამხდარი სახე მზისა და ხანგრძლივი მოგზაურობისაგან დამწვარი ჰქონდა. ნაზი სახე მამაკაცური იერით შეეცვალა. დაბალი ხმა და თანაბარი ნაბიჯები ჰქონდა...
მივიდა ლავრაში.
ის და ბებია აქ ხშირად ესწრებოდნენ ღვთისმსახურებას, ამიტომ ყოველი კუთხე მისთვის ნაცნობი იყო. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მონასტრის წევრებმა დარია საძმოში მორჩილად მიიღეს, დოსითეს სახელით.
დარიას უნდოდა, მონაზვნად კიევში აღკვეცილიყო, მაგრამ ჯერ გადაწყვიტა სამების - სერგის ლავრაში ეშრომა.
ყველამ გულით შეიყვარა ახალგაზრდა და შრომისმოყვარე დოსითე. არ არსებობდა ისეთი მორჩილება, რომ მას ვერ შეესრულებინა. ადვილი არ იყო სულის გადარჩენა გამოუცდელი გოგონასთვის საპირისპირო სქესის ადამიანებთან. რამხელა სიფრთხილე, ძალა და ყურადღება იყო საჭირო.
- ვინ ვარ მე ასეთი? - ყოველდღე ეკითხებოდა საკუთარ თავს დარია, - სუსტი და ურწმუნო. გაფაციცებული იყო, იცავდა თვალებს და ყურებს, რომ არ გაეგო ისეთი რამ, რაც მის სულს დააზიანებდა. განუწყვეტლივ ევედრებოდა უფალს, რომ შეეწყალებინა და არ მიეტოვებინა.
ასე დაიწყო დოსითემ გადარჩენა, ასე მიიღო მოთმინება და ძალა.
გავიდა სამი წელი, მშობლები ყველგან ეძებდნენ დარიას. ბოლოს დაკარგეს მისი დაბრუნების იმედი და წავიდნენ მოსკოვში სქემმონაზონ პორფირიასთან. ბებია გაკვირვებული დარჩა. მან არ იცოდა შვილიშვილის ადგილსამყოფელი. დამწუხრებული მშობლები გაემგზავრნენ სერგის - სამების ლავრაში, მოილოცეს მონასტერი, გულით სთხოვდნენ უფალს, წმინდანებს, რომ გამოეჩინათ მათი შვილის კვალი. მშობლების ლოცვა შესმენილ იქნა. როცა დედა უფროს ქალიშვილთან ერთად იდგა ტაძარში, ახლოს ხშირად ჩამოივლიდა მორჩილი დოსითე, ანთებდა კანდელებსა და სანთლებს. დარიას დიდხანს და ყურადღებით უყურებდა და. ანაზდად შეამჩნია გაკვირვება მის სახეზე...
- დედა, დედა, შეხედე, აი, დარია, - იყვირა.
- არა შვილო, ეს მონაზონია...
- არა, არა, დედა, შეხედე, ეს დარიაა... თმა, თვალები, ნიკაპი, ტუჩები - ყველაფერი მისია.
დედა დააკვირდა დოსითეს და იცნო შვილი.
- ღმერთო, - მოიკვნიტა ჩატეტკილი ტუჩები, - ნუთუ ეს ჩემი დარიაა, რომელსაც სამი წელია ეძებს ჩემი დაუძლურებული გული.
ო, ღმერთო, მადლობელი ვარ შენი, რომ შეისმინე ჩემი ლოცვა! მაგრამ როგორ მოხვდა ის ამ წმინდა ადგილას?
დედას ხან სიხარულის ცრემლი ცვიოდა, ხან გულში მჯიღს ირტყამდა.
მათ ახლოს ჩაიარა ნაცნობმა სქემმონაზონმა. უფროსმა დამ გააჩერა ის და თვალებით დოსითეზე მიანიშნა, - ჩვენთან სასტუმროში მოიყვანეო. სქემმონაზონმა მძიმედ დააქნია თავი, არც უკითხავს შეხვედრის მიზეზი, ისე დათანხმდა და წავიდა.
ნასადილევს სქემმონაზონი მივიდა დოსითესთან, დაანახვა დედა-შვილი და უთხრა: - ძმაო დოსითე, ამ ხალხს სურს შენთან შეხვედრა, შეასრულე მათი თხოვნა და ეწვიე სასტუმროში.
დარიამ სტუმრებს გახედა და მაშინვე მიხვდა, ვისზე იყო საუბარი. გული აუფრთხიალდა, მაგრამ თავი შეიკავა.
- მოძღვარო, გადაეცით, რომ ვეახლები, - ყრუ ხმით უპასუხა დარიამ სქემმონაზონს და კელიისაკენ გაიჩქარა.
სასწრაფოდ მოუყარა თავი თავის ნივთებს, აჩქარებით გავიდა გალავნიდან და გაემართა კიევ-პეჩორის ლავრისაკენ.
მძიმე და გრძელ გზაზე ხან მზე აცხუნებდა, ხანაც წვიმა ასველებდა, აშინებდა გარეული ცხოველები. ფეხები სტკიოდა სიარულისაგან, მაგრამ ყველაფერს ითმენდა.
- კეთილი ადამიანი ყოვლთვის იპოვის კეთილ ხალხს, - ფიქრობდა მათზე, რომლებიც ლუკმას აძლევდნენ, ხოლო ბუნება არწყულებდა.
დიდი ხნის მოგზაურობის შემდეგ მიაღწია კიევს. მზის სხივებში გახვეული ოქროს ჯვრები ბრწყინავდა ტაძრების გუმბათებზე ძველი რუსეთის იერუსალიმში. ყველაზე მეტად მოეწონა მდინარე დნეპრში არეკლილი სასწაულთმოქმედი ლავრა. დიდი სიხარულით შევიდა წმინდათა სამყოფელში და მიემთხვია ღვთის წმინდანთა ნაწილებს, შემდეგ გაემართა ლავრის არქიმანდრიტთან - მამა ილარიონთან (ნეგრემბეცკო). შეჰბედა თქმა: - წმინდა მამაო, მე ვარ ქრისტიანი, მქვია დოსითე... ყრმობის ასაკიდან მაქვს სურვილი მონაზვნობისა და გადავწყვიტე, თავი ღვთისმსახურებაში განვიწმინდო. გთხოვთ, არ დამტოვოთ. მრწამს, რომ ვიშრომებ აქ საბოლოო ამოსუნთქვამდე.
წინამძღვარმა თავიდან ფეხებამდე აათვალიერა დოსითე.
ღვთისნიერმა არქიმანდრიტმა იუარა მისი უმერჩილესი თხოვნის შესრულება, - თვითონ იცი, რომ რეკომენდაციის გარეშე ეპარქიიდან არავის ვიღებთო. მაშინ მიხვდა დარია, რომ არ იყო ღვთის ნება, მონასტერში გახსნილად ეცხოვრა. გაიხსენა უფლის სიტყვები: ,,ყოველმა, რომელსაც სურს სრულყოფა, უარყოს თავი თვისი, აღიღოს ჯვარი თვისი და შემომიდგეს მე".
ჯვარი ხომ მძიმე სატარებელია და ამიტომაც გადაწყვიტა, ევლო ამ გზაზე. ავადმყოფს განა შეიძლება არ აწუხებდეს მწარე ტკივილი? ყველას განხილვის შემდეგ დარიამ გადაწყვიტა, ეცხოვრა მღვიმეში განდეგილი ცხოვრებით, როგორც ოდესღაც იღუმენმა ანტონმა აირჩია ეს გზა. გადაწყვიტა, გასცლოდა კიევს, მაგრამ ვერ იპოვა შესაფერისი ადგილი. გაემგზავრა ქალაქგარეთ, კიტაევოს უდაბნოში. იქ იხილა მაღალი მთები და ტყე. მოეწონა აქაურობა - ღმერთო, ეს არის ადგილი, სადაც ჩემმა სულმა უნდა პოვოს განსასვენებელიო. იპოვა გამოთხრილი მღვიმეები, მაგრამ არ ისურვა სხვისი ნაშრომის გამოყენება, საკუთარი ხელით გამოთხარა კელია. არავინ აქცევდა ყურადღებას. მასთან არავინ მიდიოდა. ბევრი გადარჩა ასეო, - ფიქრობდა დარია.
ახალგაზრდა დოსითეა თბებოდა მხოლოდ ლოცვით და საღვთო მადლით.
რამდენიმე წელი იცხოვრა ასე. ცხოვრობდა მკაცრად, საკუთარ თავს თვითონ უწევდა წინამძღვრობას, იწრთვნიდა გონებას და აზრს. იღებდა მხოლოდ პურს და წყალს, რომელიც მიჰქონდათ კიტაევოს მონასტრის ბერებს. დიდმარხვაში ჩაიკეტებოდა მღვიმეში და მხოლოდ ღამღამობით გამოდიოდა. ზამთრის ყინვებში კელიას არ ათბობდა, როგორც ისააკ პეჩორელი, იდგა ლოცვაზე ტაძარში და ვერც გრძნობდა, როგორ ეყინებოდა ფეხები ქვაზე დგომისას.
ამის გარდა, მის ბოლო წლებში მღვიმიდან გამოდიოდა ცეცხლის ალი. როცა ჰკითხეს, - რა ხდებაო, უპასუხა: - ღმერთო, ღმერთო! და ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩვენ ნათელი. ჩვენ ცოდვილთ... გვიფარავს უფალი კაცობრიობას ღამის სიბნელეში. ღმერთო! ყველა ადგილას ხედავს შენი თვალები სიკეთეს და ბოროტებას. ღმერთი ყველაფერს ხედავს.
ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ჩემი კელიიდან ცეცხლის ალი ამოდის თუ არა. ჩემთვის ლოცვის დროს ყურადღებაა აღმატებული.
დიდხანს ვერ დაიმალა ღვთისმოყვარე და განმარტოების მოსურნე დოსითე მღვიმეში.
1774 წელს დედოფალი ელიზავეტა პეტროვნა მეუღლესთან ერთად ეწვია კიევს. მათ დასახვედრად დააგეს გზები, შეაკეთეს ხიდები. კიევ-პეჩორის ლავრას დღეში 1000 კაცი აპირკეთებდა და ალაგებდა. გუბერნატორმა ააშენებინა ბინები ძვირფასი სტუმრებისთვის.
ლავრის არქიმანდრიტის შეთავაზებით გადაწყვიტეს, სტუმრები ლავრაში დაებინავებინათ. მოამზადეს ცხენები.
როცა მომზადება დასრულდა, 1744 წლის 26 ივლისს პეტერბურგიდან ჩამოვიდა სამეფო ოჯახი. მათ ჰქონდათ დაგეგმილი შეხვედრები. აღნიშნეს კიევის დამოუკიდებლობის დღე. მოილოცეს ლავრის სიწმინდეები, ახლო და შორი მღვიმეები, ეკლესია-მონასტრები. კიევ-კიტაევოს უდაბნოთი ძალიან დაინტერესდნენ. გაიგეს, რომ კიტაევოს მღვიმეში ცხოვრობდა ღვთივსათნო ჩაკეტილი მღვიმელი დოსითე. დედოფალმა მისი ნახვა ისურვა. მონასტერი სათანადოდ მოემზადა მის დასახვედრად. განცვიფრებული დარჩა წმინდანის საცხოვრებლით. დოსითეამ გამოიცნო, ვინც იდგა მის წინ და თაყვანი სცა.
- დიდი ხანია ღვთის მორჩილი ხართ? - მორიდებით ჰკითხა.
- როდესაც ჩემი სული გახდა ყურადღებიანი, მაშინ დაიწყო შინაგანი წინსვლა, - უპასუხა დოსითემ.
- რატომ აირჩიეთ ასეთი მძიმე ცხოვრება?
- მწუხარენი იყავით, ამბობს უფალი, მაგრამ თქვენი მწუხარება სიხარულად იქცევა. მხოლოდ ვიწრო გზით მიჰყავს უფალს ადამიანი სამუდამო სამყოფელში. სოფელი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, სავსეა ბოროტებით, მხოლოდ მოთმინებით მივაღწევთ სულის ხსნას.
კიდევ დიდხანს ისაუბრეს წმინდანმა და დედოფალმა. შემდეგ ელიზავეტამ უთხრა:
- თქვენი სიტყვები გულს მომხვდა, ისინი ღვთისგანაა, მე ვიგრძენი ეს. ღმერთმა მოგანიჭა სიბრძნე და გამოცდილება. თუ დამთანხმდები, რომ მიატოვო ჩაკეტილი ცხოვრება, რათა ემსახურო ჩემს სასურველ საქმეს, შემდეგში მე გამოგარჩევ შენ.
- საყვარელო დედოფალო, არც ოქრო, არც ვერცხლი არ გაამდიდრებს სულს, არამედ კეთილი საქმე. როცა უფალმა უხმო პეტრეს, იაკობს, იოანეს, მათ იმწამსვე მიატოვეს თავიანი საქმე და უფალს გაჰყვნენ. რატომ იჩქარეს ასე? იმიტომ, რომ დაინახეს უფრო ნათელი, უკეთესი და ძლიერი. ასეთია ჩვენი კანონი სულისა - ავირჩიოთ უკეთესი.
დიდხანს საუბრობდნენ წმინდა დოსითე და დედოფალი. მან შეიტყო, რომ დოსითე აღკვეცილი არ იყო, მეორე დღეს დედოფლის თხოვნით აღკვეცეს მონაზვნად. მშვიდად ჩაიარა აღკვეცამ, რიტუალს თავად დედოფალი ესწრებოდა. სახელი დოსითე მას სურვილისამებრ დაუტოვეს. გაკვირვებას ვერ მალავდა წმინდანი. დიდება შენდა, უფალო!.. რომელმაც თქვა: ,,ითხოვდეთ და მოგეცეთ თქვენ, ირეკდეთ და განგეღოთ"...
გამომშვიდობებისას დედოფალმა დოსითეს დაუტოვა ოქროთი სავსე ქისა. ახალგაზრდა მოღვაწემ გააცილა დედოფალი და ოქრო ჩაყარა ადამიანის თავისქალებიან თიხის ჭურჭელში და დადო კარებში მსგავსად ღირსი აღაპიტე პეჩორელისა.
დოსითესთან ახალგაზრდა ქრისტიანი მივიდა. დოსითემ მას უთხრა, - ძვირფასმა სტუმრებმა ქისა მომართვესო და მიანიშნა მისი ადგილსამყოფელი. ახალგაზრდამ გახსნა ქისა. შიგ უამრავი ოქრო და ძვირფასი ქვა იყო და დოსითეს მიმართა, - აქ ბევრი სიმდიდრეა, მოძღვარო, აიღეთო. დოსითეს გაეღიმა, - მე არ მჭირდება ოქრო, წაიღეთ კიევ-პეჩორის ლავრაში ტაძრის ასაშენებლადო.
მოგვიანებით ლავრაში ხის ტაძრის ადგილას აშენდა ასევე ხის, მაგრამ დიდი და ლამაზი ტაძარი, ძვირფასი ქვებითა და ოქროთი მორთული. დედოფალმა ამ შეხვედრის შემდეგ კიტაევოს მონასტრისთვისაც გამოყო თანხა - საძმოს შემწეობისათვის 1000 რუბლი.
ასევე დაეხმარა მრავალ მონასტერს, მოახატვინა ანდრიას ტაძარი. 1789 წელს შესწირა 20 000 რუბლი.
12 სექტემბერს სასულიერო პირებისა და ხალხისგან დალოცვილი სამეფო ოჯახი კიევიდან გაემგზავრა.